ნებისმიერ ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებლებში მიღების უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს იმ ენის სრულყოფილი ცოდნა, რომელზეც ხორციელდება სწავლა. ხშირ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, რომ ეს იყოს იმ ქვეყნის ენა, რომელშიც მდებარეობს სასწავლებელი, უმეტეს წილად ქვეყნის მიუხედავად სწავლება (განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამებით) შეიძლება მიმდინარეობდეს ინგლისურ ენაზე. ენის ცოდნის მიმართ განსაკუთრებულად მკაცრია მოთხოვნები მათ მიმართ ვისაც სურს შეისწავლოს სამართალი, მედიცინა, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, ფილოსოფია. აბიტურიენტმა უნდა დაადასტუროს, რომ ის შესძლებს უცხოურ ენაზე სწავლას, ანუ სწრაფად და გამართულად საუბრობს და წერს, აღიქვავს ზეპირ მეტყველებას, ფლობს მისი მომავალი სპეციალობისთვის საჭირო ტერმინოლოგიას.
ჩაბარებისთვის მომზადება უნდა იწყებოდეს ენის ღრმა შესწავლით, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის მიღებისათვის პრეტენდენტს მოუწევს ენაში გამოცდის ჩაბარება. ინგლისურ ენოვან ქვეყნებში გასავლელია ტესტები TOEFL და IELTS, გერმანიაში - TestDaF , საფრანგეთში - ტესტი DALF, ესპანეთში - ტესტი DELE, იტალიაში - ტესტი CELI და ა.შ. საჭიროა იცოდეთ,რომ TOEFL ან IELTS უნდა ჩააბაროთ არანაკლებ 213 ან შესატყვისად 6,0 ქულით. სასურველია, რომ იქამდე გაიაროთ მომზადების სპეციალიზებული კურსი (Exam Preparation), რაც დაგეხმარებათ არა მხოლოდ გამოცდის ფორმატის გაცნობაში, არამედ იქნება სერიოზული ვარჯიში. ასეთ კურს შემოგთავაზებენ როგორც საქართველოში აგრეთვე საზღვარგარეთაც.
მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა - პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლება და მისი დამადასტურებელი ატესტატი ან დიპლომი. საზღვარგარეთის ზოგიერთმა უნივერსიტეტმა პირველ კურსზე ჩარიცხვისათვის შეიძლება არ ცნოს ჩვენი სკოლის ატესტატი საკმარისად. ამის გამო აბიტურიენტს შესაძლოა მოუწიოს კოლეჯის ბაზაზე სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის ან ენობრივი სკოლის გავლა.
მესამე მოთხოვნაა - პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სწავლისა და ცხოვრების ანაზღაურებისთვის საჭირო სახსრები. სტიპენდიის მიღება არ არის მარტივი პროცედურა და ის ასი პროცენტით იშვიათად ფარავს საჭირო ხარჯებს. უმეტეს წილად სრული სტიპენდია (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ანაზღაურებით) მიეცემა განსაკუთრებულად ნიჭიერებს, რომლებიც აბარებენ სადოქტორო (PhD) პროგრამებზე. იმ რამდენიმე ქვეყანაშიც კი, რომლებსაც უცხოელი სტუდენტებისთვის გააჩნიათ სწავლის უფასო პროგრამებიც (მაგ. გერმანია, ჩეხეთი), გულისხმობენ, რომ სტუდენტს უნდა ჰქონდეს ცხოვრებისთვის საჭირო ფული და სემესტრული გადასახედის ( მაგ. სტუდენტური კავშირის საწევროს) გადახდის უნარი.
გარდა ამისა არსებობს რამდენიმე ფორმალური ხასიათის მოთხოვნა. ჩაბარების პროცედურა გულისხმობს სასწავლებლის მიერ მოთხოვნილი საბუთების მთელი პაკეტის შეგროვებასა და მიწოდებას. საჭიროა ანკეტა-განცხადების (application form) შევსება, ატესტატის ან დიპლომის და დანართების ასლის გაკეთება, ტრანსკრიპტის ანუ აკადემიური ცნობის (სკოლაში თუ უმაღლესში ყველა გავლილი დისციპლინა და მათში შეფასება) გაფორმება, რეზიუმეს შედგენა. ზოგჯერ ითხოვენ ზედ დართული წერილსაც, რომელშიც უნდა განმარტოთ თუ რატომ გსურთ კონკრეტულად ამ სასწავლებელში სწავლა და 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილს. ყველა საბუთი უნდა ითარგმნოს ინგლისურად, ზოგ შემთხვევაში (თუ არის ამის მოთხოვნა) იმ ქვეყნის ენაზე სადაც მიემგზავრებით სასწავლებლად და დადასტურდეს ნოტარიალურად.
შემდეგ პუბლიკაციაში უკვე მოგითხრობთ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შესაძლო ვარიანტების შესახებ.
|