დაწყებითი სასკოლო პერიოდი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არის ბავშვის განვითარების პროცესში (იგულისხმება, როგორც ფიზიკური, ასევე კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების სფეროები). სკოლაში შესვლა ბავშვის ცხოვრებაში ერთგვარ გარდატეხას იწვევს, რომელიც მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული, კერძოდ:
• ეთხოვება უდარდელ ბავშვობას;
• ითავსებს ახალ როლს (მოსწავლის როლი);
• ეგუება ახალ გარემოს, უცხო ადამიანებს;
• ემორჩილება სკოლის, მასწავლებლის მოთხოვნებს, რომელიც განსხვავდება საბავშვო ბაღში არსებული მოთხოვნებისგან. (ეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ბაღში დადიოდა);
• ხდება უფრო მეტად დამოუკიდებელი და ორგანიზებული;
• ფართოვდება სოციალური კონტაქტები;
• ბავშვი ითვისებს საკუთარი ქცევის მართვის უნარს და დროთა განმავლობაში მშობლების გარეგან კონტროლს ანაცვლებს თვითკონტროლით;
• ჩნდება შემეცნებითი მოთხოვნილება.
პირველკლასელის ქცევის ძირითადი ფორმა ხდება სწავლა. სწავლა არამარტო ცოდნის შეძენის, არამედ პიროვნებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა.
"განვითარების კრიზისი"- ეს არის ცნება, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაში.
ერიქსონის მოსაზრების თანახმად, ადამიანი განვითარების პროცესში გაივლის რვა ძირითად სტადიას. თითოეული სტადია ხასიათდება განვითარების კონკრეტული კრიზისით, რომლის დაძლევაც ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე გადასვლისათვის. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ინდივიდი პიროვნებად სწორედ ამ სოციალური კონფლიქტების გადაჭრის საფუძველზე ყალიბდება. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიალურ მოდელში მეოთხე ეტაპი მოიცავს 6-12 წლებს.
ერიქსონის თეორიის მიხედვით, 6-12 წლის ასაკში ბავშვი დგება განვითარების კრიზისის წინაშე, რაც ვლინდება გულმოდგინებასა (სიბეჯითეს) და არასრულფასოვნებას შორის არსებულ კონფლიქტში. სიბეჯითეში იგულისხმება სამუშაოს პროდუქტიული შესრულების მცდელობა. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კავშირის დანახვა ნებისყოფასა და შესრულებული სამუშაოსგან მიღებულ სიამოვნებას შორის. დაწყებით სასკოლო პერიოდში მოსწავლეები იძენენ ბაზისურ სოციალურ უნარებს. ძალინ მნიშვნელოვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა. სკოლაში ბავშვებს შრომისა და თანამშრომლობის უნარი უვითარდებათ.
ბავშვის უნარი, მოირგოს მრავალი როლი ( მეგობრის, შვილის, მოსწავლის) ზრდის მასში კომპეტენტურობის განცდას. თუ ბავშვს ოჯახში, სკოლაში, ან თანატოლებთან ურთიერთობისას არაკომპეტენტურობის განცდა გაუჩნდება, შეიძლება ამ ფაქტორმა ბავშვში არასრულფასოვნების ( უკმარობის) გრძნობა გამოიწვიოს.
დაწყებითი სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი განვითარების კრიზისის თვალსაჩინოებისთვის განვიხილავ კონკრეტულ მაგალითს.
6 წლის თეკლა პირველ კლასშია. თეკლა საკმაოდ აქტიური, მოძრავი და ცელქი გოგონაა. სკოლის კარის შეღებისთანავე შეიცვალა მისი ცხოვრება. მოულოდნელად თეკლა აღმოჩნდა სრულიად უცხო გარემოში უცხო ადამიანების გვერდით. თეკლასთვის გაუგებარია, რატომ გახდა დედა უფრო მკაცრი და მომთხოვნი; რატომ ბრაზდება ასე, როდესაც თეკლა დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებს; რატომ ადარებს გამუდმებით თავის თანატოლებს და ეუბნება, რომ ისინი ყოჩაღები არიან, კარგად სწავლობენ, მას კი არ შეუძლია დავალებების შესრულება. თეკლას უჭირს გაკვეთილზე ჩუმად ჯდომა და იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე დღის წინ შეეძლო ამ დროს ეზოში მეგობრებთან ერთად ეთამაშა. ახლა კი მასწავლებელს უნდა მოუსმინოს და არ იხმაუროს. ცელქი და აქტიური გოგონა დროთა განმავლობაში გულჩათხრობილი გახდა. გაწყვიტა ურთიერთობა საუკეთესო მეგობრებთან. დედა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მეგობრები უფრო ჭკვიანები არიან და მეტს მიაღწევენ ცხოვრებაში.
თეკლას გაუქრა ნდობის გრძნობა თანატოლების მიმართ, გაუნელდა ინიციატივის გამოვლენის სურვილი.
რა შეიძლება ვურჩიოთ თეკლას მშობლებს?
• სასურველია მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ საბაზო სკოლის წლებში ბავშვები თავიდან გადიან ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების პირველ სამ სტადიას. ბავშვებს უნდა ჩამოუყალიბდეთ ნდობის გრძნობა უცნობი უფროსებისა და თანატოლების მიმართ, უნდა იმოქმედონ ავტონომიურად და გამოიჩინონ ინიციატივა სწავლების პროცესში.
• მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია ბავშვი ერთ დღეში გარდაიქმნას წიგნების მოყვარულ, ბეჯით მოსწავლედ.
• არ არის სასურველი ბავშვი გამუდმებით სხვა თანატოლებს შეადარონ. ეს წარუმატებლობის რისკს კიდევ უფრო ზრდის.
შეადარეთ ბავშვი საკუთარ თავს. რა შეეძლო მას გუშინ, რა შეუძია დღეს და რის მიღწევას შეძლებს ხვალ.
• მუდმივად იქონიონ კავშირი პედაგოგთან.
• დაეხმარონ ბავშვს დავალებების შესრულებაში
.
• შეაქონ ბავშვი შრომისმოყვარეობის გამოვლენისას, მაღალი ნიშნების მიღებისას. საყურადღებოა შექების ფორმა. " კარგი გოგო ხარ მაღალი ნიშანი რომ მიიღე"- ასეთი შექება არ არის მართებული. პიროვნება და მისი წარმატებები თუ წარუმატებლობები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, დედას იმიტომ უყვარს, რომ კარგად სწავლობს. ბავშვს მშობლებისგან ჭირდება უპირობო სიყვარული.
როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი?
• სკოლის პირველი დღეები ბავშვისთვის ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ბავშვს ზოგადად სკოლის, მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესის შესახებ დადებითი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეს, პედაგოგმა პირველ დღეებში მოსწავლეებს ინტელექტუალურზე მეტად" ემოციური საზრდო " უნდა მიაწოდოს.
• მართალია სასკოლო ასაკში ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმის ( თამაშის) ჩანაცვლება ხდება სწავლით, მაგრამ დაწყებით კლასებში უკეთესია თამაშით სწავლების პრინციპების გამოყენება. ბავშვს სწავლების პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ მოეჩვენება, ამ გზით მოსწავლე უფრო მარტივად და სწრაფად აითვისებს მასალას.
• მასწავლებელმა უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე და ამ დონისთვის შესაფერისი მასალა მიაწოდოს.
სამწუხაროდ, ამჟამინდელ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემაში არ არის გათვალისწინებული სასკოლო მზაობის განმსაზღვრელი ფაქტორები (შ. ჩხარტიშვილის მიხედვით, ფიზიკური და ინტელექტუალური მომწიფება, სოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბება). სასურველია, სანამ ბავშვი სკოლაში შევა, შეფასდეს ფიზიკურად, ინტელექტუალურად და სოციალურად რამდენად მზად არის სასკოლო ცხოვრებისთვის.
• მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა გამოავლინონ დამოუკიდებლობა და ინიციატივა.
• მასწავლებელმა უნდა მიუტევოს მოსწავლეებს აღიარებული შეცდომები.
• თუ მოსწავლეს საშინაო დავალება არ აქვს შესრულებული, არ შეარცხვინოს თანაკლასელთა თვალში. დაწყებით სასკოლო პერიოდში ბავშვები განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან მარცხს სწავლების პროცესში.
• დააჯილდოვოს ყველაზე შრომისმოყვარე მოსწავლეები და ისინი, ვინც ყველაზე მეტად გააუმჯობესა შედეგები. ეს კი თავის მხრივ აამაღლებს სხვების მოტივაციას, მიღწიონ იმავე შედეგს.
• ითანამშრომლოს სკოლის ფსიქოლოგთან.
არც მშობელს და არც მასწავლებელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ დაწყებით სასკოლო პერიოდში განვითარების კრიზისის გადალახვა/ვერ გადალახვა გავლენას ახდენს შემდგომ სასკოლო გამოცდილებაზე.
გამოყენებული წყაროები:
ანიტა ვულფოლკი. განათლების ფსიქოლოგია. ერიქსონი: ინდივიდუალური განვითარების თეორია. გვ 6
თ. გოგიჩაიშვილი. განვითარების ფსიქოლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა სასკოლო ცხოვრებისათვის. გვ54
|