ამერიკის შეერთებული შტატების ”ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით მოხმარების ცენტრის” და “Microsoft” - ის სპეციალისტების სერიოზული შეფიქრიანება გამოიწვია ახალგაზრდობის მიერ ”Online სოციალური საიტებით” გადამეტებულმა გატაცებამ და, ხშირად, უპასუხისმგებლო სარგებლობამ. ასეთი საიტების რიცხვს მიეკუთვნებიან:
http://www.odnoklassniki.ru
http://www.vkontakte.ru
http://www.myspace.com
http://www.xanga.com
http://www.facebook.com
http://www.livejournal.com და სხვა ამგვარი.
ამ საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. ერთიანდებიან ”მეგობართა” წრეში და ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ ხანგრძლივ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებულ ფორმებში. რა სიკეთეები და პრობლემები ერთვიან ასეთი საიტებით სარგებლობას: მოზარდთა უმეტესობა პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ეკიდება ამგვარ გაერთიანებებში ურთიერთობებს. საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული კავშირების დამყარების კარგ საშუალებას. გარდა ამისა მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნებასა და კარიერულ ზრდასაც.
მაგრამ ჩამოთვლილი საიტებით სარგებლობასა და მათზე ურთიერთობების დამყარებას თან მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც:
- საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;
- სწორედ იქ, სადაც გულუბრყვილო მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებსა თუ შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერ ”სექსუალური მტაცებლებიც” კი.
დაუფიქრებლად მოზარდები ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც წარმოშობენ არასასურველ შედეგებს:
- პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება, ინფორმაციას ეცნობა და ის შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ კეთილმა, არამედ ცუდმა ადამიანმაც;
- განუსაზღვრელი გატაცება, ქსელში ყოფნისათვის მთელი თავისი დროს ხარჯვა იწვევს იმას, რომ ახალგაზრდები უარს ამბობენ ამ ასაკისათვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაზე და გართობაზე, რითაც ხელოვნურად ზღუდავენ საკუთარ განვითარებას;
- არის შემთხვევები, როდესაც დივიანტური ქცევისა ან მიდრეკილების მქონე ახალგაზრდები ამყარებენ კავშირებს თავისნაირ არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ ზრდასრულებთანაც, აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ თანატოლ მეგობრებს. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ დივიანტური ქცევა - წარმოადენს ნორმას, ამან კი გაერთიანების ცალკეული წევრი ან ჯგუფი შეიძლება მიიყვანოს სახიფათო ქცევამდე;
- სამწუხაროდ არც თუ იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;
- არანაკლები ხიფათის მომცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც გულუბრყვილოები შეიძლება იქცნენ ”სექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან ”სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად.
ჩვენ არა ვართ აკრძალვის მომხრეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს ყველას. |