 ,,ინკლუზია არ არის მარტივი, მაგრამ არც ნებაყოფლობითია“ (გრაჰამ დონალდსონი)
დღეისთვის, ინკლუზიური განათლების მოდელმა საყოველთაო აღიარება მიიღო , რის შედეგადაც იგი გახდა სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. საქართველოში 2006 წლიდან დაწყებული, ზოგადი განათლების საფეხურზე და 2013 წლის თებერვლიდან, პროფესიული განათლების საფეხურზეც ინკლუზიური განათლების მოდელით სწავლება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებად განიხილება. მაგრამ, სანამ უშუალოდ გადავიდოდე ინკლუზიური განათლების პერსპექტივასა და გამოწვებებზე, ურიგო არ იქნებოდა , განმეხილა თუ ზოგადად, რას წარმოადგენს ინკლუზიური განათლება.
ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად,ასევე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. ინკლუზია არ გულისხმობს მხოლოდ ბავშვების განაწილებას იმ სკოლებში, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი განათლების მიღებას მეგობრულ გარემოში, სადაც არსებობს მრავალფეროვნება და იგი აღიარებულია როგორც თითოეული მოსწავლის სულიერი გამდიდრების წყარო.
მაგრამ, როგორც ნებისმიერი სიახლე, ინკლუზიური განათლების მოდელით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში არ წარმოადგენს მარტივ პროცესს. ის საჭიროებს ახალი რეგულაციების შემუშავებასა და გამოყენებას როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკის დონეზე. მოდელის შემდგომი სრულყოფისთვის კი აუცილებელია უკვე შესრულებული საქმიანობის ეფექტურობის შეფასება და შეფასების საფუძველზე, საჭირო ცვლილებების განხორციელება.
ამის გათვალისწინებით, უამრავი კვლევა ჩატარდა ინკლუზიური განათლების ირგვლივ , რომლებიც გვანახებენ მთელ რიგ ფაქტორებს , რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებს ინკლუზიური განათლების პერსპერქტივას. ასევე, ჩატარდა კვლევა, რომელიც განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების 1„ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში. ამ კვლევამ მოგვცა საშუალება ნათლად დაგვენახა თუ რას ფიქრობს საზოგადოება ინკლუზიის შესახებ და რა პერსპექტივებითა და გამოწვევებით არის აღჭურვილი იგი ჩვენს ქვეყანაში . შევეცდები მოკლედ განვიხილო მისი შედეგები :
კერძოდ,აღმოჩნდა რომ საქართველო ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით გერმანიის მსგავსად ნაწილობრივ მხარდამჭერთა რიცხვშია. საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელი პრიორიტეტულია და მიმართულია ყველა ბავშვისთვის თანაბრადხელმისაწვდომი და არასეგრეგირებული გარემოს შექმისკენ. აქ ზოგადი განათლება და სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოა. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის დაწყებითი განათლების მიღების შესაძლებლობა არ იზღუდება პირდაპირი ხარჯების არსებობის გამო. რაც შეეხება ირიბ ხარჯებს, დაკავშირებულს ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ტრანსპორტირება, ასისტენტ–მასწავლებლები, კვება, უმეტესწილად ოჯახის გასაწევია და, ექსპერტთა მოსაზრებით, საკმაოდ მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ინკლუზიური განათლების განვითარება არ დგას ერთ ადგილას,2006 წლიდან საქართველოში თანდათანობით შეიცვალა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ეს ცვლილება დღემდე გრძელდება.
გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს ინკლუზიის უფლებების შესახებ შემუშავებული სალამანკას დეკლარაცია2 , რომელშიც წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი უფლებები : ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს ინკლუზიურ კლასში; ყველა ბავშვს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მოხდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება; ინკლუზიური განათლების განხორციელება სათანადო პირობებით უზრუნველყოფს მასში ჩართულ ბავშვებს; ინკლუზიური განათლება განაპირობებს ინკლუზიური საზოგადოების წარმოშობასა და ეფექტურობას.
ამრიგად , ადამიანებს ძალიან ბევრი წყარო გვაქვს იმისთვის,რომ კარგად გავერკვიოთ ინკლუზიური განათლების პერსპექტივებსა და გამოწვევებში . ყოველი მათგანი გვასწავლის , რომ დროა , ადამიანებმა დავისახოთ მიზნად , შევქმნათ ხელსაყრელი გარემო სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე პირთათვის, რომ მარტივად გაიარონ სოციალიზაციის პროცესი და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.ამის განსახორციელებლად კი აუცილებელია მათი უფლებები დავიცვათ და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომის უგულებელყოფა არ მოვახდინოთ, საჭიროა შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილებისა და კომუკაციის ხელშეწყობა, შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა , სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების დაფინანსების ადექვატური სისტემების დანერგვა , ფიზიკური გარემო და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე აღმოცენებული დისკრიმინაციის გარეშე, აბილიტაციისა და რებილიტაციის არსებული სერვისების და პროგრამების ხელმისაწვდომობა და სხვა მრავალი.
და ბოლოს, როგორც კონფერენციის ერთ-ერთი დელეგატი, ბ-ნი ლინდქისტი, რომელიც თავად უსინათლო გახლავთ, იტყოდა : „განათლების სისტემებმა არ უნდა განსაზღვრონ ბავშვების კატეგორია განათლების მისაღებად, არამედ უნდა მოხდეს ამ სისტემების რეფორმირება, რათა ყველა ბავშვის განათლების უფლება იქნეს გარანტირებული“ (UNESCO, 1994).
გამოყენებული ლიტერატურა „ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში „ ( კვლევის ანგარიში) ; Journal of Research in Special Educational Needs , Volume 7, Number (2) , 2007, 90- „The Salamanca Statement and Framework for Action on Special Needs Education. Paris, UNESCO.“ შეზღუდული შესაძლებობის მქონდე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2013-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა.
|