თანამედროვე სამყაროში, კომუნიკაციის შედარებით ძველი საშუალებები კარგავენ თავიანთ აქტუალობას. მათ სულ უფრო აქტიურად ანაცვლებს ინტერნეტი. საყოველთაო კომპიუტერული ქსელის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებაა. ინტერნეტი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ინფორმაციის უზარმაზარი საცავი და ამასთანავე ის არის მასიური, უფრო მეტიც, გლობალური კომუნიკაციის საშუალება, აერთიანებს რა მთელი მსოფლიოს ინფორმაციულ რესურსს ერთ მთლიანობაში.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარდა, ინტერნეტი სულ უფრო მეტად იპყრობს ადამიანთა ყურადღებას, იძლევა რა ურთიერთობის საშუალებას. მრავალფეროვანი ინტერნეტ-მომსახურებების არსებობის პირობებში სოციალური ქსელების გამოჩენა კანონზომიერ მოვლენად არის მიჩნეული. დღითიდღე იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ერთმანეთისგან მეტნაკლებად განსხვავებული მიზნებით, მოტივებით და განზრახვებით უერთდებიან საყოველთაო ვირტუალურ სივრცეს. შესაბამისად, სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს გავლენა, რომელსაც თითოეული ადამიანი მეტწილად გაუცნობიერებლად განიცდის. მეცნიერთა განგაშის საგანს კი არა იმდენად სოციალურ ქსელებში გაწევრიანებულ ადამიანთა რიცხვი, რამდენაც მომხმარებელთა ის პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს, რომელთაც მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენიათ. სოციალური ქსელების ზემოქმედების შედეგები არაერთმნიშვნელოვან ხასიათს ატარებს და აქტიური განხილვის საგანია.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა განაპირობებს სოციალური ქსელების ამგვარ აქტუალობას? სავარაუდო მიზეზეთა შორისაა ანონიმურობის, აზრის გამოთქმის, თანამოაზრის პოვნის, გამოცდილების გაზიარების, საქმიანი ურთიერთობების წარმოების, ახალი ნაცნობების შეძენის, ძველ მეგობრებთან კავშირის აღდგენის, გართობის და სხვა მრავალმხრივი შესაძლებლობები. შესაბამისად არსებობს თემატურად განსხვავებული სოციალური ქსელები, პირადი ურთიერთობებით დაწყებული, საქმიანი კავშირებით და სიახლეების გაცნობით დამთავრებული. სოციალურ ქსელში მიღებულ ინფორმაციას და დამყარებულ ურთიერთობებს იყენებენ ბიზნესში, რეკლამირებაში, პოლიტიკაში და სხვა მრავალ სფეროში. ერთი შეხედვით, სოციალური ქსელების დიდი შესაძლებლობები ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანი უნდა იყოს, თუმცა მაშინ როდესაც მიმართება ადამიანსა და ქსელს შორის მხოლოდ წევრობისა და სარგებლიანი მოხმარების ფარგლებს სცილდება, უარყოფითი ზეგავლენის საკითხი დგება.
რეალობისგან გაქცევა და წარმოსახული სამყაროს შექმნა, მე-ს იდეალური ხატის ჩამოყალიბება და მასთან იდენტიფიკაცია, არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება-განმტკიცება, ცოცხალი კომუნიკაციის ვირტუალურით ჩანაცვლება, გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაძნელება, დროის არაგონივრული განაწილება, სხვადასხვა ტიპის ინტერნეტ-მაქინაციებში აღმოჩენის მაღალი რისკი, წინასწარგანსაზღვრული გავლენის ობიექტად ქცევა - არასრული ჩამონათვალია იმ უარყოფითი შედეგებისა, რომელიც სოციალური ქსელი ზემოქმედებას მოაქვს ადამიანისთვის. უარყოფითი გავლენის ყველაზე რადიკალური ფორმა კი დამოკიდებულებაა.
ინტერნეტ-დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია ფსიქოლოგიურ დაავადებად ითვლება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება კი მისი ახალი ფორმაა. ამ მოვლენის მიზეზები ნათელია: თითოეულ ადამიანს აქვს ღია და ფარული მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ის ცდილობს. ეს შესაძლოა იყოს ურთიერთობის, თვითრეალიზაციის, დროის დაზოგვის ან რაიმე სხვა მოთხოვნილება, სოციალური ქსელი კი იძლევა ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შეგრძნებას. საკმარისია რამდენიმე საკუთარი ფოტოს ატვირთვა, სხვის მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება და სასურველი გამოხმაურება წარმოდგენილზე უფრო ხელმისაწვდომი ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ ადამიანმა რეალობაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, ის იღებს მათ ვირტუალურ დაკმაყოფილებას. რაც უფრო იზრდება ეს კმაყოფილება, მით უფრო იზრდება მოთხოვნილებებიც, რომლებიც სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაუკმაყოფილებელი რჩება. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი სოციალურ ქსელში, მით ნაკლები დრო რჩება რეალურ ცხოვრებაში აქტიობისთვის და მით უფრო რთულდება ამ რეალურ გარემოსთან ურთიერთობა. სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების შემჩნევა საკმაოდ რთულია. ამისათვის საჭიროა კომპიუტერიდან რამდენიმე დღით მოწყვეტა და მხოლოდ მაშინ ჩნდება ემოციათა მთელი სპექტრი, დაწყებული ინტერნეტში შესვლის დიდი სურვილით, დამთავრებული სერიოზული დეპრესიით; ეს კი სწორედ დამოკიდებულების სიმპტომებია. ამ ყოველივეს მოსდევს პრობლემები: კომპლექსები, დეპრესია, შიშები, განწყობილების ცვლილებები და შფოთვა. ეს ფსიქოლოგიური დაავადებაა და როგორც ნებისმიერი დაავადება, მკურნალობას მოითხოვს. ნებისმიერი ფსიქოლოგიური დაავადების მკურნალობა რთულია, მითუმეტეს დამოკიდებულების. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს პრობლემის არსის გააზრება და საკუთარ თავში გამოტყდომა. განკურნების მეორე საფეხური შესაძლოა იყოს ვირტუალური ურთიერთობის რეალურით ჩანაცვლება; მეგობრებისა და ახლობლების თანდათანობითი დახმარებით სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებისგან განკურნება შესაძლებელია.
ბოლო დროს მეცნიერთა ნაწილის ინტერესის საგანი სოციალური ქსელების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა გახდა. მათი აზრით, სოციალური ქსელებით გადამეტებულ გატაცებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, ამცირებს რა რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის ოდენობას. ცოცხალი ურთიერთობების უკმარისობას შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, სისხლძარღვების მუშაობაზე და აზროვნების პროცესებზე, რაც გრდძელვადიან პერსპექტივაში ზრდის ისეთი დაავადებების გაჩენისა და განვითარების რისკს, როგორიცაა კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და გონებრივი ჩამორჩენა. ეს ყოველივე უკავშირდება იმ თავისებურებას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესები განსხვავებულად მიმდინარეობს იმის მიხედვით ადამიანი მარტოა, ვინმეს გარემოცვაში, თუ ვირტუალურ რეალობაში; ამ უკანასკნელს კი სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი. ამ საკითხებს უფრო ღრმა შესწავლა სჭირდება, თუმცა როგორც ჩანს, არსებობს განსხვავება რეალური გარშემომყოფების არსებობასა და ურთიერთობის ვირტუალურ შემცვლელს შორის.
მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილი უარყოფითი შედეგისა, არსებობს დადებითი მხარეები, რომლებიც წარმატებით უზრუნველყოფენ სოციალური ქსელების სარგებლიან გამოყენებას. საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, დროის და ფინანსების მნიშვნელოვანი ეკონომია, თანამოაზრეების პოვნის, გამოცდილების გაზიარების, ტერიტორიულად შორს მყოფ ან დიდი ხნის მივიწყებულ მეგობრებთან, ახლობლებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა, სიახლეებში ჩართულობა, ადამიანთა ფართო აუდიტორიასთან გახსნილად ურთიერთობის, მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. ეს მცირე ჩამონათვალიც კი თვალნათლივ ადასტურებს, რომ სოციალური ქსელები და ადამიანთა ჩართულობა მათში, პოზიტიურ შედეგებსაც იძლევა. მთავარია, ადამიანი თავად აცნობიერებდეს რისი მიღება სურს სოციალური ქსელებისგან და ზოგადად ინტერნეტსივრცისგან.
გამოყენებული წყაროები:
http://subscribe.ru/archive/psychology.psyandlive/201003/22080529.html
http://my-kapriz.ru/krasota-i-zdorove/vliyanie-na-psixiku-socialnyx-setej.html
http://ria.ru/science/20090220/162706965.html
http://secl.com.ua/article-vse-o-socialnyh-setjah-vlijanije-na-cheloveka.html |