
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო პედაგოგებო !
2010 წლის 10 ივნისის დასრულდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ნამუშევართა ონლაინ შეფასება. დაფიქსირდა დასკვნითი ეტაპის შედეგები. 25 ივნისს ჩატარდა ჟიურის დასკვნითი სხდომა. დადგინდა 25 გამარჯვებული ნაშრომი, სამი ლაურეატი და ინოვაციური სკოლა. ყველას ვულოცავთ გამარჯვებას !
შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსი ”ნოვატორი” - დასრულდა. ის აღსავსე იყო ემოციებითა და განცდებით. მრავალმა პედაგოგმა კონკურსზე წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდ პრდაგოგთა გარკვეული ნაწილი გულნატკენი დარჩა, მათ სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ შესძლეს ან ვერ მოასწრეს ნაშრომის წარმოდგენა. კონკურსმა გამოიწვია პედაგოგიური საზოგადოების აქტიური ინტერესი და გამოხმაურება: მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა. მან მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი: ქედის რაიონიდან - ახმეტის რაიონამდე; ამბროლაურიდან - ბოლნისამდე. შესარჩევი ეტაპების შედეგად 193 პედაგოგმა წარმოადგინა 176 ნამუშევარი. მსვლელობის პერიოდში (Google Analytics სტატისტიკის შესაბამისად) პორტალის მომხმარებლებმა 43 863 ჯერ წაიკითხეს საკონკურსო ნამუშევრები, 5366 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას და მიიღო მონაწილეობა ნამუშევართა შეფასებაში. 2134-მა კომენტარის მეშვეობით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება.
კონკურსი დამთავრდა, მაგრამ ნაშრომთა ავტორებისთვის და განხილვის მონაწილეებისათვის შემოქმედება არ სრულდება - ის წარმოადგენს პედაგოგიური მოღვაწეობის სრულყოფის ყოველდღიურ და დაუსრულებელ პროცესს, რომელიც კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ ხომ საერთო მიზანი გვაქვს - განათლების, სწავლებისა და აღზრდის სრულყოფა. ამ მიზნის მიღწევის ხელშეწყობისთვის კონკურსში გამარჯვებული 25 ნაშრომი განთავსდება პედაგოგთა გაერთიანებების აქტუალურ თემებში, ხოლო, ჩვენი აზრით პედაგოგებისთვის საინტერესო, წარმატებული 25 ნამუშევარი გამოქვეყნდება სწავლების მეთოდების გვერდზე. ისარგებლეთ ამ ნამუშევრებით. პორტალის ფუნქციების გამოყენებით კოლეგებს გაუზიარეთ საკუთარი მოსაზრება ამ გამოცდილების თაობაზე. თქვენც თუ გაგაჩნიათ ღირებული დაკვირვება ან პრაქტიკული გამოცდილება და გსურთ გააცნოთ ის საზოგადოებას - გამოაქვეყნეთ თქვენი მასალები პორტალის ნებისმიერ შესატყვის გვერდზე.
აზრთა ცოცხალი გაზიარებისა და ურთიერთობისათვის პორტალის ფორუმში უკვე გაიხსნა კონკურსის ნომინაციების შესაბამისი თემები. თქვენც შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემატიკა, პედაგოგიურ საზოგადოებას შესთავაზოთ აქტუალური პრობლემატიკის ან მომდევნო კონკურსის ახალი ნომინაციების თაობაზე თქვენი მოსაზრების განხილვა. თამამად ისარგებლეთ პორტალის www.education.ge - ს ყველა რესურსით. ის ხომ უშუალოდ თქვენთვის, სპეციალისტებისთვის, თქვენი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისათვის არის შექმნილი!
ვფიქრობთ, რომ კონკურსმა მიაღწია დასახულ მიზანს. აქტიურ შემოქმედ პედაგოგს შეექმნა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამომჟღავნების შესაძლებლობა, ერთობლივი ძალისხმევით პედაგოგთა ნაწილში გავაღვივეთ შემოქმედებისკენ მისწრაფება, ნაწილს კი გავუღვიძეთ შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის სურვილი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისიც, რომ ნოვატორთა ნამუშევრების განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოამჟაღნეს, როგორც ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა (მაგალითად - ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომუშავე საკმაო პედაგოგიური სტაჟის მქონე მასწავლებელმა ან ჩოხატაურის #1 სკოლის ყოფილმა პედაგოგმა, ამჟამად პენსიონერმა) აგრეთვე სრულიად ახალბედა მასწავლებლებმა, რომელმაც სულ ახლახან შემოაბიჯეს სკოლაში.
კონკურსის მხარდაჭერა და შეფასება აისახა ნამუშევრების მრავალ კომენტარში, ინიციატორთა მისამართით შემოსულ უამრავ წერილსა და სატელეფონო ზარში. მაგალითად კონკურსისადმი დამოკიდებულება ერთ-ერთ კომენტარში განზოგადებულად გამოხატა ხაშურის #7 სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა ციური ინასარიძემ: ”... კონკურსი "ნოვატორი" ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს ყველა თემა. მე ვთვლი, რომ ამ თემების ავტორები ყველანი გამარჯვებულები არიან, გული არავის არ უნდა დაწყდეს, მათ ნამუშევრებს მთელი საქართველო კითხულობს. ... საშუალება მოგვეცა საკუთარი შემოქმედება გავაცნოთ საზოგადოებას. მომავალში ამ კონკურსში კიდევ უფრო მეტი პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას.”
www. education. ge ადმინისტრაცია