1. რადგანაც გვაქვს რეგიონები და არა გუბერნიები, უნდა გვყავდნენ რეგიონატორები და არა გუბერნატორები.
2. ჩვენი ჰიმნის ტექსტში ფრაზა “განათებული მთა-ბარი“ ბანალურია და არავითარ პოეტურ მუხტს არ შეიცავს, ხოლო“წილნაყარია ღმერთთანა“ ბუნდოვანი და არაფრისმთქმელია. ჩემი შემოთავაზებაა:
„ღვთისმშობლის ხვედრი ედემი
(ან ღვთით დალოცვილი მთა-ბარი)
პირნათელია ღმერთთანა”, ანუ ჩვენ ვასრულებთ ყველა მოვალეობას ღვთის წინაშე.
3. ზამთარზე მშვენიერი სიმღერის ტექსტში გაპარულია შეუსაბამობა -თუ უკვე ზამთარია და სიცივეა, შემოდგომა კი არ მიდის, არამედ უკვე წასულია. უნდა იყოს:
„გვიახლოვდება ზამთარი,
შემოდგომა მიდის...
4. ვლადისლავ არძინბას სახელი სლავებზე ბატონობას ავალებს, ის კი თვითონ ხდება მათი მონა-მორჩილი.
5. მაჰაჯირობით „ჭკუანასწავლმა“ და დამოუკიდებლობის ეიფორიაში შეტყუებულმა აფხაზმა რუსეთ-საქართველოს ომში ძლიერის მხარე დაიჭირა და მისი იარაღობა იკისრა.
6. უნდა ვკითხოთ იმ აფხაზებსა და ქართველებს, რომლებიც აფხაზეთში ერთმანეთის აბორიგენობას უარყოფენ, მაშინ საიდან გაჩნდა ამ ტერიტორიაზე ამდენი ნაქართველარი აფხაზი და ამდენი ნააფხაზარი ქართველი?
7. საჭიროა გაეროს ეგიდითა და სპონსორობით დაარსდეს რუსულენოვანი გაზეთი „Триалог“, რომლითაც ჩვენ, აფხაზები და ოსები ერთმანეთს დაველაპარაკებით საჭირბოროტო საკითხებზე და ჩვენ მათ შევთავაზებთ ბიზნესში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
8. რათქმაუნდა, კარგი და მხოლოდ კარგი უნდა ქნა, მაგრამ არ უნდა დადო ქვაზე იქ, სადაც გაივლი და ქვაც აღარ დაგხვდება. ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი ქვა აქვს დაკარგული საქართველოს!
9. როგორც ერთმანეთის გვერდით ნაზარდი და მაშასადამე, ერთი ნიადაგით ნასაზრდოები სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა ფორმის, ფერის, და გემოს ნაყოფს იძლევა - ზოგი ტკბილს,ზოგი მწარეს და ზოგიც მჟავეს, ისევე ერთნაირი განათლების მქონე ადამიანები სულ სხვადასხვა მიმართულებით ეწიკებიან („ელებედ რაკ და შუკებიან“) საზოგადოებას.
10. ვარდი უეკლოდ არ იკრიფება, მაგრამ ცხოვრებაში „უვარდოდაც“ ბევრი იჩხვლიტება.
11. გულზე მუშტმობრაგუნე „დემოკრატიის მშენებლებს“ დემოსი მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. კი ბატონო, დავდგეთ ერთად, გადავიღოთ „კარტიჩკაც“, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ რომ ჯიპებით რესტორნებსა და სამორინეებში წაგრიალდებით, მე რატო უნდა წავჩანჩალდე ფეხით იაფი პროდუქტების საძენბნელად?
12. მოკლედ, სანამ ელიტა განცხრომაშია, აგრარული ქვეყნის ბურჯი - სოფელი კი თავსაც ვერ ირჩენს და უკაცრიელდება, გრანტებსა და იმპორტებზე ჩამოკონწიალებულ ამ ქვეყანას საერთოდ არ აქვს მომავალი.
13. მუქთად არავინ არაფერს იძლევა, გრანტი “დოპინგია“ რათა მაქსიმალურად გამოგიყენონ, ხოლო ექსპორტს გადაჭარბებული იმპორტი საკუთარი წარმოების დადამბლავება და სხვისი ნაწარმოების გასაღების ბაზრად ქვეყნის დაკავებაა.
14. დღევანდელი ადამიანის ყოველგვარი და მითუმეტეს გონებრივი საქმიანობა მეცნიერულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. თვით “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“ შესაბრუნებელია “მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ“.
15. მეცნიერული ცოდნა “მენდელეევის ტაბულაა“, რომლის ყოველი შემადგენელი ნაწილი, ყოველი დოზა წინას წანაზარდი და მომდევნოს წასაზარდია. მეცნიერებისა და განათლების მიზანი სწორედ ამ წანაზარდების წაზრდა და მათ შორის სიცარიელეების ამოვსებაა.
16. კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე აუცილებელია მეცნიერული კვლევებისა და მეცნიერებათა სწავლების ინტეგრაცია კლევებისა და მეცნიერებათა სწავლების ცენტრებად, რაც ორივე მხარეს წაადგება. მაგალითად,“ენათმეცნიერების ინსტიტუტის“ და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე მიზანშეწონილია დაარსდეს “ენათა კვლევისა და სწავლების ცენტრი“, სადაც აღიზრდებიან პოლიგლოტი ლინგვისტები, პოლიგლოტი თარჯიმან-მთარგმნელები და დედაენისა და ერთი რომელიმე უცხო ენის კვალიფიციური მასწავლებლები. “აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის“ ბაზაზე უნდა შეიქმნას „მსოფლიომცოდნეობის კვლევისა და სწავლების ცენტრი“, ჯერ თუნდაც დასავლეთმცოდნეობისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებებით.
17. “ენციკლოპედია“ ზოგადი ცნობარის გარდა ყველა სხვა ცნობარებსა და ლექსიკონებსაც უნდა გამოსცემდეს. ძლიერ ბევრი გვაქვს გადმოსათარგმნიც და გადასათარგმნიც.
18. ენის სწავლების მეთოდიკისა და მასწავლებლის დანიშნულებაა ჩაახედოს და გააშინაუროს მოსწავლე ენის დეპოსა და მეტყველების სამზარეულოში, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლის ლინგვისტური აზროვნების ჩამოყალიბებას და მასში ენის შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების ფორმირებას.
19. უნამუსოს ნამუსზე ვერ შეაგდებ, ვინც ერთ ლოყაში გაგილაწუნებს, მეორესაც უშენოდ მიაგნებს. ვინც არ უნდა მართავდეს საქართველოს, და რა გუნდრუკსაც არ უნდა უკმევდეს იგი რუსეთს, ეს მართლაც უკანასკნელი ჩვენდამი თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას არ შეცვლის. იგი მტკიცედ მიყვება ჩვენი გაერაყება-გაავღანისტანების დაპირებულ გეგმას, რომლის მორიგი ნაბიჯებია ოსების გაერთიანება, მათი ჩვენ ტერიტორიაზე გამრავლება-დამკვიდრება და სიტუაციის არევა ჯავახეთსა და პანკისში, მათიც შემდგომი წაგლეჯისათვის.
20. ასეთ ვითარებაში ჩვენი ამერიკელი და დასავლეთელი მეგობრების პასიური მაყურებლობა და დელიკატური შეგონება-მოწოდებები რუსეთისადმი, სწორედ ამ ბარბაროსის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ გვჭირდება არა მოსამძიმრება-შეშფოთებები და ტურისტული დამკვირვებლები, არამედ რეალური დაცვა რეალური ოკუპანტისაგან.
21. სამწუხაროდ, მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები და დარაჯები, გაეროც და ნატოც ძალის წინაშე საპნის ბუშტებია, სამართალი კი ისევ მუშტებია, რომლებიც ჩვენ არ გაგვაჩნია.
აკაკი მუმლაძე,
სოხუმელი პედაგოგი |