ერთ-ერთ ლექტორზე უფროს კურსელები გვიყვებოდნენ და გვაშინებდნენ, მაგასთან პირველი მისვლით გამოცდის ჩაბარების ვარიანტი არ არსებობს, ლიმონივით თუ არ გამოგწურა და არ დაგაზეპირებინა ყველაფერი, ვერ ჩააბარებ. მივედით გამოცდაზე. შიშისგან ზოგიერთს მუხლი უკანკალებდა. ლექტორმა შეგვიყვანა აუდიტორიაში, დაგვირიგა შეკითხვები, დაგვსვა მერხებთან. ზოგი სკამზე ვერ ჯდებოდა, ჯიბები, უბეები, წინდებიც კი კონსპექტებით და შპარგალკებით ისე ჰქონდათ გაჯეჯგვილი. ლექტორი კი დაჯდა თავის ადგილას, ამოიღო გაზეთი, აიფარა ცხვირზე და დაიწყო კითხვა. დაახლოებით ერთ 20 წუთში ყველანი გამწარებულ გადაწერაში, თვალებით ფოტოგრაფირებაში ან დაზუთხვაში, რომ ვიყავით ჩართულები, უეცრად მოგვესმა ლექტორის რუპორივით ბოხი ხმა: ”ყურადღება! ყურადღება! გადავფურცლავ გაზეთის გვერდს!” უნდა გენახათ, წინა მერხზე მსხდომებს შიშისგან თოვლის ფანტელივით ფურცელ-ფურცელ როგორ სცვიოდათ შპარგალკები. იატაკი ფურცლებისგან სულ გადათეთრდა. თავი ბაკურიანში გეგონებოდა. |