ანუ ერთი „რიგითი“ მოქალაქის მოსაზრება განათლების რეფორმის რეალური და არა მოჩვენებითი შედეგების თაობაზე?
ცნებამ - რიგითი მოქალაქე ბოლო დროს განიცადა თვისობრივი ცვლილება.ამის გამო არ გაგიკვირდეთ სიტყვა რიგითი ბრჭყალებით რომ გამოვკვეთე, ვინაიდან ყოველ დღე, ყოველ ნაბიჯზე რეალურად ვხედავთ, რომ საზოგადოების უმეტესობამ ამ ქვეყნის სრულფასოვან და უფლებამოსილ მოქალაქეთ აღიქვა თავი, ხოლო ეგრეთ წოდებული -რიგითები საზოგადოების მცირე ნაწილში თუ დარჩნენ.
ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე მოხელეების მარადიულ „მმართველებად“, ან იმავე წრის ადამიანების - „ცნობად სახეებად“, ხოლო დანარჩენების - მუდმივ „რიგით მოქალაქეებად“ თავს მოხვეული აღქმა. პირველ რიგში ეს მობეზრდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ ამოძრავებს პირადი და მით უფრო მერკანტილური ინტერესები, ან თანამდებობრივი სავარძლის მოპოვების დაუოკებელი სურვილი.
ბევრ ადამიანს უკვე საკმაო ხანია აღიზიანებს ყოველდღიურად, ყველა სატელევიზიო არხზე აშკარა თუ შენიღბული კომფორმისტების, მედროვეებისა და ხეირის მაძიებელი დიდოსტატების დაუსრულებელი ხილვა. ამჟამად გამაღიზიანებელი გახდა იმის ყურებაც როგორ გააქტიურდნენ ისინი, დროებით გადადეს აქამდე ერთმანეთში არსებული დაპირისპირებები და ახალი ხელისუფლების დაკომპლექტების გამოცხადებისთანავე როგორ შეკრეს ლობისტური წრე გამარჯვებული პარტიის ოფისის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის გარშემო. ამ კოჰორტის გამოკვეთილი გროსმაისტერები და ყველაზე „ცნობადი სახეები“გადარბენაზე არიან არხიდან არხზე, გვმოძღვრავენ ყველა ტელეეკრანიდან და facebooki - ს კორპორატიული, მრავალსვლიანი ხრიკებით ბლოკავენ არასასურველ კანდიდატებს ან ურთიერთ სასარგებლოდ თანამდებობებისკენ უკვალავენ გზას თანამზრახველებს. ისინი მიაღწევენ საკუთარ მიზნებს თუ ჭორიკანა facebooki - ს მეშვეობით გარშემო შემოკრებილი ამ სოციალური ქსელის მიამიტ მომხმარებელთა დამორჩილება - დაჩლუნგვის და ხელისუფლებისკენ მიმართული ფარული ულტიმატუმების შედეგად ყველა მნიშვნელოვან პროცესზე მოახდენენ გავლენის. იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არ შეეგუება ამ ოინებს და ამ კოჰორტის რიგებიდან ახალი „გაუმჯობესებული“ მესვეურების დანიშვნას, მით უმეტეს, რომ განათლების მინისტრების თვალსზრისით ჩვენ არა ერთი მწარე გამოცდილებაც გაგვაჩნია და მედროვე ვაი-მინისტრიც გვახსოვს, რომლებმაც, რომ იტყვიან, შემოიარეს ამ სამინისტროში და ისე წავიდნენ უმნიშვნელო კვალიც რომ არ დაუტოვებიათ.
მაგრამ ამჯერად საუბარი განათლების შესაძლო მინისტრის კანდიდატურების ირგვლივ გამართული ინტრიგების თაობაზე არა გვაქვს, არამედ გვსურს უშუალოდ განათლების შესახებ ვისაუბროთ: რა მიზნების მისაღწევად დაისახა განათლების რეფორმა და პიარის ნახუნჩალა, რომ მოვაშოროთ რეალურად რა შეგვრჩება ამ რეფორმიდან?...
ვფიქრობ არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ განათლება საზოგადოებისთვის მეტად მგრძნობიარე, უდიდესი მნიშვნელობის მქონე სფეროა და არა მხოლოდ დღევანდელი, განსაკუთრებული ეტაპის თვალსაზრისით, არამედ საერთოდ ერის მომავლისთვის.
სამწუხაროდ „რეფორმის“ განხორციელების არც ერთ ეტაპზე საზოგადოება არ შეეწინააღმდეგა განათლების ფუძემდებლური პრინციპებიდან ეროვნულ და საერთო- საკაცობრიო ღირებულებებზე დამყარებული საწყისების ამოძირკვის მცდელობას, მკაფიოთ არ გამოამჟღავნა აზრი და პრინციპულად არ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება.ერთეულების გარდა ყველანი რატომღაც ვდუმდით. გვეშინოდა? თუ არ გვესმოდა და ვერ ვგებულობდით რა გველის.
განათლების „დეპოლიტიზაციის“ თაობაზე „რეფორმატორთა“ ნაწილის გაუთავებელი ყიჟინის მიუხედავად საზოგადოებამ მაინც გაათვითცნობიერა, რომ განათლების დეიდეოლოგიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან იდეოლოგიური პრინციპები მკაფიოთ იკითხება განათლების ყველა ასპექტში და მით უფრო - განათლების პოლიტიკაში, კანონმდებლობასა თუ სწავლების შინაარსში. საბედნიეროდ შეძლებისდამაგვარად პედაგოგიური საზოგადოების ნაწილი მაინც ახერხებდა ეროვნული ღირებულებების დაცვას და სწავლაში მათ გატარებას.
ადამიანთა ფართო წრემ ალბათ არც იცის იმის შესახებ როგორ ცდილობდნენ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში უცხოეთიდან მობრძანებული სხვადასხვა რჯულის ემისარები ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენნაირი ქვეყნის მოქალაქეებს არ დასჭირდება სრულფასოვანი განათლება და მხოლოდ დაწყებითი სკოლის პროგრამა, ანუ წერა - კითხვისა და ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებების ცოდნაც იქნება საკმარისი. როგორ ცდილობდნენ მათი ყურმოჭრილი მონები იმ დროინდელი კონსტიტუციის პროექტში ამგვარი ნორმის შეტანას. მაგრამ მხოლოდ საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგობის გამო, პროექტში ჯერ გაჩნდა ჩანაწერი, რომ სავალდებულოა (ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფს) საბაზო (9 კლასი) განათლება და მხოლოდ შემდგომში ჩაიდო საშუალო განათლების უზრუნველყოფის ვალდებულება. ანუ მაშინ ერის დაჩლუნგების მცდელობა ვერ განხორციელდა კონსტიტუციურ დონეზე. მათი შემდეგი სვლები კი უკვე განათლების შინაარსის გამოშიგვნას ემსახურებოდნენ.
გემახსოვრებათ ერთ-ერთი მინისტრის გენიალური რეფორმა, რომლის შედეგადაც განათლების არსი, მიზანი და დანიშნულება ლამის მხოლოდ ტესტირების მეშვეობით გამოცდების ჩატარებამდე იქნა დაყვანილი. ვფიქრობთ, რომ მკითხველს ახსოვს ის ყოვლად გაუგებარი მიდგომა, როცა აბიტურიენტი ფაქტიურად მხოლოდ უნარ - ჩვევაბის ტესტების ჩაბარების შედეგად ირიცხებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამ რეფორმის „წარმატებისთვის“ ხანგრძლივი ტაშის დაკვრის მიუხედავად, ხელისუფლებამ იძულებით აღიარა რეფორმის წარუმატებლობა და „რეფორმატორი“ მინისტრი სხვა თანამდებობაზე გადააბრძანა. საზოგადოებამ ვერ გაიგო რა მოხდა და კითხულობდა: „რაო მრავალ მილიონიანი კრედიტები ქარს გავატანეთ?“. პასუხი გაუცემელი დარჩა. იმავდროულად ნებისმიერი მასწავლებელი გეტყვით, რომ ტესტი და ტესტირება არ წარმოადგენენ ფუძემდებლურ პრინციპებს და იმის მიუხედავად, რომ სასწავლო პროცესში გააჩნიათ მიკუთვნებული ფუნქცია და დანიშნულება, ისინი მხოლოდ საშუალებად და შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა მივიჩნიოთ.
საკადრო კარუსელის პროცესში მინისტრების დაუსრულებელი ცვლის პირობებშიც კვლავ გრძელდებოდა მრავალ მილიონიანი კრედიტების (ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი ვალის) უკონტროლო ხარჯვა (ან ფლანგვა) და დაწყებული გეზის გაგრძელება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ოდესმე მაინც ცნობილი გახდება იმ უზარმაზარი სახსრების მოცულობა, რომელიც „მოხმარდა“„წარმატებული რეფორმის“ ხშირ შემთხვევაში უაზრო მანიპულაციებს, ცხადი გახდება რამდენი და რა მიზნებისთვის (ზოგჯერ არა ერთხელ) დაიხარჯა დაწყებიდან დღემდე, მაგალითად რა დაგვიჯდა მრავალ ჯერ შედგენილი ტესტები და მთლიანად გამოცდების რეფორმა.
მთელი ცივილიზებული სამყარო გააზრებულად მიისწრაფის განათლების სფეროს მართვის შემდგომი დემოკრატიზაციის, მართვაში საზოგადოების მონაწილეობის და ამ გზით სასწავლო დაწესებულების ავტონომიის გაზრდისკენ. ალბათ მიაქციეთ ყურადღება განათლების სისტემის მართვის ტრანსფორმაციასაც და გემახსოვრებათ სრულყოფის დეკლარირებას ამოფარებულმა „რეფორმატორებმა“ როგორ განახორციელეს საბჭოთა პერიოდთანაც შეუდარებელი განათლების სისტემის ვერტიკალის რეგრესული ცენტრალიზაცია. მართვაში დამკვიდრდა მკაცრი მბრძანებლური მიდგომები. ფეხქვეშ გაითელა ყველა დონის სასწავლო დაწესებულებების ავტონომიურობა, მათ შორის უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც უპრობლემოდ შესძლებდა საკუთარი თავის მართვას და არ ესაჭიროება არასრულწლოვანივით ხელით ტარება.
მანდატურების ინსტიტუტის შემოღების შედეგად სკოლებში უფრო გაძლიერდა უპრეცედენტო დიქტატი. სკოლების თვითმმართველობა იქცა ბუტაფორიულ დეკორაციად და მიიღო ფორმალური ხასიათი. ფსევდო რეფორმირების პროცესის დამგეგმავებმა, მათ თანამზრახველებმა და მარად მორჩილმა მსახურებმა სრულიად უგულველყვეს განათლების სისტემის მართვის დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიზაციის, ანუ უფლება-მოსილების ვერტიკალის ქვედა რგოლებზე გადანაწილების და მართვის ყველა საფეხურზე საზოგადოების ფართო ჩართულობის პრინციპები. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ იცოდნენ - დიქტატი და ხმამაღალი ბრძანება მხოლოდ სამხედრო პლაცზე მუშტრის დროს შეიძლება იყოს მისაღები და მოსათმენი.
„წარმატებული რეფორმის“ მამამთავრებმა ჯერ ყაზარმული, შემდეგ კი დაშინების დამკვიდრებით, მანდატურების შემოყვანით და საკლასო ოთახების კარებში სათვალთვალო სარკმლების ამოჭრით ლამის ციხის რეჟიმში მოაქციეს სკოლა. „რეფორმის“ პირველივე ნაბიჯებიდან განათლების მთელ სისტემაში, განსაკუთრებით კი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ინერგებოდა შიში. დაისახა და მიზანდასახულად ხორციელდებოდა მორჩილი, ადვილად სამართავი, რობოტის მსგავსი „ახალი“ ადამიანის ფორმირების ამოცანა. მარტო ერთი, მცირე, მაგრამ ბევრის მთქმელი საზოგადოებისთვის ცნობილი და სატირიკულ ხუმრობად ქცეული უნარ-ჩვევების ტესტი რად ღირს, რომელშიც საუბარი ხნიერი ან უმწეო ადამიანისთვის ტრანსპორტში ადგილის დათმობის თაობაზეა და რომლშიც არა მხოლოდ ჩვენი ერისთვის მიუღებელი, არაჰუმანური, კაცთმოძულე ღირებულებების ჩანერგვის მცდელობაა ჩადებული. რა იდეოლოგიაზე იყო აგებული ეს ავად სახსენებელი ტესტი?
ჩვენდა სასიხარულოდ ამ გეზის დამგეგმავებმა და განმახორციელებლებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ „ნაჯახის“ ქნევით შესაძლებელია მხოლოდ ხის ნაპობისგან „ახალი“ ბურატინო გამოთალო და ვერ აღზრდი მომავლის ადამიანს.ამის მტკიცება არც არის საჭირო, ვინაიდან “რეფორმის“ მამების საყოველთაო მორჩილების ოცნება თავისი თამამი საპროტესტო გამოსვლებით იძულების სამიზნემ - ახალგაზრდობამ ახლახანს სრულიად დაამსხვრია.
ჰუმანისტური ღირებულებების, რომელიც ოდითგან, ტრადიციად მოჰყვებიან ქართველ ერს, თანამედროვე ეპოქის კატეგორიული მოთხოვნის - განათლების ჰუმანიზაციის სანაცვლოდ „სარეფორმო“ ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში საწინააღმდეგო მიმართულებით წარიმართა.
იმავდროულად განათლების ჰუმანიზაცია წარმოადგენს მრავალწახნაგოვან პროცესს, რომელიც შეიცავს განათლების მიზნების, მისი შინაარსის, საგანმანათლებლო საქმიანობის პირობების, სასწავლო პროცესის მონაწილეების ღირებულებზე დამყარებული ურთიერთობების ცვლილებას. პედაგოგი უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ მოსწავლისთვის ცოდნის მიწოდებაზე, არამედ სხვა ამოცანაზე - ბავშვის განვითარების ხელშეწყობაზე.
„... ადამიანზე კონცენტრირებული მიდგომა - განწყობაში და ქცევაში გამოხატული არსებობის წესია, რომელიც ქმნის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობ კლიმატს. ეს უფრო საწყისი (ამოსავალი) ფილოსოფიაა, ვიდრე უბრალოდ ტექნიკა ან მეთოდია... (კარლ როჯერსი - ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი, /აბრაჰამ მასლოუსთან ერთად/ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და ერთ-ერთი ლიდერი, “Freedom to Learn: A View of What Education Might Become”- ს ავტორი).
მაგრამ ჰუმანისტური პედაგოგიკის იდეების მეცნიერული დასაბუთებულების მიუხედავად მისი პრინციპები საქართველოს განათლებაში აქამდე არ იქცნენ პედაგოგიური სისტემების მყარ ბაზისად. ავტორიტარული პედაგოგიკის ელემენტები ამუხრუჭებენ ჰუმანისტური იდეების შეღწევას პედაგოგიურ პროცესში.
„რეფორმის“ ყველა ეტაპზე სასწავლო პროცესის ორგანიზაციაში იძულების და არა შემოქმედებისკენ მიმართული მეთოდოლოგია, კვლავ მენტორული დიდაქტიკა და არა სწავლისადმი მოტივაციის წარმოქმნა და სასწავლო საგნის მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება კვლავ ჭარბობს. „რეფორმის“ ავტორები ვერ გებულობენ, რომ დღეს თვისობრივად სულ სხვა თაობასთან აქვთ საქმე. სპეციალისტების ნაწილის აზრით თანამედროვე სამყაროში შემოაბიჯა მართლაც ახალმა („ინდიგო“) თაობამ. ეს თაობა არ ითმენს დაძალებას და ვერ შეეგუება დამამცირებელ მორჩილებას, მისთვის მხოლოდ ღირსეული თანამშრომლობაა მისაღები და ნებისმიერ ძალისმიერ ქმედებას ის აგრესიული უკუქმედებით პასუხობს. მკლევართა გარკვეული ნაწილის აზრით ბავშვთა ამ ნაკადს კვალდაკვალ მოჰყვება უფრო განსხვავებული - „კრისტალური“ თაობა. ამ თაობას მძლავრი შემოქმედებითი პოტენციალი მოსდევს, ის მიმტევებლებითა და სიყვარულით აღსავსეა და მას მხოლოდ სიყვარულის ენა ესმის. სიყვარული კი, როგორც ცნობილია, დიქტატით და იძულებით არ წარმოიშვება, ძალდატანების შემთხვევაში ის გაუპატიურებას უფრო ემსგავსება.
განათლების ჰუმანიზაციის კანონზომიერებები განაპირობებენ განათლების შინაარსის მიმართ ახლებურ მიდგომასაც, მის გათავისუფლებას პრიმიტიული დამოძღვრებისა და სქემატიზმისგან, ითხოვენ ერის ღირებული ტრადიციების გათვალისწინებას და საერთო საკაცობრიო კულტურასთან ერთიანობას. ამგვრი მიდგომა უნდა წარმოადგენდეს ახალი სასწავლო გეგმებისა და პროგრამების კონსტრუირების საფუძველს. დაუფიქრდით განა ყოველთვის ვიყენებდით ამ საფუძვლებს განათლების რეფორმირებაში?
დასკვნის სახით: ოდესმე მაინც, ჩვენ თვითონვე, თვითოეულმა და მთელმა ერმა საკუთარ თავს ხომ უნდა უთხრათ სიმართლე და დავადგეთ გზას, რომელიც ჩვენს შვილებს,ყველას მიგვიყვანს განათლების და ზნეობის ტაძრამდე თუ კვლავ გავაგრძელოთ სიცრუის ბნელ სამყაროში ცხოვრება?
|