ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული სამყარო ძალზე სერიოზულად უფიქრდება განათლების ყველა დონეზე სწავლების ხარისხს, განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ ეთმობა ფუძემდებლურ საფეხურს - სასკოლო განათლებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეიქნა მრავალი სპეციალიზებული ანალიტიკური და კვლევითი პროგრამა, შემოღებულ იქნა შეფასების სპეციალური ინდიკატორები და ა. შ.
პედაგოგიური საზოგადოების ნაწილისთვის ალბათ ცნობილია, რომ სკოლის მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (Organization for Economic Cooperation and Development, OECD) და განათლების სფეროში კვლევების ავსტრალიური საბჭოს (The Australian Council for Educational Research, ACER) მიერ ათეული წლის წინ შემუშავდა სპეციალური საერთაშორისო პროგრამა PISA (Programme for International Student Assessment). პროგრამის კონსორციუმში შევიდნენ: პედაგოგიური განზომილებების ნიდერლანდების ეროვნული ინსტიტუტი (Netherlands National Institute for Educational Measurement – CITO); ა.შ.შ. - ს პედაგოგიური ტესტირების სამსახური (Educational Testing Service, ETS); განათლების სფეროში კვლევების იაპონიის ინსტიტუტი (National Institute for Educational Research, NIER) და WESTAT ა.შ.შ. (იხ.http://www.oecd.org/edu/pisa)
2000, 2003, 2006 და 2009 წელს ამ პროგრამის მეთოდოლოგიის სამწლიანი ციკლის შესაბამისად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარდა ცოდნის შეძენაში მოსწავლეთა მიღწევების შეფასება. თვითოეულ ციკლში ყურადღება აქცენტირებულად ეთმობოდა ძირითად მიმართულებებს: „კითხვის წიგნიერება“,“მათემატიკური წიგნიერება“, „საბუნებისმეტყველო წიგნიერება“.
„კითხვის წიგნიერების“ შეფასება ხორციელდებოდა 1000 ქულიანი სკალის მიხედვით. შეფასებულ მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში გამოვლინდა იმ მოსწავლეთა ხვედრითი წილი, რომლებიც მზად არიან ყოველდღიურ სიტუაციებში ორიენტაციისთვის ადექვატერურად გამოიყენონ რთული ტექსტები, მათ შორის გამოიკვეთა ის კატეგორიაც, რომელმაც დაადასტურა რომ მზად არის ტექსტების მეშვეობით დამოუკიდებელი სწავლებისთვის, აგრეთვე გამოვლინდა იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელსაც არ შეუძლია ტექსტის დახმარებით ნაცნობ ცხოვრებისეულ ვითარებაშიც კი ორიენტაცია.
პროგრამის დავალებათა უმეტესი ნაწილის შესრულება უკავშირდება ისეთი საერთოსასწავლო უნარ-ჩვევების განვითერბას, როგორიცაა, მაგალითად, რომელიმე გამართული ტექსტის წარმატებულად წაკითხვის უნარი, ტექსტში მოცემული ინფორმაციიდან იმ ფაქტებისა და მონაცემების გამოკვეთა, რომლებიც დაგჭირდება დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
“მათემატიკურ წიგნიერებაში“ პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ადამიანს შესწევს სამყაროში, რომელშიც ის ცხოვრობს, მათემატიკის როლისა და დანიშნულების გარკვევის უნარი, ისე იყენებდეს მათემატიკას, რომ აწმყოსა და მომავალში იკმაყოფილებდეს შემომქმედი, მოაზროვნე მოქალაქის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, მათემატიკური წიგნიერების შემფასებელი დავალებების ანალიზი იძლევა იმ ცოდნისა და უნარების მცირე ნუსხის გამოვლენის შესაძლებლობას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების აზრით საჭიროა მათემატიკურად წიგნიერი თანამედროვე ადამიანისთვის. მაგალითად: სივრცობრივი წარმოდგენები და წარმოსახვა, სივრცობრივი ფიგურების ზოგიერთი თვისებები; მასშტაბის გამოყენება, არასტანდარტული ფიგურების პერიმეტრის და ფართობის დადგენა;ოდენობითი ინფორმაციის წაკითხვის და ინტერპრეტაციის უნარი, რომელიც გადმოიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და წარმოდგენილია სხვა და სხვა ფორმით (ტაბულა, დიაგრამა, რეალურ დამოკიდებულებათა გრაფიკი და ა.შ.); ფორმულებთან მუშაობა, ნიშნობლივი და რიცხობრივი თანმიმდევრობების გამოვლენა, რაციონალური რიცხვებით გამოანგარიშება; პროცენტებით ოპერირება; განზომილების სხვა და სხვა ერთეულების (სიგრძე, მასა, დრო, სიჩქარე) გამოყენებით მოქმედებების შესრულება; მოვლენებისა და პროცესების დახასიათებისთვის საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების გამოყენება და სხვა.
„საბუნებისმეტყველო წიგნიერება“– განიხილება, როგორც: საბუნებისმეტყველო მეცნიერული ცოდნის ათვისების, საკითხების გარკვევის და დასმის უნარი, აგრეთვე ახალი ცოდნის შესაძენად მოვლენების განმარტება, საბუნებისმეტყველო ხასიათის პრობლემატიკის ფორმულირება, მის თაობაზე დასკვნების გაკეთება, ახსნა; ბუნებისმეტყველების ძირითადი თავისებურებების ადამიანის შემეცნების ფორმად აღქმა, გათვითცნობიერების დემონსტრირება იმაში, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიები რეალურ გავლენას ახდენენ საზოგადოების მატერიალურ, ინტელექტუალურ და კულტურულ სფეროებზე, ბუნებისმეტყველების საკითხების განხილვის დროს აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენის უნარი.
პროგრამის დავალებათა ამოცანა გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლეებმა მოახდინონ რიგი უნარ-ჩვევების დეფიციტის გადალახვა: საკვანძო სიტყვებით ინფორმაციის მოძიება, კვლევის ჩატარების პროცესის ანალიზი, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზების შედგენა, მეცნიერული ფაქტების და კვლევების მონაცემების გამოვლენა და ინტერპრეტირება, აგრეთვე გრაფიკული ინფორმაციის ინტერპრეტაცია, შეფასებითი გაანგარიშებების და შესაძლო ვარაუდის დადგენა.
მთლიანობაში კი PISA-ს პროგრამის კვლევების ძირითად მიზანს წარმოადგენს განათლების თვალსაზრისით 15 წლის ასაკის მოსწავლეთა მიღწევების შეფასება და პასუხის მიღება საკვანძო საკითხზე: „გააჩნიათ თუ არა 15 წლის ასაკის მოსწავლეებს, რომლებმაც მიიღეს ზოგადი სავალდებულო განათლება საზოგადოებაში სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები?“.
ძირითადი აქცენტი კვლევებში გაკეთდებოდა არა სასკოლო პროგრამების ათვისების დონის დადგენაზე, არამედ მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების შეფასებაზე.
PISA-ს მეთოდოლოგიის მიმართ გერმანელ (მიუნხენი?) მეცნიერთა ერთი ჯგუფის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილე ქვეყნების განათლების სამინისტროები სულ უფრო პოზიტიურად უყურებენ კვლევების განხორციელებას და მათზე დაყრდნობით საჭირო კორექტირებების შეტანის შესაძლებლობას. ამის გამო თუ 2000 წელს კვლევებით მოცული იყო 32 ქვეყანა, 2009 წელს ამ პროცესში უკვე 74 ქვეყანა იყო ჩართული.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის PISA - ს კვლევების ბოლო სამი ეტაპის მონაცემებით ყველაზე მაღალი შედეგები ფინელმა მოსწავლეებმა გამოავლინეს.(მაგ. 2009 წელს: შესაბამისად - 536, 541 და 554 ქულა)
პროგრამის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპზე საქართველომაც მიიღო მონაწილეობა PISA - ს კვლევებში. „წარმატებული“ რეფორმებით ტკბობის, ეიფორიის და გაუთავებელი ტრაბახისა ფონზე სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კითხვის წიგნიერებაში 374 ქულით 74 მონაწილიდან ჩვენ მხოლოდ 67-ე ადგილი დავიკავეთ, მათემატიკურ წიგნიერებაში - 65- ე (379 ქულა), საბუნებისმეტყველო წიგნიერებაში კი 69- ე ადგილი (373 ქულით). განათლების მესვეურების დიდი მოწადინების შედეგად ეს ფაქტი სასწრაფოდ მიეცა დავიწყებას და საქართველომ უარი განაცხადა პროგრამაში შემდგომ მონაწილეობაზე. იმავდროულად ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა - აზერბაიჯანმა და სასომხეთმა, რეფორმებში „უპრეცენდენტო მიღწევების“ გარეშეც, თურმე უკეთეს შედეგს მიაღწიეს და განათლების ხარისხის დახვეწის მიზნით კვლავ აგრძელებენ პროგრამაში მონაწილეობას.
არასახარბიელოა აგრეთვე საქართველოს განათლების პოზიცია მსოფლიო ქვეყნების ინდექსის (United Nations Development Programme: Human Development Report 2009. Education Index 2007). მიხედვითაც. 182 ქვეყნის შორის, თუ არ გვეშლება, საქართველო 89 ადგილზე იმყოფება. ჩვენს შემდეგ დასახელებულია, მაგალითად, დომინიკას რესპუბლიკა და (თუ გაგიგონიათ ასეთი) სენტ-ვინსენტი და გრენადინები.
რაში გამოიხატება ფინეთის განათლების სისტემის წარმატებულობის საიდუმლო და რა სჭირს საქართველოს განათლებას?
ფინელები პროგრამაში ჩაერთნენ მეორე ეტაპზე, იქამდე კი ღრმად გააანალიზეს სხვა ქვეყნების შედეგები, გააკეთეს დასკვნები და განახორციელეს შესატყვისი, ქმედითი ზომები საკუთარ განათლების სისტემაში.
ფინელები აქტიურად იყენებენ მოწინავე ნაშრომებს პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში და იზიარებენ ამ მხრივ სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას, მოახდინეს საერთაშორისოდ აღიარებული კონცეფციების ინტეგრირება - ვალდორფის პედაგოგიკა, მონტესსორის და ფრენეს პედაგოგიური მიდგომები.
ფინეთის სკოლებში მასწავლებლად დაიშვებიან მხოლოდ მაგისტრის დონის სპეციალისტები, ამ უფლების მისაღებად სავალდებულოა სწავლების შემდეგი კურსების გავლა და ჩაბარება: კომუნიკაციის კომპეტენცია (12 კრედიტი), სწავლების ტექნოლოგიები (75 კრედიტი), პედაგოგიკა და ფსიქოლოგია (35 კრედიტი), ძირითადი საგნობრივი სპეციალიზაცია (35 კრედიტი), დამატებითი საგნობრივი სპეციალიზაცია (35 კრედიტი), შერჩევითი კურსები (5 – 8 კრედიტი).
ფინეთის განათლების სამინისტროში მუშაობს ორი ათეული ჩინოვნიკი, ხოლო განათლების ეროვნულ საბჭოში - რამდენიმე ასეული ყველა მიმართულების, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, უბადლო სპეციალისტი.
ფინელებს არ ეშინიათ და არც თაკილობენ ისწავლონ სხვებისგან - ამით აღწევენ მაღალ შედეგს! გახსნილება, სხვისგან სწავლის სურვილი და უნარი ფინელების ძალზე ღირებული თვისებაა, მათი მაღალი პედაგოგიური და ადამიანური კულტურის ნიშანია.
გარდა იმისა, რომმიაღწიეს მაღალ შედეგებს სასკოლო განათლებაში, მათ შექმნეს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული, ქმედითუნარიანი და შედეგიანი პროფესიულ -ტექნიკური სკოლა (ფინ. ammatillinen oppilaitos): კერძოდ - პროფესიული სასწავლებელი (ფინ. ammattiopisto), და საწარმოში სახელშეკრულებო სწავლების ინსტიტუტი (მ.შ.სასწავლო საწარმოში, ფინ. oppisopimuskoulutus).
აგრეთვე, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ მათი მიღწევები უმაღლეს განათლებაშიც: ბოლო მონაცემებით ფინეთის 20 უმაღლესი სასწავლებელი შედის მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტების ასეულში.
ყველაფერ ამას ფინელებმა მიაღწიეს ორიოდე ათწლეულის განმავლობაში და ამისთვის გააჩნდათ: საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნილება, ხელისუფლების პოლიტიკური ნება და კონსენსუსის შედეგად მიღწეული, გააზრებული განათლების სტრატეგია.
რა შედეგებს მიაღწია საქართველოს განათლების სფერომ იგივე პერიოდში? გარდა იმისა, რომ ოცი წლის განმავლობაში შევცვალეთ 12 მინისტრი და გაურკვეველი მიზნებისთვის, გაუაზრებლად გავხარჯეთ თუ გავფლანგეთ ასობით მილიონი კრედიტი და გრანტი, რეალურად, შედეგების თვალსაზრისით რას მივაღწიეთ განათლების რეფორმირებაში?
თავი რომ დავანებოთ PISA-ს პროგრამის მოთხოვნებს, მოდით მაგალითად შევიდეთ მეხუთე კლასში და მოსწავლეებს (განსაკუთრებით ბიჭებს) წასაკითხად მივცეთ სწავლების ამ საფეხურისთვის შესატყვისი, მაგრამ უცნობი ტექსტი. უმეტეს შემთხვევაში მივალთ დასკვნამდე, რომ არა მხოლოდ ტექსტის აღქმასა და გამოყენებასთან, არამედ მის გამართულად წაკითხვასთანაც გაგვაჩნია სერიოზული პრობლემები. ეგებ ახლა მაინც დადგა დრო, რომ გავაანალიზოთ ყველა წასაკითხი მასალა, რომელიც შევიტანეთ სკოლაში, განსაკუთრებით კი 5 – 7 კლასებში. ხელსაყრელ პირობებში ხომ ზუსტად ამ გარდამტეხ ეტაპზე ხორციელდება ხარისხობრივი გადასვლა სწავლებაში დამოუკედლობის მნიშვნელოვან კომპონენტზე: მთავრდება კითხვის (კითხვის ტექნიკის) სწავლება და იწყება კითხვა სწავლებისთვის, ანუ ტექსტების, როგორც თვითგანათლების ძირითადი რესურსის გამოყენების ეტაპი, საფუძველი ეყრება დაწყებითიდან - ძირითად სკოლაში და შემდგომ საფეხურებზე გადასვლას. სერიოზული მარცხი ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას სრულიად გამორიცხავს მნიშვნელოვან წარმატებას განათლების ყველა მომდევნო ეტაპებზე.
ეგებ ამჟამად შექმნილმა განათლების და მეცნიერების სახელმწიფო კომისიამ თუ დღევანდელმა მინისტრმა მაინც გარკვევით თქვან რა მიზნებს ვისახავთ განათლების თითოეულ საფეხურზე, იქამდე კი ჩაიხედონ თუ რას, როგორ, რა დოზირებით და თანმიმდევრობით, რა საშუალებებით და რის მეშვეობით ვასწავლით დღეს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინ ასწავლის განათლების ყველა საფეხურსა და დონეზე? ფინელებმა გაიარეს ეს გზა და მიაღწიეს სასურველ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ გავალთ „წარმატებულად“ აღიარბული, მოკლე ხანში კი „წარუმატებლად“ გამოცხადებული უსასრულო რეფორმების მოჯადოებულ წრეზე, რომელზეც დავდივართ ათეული წლების განმავლობაში და სერიოზული გარღვევის ნაცვლად დაუსრულებლად გავაგრძელებთ ერთსა და იმავე ადგილის ტკეპნას. თუ არ და ვერ გავაანალიზებთ დაშვებულ შეცდომებს და არ გავაკეთებთ სათანადო დასკვნებს - კვლავ დავადგებით გზას არსაიდან - არსაიდკენ! განა გვაწყობს გზა, რომელიც არ მიგვიყვანს ცოდნისა და ზნეობის ტაძრამდე?
|