სტრესის ცნება ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებასა და მასობრივი ინფორმაციის წყაროებში, თუმცა სტრესის ზუსტი განმარტება, ხშირ შემთხვევაში, უცნობია საზოგადოებისათვის.
სტრესის ფსიქოლოგიურ მოდელებში განსაკუთრებული როლი პერცეპტულ და კოგნიტურ პროცესებს ენიჭება, რომლებიც განსაზღვრავენ სტრესზე ინდივიდუალური რეაგირების ტიპს.
სტრესი აღმოცენდება მაშინ, როცა გარემოს მოთხოვნები აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს, ან შესაძლებლობების ზღვარზე აქტივობას მოითხოვს. თუ ადამიანის ფსიქოფიზიკური რესურსები არ არის საკმარისი პრობლემასთან გასამკლავებლად, შეიძლება ითქვას, რომ სტრესი გარდაუვალია. ამ დროს ირღვევა ბალანსი გარემოს ზემოქმედებასა და ადამიანის კომპენსატორულ შესაძლებლობებს შორის.
თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული სტრესი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ფენომენია და სამუშაოს განუყოფელ ასპექტს წარმოადგენს. სამუშაო დღის ხანგრძლივობა, არასწორი კვება, დასვენებისათვის არასაკმარისი დრო, სამუშაოს შეუსაბამობა პიროვნების კვალიფიკაციასთან, ერთფეროვანი სამუშაო ( სამუშაო, რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებას და დაბალ ინიციატივას - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობენ პროფესიული სტრესის განვითარებას.
სამუშაოსთან დაკავშირებული დაძაბულობის შედეგად აღმოცენდება მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევებისა:
- სხვადასხვა სახის ემოციური პრობლემები ( შფოთვა, დეპრესია)
- ფსიქოსომატური დარღვევები ( მაგ: კუჭის წყლული)
- ქცევის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ალკოჰოლისა და თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარება.
ფსიქოლოგიაში გამოიყოფა პროფესიულ სტრესზე მოქმედი შემდეგი ფაქტორები:
- სამუშაო გარემოს ფიზიკური მახასიათებლები
- სოციალური გარემო
- სამუშაოს მიღმა არსებული გარემო პირობები
- ორგანიზაციული სტრესორები
- სამუშაო ამოცანასთან დაკავშირებული სტრესული ფაქტორები
- ინდივიდუალური ფაქტორები
ტემპერატურა, ხმაური, ვიბრაცია, ცუდი განათება - დისკომფორტისა და სტრესის გამომწვევი მატერიალური გარემოს ეს მახასიათებლები სტრესის ფსიქოლოგიაში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. აღნიშნული მოვლენები პიროვნებას უფრო მგრძნობიარეს ხდის სტრესის სხვა წყაროებისადმი.
სამუშაოს მნიშვნელოვანი კომპონენტია სოციალურ გარემოში არსებული პრობლემები: ჯგუფური კავშირების არქონა (გარიყულობა), სოციალური მხარდაჭერის არქონა, ინტერპერსონალური და ჯგუფთაშორისი კონფლიქტები.
ორგანიზაციულ სტრესორებს მიეკუთვნება ძალაუფლების ცენტრალიზაცია, დაწინაურების მცირე შესაძლებლობა, ღარიბი კომუნიკაცია, შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის ნაკლებობა, მოუქნელი წესები, არაადექვატური ხელფასი. ყოველივე ეს შრიმისაგან გაუცხოებას იწვევს - ეს არის მდგომარეობა, როცა შრომა თავისთავადი ღირებულება კი არ არის, არამედ სხვა, არასამუშაო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა. დადგენილია, რომ მეტისმეტად მკაცრი მართვა, მკაცრი მონიტორინგი ქმნის მენეჯმენტის სტრესოგენურ სტილს. კვლევები უჩვენებს, რომ ადამიანთა უმრავკესობისათვის მეტად მნიშვნელოვანია დაწინაურების შესაძლებლობა და სტაბილურობა. სამუშაოს დაკარგვის საფრთხე ძალიან ძლიერი სტრესორია, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.
რაც შეეხება შესასრულებელი სამუშაოს ხასიათს, შრომითი ეფექტიანობა ეცემა როგორც ზედმეტად დიდ, ასევე მეტისმეტად მცირე დატვირთვის დროს. კვლევები ადასტურებენ, რომ მეტისმეტად გადატვირთული და ხანგრძლივი სამუშაო დღე დაკავშირებულია ფსიქიკურ დისფუნქციასთან და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკთან.
ცვლის სამუშაო, განსაკუთებით ღამის ცვლა, ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის რისკთან. მომსახურეობის სფერო ძირითადად ამ ტიპის გრაფიკს ეფუძნება, რაც იწვევს ძილისა და კვების დარღვევას, პრობლემებს სოციალურ ურთიერთობებში.
პროფესიული სტრესის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს მოსაწყენი, მონოტონური, კომპიუტერიზებული სამუშაო, რომელიც მოითხოვს მუდმივ დაძაბვასა და ნაკლებ ინიციატივას.
პროფესიულ სტრესორებზე რეაქციის ტიპი განისაზღვრება პიროვნების თავისებურებებითაც. აღმოჩნდა, რომ ინდივიდები მაღალი შფოთვითა და ემოციური ლაბილობით, რომლებიც მიდრეკილნი არიან მძაფრი ემოციების განცდისაკენ, განსაკუთრებით ძლიერ ფრუსტრაციას განიციან მონოტონური სამუშაოს შესრულების დროს.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მკვლევარი უარყოფს პროფესიული სტრესის ჩამოყალიბებაში სამუშაოს გარეთ არსებული ძალების გავლენას, მათი მოქემდება აშკარაა. ოჯახური, ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი და სხვა, სამუშაოსთან ერთი შეხედვით ნაკლებად დაკავშირებული პირობები ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის სტრესორების მიმართ. მაგალითად, ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება აიძულოს ადამიანი აიღოს დამატებითი სამუშაო. გადატირთული დღე პიროვნებას არ უტოვებს დროს ოჯახური ურთიერთობებისათვის, რაც თავის მხრივ, სტრესის წყაროა.
გამოყენებული ლიტერატურა:
კუტალაძე ია "ადამიანური რესურსის მენეჯმენტი"
Comer R., Abnormal Human Psychology |