
4 ივნისიდან საქართველოს ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება. თბილისში იმოქმედებს - შვიდციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში კი ექვსციფრიანი სააბონენტო ნომრები.
ამის გამო, ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება ციფრი „2“, ხოლო დანარჩენი ციფრები კი უცვლელი დარჩება.
მაგალითად: თბილისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 99-99-99 შეიცვლება ნომრით 299-99-99, ხოლო ნომერი 79-99-99 შეიცვლება ნომრით 279-99-99; ბათუმის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქუთაისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ქსელის ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99; გორის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ.
სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება მხოლოდ რუსთავში, სადაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი - „1“ შეიცვლება ციფრით - „2“, ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელი დარჩება. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99. ასევე, რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად აბონენტმა უნდა აკრიფოს რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341, შემდეგ რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტის ახალი ნომერი, რომელიც ციფრი „2“-ით დაიწყება.
კომპანია „სილქნეტის“ ცნობით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი, ისევე როგორც ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დამყარების არსებული წესები უცვლელი რჩება.
მაგალითად, რომელიმე ერთი ქალაქის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტებს შორის ადგილობრივი კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი სააბონენტო ნომერი (თბილისში შვიდციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი - 2XX XXXX, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში ექვსციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი 2X XXXX).
საქართველოს ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან თბილისში დასარეკად გამომძახებელმა აბონენტმა უნდა აკრიფოს პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX.
თბილისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს: პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად, ბათუმში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ ქ. ბათუმის ახალი კოდი - 422 და ბათუმში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX ).
ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დასარეკად აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად, ქ. რუსთავიდან ქ. სამტრედიაში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი - 8, სამტრედიის ახალი კოდი-411 და სამტრედიაში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX).
ფიჭური სისტემის მობილური რადიოსატელეფონო ქსელებიდან ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება: პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომერი (მაგალითად: ქ. თბილისში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი - 32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX).
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს : +, საქართველოს კოდს-995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს, (მაგალითად, საზღვარგარეთიდან ქ. ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქ. ქუთაისის ახალი კოდი - 431 და გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX).
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მოქმედებაშია საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტების ადმინისტრაციული ცენტრების მხოლოდ ახალი სატელეფონო კოდები.
|