 გლობალიზაციის პროცესში ჩვენს სამშობლოს ეძლევა საშუალება განათლების სფეროს განვითარების. გლობალიზაციის პროცესში ჩართვა მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ შემოვიტანოთ და დავნერგოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში აპრობირებული მისაღები განათლების ფორმები, ტიპები, სახეები, საგანმანათლებლო პროგრამები, ტექნოლოგიები და ა. შ.
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ორიენტაციის, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობისა და მობილურობის ამაღლების ამოცანებიდან გამომდინარე პროფესიულ განათლებას აქვს თავისი უპირატესობა და აქტუალურობა სხვა აღმზრდელობით და საგანმანათლებლო სისტემებს შორის.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ინოვაციური პროცესები შეიძლება აღვითქვათ როგორც ძველის ალტერნატივა.
პროფესიულ-ტექნიკურ განათლებას თავისი მახასიათებლები გააჩნია:
- ყველა ასაკის ადამიანის მოზიდვა პროფესიული განათლების მისაღებად.
- მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან
- ხელმისაწვდომობა, რაც შექმნის თითოეული ადამიანისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- ეფექტიანობა და სწავლების მაღალი ხარისხი
- სასწავლო გეგმების მრავალფეროვნება
ინკლუზიური განათლება ნათლად იკვეთება დაწყებითი ტექნიკური პროფესიული სწავლებისა და აღზრდის სისტემის ფონზე. მისი მიზანი არის შექმნას ის გარემო, რომელიც მისაღები იქნება უნარშეზღუდული ზრდასრული ადამიანისთვის,რომელსაც სურს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და დაეუფლოს მისთვის მისაღებ პროფესიას. აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულების და მოზარდების თანატოლებთან ერთად პროფესიულ-ტექნიკურ კოლეჯში პროფესიის დაუფლებას.
პროფესიული ინკლუზიური განათლების ძირითადი მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზრდილების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. აუცილებლად უნდა შეიქმნას სათანადო პირობები რათა ამ მოზარდებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება.
მოზრდილთა სახელობო-პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მჭიდრო ურთიერთკავშირი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის.
პროფესიული ინკლუზიური სწავლება ორიენტირებულია მოზარდზე ან ზრდასრულზე. გათვალისწინებულია მისი ინდივიდუალური საჭიროებები, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, დასწავლის სტილი, მათი ინტერესი ასათვისებელი პროფესიისადმი.
პროფესიული ინკლუზიური სწავლების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს სასწავლო პროცესის პერსონალიზაციაზე. ამ დროს არასასურველია:
- ინკლუზიური სტუდენტის პასიურობა
- დიდი მასალის ახსნა ერთ ჯერზე
- ფაქტებზე და დეტალებზე ყურადღების ზედმეტი კონცენტრაცია
- სტუდენტების დაყოფა ჯგუფებში ,,უნარების" მიხედვით
თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში აუცილებელია:
- სწავლების მასტიმულირებელი მეთოდების გამოყენება
- სწავლების ინტერაქტიური მეთოდების გამოყენება (დისკუსია, კამათი, ინდივიდუალური სამუშაო, ერთმანეთის შეფასება და ა.შ.)
- ურთიერთდახმარების მეთოდის გამოყენება
პროფესიული ინკლუზიური სწავლების პირობებში გათვლილი უნდა იყოს:
- უნარშეზღუდული მოზარდებისა და მოზრდილების სწავლების ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობების შესწავლა
- პედაგოგების მომზადება ინკლუზიური სწავლებისადმი
- შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფა
- შესაბამისი ხელსაწყოების და ტექნოლოგიების მომზადება
- სამუშაო ადგილების მომზადება
- ტექნიკური პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხელსაყრელი სასწავლო გარემო პირობების შექმნა (სპეციალური ტუალეტების დაპროექტება, პანდუსისა და ლიფტის პრობლემა)
- ტრანსპორტი-რომელიც უზრუნველყოფს მოზრდილთა ყოველდღიურ გადაადგილებას. ტრანსპორტი-პანდუსებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ზრდასრულთათვის რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების გამო საერთოდ საგანმანათლებლო პროცესის მიღმა რჩებიან.
სწავლების პერიოდში უნდა გამოყენებული იყოს პიროვნულ-საორიენტაციო სწავლების ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავითვალისწინოთ სტუდენტის ფიზიკური და გონებრივი განვითარების თავისებურებანი. თეორიული და პრაქტიკული სწავლების დროს შესანიშნავად გამოიყენება კომპიუტერული ტექნოლოგიები, პრეზენტაცია, ინტერნეტი.
|