(ADHD) _ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს:
• ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);
• იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე);
• ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.
ADHD-ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი: პირველი ჯგუფი _ ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე; მეორე ჯგუფი _ ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ბავშვების დიაგნოზი ერთი სინდრომით აღიწერება, მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებანიც არსებობს. პირველ ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან როგორც უფრო აპათიური, მეოცნებე, ინერტული, მოდუნებული, ზანტი, მორცხვი ინდივიდები; აქვთ სწავლის პრობლემები და მათი ოჯახის ისტორიაში ხშირია სწავლის პრობლემები თუ ემოციური დარღვევები; მეორე ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან იმპულსურობითა და ძლიერი აქტიურობით, მოუსვენრობით, ხშირად აგრესიული ქცევით.
ADHD-ს ხშირად თან ახლავს ემოციური დარღვევები - შფოთვა და დეპრესია. ბავშვებს, ასეთი პროფილით, შედარებით გვიან უვლინდებათ სინდრომის ნიშნები, ნაკლებად აღენიშნებათ სირთულეები აკადემიურ და კოგნიტურ სფეროში. სტიმულანტებით მკურნალობა მათ შემთხვევაში ნაკლებეფექტურია. ADHD-ის სიმპტომები, ძირითადად, ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ჩვილობის ასაკიდანვე შეუძლებელი ხდება ასეთი ბავშვის ქცევის წინასწარმეტყველება. ერთ წუთს ტირის და კივის, მეორე წუთს კი მშვიდდება. იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით, დაძაბულობით, დაუკმაყოფილებლობით, მომთხოვნელობითა და მოუსვენარი ძილით. სიარულისა და მეტყველების განვითარება შენელებულია. ხშირია მოუქნელობა. ასეთი ბავშვების ნახევარი უკვე 3 წლის ასაკიდანაა რთული სამართავი. მათ ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების ათვისება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში, მშობლებს ADHD-ის სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, რადგან პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ ამ დროს იჩენს თავს. ADHD-ის დადგენისათვის ოპტიმალურ პერიოდად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლაში ყოფნის პირველი წელი (7 წლამდე ასაკი).
ADHD-ის მქონე ბავშვების ქცევა, ძირითადად, შემდეგნაირად შეიძლება იღიწეროს:
• არ ამთავრებს დაწყებულს, ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე ხტება;
• ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებს არ უსმენს;
• ადვილად ეფანტება ყურადღება;
• უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლებიც მის ინტერესს არ იწვევს, მაგ. საშინაო დავალება; მაშინ როდესაც, შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს, ან ითამაშოს
კომპიუტერზე;
• ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას;
• ხშირად იცვლის საქმიანობას;
• უჭირს მითითების შესრულება;
• საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას;
• ხშირად კარგავს ნივთებს;
• არ შეუძლია ლოდინი;
• ვერ ემორჩილება განრიგს;
• უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა;
• ხელებსა და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე;
• ჭარბად დარბის, მოუსვენრობს;
• უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება;
• ყოველთვის მზადაა გასაქცევად;
• ხშირად უმიზეზოდ ტოვებს მერხს, საკლასო ოთახს;
• არ დაფიქრდება, სანამ რამეს გააკეთებს, მოქმედებს დაუფიქრებლად;
• ერევა ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში;
• ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს;
თავად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
(ADHD) განსხვავებულია სირთულის ხარისხების მიხედვით. განასხვავებენ ADHD-ს შემდეგ ფორმებს:
• სუსტი – უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები, არანაირი, ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
• საშუალო – გამოხატულია სიმპტომები, ან ფუნქციური ჩამორჩენა `სუსტსა~ და `მძიმე~ შემთხვევებს შორის.
• მძიმე – ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ვლინდება მრავალი სხვა სიმპტომიც; მნიშვნელოვანი და ფართო სპექტრის ჩამორჩენაა საშინაო, სასკოლო საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში.
DSM-IV-TR, ყურადღების დეფიციტისა ჰიპერაქტივობის სინდრომი
ა. ქვემოთ ჩამოთვლილიდან ექვსი ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს ექვსი თვის განმავლობაში იმ ხარისხით, რომ მოცემული ასაკის ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან შეგუებაში: უყურადღებობა:
• უჭირს ყურადღების გამახვილება დეტალებზე, შეცდომებს უშვებს სკოლისა და საშინაო სამუშაოში;
• უჭირს ყურადღების შენარჩუნება დავალების შესრულების, ან თამაშის დროს;
• თითქოს არ გისმენთ, როცა ელაპარაკებით;
• ხშირად ვერ ახერხებს მისდიოს და შეასრულოს ინსტრუქცია;
• უჭირს სკოლისა თუ საშინაო დავალების ბოლომდე დამთავრება;
• უჭირს დავალებებისა და მოქმედების ორგანიზება; თავს არიდებს და არ მოსწონს ისეთი დავალებები, სადაც ფსიქიკური ძალისხმევაა საჭირო;
• ხშირად კარგავს ნივთებს, რაც დავალებისათვის ან სხვა აქტივობისათვის ესაჭიროება;
• გარეშე სტიმულებით ძალზე ადვილად ეშლება ხელი;
• ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გულმავიწყია;
2. ექვსი თვის მანძილზე ჰიპერაქტივობა-იმპულსურობის ექვსი ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს იმ ხარისხით, რომ მოცემული ასაკის ბავშვს გარემოსთან შეგუებაში უშლიდეს ხელს: ჰიპერაქტივობა:
• ხშირად ცქმუტავს და ვერ ისვენებს;
• ხშირად ტოვებს საკუთარ ადგილს კლასში, ან სხვაგან;
• სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან;
• სირთულეები აქვს თამაშის და დასვენების დროს;
• სულ მოძრაობაშია, თითქოს მუდმივი ძრავა ამოქმედებს;
• ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს; იმპულსურობა:
• პასუხს, ხშირად,შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს;
• უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება;
• ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში, ან აწყვეტინებს თამაშსა და საუბარს.
ბ. უყურადღებობის ან ჰიპერაქტივობა-იმპულსურობის ზოგიერთი სიმპტომი 7 წლის ასაკამდე ვლინდება.
გ. ამ სიმპტომების უმეტესობა ორ ან მეტ სხვადასხვა გარემოში ვლინდება. მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილებები წარმოჩინდება სოციალურ, აკადემიურ, შრომით აქტივობაში და ეს სირთულეები კავშირში არაა სხვა დაავადებებთან; გამოსადიფერენცირებელია: უპირატესად უყურადღებობის ტიპი როცა ჰიპერაქტივობა არ ვლინდება; უპირატესად ჰიპერაქტივობა-იმპულსურობის ტიპი _ როცა უყურადღებობის სიმპტომები ნაკლებად ვლინდება.
ADHD-ის რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. მკვლევრები ცდილობენ, მისი განვითარება გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემოს ფაქტორებს დაუკავშირონ. ერთ-ერთი მოდელი (Kenn, 1980) წარმოდგენილია შვიდი ურთიერთმოქმედი კომპონენტით:
• გენეტიკური მიდრეკილება;
• განვითარებაში ჩამორჩენა;
• საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარი;
• აზროვნების სპეციფიკური პრობლემები;
• არახელსაყრელი გარემო (დღენაკლულობა, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება);
• ემოციური პრობლემები და რთული დამოკიდებულებები ოჯახში. განარჩევენ ADHD-ს ბიოლოგიურ, ინტრაფსიქიკურ და ფსიქოსოციალურ ეტიოლოგიურ თეორიებს.
ADHD-ის გავრცელება განსხვავდება ქვეყნების სოციალურეკონომიკური მდგომარეობების მიხედვით, თუმცა, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, გარკვეული ხარისხით გვხვდება ყველა ქვეყანასა და კულტურაში. გამოკვლევების თანახმად, იგი სასკოლო ასაკის ბავშვების 3-7%-ს აღენიშნება. ამასთან, მისი შემთხვევები ბიჭებში უფრო ხშირია: ბიჭების შეფარდება გოგონებთან მერყეობს 6:1-დან 10:1-მდე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით შეფასებისას, გოგონებში ხშირია ყურადრების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის უპირატესად უყურადღებო ტიპი, რომლის ქცევითი გამოვლინებები ნაკლებად შესამჩნევია. გენერალურ პოპულაციაში ADHD-ს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, საშუალოდ, მამაკაცების 9%, ხოლო ქალების 4% აკმაყოფილებს.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშვს: პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის დიაგნოსტიკა და სწორი შეფასება. იმის გამო, რომ ADHD-ის გამოვლინებები მრავალფეროვანია, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად ვლინდება, უშუალო დაკვირვებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოგროვება. დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად ეთანხმება ქცევითი გამოვლინებები ADHD-ის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რა სიხშირით და რომელ სიტუაციებში აღმოცენდება პრობლემური ქცევები და რა ხარსიხით უშლის ეს ქცევები ბავშვს ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და გარემოსთან შეგუებაში, ასევე, აქვს თუ არა ბავშვს სხვა თანმხლები აშლილობა. სწორი დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:
1. მშობლის ინტერვიურება სახლში ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით;
2. მასწავლებლის ინტერვიურება კლასში ბავშვის ქცევის შესახებ;
3. ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწიფების დადგენის მიზნით;
4. ბავშვზე უშუალო დაკვირვება, რომლის დროსაც ფასდება ბავშვის იმპულსურობის, ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის ქცევითი გამოვლინებები და მათი ხარისხი;
5. ბავშვის მდგომარეობის შეფასება კომორბიდული აშლილობების გამოვლენის მიზნით და დიფერენცირებული დიაგნოსტიკისათვის: აუცილებელია ბავშვის შფოთვითი აშლილობის, დეპრესიის, ქცევის დარღვევის, ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის, განვითარების პერვესიული აშლილობისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმების შემოწმება.
ADHD-ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები.
ლიტერატურა:
- Крайг Г. Психология развития
- თ.გაგოშიძე "ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევები"
- Kaplan Medical USMLE - Psychiatry and Epidemiology & Ethics 2005-2006 Edition
|