ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთ ძირითად სიახლეთა შორის უპირველესი არის ის, რომ “საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი (მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი, არამედ ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ).”
ორიენტაცია თითოეულ მოსწავლესა და შედეგზე თვისობრივად ცვლის შეფასების სისტემას. შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი, რომლებიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული.
სკოლაში ძირითადად მისაღებია ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარე¬ბელი. როდესაც მასწავლებელი ნიშანს უწერს მოსწავლეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლე¬ბა, ეს ნიშანი განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევის დონეს დასახულ მიზნებთან მიმართებით. მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეფასების ისეთ ფორმას იყენებს, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ საკუთარი მიღწევის დონის განსაზღვრაში ეხმარება, არამედ განვითარებაშიც – ეს განმავითარებელი შეფასებაა. განმავითარებელი შეფასების ტიპური ფორმაა კომენ¬ტარები, რომელიც ტრიმესტრის განმავლობაში ან ბოლოს, ან რომელიმე დავალების შეს¬რულების შემდეგ იწერება და რომელიც აღწერს ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამავდროულად შეიცავს რეკომენდაციებს მიღწევების გაუმჯობესების თაობაზე
/ამონარიდი. ეროვნული სასწავლო გეგმა/
როგორც ვხედავთ კომენტარი სტრუქტურულად სამი ნაწილისაგან შედგება:
1. ძლიერი მხარე;
2. სუსტი მხარე;
3. რეკომენდაცია, მიღწევის გაუმჯობესების თაობაზე.
განმავითარებელი შეფასების-კომენტარის მესამე ნაწილის ფორმულირების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვიგოტსკის თეორია.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლის განვითარებაზე და სწავლებაზეა ორიენტირებული. შეფასების დროს გასათვალისწინებელია მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონა. ვიგოტსკის აზრით, განვითარების უახლოესი ზონა არის მანძილი ბავშვის რეალური განვითარების დონესა და პოტენციური განვითა რების დონეს შორის.
რეალური განვითარების დონე გულისხმობს იმ ამოცანების ზედა ზღვარს, რომელთა შესრულება ბავშვს დამოუკიდებლად, სხვების გარეშე შეუძლია.
პოტენციური დონე კი გულისხმობს იმ ამოცანათა ზედა ზღვარს, რომელთა შესრულება ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენტური ადამიანის დახმარებით.
დროთა განმავლობაში უახლოესი განვითარების ზონა იცვლება, იგი განსაზღვრავს ბავშვის კოგნიტური შესაძლებლობების ზედა ზღვარს.
პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონა და ჩვენი მუშაობა წარვმართოთ ამ ზონის ზედა ზღვარის მისაღწევად. ამავდროულად, წავახალისოთ მოსწავლეები, რათა მათ ადვილად შეძლონ ეგოცენტრული მეტყველებიდან შინაგან მეტყველებაზე გადასვლა, როგორც ამას თვლიდა ვიგოტსკი.
მვსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვიყენებ პრაქტიკაში განმავითარებელ შეფასებას.
მეორე კლასის მოსწავლეს დ. პ. რომელიც ხშირად აცდენს, და აქვს პრობლემები წერით მეტყველებაში, ასეთ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევ:
დიტო!
• შენ მშვენივრად კითხულობ და იგებ ტექსტს. შეგიძლია ზეპირად გამოხატო შენი დამოკიდებულება, უპასუხო კითხვებს.
• გიჭირს წერილობით კითხვებზე პასუხის გაცემა და წერილის მიწერა პერსონაჟისათვის.
• წაიკითხე, შენი ავადმყოფობის გამო გამოტოვებული მოთხრობა, ი. გოგებაშვილის ,,კეთილი ამხანაგები”. მიწერე წერილი ნინოს და გაუმხილე, რას ფიქრობ მასზე.
მეორე კლასის მოსწავლეს ქ. ა. რომელსაც აქვს პრობლემები წაკითხულის ზეპირად გადმოცემაში ასეთ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევ:
ქეთი!
• შენ გამართულად კითხულობ.
• წაკითხულის ზეპირად გადმოცემა გიჭირს.
• გთხოვ, გულდასმით წაიკითხე ი. გოგებაშვილის ,,ფუტკარი და მტრედი,” დაასურათე და ხვალ შენი ნახატების მიხედვით გვიამბე.
მეორე კლასის მოსწავლე, რომელიც არ აცდენს, არ იგვიანებს, არის მოწესრიგებული, წარმატებული ასეთ შეფასებას ვაძლევ:
შოთიკო!
• შენ კითხულობ გამომეტყველებით, სათანადო ინტონაციით, იცავ წინადადებებს შორის პაუზებს, შეგიძლია წერილი მისწერო წარმოსახვით პერსონაჟებს, გადმოსცე ახლად წაკითხული ტექსტის შინაარსი.
• გირჩევ, წაიკითხო რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული ,,სად ცხოვრობს მეზღაპრე” და შემდეგ ვისაუბროთ, რა მოგეწონა და რამ დაგაინტერესა.
ვიგოტსკის აზრით, ბავშვები ძირითადად ვითარდებიან მაშინ, როცა ისინი ცდილობენ რთული დავალებების შესრულებას, რომელიც მათი განვითარების უახლესი ზონის ფარგლებში ჯდება.
მეორე კლასის მოსწავლეთა ნაწილს პრობლემბი ჰქონდა წერით მეტყველებაში, ნაწილს ზეპირ მეტყველებაში, რის გამოც კლასში გარკვეული პერიოდი ვთამაშობდით ჟურნალისტობანას. როლების განაწილებისას კონკრეტული პრობლემების მქონე მოსწავლეებს ვაძლევდი შესაბამის რეკომენდაციას ამა თუ იმ როლზე.
• რატომ გადავწყვიტე ამ თამაშის ჩართვა სასწავლო პროცესში და რა კავშირშია ის გამნავითარებელ შეფასებასთან?
ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ სოციალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. მისი აზრით, ბავშვები სწავლობენ ქმედებაში, ანუ როცა ისინი უფრო მცოდნე ადამიანებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი რაიმე მნიშვნელოვან საქმიანობაში.
ბავშვს სწავლაში არამარტო უფროსები, არამედ მათი თანატოლებიც ეხმარებიან. სწორედ ამის მაგალითია ჩვენს მიერ შემოღებული თამაში ჟურნალისტობანა. ამ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, გვყავს რედაქტორი, ტელეჟურნალისტი, საგაზეთო ჟურნალისტი და სტუდიაში მოწვეული სტუმრები. ტელეჟურნალისტად ვარჩევ ისეთ მოსწავლეს, რომელსაც ზეპირი მეტყველება უჭირს, ხოლო საგაზეთო ჟურნალისტად კი ისეთს, რომელსაც კალამი არ ,,ემორჩილება”.
მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ირგებენ როლებს, ეპატიჟებიან სტუდიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ცნობილ პიროვნებებს და ძალიან საინტერესო კითხვებზე საკმაოდ ორიგინალურ პასუხებს იღებენ.
ამ თამაშის წყალობით ნელ-ნელა დაიხვეწა ზეპირი მეტყველება და წერის კულტურა. რაც მთავარია, მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ დავალებას და ერთმანეთს ეხმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში.
ასე რომ, თავად განმავითარებელი შეფასება მოსწავლის განვითარებაზე და სწავლებაზეა ორიენტირებული.
შეფასების დროს გასათვალისწინებელია მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონა, ვიგოტსკის აზრით, განვითარების უახლოესი ზონა არის მანძილი ბავშვის რეალური განვითარების დონესა და პოტენციური განვითარების დონეს შორის.
შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანი მოსწავლისათვის, მასწავლებლისათვის და მშობლებისათვის სხვადასხვაა. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა შეფასების მნიშვნელობას მასწავლებლისათვის:
შეფასების მიზანი მასწავლებლისათვის
• მიიღოს ზუსტი ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შე¬საძლებლობების შესახებ, რაც თავისთავად აძლევს საშუალებას, სწავლება მიღებული ინფორმაციის შესაბამისად წარმართოს;
• მიიღოს ინფორმაცია ცალ¬კეული მოსწავლის თუ მოს¬წავ¬ლეთა ჯგუფის სასწავ¬ლო საჭიროებებისა და მო¬თ¬ხოვ¬ნილებების შესახებ;
• დაადგინოს მოსწავლის ინ¬დი¬ვიდუალური პროგრესი;
• შეძლოს მოსწავლეთა სამო¬მავლო მოსწრების პროგნო¬ზი¬რება;
• მიიღოს ინფორმაცია სტან¬დარ¬ტით გათვა¬ლისწი¬ნებუ¬ლი შედეგების მიღწევის შესახებ;
• დაადგინოს მოსწავლეთა არსებული დონე;
• გამოავლინოს აუთვისებელი მასალა, მიუღწეველი შე¬დე¬გები და განსაზღვროს, რო¬გორ დაგეგმოს შემდგომი პროცესი;
• დაეხმაროს სწავლებისა და სწავლისათვის საჭირო აქ¬ტი¬ვობების შერჩევასა და დაგეგმვაში;
• დაეხმაროს სასწავლო რე¬სურსების უფრო ეფექტიან გამოყენებაში;
• დაეხმაროს საკუთარი საქ¬მიანობის რეფლექსიასა და ეფექტიანობის შეფასებაში;
• დაეხმაროს საკუთარი პრო¬ფესიული საჭიროე¬ბე¬ბის დადგენასა და შემ¬დგომ პროფესიულ დაოს¬ტა¬ტებაში.
ვფიქრობ, უკვე ნათელია რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩემს მიერ პრაქტიკულად გამოყენებულ ჟურნალისტობანას თამაშსა და განმავითარებელ შეფასებას შორის.
აქვე მინდა გაგიზიაროთ ტრიმესტრული კომენტარის ფორმა, რომელსაც წარმატებით ვიყენებთ სკოლაში.
ტრიმესტრული კომენტარი
მოსწავლის სახელი და გვარი --------------------------------------------
კლასი ---------------------------------------------------------------------------------
ქართული
რა იცის კარგად? /ძლიერი მხარე
რა არ იცის კარგად?/ სუსტი მხარე
რეკომენდაცია - რა გააკეთოს, რომ გახდეს წარმატებული?
პედაგოგის ხელმოწერა --------------------------------------------------
მშობლის ხელმოწერა -------------------------------------------------
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ფორმა განსაკუთრებით ეფექტურია მშობლებთან თანამშრომლობისათვის. მშობლები ითვალისწინებენ რეალურ რეკომენდაციებს, რომელიც ვიგოტსკის თეორიის მიხედვით სწორადაა შედგენილი.
ქეთევან გიორგობიანი
სკოლა “ცისკრის” დაწყებითი კლასების პედაგოგი |