სასკოლო რეფორმით დასახული ამოცანების წარმატებით რეალიზაციის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შედეგობრიობის ამაღლებას.
ინოვაციური ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების ეფექტურობა პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მასწავლებელი ინოვაციებს და რა დამოკიდებულება გააჩნია ინოვაციური მიდგომების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების მიმართ. როგორც ცნობილია, ნებისმიერი პედაგოგიური ტექნოლოგია წარმოადგენს განსაზღვრული პედაგოგიური კონცეფციის, განათლების სტრატეგიის გარდასახვის თავისებურ ვარიანტს.
სწავლების ტექნოლოგიის პროექტირების თვალსაზრისით კონსტრუქტიულ მიდგომად მიგვაჩნია ვ. ლაუდისის მიერ შემოთავაზებული სწავლების სისტემის ისეთი პარამეტრი, როგორიცაა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზაციის ხასიათი. ავტორი ამტკიცებს, რომ ,,ტრადიციული" და ,,ინოვაციური" სწავლება განსხვავდებიან ადგილის მიხედვით, რომელიც სწავლების პროცესში უჭირავთ სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ოპერატიულ-ტექნიკურ, აზრობრივ და მიზნობრივ მხარეებს. თუ ,,ტრადიციული" სწავლება საქმიანობის შემსრულებლობითი ოპერატიულ-ტექნიკური მხარის დაუფლებით წინ უსწრებს აზრობრივსა და მიზნობრივს, მაშინ ინოვაციურ სწავლებაში წინა პლანზე გამოდიან შემოქმედებითი და პროდუქტიული ამოცანები, რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლეების მიერ რეპროდუქციული ამოცანების არჩევის აზრსა და მოტივებს.
ტრადიციულ, საგანზე ორიენტირებულ სწავლების პრაქტიკაში მრავალრიცხოვანი ცდებია ჩატარებული, რათა ,,გაააქტიურონ", ,,გააჰუმანურონ" და გააძლიერონ სწავლების ხასიათი ყოველნაირი ფორმების, მეთოდების, საშუალებების გამოყენების ხარჯზე, რომლებიც ააქტიურებენ სასწავლო საქმიანობას. მაგრამ ამასთანავე, მასწავლებელთა მიზნობრივი მითითებები უწინდელი რჩება. შედეგობრიობის შეფასება ნიშნავს მათი პედაგოგიური საქმიანობის წარმატებულობისა და ეფექტურობის შეფასებას, რომელიც ხდება სავსებით განსაზღვრული კრიტერიუმებით. ყველა დანარჩენი მიზანი, მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მთლიანობის შესახებ, აპრიორი რჩება კეთილ სურვილებად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაგები ხდება მასწავლებელთა მისწრაფება, გააცნობიერონ განათლებაში ინოვაციური ტენდენციების პროცესი, რომელშიც, ერთის მხრივ გვხვდება სკოლის გასაახლებლად ზოგადკონცეპტუალური გადასვლები, ხოლო მეორე მხრივ,მასწავლებელთა დაძაბულობა სიახლესთან მიმართებაში და ძველის, მაგრამ ჩვეულის უარყოფის შიში, ვინაიდან არ გააჩნიათ აპრობირებული სტრატეგია და ტაქტიკა.
ამგვარად, განათლებაში ინოვაციური პროცესების გამოსაკვლევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინოვაციებისადმი მასწავლებელთა დამოკიდებულების პრობლემას. ასე მაგალითად, როცა ბულგარელი მკვლევარი კ. ანგელოვსკი ლაპარაკობს ,,მასწავლებელთა მიერ სიახლეების მიღებაზე", გულისხმობს აზრობრივ (წარმოდგენით) ათვისებას, მასწავლებელთა მზადყოფნას გარკვეული სიახლეების მისაღებად, მათი შეფასების აუცილებლობას, პრაქტიკაში მათი დანერგვისათვის მზადყოფნას.
ინტერესს იმსახურებს ე. როჯერსის კლასიფიკაცია, რომელშიც გამოყოფილია მასწავლებელთა ხუთი ჯგუფი:
• პირველი ჯგუფი - ნოვატორები, ანუ პედაგოგები მკაფიოდ გამოხატული ნოვატორული სულით, რომლებიც ყოველთვის პირველები იღებენ სიახლეს, თამამად ავრცელებენ და ნერგავენ მას.
• მეორე ჯგუფი - მოწინავენი, სხვებზე წინ მდგომნი სიახლის ათვისებაში, რომლებიც ხალისით ჰკიდებენ ხელს მათ დანერგვას.
• მესამე ჯგუფი - ზომიერნი, ეგრეთ წოდებული ,,ოქროს შუალედი", რომლებიც არ ისწრაფიან იყვნენ პირველები და არც უკანასკნელნი, მხარს უჭერენ სიახლეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მიღებულია უმრავლესობის მიერ და როცა იგი უკვე ძალაშია.
• მეოთხე ჯგუფი –ეჭვიანები, რომლებიც აკეთებენ არჩევანს ახალსა და ძველს შორის და ახლისაკენ იხრებიან მხოლოდ მას შემდეგ, როცა საზოგადოებრივი აზრი უკვე ფორმირებულია.
• მეხუთე ჯგუფი - მჭიდროდ დაკავშირებულია ძველთან, ანუ კონსერვატორები, რომლებიც სულ ბოლოს იღებენ გადაწყვეტილებას სიახლის მიღების თაობაზე.
ვ.ხარლამოვი, გამოყოფს რა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დონეებს, თვლის, რომ საბაზო მახასიათებლად უნდა ჩაითვალოს პედაგოგიური უნარი, რომელშიც იგი გულისხმობს მოსწავლეთა და აღსაზრდელთა უნარ-ჩვევების სისტემის საკმაო ფლობას და რომლებიც ერთობლიობაში პედაგოგს უქმნიან საშუალებას განახორციელოს სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობა წიგნიერ პროფესიონალურ დონეზე და მიაღწიოს წარმატებულ სწავლებასა და მოსწავლეთა აღზრდას. მასწავლებლის პროფესიული ზრდის შემდეგ ეტაპად ავტორი მიიჩნევს ოსტატობას, რომელშიც იგი გულისხმობს მოსწავლის უმაღლესი დონის სრულყოფილებამდე მიყვანას და აღმზრდელობით სიმარჯვესა და უნარს, რომელიც ასახავს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური თეორიის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებისა და ხერხების დახვეწილობას, რის წყალობითაც ხდება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მაღალი ეფექტურობის უზრუნველყოფა.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში პედაგოგიურ ლიტერატურაში
შემოქმედებითი საქმიანობას განსაზღვრავენ როგორც პრაქტიკულ ქმედებას, რომლის მიზანია ახლის სრულყოფილად გამოყენება, შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება ახლის შესაქმნელად. ავტორების აზრით, პედაგოგიური შემოქმედება არა იმდენადაა დაკავშირებული ახალი იდეებისა და პრინციპების პროდუცირებასთან, რამდენადაც მათ მოდერნიზაციასთან, სახეცვლილებასთან და მხოლოდ თავისი პროფესიული საქმიანობის უმაღლეს - ნოვატორობის დონეზე, მასწავლებელი ახდენს ახალი, პროგრესული პრინციპების, სწავლებისა და აღზრდის პროცესში რეალიზებას.
ნოვატორული პედაგოგიური საქმიანობა წარმოადგენს არა მხოლოდ გზას მოსწავლის შინაგანი სამყაროს, მისი კრეატიულობის შესასწავლად, არამედ მათი გაგებისა და გამოვლენის შედეგსაც. ამიტომაც მის საფუძველში დევს პედაგოგიური შემოქმედება როგორც პროცესი და როგორც რეზულტატი.
პედაგოგიურ საქმიანობაში არის დიაგნოსტიკური და მეთოდური შემოქმედება:
• მოსწავლის პიროვნების შესწავლის ახალი საშუალებების ძიება და პოვნა;
• ახალი დიაგნოსტიკური საშუალებების, კრეატიული სწავლების მეთოდების ახალი შეთავსებების შექმნა და გამოყენება;
• პედაგოგიური ურთიერთობები - არის კომუნიკაციური შემოქმედება, ანუ ურთიერთობათა კრეატიულობა;
• ახალი კომუნიკაციური ამოცანების, მეცადინეობებზე მოსწავლეთა პიროვნებათშორისი ურთიერთქმედების მობილიზაციის ახალი საშუალებების ძიება და პოვნა;
• მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობაში ურთიერთობების ახალი ფორმების შექმნა.
ამგვარად ჩვენ გავარკვიეთ, რომ მასწავლებელთა დამოკიდებულება ინოვაციებთან პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ რომელ საფეხურზე პროფესიული ზრდის თვალსაზრისით იმყოფებიან ისინი. ამას გარდა, შეიძლება აღინიშნოს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც აგრეთვე ახდენენ გავლენას მასწავლებელთა დამოკიდებულებაზე ინოვაციური პროცესის მიმართ: სიახლის მიზანი; სიახლის დანერგვის მეთოდიკა; მასწავლებელთა მოტივაცია.
მაგალითად, გამოავლინა რა მოტივები, რომლითა გამოც მასწავლებლებმა დაიწყეს საავტორო დიდაქტიკური სისტემების შექმნა, ცნობილმა დიდაქტიკოსმა დ. ლევიტესმა პროფესიული საქმიანობის მიხედვით გამოყო მასწავლებელთა მოტივების ხუთი განსხვავებული ჯგუფი:
• არსებული მეთოდური დამუშავებებით უკმაყოფილება. მისწრაფება გააუმჯობესოს თავისი შრომის შედეგები (54.7%);
• ინოვაციური საქმიანობის საზოგადოებრივი მნიშვნელობა (3.2%);
• პრესტიჟი (და პროფესიული ღირსების გრძნობა) (17%);
• მერკანტილური მოსაზრებები, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიული სტატუსის შესაძლო ამაღლებასთან (19.8%);
• ინტელექტუალური თვითრეალიზაცია (5.3%)
შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სახის დასკვნა: ინოვაციურ საგანმანათლებლო პროცესში მასწავლებელთა წარმატებული მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ პროფესიული საქმიანობა ხორციელდებოდეს სისტემურ - მოდელირებულ დონეზე, რომელიც გულისხმობს:
• საავტორო პროგრამების დამუშავებას;
• გაკვეთილის პრობლემურ-შემოქმედებით აგებულებას;
• ავტორის მიერ სასწავლო მასალის კონსტრუირებას;
• სწავლების ტექნოლოგიის, მოსწავლის პიროვნების განვითარებისა და თვითგანვითარების სისტემურ აგებულებას;
• დიაგნოსტიკის საშუალებების შექმნა. სწავლებაში მოსწავლეთა წინსვლისათვის დიაგნოსტიკისა და კორექციის პირობების შექმნას. |