ვფიქრობთ, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოსწავლეებს უყვართ თანაკლასელებისთვის ზედმეტსახელების დარქმევა და ხშირად ეს სახელები თითქმის სალანძღავი ან შეურაცხმყოფელი ელფერისაა. მაგალითად, შესვენების დროს სკოლის დერეფანში შეიძლება გაიგონო: „ ყურშა, სად მიდიხარ?,“ ან „ცხვირა, მოდი აქ, ბიჭო“ გარედან მოსმენილი, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ან აბსოლუტურად მიუღებლადაც მიაჩნდეს, მაგრამ ხშირად მეტსახელს ისე ეჩვევიან და იმდენად ასოცირდება ის კონკრეტულ ადამიანთან, რომ, დროთა განმავლობაში, ამ ადამიანს უკვე არც მიმართავენ ნამდვილი სახელით. მეტსახელების საფთხე გამოიხატება იმაშიც, რომ მისი მეშვეობით ადამიანს თავს ახვევენ რომელიმე სტერეოტიპით ქცევას ან მისთვის არადამახასიათებელ თვისებებს. ამის გამო, სამწუხაროდ, ადამიანის გარშემო მყოფნი მისი ნებისა თუ სურვლის გაუთვალისწინებლად, მისგან ელიან მეტსახელის შესატყვის ცხოვრების წესსაც კი. მაგალითად, ბიჭს თუ შეარქვეს „ბლატნოი,“ ესე იგი ის მაინც და მაინც უნდა დაადგეს კრიმინალურ მრუდე გზას, მიუხედავად იმისა, რომ ამოძრავებდა მხოლოდ ერთი სურვილი - თავი მოაწონოს საყვარელ გოგონას, გახდეს მისი ერთად აერთი მეგობარი. მეტსახელი ხშირად იარლიყივით ეწებება ადამიანს და უამრავ უსიამოვნებასა თუ ცუდ განცდას უქმნის მას. ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ საყვარელი გოგონას მამის დასწრებით მოგმართონ შეურაცხმყოფელი მეტსახელით. რამდენად მოსაწონი იქნება ეს მისთვის და მით უფრო შენთვის? ჰა? პირადად მე არ ვისურვებდი ამგვარ ვითარებაში მოხვედრას! როგორ ფიქრობ იმ ადამიანს გაუჩნდება შენი გაცნობის და მითუმეტეს დაახლოვების სურვილი? მაშ რატომ არქმევენ სკოლაში ერთმანეთს დამცინავ ან შეურაცხმყოფელ მეტსაელებს? ვფიქრობ, რომ მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს. ზოგისთვის ეს თვითდამკვიდრების შესაძლებლობადაც კი იქცა: ნახე ის რა უშნო და უჭკუოა და მე კი რა მოხდენილი და ჭკვიანი ვარ! დაკვირვებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტსახელების დარქმევის ინტრიგებში აქტიური მონაწილეები უმეტეს წილად ხდებიან ისინი, ვისაც პანიკურად ეშინია თვითონ იქცენ დაცინვის ობიექტად. ანუ უმარტივესი ფორმულა ასეთია: უმჯობესია ყურადღება მივაქცევინო სხვის ნაკლზე, ვიდრე დაინახონ ჩემი ნაკლოვანებები. მაგალითად, ხომ სჯობს ყურადღება გადავატანინო იმაზე, რომ გიოს გრძელი (შესაზლოა არც თუ ისე უშნო და თავისებური შარმის შემქმნელიც) ცხვირი აქვს, რომ ყურადღება არ გამახვილდეს ჩემ დაბრეცილ კბილებზე. ან: სანდრო ჩემზე უკეთესად სწავლობს, გონიერია, მაგრამ სათვალეს ატარებს - ამიტომ დავარქვათ - „შუშაბანდა“ ან „აჩკარიკა.“ სხვა მაგალითი: თეა ძალიან სიმპატიური გოგოა, მოხდენილად და იმავდროულად მოდურად იცმევს, ამიტომ მოდი დასამცირებლად შევარქვათ - „ფუფალა.“ ამ შემთხვევაში სახელის გამომგონლებს ესმით, რომ მათზე უკეთესი ხარ და ცდილობენ შენი უპირატესობების გაუფასურებას. ისინი ბრაზდებიან იმაზე, რომ შენ უფრო ლამაზი, მოხდენილი, ჭკვიანი ხარ და მეტსახელის შერქმევით ცდილობენ დაგამცირონ. ამ მასლის წაკითხვის შემდეგ, ბუნებრივია დაგებადება კითხვა: რა ვქნა, ან როგორ მოვიქცე, რომ დამამცირებელი თუ შეურაცხმყოფელი მეტსახელი ავიცილო და ის არ „მომეწებოს“ სამუდამოდ? გაინტერესებს? მოგვწერე და მოდი ერთად გავიაზროთ.
|