მორალური განვითარების მკვლევრებს შორის , ჟან პიაჟეს შემდეგ , ყველაზე გავლენიანი მეცნიერია ლაურენს კოლბერგი. იგი მოღვაწეობდა ჩიკაგოსა და ჰარვარდის უნივერსტეტში. მისი კვლევები მორალური განვითარების სფეროში ტარდებოდა ჰარვარდის უნივერსიტეტის „მორალური განათლების ცენტრში“. კოლბერგის თეორია ჩამოყალიბდა ჟან პიაჟეს ადრეული მოსაზრებების გავლენით, რომელიც ცდილობდა მორალური განსჯის დაკავშირებას ბავშვის ზოგად კოგნიტური უნარების მომწიფების დონესთან.
პიაჟესგან განსხვავებით, კოლბერგმა გამოყო მორალური განვითარების 3 დონე, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს 2 სტადიას. კოლბერგი მიიჩნევდა,რომ ადამიანის მორალური განვითარება არ არის პირდაპირი პროდუქტი არც ბიოლოგიური სიმწიფის და არც სოციალიზაციის. ნაცვლად ამისა, მორალური განვითარებისათვის გადამწყვეტია ჩვენივე აზროვნება, და ფიქრი მორალური დილემებზე. სოციალური გამოცდილება , რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მას შეუძლია მხოლოდ სტიმულის როლი შეასრულოს ამ პროცესში. უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსჯა, შინაგანი კოგნიტური კონფლიქტი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვერთვებით დისკუსიაში, ჩვენ ვცდილობთ შევაფასოთ საკუთარი მოსაზრება , დავუსვათ შეკითხვები საკუთარ თავს, მივაღწიოთ უფრო მეტ მკაფიოებას და ჩამოვაყალიბოთ შეძლებისდაგვარად მართებული პოზიცია. ეს არის პროცესი რომელიც ადამიანს უბიძგებს პროგრესირდეს მორალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. კოლბერგი, აგრეთვე, თვლიდა, რომ მორალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აქვს თუ არა ადამიანს სხვების განსხვავებული მსოფლმხედველობის გააზრების უნარი. როდესაც ბავშვები ურთიერთობენ სხვებთან, ისინი ამჩნევენ, რომ ადამიანების მოსაზრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან და მათი ურთიერთშედარების პროცესში უყალიბდებათ კონცეფციები სამართლიანობის და უსამართლობის შესახებ.
კოლბერგის სტადიური მოდელი 4 პრინციპით ხელმძღვანელობს,
1) ყოველ მოცემულ მომენტში ინდივიდი შეიძლება იყოს მორალური განვითარების მხოლოდ ერთ რომელიმე სტადიაზე.
2) ყველა გაივლის ამ სტადიებს მოცემული თანმიმდევრობით.
3) ყოველი სტადია უფრო მრავლისმომცველი და რთულია, ვიდრე წინა.
4) სტადიები კულტურულად უნივერსალურია.
მორალური განვითარების შეფასებისთვის კოლბერგი იყენებდა ინტერვიუს მეთოდს, რომელიც შედგებოდა დილემების სერიებისაგან. კოლბერგის თავდაპირველი კვლევა ჩატარდა 72 ბიჭზე, რომლებიც 10, 13 და 16 წლის ჩიკაგოს მაცხოვრებლები იყვნენ , საშუალო და დაბალი სოციალური ფენის ოჯახებიდან. მომდევნო პერიოდში კოლბერგმა კვლევაში ჩართო უფრო მცირე ასაკის ბიჭები და გოგონები ამერიკის და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდანაც.
განვიხილოთ მაგალითი:
ჰანსის დილემა
მოქმედება ხდება ევროპაში. ქალბატონი იღუპებოდა სიმსივნისაგან. არსებობდა ერთი წამალი, რომელიც, ექიმის აზრით, პაციენტს გადაარჩენდა. ეს წამალი ადგლობრივი პროვიზორის მიერ ახალი აღმოჩენილი იყო და რადიუმს შეიცავდა. წამლის თვითღირებულება ძვირი იყო, მაგრამ პროვიზორი მას ათჯერ უფრო მეტს აფასებდა. ის რადიუმში იხდიდა 200 $ და წამლის მცირე დოზას 2,000$– ს აფასებდა. ქალის მეუღლე, ჰანსი, ფულის შეგროვებას ცდილობდა წამლისთვის. მან 1000$ –ის სესხება მოახერხა, რაც საჭირო თანხის მხოლოდ ნახევარი იყო. მან უთხრა პროვიზორს, რომ მეუღლე უკვდებოდა და თხოვა მიეყიდა 1000$ ან მოგვიანებით გასტუმრების საშუალება მიეცა. პროვიზორმა უპასუხა :“ არა, მე აღმოვაჩინე ეს წამალი და ვაპირებ მისგან ფული ვიშოვნო.“. სასოწარკვეთილმა ჰანსმა გადაწყვიტა გაეტეხა აფთიაქი და წამალი მოეპარა. უნდა გაეკეთებინა თუ არა მას ეს?
კოლბერგს ნაკლებად აინტერესებდა სუბიექტი „დიახ“–ს იტყოდა თუ „არა“–ს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მიზეზი, რაც პასუხს ედო საფუძველად. მკვლევარს აინტერესებს,რას ფიქრობს სუბიექტი, რატომ უნდა მოეპარა ან არ უნდა მოეპარა ჰანსს წამალი. ინტერვიუერი სვამდა შემდეგ შეკითხვას, რომელიც მას ეხმარებოდა ბავშვის პასუხის მიზეზების დაზუსტებაში. მაგალითად, აქვს თუ არა ჰანსს უფლება წამლის მოპარვისა, თუ ის ძალადობს პროვიზორზე და რა განაჩენს გამოუტანდნენ მას მსაჯულები, თუ კი დაიჭერდნენ? როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკვლევრისთვის მთავარია გამოიკვეთოს მოტივი, რომელიც კონკრეტულ პასუხს უდევს საფუძვლად. ინტერვიუ გრძელდებოდა სხვა დილემების განხილვით, რათა გამოკვეთილიყო ცდისპირის მორალური განვითარების დონე.
აღნიშნული ინტერვიუირების საფუძველზე ჩამოყალიბდა კოლბერგის მორალური განვითარების თეორია, რომელიც მოიცავს შემდეგ სტადიებს:
დონე I- პრეკონვენციალური მორალი(პირობთამდელი მორალურობა)
1 სტადია – ორიენტაცია მორჩილებასა და დასჯაზე
კოლბერგის ეს სტადია ემთხვევა პიაჟეს თეორიის პირველ სტადიას. ამ სტადიაზე, ბავშვები მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების მქონე ავტორიტეტებმა ჩამოაყალიბეს ფიქსირებული ნორმები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. ბავშვების ტიპიური პასუხები ჰანსის დილემის შესახებ კი შემდეგია „ ჰანსს არ უნდა მოეპარა წამალი, რადგან მოპარვა ცუდი საქციელია, ხოლო მოპარვა ცუდი საქციელი არის იმიტომ, რომ დაისჯები.“
2 სტადია – ორიენტაცია წაგება/ მოგებაზე
ამ სტადიაზე ბავშვები ხვდებიან, რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი მოსაზრება და ეს მოსაზრება შეიძლება სულაც არ ეკუთვნოდეს ავტორიტეტს. ისინი ხვდებიან , რომ ყველას აქვს ინდივიდუალური მოსაზრება, მორალური განსჯა კი ეფუძნება სარგებლიანობის პრინციპს. ბავშვების მსჯელობის მაგალითები: „ ჰანსს უნდა მოეპარა წამალი, თუ უნდოდა, რომ მის ცოლს ეცოცხლა, ხოლო თუ ჰანსს ერჩივნა ვინმე უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქალზე ექორწინა, ეს არ უნდა გაეკეთებინა.“ „ ჰანსს უნდა მოეპარა წამალი ცოლისთვის, რადგან მას შვილი ჰყავდა და სჭირდებოდა ვინმე, ვინც მას მოუვლიდა“ . „ჰანსს არ უნდა მოეპარა წამალი, რადგან ძალიან დიდი ხნით ჩასვამდნენ ციხეში.“
საინტერესოა, როგორ იცვლება დამოკიდებულება დასჯის მიმართ პირველიდან მეორე სტადიაზე. პირველს სტადიაზე დასჯა მიბმულია ცუდ ქცევასთან, ბავშვის გონებაში. დასჯა განაპირობებს იმას, რომ დაუმორჩილებლობა ცუდია. ხოლო მეორე სტადიაზე დასჯა განიხილება, როგორც უბრალოდ რისკი, რომელსაც ადამიანი უნდა ერიდოს.
II დონე – კონვენციონალური მორალი ( პირობითი მორალურობა)
3 სტადია – ორიენტაცია შექებაზე
ამ სტადას ბავშვები დაახლოებით თინეიჯერობის პერიოდში აღწევენ. მათი აზრით, ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც ამას მისგან ელის ოჯახი და საზოგადოება. მათი ქცევა განპირობებულია შექების დამსახურების მოტივით. ამიტომ ეწოდება ამ სტადიას პირობითი მორალურობა. მორალური განვითარება ფოკუსირებულია სოციალურ მოლოდინებსა და როლებზე. ტიპიური პასუხები დილემაზე : „ჰანსს რომც არ ყვარებოდა მისი ცოლი, მაინც უნდა მოეპარა წამალი, რადგან არ არის მოსაწონი, როდესაც ქმარი გულხელდაკრეფილი შეჰყურებს ცოლის სიკვდილს.“
4 სტადია– ორიენტაცია კანონსა და წესრიგზე
ამ სტადიაზე სოციალურ ნორმებზე დამოკიდებულება უფრო ფართოვდება. უკვე ხაზგასმულია კანონისადმი მორჩილება და ავტორიტეტის პატივისცემა. ტიპური განსჯა : „ჰანსის განზრახვა, რომ ცოლი გადაერჩინა სწორია, მაგრამ ეს მის ქურდობას არ ამართლებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაიწყებს კანონსაწინააღმდეო ქმედებას, რადგან ჩათვლის,რომ სწორი განზრახვები აქვს?“
„ არ მინდა კანონდამცველი მოხელესავით ვილაპარაკო და დროშები ვაქნიო, მაგრამ თუ ყველა ისე მოიქცევა, როგორც თავად თვლის რომ ეს სამართლიანია, მაშინ საზოგადოება ქაოსში აღმოჩნდება. ასეთ შემთხევაში საზოგადოება ვერ იფუნქციონირებს“
როგორც ვხედავთ, ამ სტადიაზე ადამიანების მსჯელობენ პერსპექტივიდან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებას, როგორც ერთ მთლიან ფუნქციური ორგანიზმს .
ერთი შეხედვით პირველი და მეოთხე სტადიის პასუხები ერთნაირად ჟღერს, მაგრამ განსხვავებულია ის განზრახვები, რაც საფუძვლად უდევს პასუხებს. პირველ სტადიაზეც ბავშვები ამბობენ, რომ არ უნდა მოიპაროს, რადგან ეს ცუდის, არღვევს კანონს, მაგრამ მათი მსჯელობა უფრო შორს ვერ მიდის. მეოთხე სტადიაზე კი ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს კონცეფცია კანონის, როგორც საზოგადოები წესრიგის ფუნდამენტის შესახებ და გადაწყვეტილებასაც ამ პერსპექტივიდან იღებს.
III დონე – პოსტკონვენციონალური მორალი (პრინციპული მორალურობა)
5 სტადია – ორიენტაცია სოციალურ კონტრაქტზე და ინდივიდის უფლებებზე
როგორც ვნახეთ, მე–4 სტადიაზე ადამიანებს სურთ სოციალური ფუნქციონირების შენარჩუნება და კანონის განუხრელად მიდევნება, მაგრამ შეუფერხებლად და მშვიდად ფუნქციონირებადი საზოგადოება არ ნიშნავს, აუცილებლად კარგს. ტოტალიტარული საზოგადოებაც შეიძლება იყოს კარგად–ორგანიზებული, მაგრამ არ შეესაბამებოდეს მორალურად იდეალურს. მე–5 სტადიაზე ადამიანები თანხმდებიან კანონის უზენაესობაზე ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, როგორიცაა სიცოცხლის უფლება და თავისუფლება, მაგრამ სურთ , რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეცვალონ კანონმდებლობა, რომელიც არასამართლიანია და ხელს უშლის საზოგადოების პროგრესს.
ჰანსის დილემასთან მიმართებით, მე–5 სტადიაზე მყოფი პირები კეთილგანწყობით არ ხვდებიან კანონის დარღვევის ფაქტს( კანონი სოციალური კონტრაქტია, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ, ვიდრე არ შევცვლით მას უფრო დემოკრატიული ღირებულების კანონით) , მაგრამ ცოლის სიცოცხლის უფლებაც მორალური უფლებაა, რომელიც უნდა იქნეს დაცული. მსჯელობის მაგალითი : „ ქმრის მოვალეობაა გადაარჩინოს მეუღლის სიცოცხლე. ფაქტი, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია ყოველგვარ სტანდარტულ ნორმას აბიჯებს. სიცოცხლე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრების უფლება“. ამ რესპონდენტს უნდოდა ეთქვა , რომ ჰანსის საქციელი გამართლებულია მორალური თვალსაზრისით. როდესაც რესპონდენტს ჰკითხეს, ნდა დაესაჯა თუ არა მოსამართლეს ჰანსი, მან უპასუხა: „ ჩვეულებრივ მორალური და კანონიერი თვალსაზრისები თანხვდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მოსამართლემ მეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მორალურ თვალსაზრიის კანონის დაცვის დროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება“.
მეოთხე სტადიაზეც საუბრობენ ადამიანები „სიცოცხლის უფლებაზე“, მაგრამ ეს უფლება ლეგიტიმირებულია ავტორიტეტის ნებით, ან საზოგადოებრივი თუ რელიგიური ნორმებით. მე–5 საფეხურზე, კი ინდივიდი გამოდის დამოუკიდებელი მსჯელობიდან და სიცოცხლის უფლების პრიორიტეტულად მიჩნევისთვის არ სჭირდება ამ უფლების აღიარება ავტორიტეტების მიერ.
6 სტადია – ორიენტაცია უნივესალურ პრინციპებზე
კოლბერგის ბოლო სტადია ეფუძნება უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს და აბსტრაქტულ მსჯელობას. ამ ეტაპზე ადამიანები იქცევიან ინტერნალიზირებული სამართლიანობის პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევაშიც თუ ეს პრინციპები ეწინააღმდეგება კანონს და წესს. უნივერსალურობის პრინციპი გულისხმობს, ყველა ადამიანის მოსაზრებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის მოსაზრების გათვალისწინებას, მიუკერძოებლად. არ არის აღიარებული კანონი, რომელიც ერთს აზიანებს, სხვების სასარგებლოდ.
კოლბერგის სამართლიენობის უნივერსალური პრინციპი ეფუძნება ფილოსოფოსთა მოსაზებებს, როგორიცაა კანტი, მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი, ამიტომ ის უფრო მეტად თეორიული და ნაკლებად ემპირიული კონსტრუქტია. როგორც თავად კოლბერგი ამბობდა, მისი ინტერვიუს მეთოდი , არ იყო საკმარისი ამ ბოლო სტადიის მეცნიერული კვლევისთვის.
როგორც მისი შინაარსიდან ჩანს, მე–6 სტადია ინდივიდუალურ მორალურობაზე ხაზგასმით, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი კონტრაქტის უზენაესობას. თავად მარტინ ლუთერ კინგსაც სწამდა, რომ სამართლიანობის უნივერსალური პრინციპი ხშირად ითხოვს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.
როგორც ვხედავთ, კოლბერგის მორალური განვითარება არის გზა ინდივიდუალური ინტერესებიდან, საზოგადოებრივ კეთილდღეობამდე. თითქმის ყველა ბავშვი აღწევს მე–3 სტადიას 13 წლის ასაკისათვის. თავდაპირველად კოლბერგს მიაჩნდა , რომ ადამიანები განუხრელად აგრძელებენ მორალურ განვითარებას მესამე სტადიის შემდეგ, თუმცა ყველა მათგანი ვერ აღწევს 4–6 სტადიას. ფაქტობრივად, ბევრი მოზრდილი ვერ აღწევს მე–5 სტადიას და მხოლოდ ზოგიერთებს ხელეწიფებათ უფრო წინ სვლა. კოლბერგის გვიანდელი სტადიების შინაარსი ძალიან სუბიექტურად გამოიყურება და ძნელი გასაგებია , თუ როგორ არის ყოველი შემდეგი სტადია წინასაგან დიფერენცირებული და უფრო გაფართოებული. გარდა ამისა, ყველა კულტურაში არ გვხვდება გვიანდელი სტადიები. |