კაცობრიობის განვითარების ისტორიის განმავლობაში მრავალი ბრძნული გამონათქვამი, ნაშრომი და თხზულება მიეძღვნა წარმატების მიღწევის, გამდიდრების ან მატერიალური პრობლემების გადალახვის საკითხებს. უმეტეს წილად მათი ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიმდიდრის და ბედნიერების გატოლება - ძირშივე მცდარი აზრია. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ისიც არის ხაზგასმული, რომ ზოგ ადამიანს სწორედ სიმდიდრე უქმნის საკუთარი თავის მნიშვნელოვან, დაფასებულ და გავლენიან პიროვნებად აღქმის შესაძლებლობას და საქმიანობაში მეტ თავისუფლებას ანიჭებს.
უძველესი ჩინური სიბრძნე ქადაგებს - უმჯობესია იცხოვრო ღარიბად, ვიდრე უღირსად: ადამიანმა სახელად ჩჟუან-ცზი, რომელსაც ეცვა მრავალ ჯერ დაკერილი სამოსში, ფეხზე კი თოკით დაბმული ქალამანი ერთ დღეს შემთხვევით ჩაიარა ვეი - ს სამეფოს მმართველის წინ.
- პატივცემულო, გატყობ, რომ ძალიან ცუდად ცხოვრობ - მიმართა მას მეფემ.
- ღარიბად და არა ცუდად - უპასუხა მას ჩჟუან-ცზიმ, ადამიანს თუ გააჩნია „გზა“ და მისი დაძლევის „ძალა“ ცხოვრებაში კი არ აკეთებს იმას, რაც საჭიროა - ეს ნიშნავს, რომ ის ცუდად ანუ უღირსად ცხოვრობს, ხოლო თუ დაკერილი ხალათი და დაცვეთილი ქალამანი აცვია - ეს იმის ნიშანია, რომ ის ღარიბად ცხოვრობს. ასეთ ადამიანზე ხალხში იძახიან, რომ ის „ცუდ დროს არის დაბადებული“. თქვენო აღმატებულება, - განაგრძო ჩჟუან-ცზიმმა, - ალბათ დაგინახიათ როგორ დახტის ხეზე დიდი მაიმუნი? ის იოლად ადის მაღალ ხეზე და ისე სწრაფად დახტის ტოტიდან ტოტზე, რომ მშვილდოსანი დამიზნებასაც ვერ ასწრებს, ხოლო დაბალ ეკლიან ბუჩქნარში თუ მოხვდა აქეთ-იქეთ იყურება, მოუხერხებლად დაბაჯბაჯებს, ფეხი ებლანდება, წონასწორობასაც კარგავს. საქმე იმაში კი არაა, რომ მეტი ძალისხმევა სჭირდება ან კუნთები დაუსუსტდა, უბრალოდ მისთვის არახელსაყრელ გარემოში აღმოჩნდა, რომელიც არ აძევს იმის შესაძლებლობას,რომ გამოავლინოს რაც მას ძალუძს. ადამიანიც ასეა: ცუდ გარემოში ან უგონო მმართველის და მატყუარა ჩინოსნების ხელში თუ მოექცა, შესძლებს ის დიდი მონდომების მიუხედავად სიკეთით ცხოვრებას?
ჩვენც განსხვავებული კუთხით მივუდგეთ წარუმატებლობის და სიღარიბის პრობლემას, ვეცადოთ გამოვკვეთოთ ჩვევები, რომლებიც მათი დაძლევისკენ კი არა არამედ პირიქით ამ სახის პრობლემებში ჩაფლობისკენ უბიძგებენ ადამიანს.
სინანულის გრძნობა საკუთარი თავის მიმართ .
სიღარიბეზე განწყობილ ადამიანს, როგორც წესი, საკუთარი თავის მიმართ მუდმივად სინანულის გრძნობა ახასიათებს და მიაჩნია, რომ წარმატება და გამდიდრება ბედ-იღბალშიც კი არ უწერია. მაგალითად, შორენას საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ ეცოდება, რომ ქალადაა შობილი (მისი აზრით კი, მამაკაცს მეტი შესაძლებლობა ეძლევა). თეონას სიმსუქნის გამო ეცოდება თავი (მას მიაჩნია, რომ ტანწერწეტა გოგონებს ყოველთვის უკეთეს სამუშაო ადგილებს სთავაზობენ), ზოგი - დაბალი ტანის, ეროვნების, კანის ფერის ან წინაპართა რელიგიის გამო დასტირის საკუთარ თავს. ზოგს თავი იმის გამო ეცოდება, რომ აქამდე ვერ გათხოვდა ან ცოლი ვერ მოიყვანა, მეორე ნაწილი კი განცდაშია განქორწინების გამო. ახალგაზრდები საკუთარი პრობლემების მიზეზს გამოუცდელობაში ეძებენ, ხოლო მოხუცები - ხნიერ ასაკში.
როგორ ფიქრობთ, თუ უმნიშვნელო ფაქტორის გამო ადამიანს მუდმივად ეცოდება საკუთარი თავი და დღე - ღამე მხოლოდ ამაზე არის ფოკუსირებული, რა დამოკიდებულება ჩამოყალიბდება მის მიმართ გარშემო მყოფ ადამიანებს და ახლობელი მეგობრებიც კი როგორ მოექცევიან მას. სპეციალისტების აზრით საკუთარი თავის მუდმივი შეცოდება - საკმაოდ მძიმე ღუზაა, რომელიც აბრკოლებს ადამიანის წინსვლას და წარმოადგენს დაბალი ანაზღაურების სამსახურის მოძებნის და მუდმივი სიღარიბის წინაპირობას.
სიძუნწე
თუ ადამიანი მუდმივად მხოლოდ „Sale” ან „Discount“ წარწერის მქონე მაღაზიების ძებნაშია (დაეძებს - „იეფს“, ხოლო ელანდება - „მუქთა“), საკუთარი შვილის განათლების გაუმჯობესებისთვის მცირე თანხის გადახდაც არ სურს (მხოლოდ იმიტომ, რომ ხარისხიანი განათლების მიღებაში თავის დროზე არც მას არავინ არ უწყობდა ხელს), ან ყოველთვის ცდილობს უდიდესი დატვირთვით ამუშაოს საკუთარი ფირმის თანამშრომელი გაწეულ შრომაში კი გადაუხადოს უკიდურესად დაბალი ანაზღაურება - ეს უდაოდ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს უკვე გააჩნია სიღარიბისკენ მიმართული მეორე ჩვევაც.
ტოტალური ეკონომიისკენ გაუმართლებელი მისწრაფება არ წარმოადგენს დიდ სიბრძნეს, არამედ იმის ნიშანია, რომ ადამიანი შემოსავლების და ხარჯების დისბალანსს განიცდის, ხოლო პრობლემის გადასაწყვეტად ყველაზე მარტივ, მაგრამ ნაკლებად შედეგიან გზას ირჩევს. სიმდიდრეზე ორიენტირებული (პროგრამირებული) ადამიანი კი, როგორც წესი, მზადაა ყველაფერში რეალური ფასი იხადოს, მათ შორის ღირსეული ანაზღაურება გადაუხადოს თავისი ფირმის თანამშრომლებს და იმავდროულად სხვებისგანაც ამგვარ დამოკიდებულებას ელის.
იმ საქმის კეთება, რომელიც გძულს.
ქეთინოს სძულს ჭურჭლის გარეცხვა, ხოლო მისი და ამას არ აკეთებს. პეტრე ვერ იტანს საკუთარი ძაღლის გასეირნების ყოველდღიურ პროცედურას, მისთვის ვოლიერის აგება კი ეზარება. კვარტალური ანგარიშის პერიოდული შედგენის აუცილებლობის გამო პავლე სიგიჟემდე მიდის, მის არც ერთ მოადგილეს კი ამის გაკეთება არ შეუძლია. ივანე ვერ იტანს აუდიტორის სამუშაოს, მაგრამ მხოლოდ ამ სამსახურის მეშვეობით თუ შესძლებს კრედიტის დაფარვას, რომელიც ახალი მანქანის საყიდლად აიღო. ყველა ეს ადამიანი უკვე მზადაა წარუმატებლობისა და სიღარიბისთვის, ხოლო ამის მიზეზი კი იმ გრძნობაში და დამოკიდებულებაში გამოიხატება, რომელსაც მას არასასიამოვნო საქმის შესრულების აუცილებლობა უქმნის.
სიღარიბისკენ გზის განმსაზღვრელი ამ ჩვევისგან გათავისუფლების ხერხი იმაში გამოიხატება, რომ აკეთო არა ის რაც ვითომ საჭიროა, არამედ ის რაც უფრო დიდ კმაყოფილებას განიჭებს. იცოდე, რომ მხოლოდ ასეთ სფეროში შესძლებ სასურველი შედეგის მიღწევას.
ბედნიერების ფულით გაზომვა.
ღარიბი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოუდგენია, რომ გარკვეული ოდენობის თანხას სიხარულის მოტანა შეუძლია და რომ საბანკო ანგარიშზე ფულის არსებობა მიანიჭებს ბედნიერებას, რომელიც გამოიხატება ულტრამოდური ტანსაცმლის, ლამაზი სახლ-კარის შეძენაში, გარდა ამისა შეუქმნის ფეშენებელურ კურორტებზე მოგზაურობის და არასასურველი სამსახურიდან წასვლის შესაძლებლობას, ოჯახისგან დამოუკიდებელსაც გახდის მას. მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ მსგავს ვითარებაშიც ბედნიერება შესაძლოა არ მოვიდეს. წარმატებული ადამიანი ბედნიერებას არა ლარის, დოლარის ან ევროს კუპიურებით, არამედ სხვა ერთეულებით ზომავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საზომს ადამიანი თვითონვე ირჩევს.
ფულის გადამეტებული ხარჯვა.
საკრედიტო ბარათები და ბანკების მომღიმარე თანამშრომლები სიხარულით დაგეხმარებიან ვალის მძიმე ტვირთის უღელში თავის გაყოფაში, ხოლო ადამიანი, რომელსაც რეალურად არ სურს გახდეს წარმატებული, ხშირად თვითონ ვერც განასხვავებს ბიზნესის განვითარებისთვის სასარგებლო კრედიტს, უცხოური მარკის ავტომობილის ან უზარმაზარი ბინის საყიდლად აღებული დამღუპველი ვალისაგან. ამიტომ უმჯობესია ხარჯი გასწიო რეალური შემოსავლის გათვალისწინებით.
სწრაფი სარგებლის არჩევანი.
ყველა სიკეთის ერთდროულად და მაქსიმალურად მიღების სურვილი - ღარიბი ადამიანის მარადიული თვისებაა. სოლიდურ კომპანიაში დასაქმების შემდეგ იმის ნაცვლად, რომ იფიქროს რამხელა ანაზღაურებას შეიძლება მიაღწიოს მომავალში წინსვლის შემთხვევაში, ის ფიქრობს იმაზე, თუ რა ხელფასს მიიღებს ორიოდე თვეში. ზოგიერთ ადამიანს დღევანდელი მცირე სარგებელი ხვალინდელ საგრძნობ წარმატებას ურჩევნია. საქმისადმი ამგვარი მიდგომის და ცხოვრებაში ასეთი პრინციპის გატარების გამო უმეტეს შემთხვევაში მოკლე დროში და წარუმატებლად სრულდება ახლად დაწყებული ბიზნესი: იხურება საცხობები, მაღაზიები, ჩერდება საწარმოები და ა.შ. დღევანდელი კვერცხი ყოველთვის კი არ უნდა გირჩევნოდეს ხვალინდელ ქათამს.
წუწუნი.
რა უბედურებაა... რა საშინელებაა... ცხოვრება გართულებულია... ყველგან ხელი მეშლება, ვიჩაგრები, ყველა ნაბიჯზე უსამართლობაა... ნორმალურ ადამიანს წარმატების შანსიც კი ეკარგება - ხომ მოგისმენიათ ასეთი განცხადებები? როგორ წესია, ამგვარ მოსაზრებებს პოტენციალურად წარუმატებელი ადამიანი უმალვე ეთანხმება.
ამ ჩვევის საწინააღმდეგო ვაქცინას - კრეატულობა წარმოადგენს. ყოველთვის უნდა მოძებნო გარე სამყაროს ნაკლოვანებებთან შებრძოლების უნიკალური შესაძლებლობა, რათა გამარჯვებული გამოხვიდე შენთვის თავიდანვე წამგებიანი სიტუაციიდან!
საკუთარი თავის სხვებთან შედარება.
ვანო ფიქრობს, რომ თანაკლასელებზე უკეთესია, მხოლოდ იმიტომ რომ წარმატებით დაამთავრა მე-9 კლასი. გიორგი დარწმუნებულია იმაში, რომ ის თავის მეგობრებზე უარესია, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაფხულში არ ისვენებდა კვარიათში. პეტრე ქედმაღლურად ექცევა საკუთარ ძმას იმის გამო, რომ მის ნაირად ძმამ ჯერ ვერ იყიდა „ლექსუსი“. შორენა მზადაა მიახრჩოს "დაქალი" მხოლოდ იმის გამო, რომ მეგობარს მასზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამ პიროვნებებს უკვე განუვითარდა წარუმატებელი ადამიანისთვის დამახასიათებელი საკუთარი თავის სხვებთან შედარების ჩვევა. დაუფიქრდით, რამდენად მისაღებია თქვენთვის ის რომ ამ ჩვევის გამო გარე სამყარომ შეიძლება დაჯაბნოს თვენი პირადი შიდა სამყარო?
სიმდიდრის გაზომვა ფულის ერთეულით.
რეალურად მდიდარი ადამიანები არა მხოლოდ უარყოფენ ფულის ნიშანთან ბედნიერების კავშირს (იმიტომ, რომ გათავისუფლდნენ ღარიბი ადამიანის მე-4 ჩვევისგან), არამედ ერთხელ და სამუდამოდ ხაზი გადაუსვეს საბანკო ანგარიშის მოცულობის სიმდიდრესთან გატოლებას. ნამდვილი სიმდიდრე არა საბანკო ანგარიშის მოცულობაში, არამედ ფულის მოზიდვის უნარში, ახალი ბიზნესის ორგანიზებასა და წარმატებაში გამოიხატება.
საკუთარი თავის ოჯახისგან იზოლირება.
ყველაზე თვალსაჩინო წარუმატებელი ადამიანი ყალიბდება ადამიანთა იმ კატეგორიიდან ვინც სცილდება საკუთარ ოჯახს. როგორც წესია ის ამას განმარტავს იმით, რომ ოჯახის წევრებს არ სურთ მხარი დაუჭირონ რთულ ვითარებაში ან ასესხონ ფული, ვერ უგებენ მას ან არ იზიარებენ მის მოსაზრებებს და ა.შ. იმავდროულად ყველასთვის ხომ კარგადაა ცნობილი ოჯახური ბიზნესის ძლიერი მხარე, როდესაც ერთ საქმეში ჩართული ოჯახის წევრები ერთიანი ძალისხმევით, ერთობლივად მიისწრაფიან წარმატებისკენ.
ამ მასალის გაცნობის პროცესში მკითხველთა ნაწილმა საკუთარ თავშიც შეიძლება აღმოაჩინოს ზოგიერთი არასასიკეთო ან ხელისშემშლელი ჩვევა. მისგან გათავისუფლებისთვის გირჩევთ მოიხმაროთ ყველაზე ეფექტური ხერხი - ჩაანაცვლოთ ის წარმატებული ადამიანის ჩვევით. |