რელიგიის, როგორც ერთ-ერთი უძველესი და ამავდროულად ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფენომენის როლი საზოგადოებრივი ცნობიერების, აზროვნების , ცხოვრებისა და შემეცნების ჩამოყალიბების პროცესში უდავოდ ძალზე დიდია. მიუხედავად იმისა,რომ იგი უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულიერ ცხოვრებას გამოხატავს, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დანახვა და შეფასებაც, თუ რა როლი ენიჭება რელიგიას ადამიანთა ყოველდღიურ ( მატერიალურ) ცხოვრებაში. ვეცდები ავხსნა რა როლი ენიჭება რელიგიას კულტურული ინტეგრაციის პროცესში? რა გავლენას ახდენს იგი ამა თუ იმ საზოგადოებაში მყოფ ადამიანთა ცხოვრების წესზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მათ ყოფაზე, შრომაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, კვებისა და ვაჭრობის თავისებურებებზე, ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებზე და კულტურის სხვა ასპექტებზე ? რელიგია არის საფუძველი კულტურის შემადგენელი ისეთი ელემენტების ჩამოყალიბებისა, როგორიცაა კონკრეტულ საზოგადოებაში გაბატონებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ქცევის წესები, ნორმები, ღირებულებები და რომ რელიგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრების წესზე, მათ ყოფაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, კვებისა და ვაჭრობის თავისებურებებზე და ა.შ. ყოველივე ამის ახსნას, ერთ კონკრეტულ რელიგიაზე, ისლამზე დაყდნობით შევეცდები.
ფუნქციონალიზმი კულტურას განიხილავს მთლიანობად, რომელიც ცალკეული ელემენტებისაგან შედგება. თითოეულ ნაწილს სოციოკულტურულ მთლიანობაში გარკვეული ამოცანა, ფუნქცია აქვს. ფუნქციონალისტებს, ფაქტობრივად, არ აინტერესებთ კულტურათა ისტორიული ცვლილებები. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოქმედებს კულტურა „აქ და ახლა“, რა ამოცანებს წყვეტს, როგორ ხდება მისი კვლავწარმოება. ცნება „ფუნქცია“ მათ მიერ ორი ძირითადი მნიშვნელობით იხმარება: 1) როლი, რომელსაც კულტურის ესა თუ ის ელემენტი ასრულებს მთელთან მიმართებაში, 2) კულტურის ნაწილებს, კომპონენტებს შორის დამოკიდებულება.
კულტურული ინტეგრაცია გულისხმობს შემდეგს. კულტურის ყველა ასპექტი ერთმანეთთან (კაუზალურად) მიზეზობრივად არის დაკავშირებული, ურთიერთგადახლართული ანუ ინტეგრირებული. შეუძლებელია კულტურის ერთი ასპექტის შესწავლა, თუ არ შევისწავლით იმავე კულტურის სხვა ასპექტებს, რათა დავადგინოთ როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ინტეგრირებულნი. მაგალითად, ტრადიციულ ინდუიზმში ხდებოდა ადამიანების სეგრეგაცია კასტებად (ოფიციალურად ეს პრაქტიკაში აკრძალულია, მაგრამ ფაქტობრივად ინდოეთში ისევ არსებობს დაყოფა), კასტა კი წინდაწინვე განსაზღვრავს რა პროფესიისა იქნება ადამიანი, რა სოციალური პოზიცია ექნება მას საზოგადოებაში. ისლამი კრძალავს ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარებას და მკაცრ სასჯელს აწესებს ამ წესის დარღვევისათვის. იუდაიზმი და ისლამი ღორის ხორცის მოხმარებას კრძალავს, ხოლო ინდუიზმი ძროხის. მართლმორწმუნე იუდაისტი (ებრაელი) შაბათს სრულებით არ მუშაობს (პარასკევს მზის ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე) და ეს სწორედ მისი რწმენით არის განპირობებული.
კულტუროლოგიის ფუძემდებელმა, ამერიკელმა მეცნიერმა ლესლი უაიტმა კულტურის შემდეგი განმარტება შემოგვთავაზა: კულტურა-ეს არის საგნებისა და მოვლენების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ სიმბოლიზაციის უნართან. სიმბოლიზაციის შესაბამისად, კულტურის სწავლის-უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს. ამით იგი ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან განსხვავდება.
ამრიგად, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან.
ყველა კულტურაში გვხვდება უნივერსალიები-ელემენტები, რომლებიც (თითქმის) ყველა კულტურაში არსებობს :ენა, ოჯახი, საკუთრება, რელიგია, მორალი, ესთეტიკა, ტაბუ (აკრძალვა), კონფლიქტი, მითი, ტექნოლოგია და ა.შ.
ისლამი- მოკლე ისტორია
ისლამი ანუ მაჰმადიანობა ერთ-ერთი ე.წ. მსოფლიო რელიგიათაგანია, რომლის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით ერთი მილიარდ კაცს უდრის.
ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაისახა VII საუკუნის დასაწყისში. მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფა- მუჰამედია, რომელმაც თავი ერთი ღმერთის- ალაჰის მოციქულად გამოაცხადა.
არაბებმა უზარმაზარი ტერიტორია დაიპყრეს, რომელზედაც ძალით ინერგებოდა ისლამი. მუსლიმთა რწმენის აღიარების ფორმულაა: „არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი“.
მაჰმადიანური სარწმუნოების წყარო ყურანია (არაბ. ალ -ყურან-საკითხავი), რომელიც უზენაეს და უაღრესად სრულ წიგნად ითვლება.
ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ჰადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის-შარიათის წყაროდ იქცა.
ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა); 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5.მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).
მეჩეთი, იგივე მიზგითი (არაბ. მასჯიდ – ლოცვის, მუხლის მოყრის ადგილი; საჯადა – ლოცვა), მუსლიმანთა საკულტო სახლი, სალოცავი და საქადაგებელია.
საუდის არაბეთის ქალაქი მექა ისლამური სამყაროს ყველაზე წმინდა ადგილია. მუსლიმები დღეში 5-ჯერ მექასკენ პირშექცევით აღავლენენ ლოცვას.
შარიათი-მუსლიმთა რჯულის კანონი, კანონთა კოდექსია. ჩამოყალიბდა არაბთა სახალიფოში VII-X სს-ში.
ისლამის გავლენა კულტურის სხვა ასპექტებზე ყველაზე უკეთ გამოიხატება იმ შეზღუდვებით და აკრძალვებით, რომელიც ყურანში, ჰადისებსა და სუნნაშია გადმოცემული.
საჭმელ-სასმელი- იკრძალება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები. აკრძალულია ღორის ხორცი და გარეული ცხოველის ხორცი; ცხოველების ლეში-მტაცებლების მიერ დახოცილი და ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი ცხოველების ხორცი (აკრძალვა არ ეხება ზღვის ცხოველებს); არარიტუალის შესაბამისად დაკლული ცხოველის ხორცი. ისლამში ძაღლი, მაიმუნი, ღორი ითვლება რიტუალურად უწმინდურ ცხოველებად, რომელთა ხორცი აკრძალულია საკვებად. ყურანში არაერთხელ იხსენიება ღორის ხორცის აკრძალვა. სამეცნიერო ლიტერატურაში იყო მცდელობა აეხსნათ ის ეკოლოგიური (ღორების მოშენება საფრთხეს უქმნიდა ახლო აღმოსავლეთის ეკოლოგიურ სისტემას- ღორი არის ტყის ცხოველი და აზიანებს მდინარეების ნაპირებს) და ეკონომიკური ( ღორის გამოკვება მოითხოვს დიდი რაოდენობით სასურსათო ხორბლის დახარჯვას) ფაქტორებით და მუჰამადის მისწრაფებით გამოეყენებინა ხორბლის ნამეტი მუსლიმური თემის საჭიროებისამებრ. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია აგრეთვე არაბეთის ნახევარკუნძულის ცხელი კლიმატური პირობები, რომლის დროსაც ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
ისლამი კრძალავს ღვინის დამზადებას, მოხმარებას და შენახვას. ყურანში ცოდვად და სატანის ხელობად ითვლება. უდიდეს ცოდვათა შორის ასახელებენ მას მუსლიმი თეოლოგებიც. ცოდვად ითვლება წინასწარ განზრახვით აკრძალული საკვების მიღება, მაგრამ თუ ვინმე იძულებულია შიმშილის ან წყურვილის გამო მიიღოს ცოდვა მალე ეპატიება.
დღეს მუსლიმური სახელმწიფოების უმრავლესობაში (ირანი, სუდანი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, იემენი, პაკისტანი) დაწესებულია აკრძალვა სპირტიანი სასმელების მოხმარებაზე, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ხდება შეზღუდვა სხვადასხვა საშუალებებით.
ხელოვნება- იკრძალება ცოცხალი არსებების (ადამიანები, ცხოველები, ჩიტები, მწერები და ა.შ.) გამოსახვა, კერპთაყვანისმცემლობის თავიდან ასაცილებლად და ერთღმერთიანობის დაცვის გამო. ამასთან არ შეიძლება ადამიანმა თავისი შემოქმედებითი კონკურენცია გაუწიოს ღმერთს. თუმცა, ეს აკრძალვა მთლიანად ვერ განხორციელდა და ისლამი უშვებს მცენარეების, საგნების და გეომეტრიული ფიგურების გამოსახვას. ამ აკრძალვის შესახებ მოხსენიება არის მხოლოდ ჰადისებში. აკრძალვა ცოცხალი არსებების გამოსახვაზე უფრო აქტუალური იყო ადრეულ ისლამში, რადგანაც ბრძოლა მიმდინარეობდა კერპთაყვანისმცემლებთან. თანამედროვე ისლამმა მოხსნა ყველა აკრძალვა ამ სფეროში, მაგრამ იკრძალება მოციქულის, მისი ოჯახის და მიმდევრების გამოსახვა.
აზარტული თამაშები- იკრძალება ნებისმიერი თამაში „ინტერესის“ გამო. ისლამური სამართლით მუსლიმმა საარსებო სახსრები უნდა მოიპოვოს ალაჰის მითითების შესაბამისად. ჰადისებით მუჰამადმა მორწმუნეებს სამი სახის გართობის ნება დართო: ცხენზე ჯირითი, ისრების ტყორცნა და ცოლები. საინტერესოა, რომ აზარტულ თამაშებში ტერმინი ჭადრაკი არ გვხვდება. ამდენად, ჭადრაკს ზოგი დასაშვებად თვლის (როგორც გონების ვარჯიშს), ზოგი აკრძალულად (ეს თამაში დიდ დროს მოითხოვს და ის შეიძლება გახდეს ლოცვაზე დაგვიანების მიზეზი).აზარტულ თამაშებში მოხსენიებულია ნარდი, რომელიც იკრძალება იმ შემთხვევაში, თუ ფულზეა თამაში. აზარტული თამაშები, ლატარიის ჩათვლით, ადამიანს დამოკიდებულს ხდის შემთხვევაზე, განუხორციელებელ იმედზე. ეს თამაშები გულისხმობს შურისა და მტრობის დანერგვას. წარუმატებლობა უბიძგებს ადამიანს რევანშისკენ, ხოლო გამარჯვებულს-სურს მოგების გაორმაგება. მუსლიმი ივიწყებს ალაჰის წინაშე ვალდებულებებს.
ნადირობა-ითვლება სპორტის სახედ და არსებობის საშუალებად. ისლამი კრძალავს ნადირობას ორ შემთხვევაში: 1) როდესაც ადამიანი არის იჰრამის მდგომარეობაში ჰაჯის ან უმრას დროს, რადგანაც ამ დროს იკრძალება სისხლის დაღვრა. მეორე, თუ ადამიანი იმყოფება მექის წმინდა საზღვრებში. ეს ტერიტორია გამოცხადებულია „უსაფრთხო ტერიტორიად“ ყველა ცოცხალი არსებისათვის- იქნება ის ფრინველი თუ ცხოველი.
ნარკოტიკები- იკრძალება ჰაშიშის, კოკაინის, ოპიუმის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება. ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და იმყოფება წარმოსახვით სამყაროში. კანონთმცოდნეების აზრით, მას მოაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური, სოციალური და ეკონომიკური ზიანი.
სიმღერა და მუსიკა- ჰადისების დიდი ნაწილი მუსიკას და სიმღერას დაშვებულად მიიჩნევს სადღესასწაულო დღეებში, თუ სიმღერების შინაარსი და შესრულების მანერა ეთანხმება ისლამურ ეთიკას. დასაშვებია აგრეთვე რელიგიური მისამღერები, სადაც არის ალაჰის და მუჰამადის ქება.
ოქრო და ვერცხლი- ქალებისაგან განსხვავებით, მამაკაცებს ეკრძალებათ ოქროს სამკაულების ტარება (ბეჭედი, კალამი, საათი, პორტ-სიგარა და სხვა) და წმინდა აბრეშუმის სამოსი. მოციქულმა ნება დართო მამაკაცებს ეტარებინათ ვერცხლის ბეჭედი. გადმოცემით, ალაჰის მოციქული და მის შემდეგ პირველი ხალიფებიც ატარებდნენ ვერცხლის ბეჭედს. იკრძალება ოქროსა და ვერცხლისაგან საოჯახო ნივთების დამზადება. ამ აკრძალვას აქვს სოციალური, რელიგიური და ეკონომიკური ასპექტი: ისლამური სამართლით არ შეიძლება მიწიერი სიკეთეებითა და სიმდიდრით უზომოდ გატაცება, რადგანაც ეს მისწრაფება ასუსტებს ადამიანის სწრაფვას რელიგიური ვალდებულებების შესრულებისაკენ. ამასთან ფუფუნება არის სოციალური უსამართლობის გამოხატულება. განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ ოქრო არის უნივერსალური საშუალება ფულადი მიმოქცევისათვის და არ შეიძლება მისი გამოყენება საოჯახო ნივთების და მამაკაცების სამკაულების დასამზადებლად.
შვილად აყვანა- ისლამი კრძალავს შვილად აყვანას. ოჯახის წევრის სახით უცხო ადამიანის (არა სისხლით ნათესავის) მიღება ოჯახში ქმნის მიუღებელ პირობებს ამ ოჯახის ქალებისათვის, რომლებიც არ ითვლებიან მისთვის „ აკრძალულად“. ისლამი კრძალავს შვილად აყვანის ყველა ფორმას, რასაც კავშირი აქვს ქონების მემკვიდრეობასთან . ისლამი უშვებს, რომ მუსლიმმა მოიყვანოს სახლში ობოლი ან მიტოვებული ბავშვი და გაზარდოს, მაგრამ არ უნდა ჩათვალოს ის ღვიძლ შვილად.
მევახშეობა- არაბ. რიბა („გადიდება“, „დამატება“, „ზედმეტი“) ნიშნავს უკანონო მოგებას, მევახშეობას. ჯერ კიდევ ისლამამდელ არაბეთში ფართოდ იყო გავრცელებული მევახშეობა. რიბას ადგილი აქვს: 1. ორი ერთნაირი საგნის გაყიდვა-გაცვლის დროს (თუ ეს საგნები იწონება ან იზომება); და 2. სესხის გაცემის დროს პროცენტების მიღების პირობით. „რიბა არის ის, რაც იზრდება, რაც აღემატება კაპიტალს.რიბა არის ის, რაც მიცემულს აღემატება. ეს აკრძალულია.“ მევახშეობა მხოლოდ ფულად ურთიერთობებს არ გულისხმობს. მევახშეობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა პროდუქტების გაცვლა-გამოცვლის, გაყიდვის დროსაც. მევახშეობა შეეხება იმ ნივთებს , რომლებიც იწონება და ჭურჭლით იზომება. არ შეიძლება საგანი გადაიცვალოს სხვა ისეთ საგანზე, რომელიც პირველისგანაა დამზადებული. მაგ., ხორბალი ფქვილზე, ცხვრის ხორცი ცხვარზე და ა.შ. რიბა, რომელიც ფულის გარდა სხვადასხვა საგნების გაცვლა-გაყიდვას გულისხმობს, უნდა განვასხვავოთ კანონიერი ვაჭრობისაგან, რასაც ყურანი არათუ უშვებს, არამედ აუცილებლადაც კი თვლის. მოგებას ვაჭრობაში ეწოდება მურაბაჰა, რაც კანონიერად ითვლება. მაგრამ მუსლიმი ვალდებულია მყიდველს უთხრას ნივთის ნამდვილი ფასიც და მოგებაც, რომელსაც ის თხოულობს თავისი შრომისა და საქონლის გაუმჯობესებისათვის. თუ დასახელებული თანხა აღემატება რეალურ ფასს, მაშინ ადგილი აქვს რიბას. ნებისმიერი შუამდგომლობისათვის მიღებული გასამრჯელოც მევახშეობად ითვლება. თვითონ ისლამური სამართალი უშვებს გარკვეულ შეღავათებს, კანონიერ გზებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სამევახშეო ოპერაციები და ასეთი ხრიკებით შეიძლება ცოდვისაგან გათავისუფლება . უნდა აღინიშნოს, რომ ისლამი არ კრძალავს მოგებას, თუ მისი მიღების პროცესში მონაწილეობს ადამიანის შრომა. კლასიკური ისლამური სამართლის მიხედვით, არ იკრძალება ისლამური სავაჭრო და ფინანსური დაწესებულებების (მათ შორის ბანკების) საქმიანობა.
იკრძალება აგრეთვე- სპეკულაცია, ქრთამის აღება, პლასტიკური ოპერაციები, ცრურწმენა, მკითხაობა, ჯადოქრობა, ჭორაობა, საიდუმლო მოსმენა.(ეხება მმართველებსაც და ქვეშევრდომებსაც), ფუფუნების საგნების გადაჭარბებული გამოყენება, თვითმკვლელობა, პროსტიტუცია და სხვა.
ქორწინება ისლამში- ისლამი წარმოიშვა იმ საზოგადოებაში, სადაც გავრცელებული იყო პოლიგამია. მამაკაცს შეეძლო ჰყოლოდა განუსაზღვრელი რაოდენობის ცოლები.
ყურანის თანახმად, ქორწინება არის მუჰამადის სუნას ნაწილი. ქორწინების წესები ისლამში ჩამოყალიბდა წინაისლამური ხანის ოჯახის საფუძველზე და თანმიმდევრულად დამუშავდა ისლამის პირველ საუკუნეებში. ყურანმაც დაუშვა მრავალცოლიანობა, მაგრამ არა შეუზღუდავად. მუსლიმ მამაკაცს ერთდროულად შეიძლება ჰყავდეს ოთხი ცოლი და მონა-მხევალთა განუსაზღვრელი რაოდენობა.
მუსლიმური პოლიგამიის ყველა ასპექტი მკაცრად არის რეგლამენტირებული მუსლიმური სამართლით და მართლმორწმუნე მუსლიმს აქვს კანონიერი უფლება ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 4 ცოლისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია შეასრულოს საამისოდ აუცილებელი ყველა პირობა: ყველა გათხოვილ ქალს უნდა ჰქონდეს ცალკე საცხოვრებელი: სახლი, ბინა ან ცალკე ოთახი და ქმარმა უნდა შეინახოს თითოეული თავისი სოციალური მდგომარეობის შესაბამისად ერთნაირად. ქმარმა ყველას ერთნაირი ყურადღება უნდა მიაქციოს. ასევე უნდა მოექცეს ყველა თავის შვილს კანონიერი ქორწინებიდან.
მუსლიმთა ქორწინება არის სამი სახის: მუდმივი ანუ კანონიერი ქორწინება, დროებითი და მონებთან ქორწინება.
თანამედროვე მუსლიმ იდეოლოგთა განცხადებით, „ისლამის ჰუმანურობის“ ერთ-ერთი გამოვლინება ქალთან მიმართებში არის ის, რომ ყურანმა დააკანონა დაუქორწინებლობა, როგორც მძიმე ცოდვა, რადგან ოჯახურ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის გვარის გაგრძელება. ამით ისინი ხელს უწყობენ მუსლიმური თემის განმტკიცებას. მუსლიმურ სამართალში რელიგიისა და სქესის ერთიერთმიმართების საკითხში, ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ მაგალითად განიხილება ქორწინების აკრძალვა მუსლიმ ქალსა და არამუსლიმ მამაკაცს შორის, მაშინ როცა პირიქით დაშვებულია. მუსლიმ მამაკაცს შეუძლია იქორწინოს ქრისტიან ან იუდეველ ქალზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვილები მუსლიმებად გაიზრდებიან და ცოლს მემკვიდრეობაზე უფლება არ ექნება. მუსლიმი ქალი კი მხოლოდ ერთმორწმუნე მუსლიმზე შეიძლება გათხოვდეს. ეს განპირობებულია იმით, რომ ისლამი უტოვებს ქრისტიან ან იუდეველ ცოლს რელიგიური მრწამსის თავისუფლებას. ამას გარდა, მუსლიმი ქმარი ვალდებულია პატივი სცეს თავისი ცოლის რწმენას. რაც შეეხება იუდაიზმს და ქრისტიანობას, მათი საღვთო წიგნები არ აძლევენ სხვა რელიგიის წარმომადგენელ ქალს ამ თავისუფლებას.
აკრძალულია ქორწინება სისხლით ნათესავებს შორის. ასევე, ყურანმა აკრძალა ქალის მემკვიდრეობით მიღების უფლება. „არ იქორწინოთ იმ ქალებზე, რომლებზედაც დაქორწინებული იყვნენ თქვენი მამები“.
ქორწინების დროს აუცილებელია ქორწინებაში შემავალ პირთა თანხმობა. მოციქულმა აკრძალა ქორწინება, თუ ქალიშვილი, გაყრილი ან ქვრივი თანხმობას არ გამოხატავს. მოციქულის თანახმად, მამამ თავისი ქალიშვილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება დადოს საქორწინო კონტრაქტი და ა.შ. საქორწინო ასაკი განსაზღვრული არ არის. ყურანში ქორწინების ასაკი და სრულწლოვანება გაიგივებულია, თუმცა ყურანში არც სრულწლოვანება არის განსაზღვრული .თანამედროვე მუსლიმური ქვეყნების საოჯახო სამართლით ქორწინებისათვის აუცილებელია განსაზღვრული ასაკის მიღწევა. ქალებისათვის 15-18 წელი, მამაკაცებისათვის 17-18 წელი. არასრულწლოვანის ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ მეურვის თანხმობით და სასამართლოს ნებართვით.
განქორწინება- ყურანში და ისლამურ სამართალში თანმიმდევრულად არის შემუშავებული განქორწინების საკითხები. თუ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებაა შესაძლებელია ქორწინების დარღვევა. ალაჰის მოციქული აფრთხილებდა თავის მიმდევრებს: „ ყველა დასაშვები ქმედებიდან, განქორწინება ყველაზე არასასურველია უზენაესი ალაჰისათვის“. განქორწინების გამოცხადება შეიძლება სიტყვიერად, წერილობით ან პირობითი ნიშნებით.
ტალაკ („გაშვება“,“გაყრა“) არის განქორწინების ყველაზე გავრცელებული ფორმა ისლამში. ქმარი ათავისუფლებს ცოლს ყოველგვარი ცოლქმრული ვალდებულებისაგან გაყრის განსაკუთრებული ფორმულის წარმოთქმით. ისლამურ სამართალში არსებობს 17 ასეთი ფორმულა, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: „ანთი ტალაკ“- „თავისუფალი ხარ“. ქორწინება ანულირდება ერთი მეუღლის სიკვდილის ან სარწმუნოებისაგან განდგომის შემთხვევაში.
მუსლიმი იდეოლოგებისათვის, როგორც ტრადიციონალისტებისათვის, ისე მოდერნისტებისათვის, დამახასიათებელია ქალებთან დამოკიდებულებაში ორი განსხვავებული თვალსაზრისი: ა) ისინი მხარს უჭერენ ქალის ბიოლოგიური და გონებრივი ჩამორჩენილობის მოძველებულ კონცეფციას და ხედავენ ქალში მხოლოდ დედას და ცოლს; ბ) ან ისინი ქალის სტატუსის იდეალიზებას ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ ისლამმა მისცა ქალს ისეთი უფლებები, რომლებიც უცნობია ქალებისთვის ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში. იმაზე თუ რა როლი ენიჭება ქალს ოჯახურ ურთიერთობებში და რა უფლებებით სარგებლობს უკვე ვისაუბრე ზემოთ და აღარ განვმეორედები. ვფიქრობ ასევე საინტერესოა, ქალის ჩაცმულობასთან დაკავშირებულ წესებსაც თუ შევეხები.
არაბულად ჰიჯაბ აღნიშნავს ჩადრს ან საგანს, რომელიც იცავს ქალს სხვისი ხედვისაგან, ან განცალკევებას ანდა კარჩაკეტილობას. თუმცა, ყურანში არ არის ნათელი მითითება მუსლიმი ქალებისადმი, რომ იყვნენ კარჩაკეტილნი თავიანთ სახლში ან ატარონ ჩადრი. ჩადრი და კარჩაკეტილობა არ არის წმინდა ისლამური მოვლენა. ყურანში და ჰადისებში განსაზღვრულია მოთხოვნები ქალის სამოსთან დაკავშირებით: ა) აუცილებელია, რომ სხეულის ყველა ნაწილი, აგრეთვე თმა, სახის და ხელის მტევანის გარდა დაფარული იყოს; ბ)ტანსაცმელი უნდა იყოს გაუმჭვირვალე; გ)ტანსაცმელი არ უნდა იყოს მოტმასნილი ტანზე; დ) ჩასაცმელი უნდა იყოს ქალის სამოსის კატეგორიიდან და არა მამაკაცის. მოციქულის გამონათქვამებში ხშირად არის გაკიცხვა იმ ქალების, რომლებიც ცდილობენ მიბაძონ მამაკაცებს. ე) ტანსაცმელს არ უნდა ჰქონდეს სუნამოს ან რაიმე მძაფრი სურნელი.
მუსლიმი მამაკაცი უნდა დადიოდეს თავდახურული. იმამა- ჩალმა, მუსლიმი მამაკაცის თავსაბურავია, რომელიც შედგება ქუდისაგან და მასზე შემოხვეული ქსოვილისაგან. ჩალმის ტარება, რომელიც იყო მუჰამადის თავსაბურავი, რეკომენდებულია ჰადისებით, როგორც რელიგიურობის სიმბოლო. XIX საუკუნეში დაიწყო ჩალმის ტარების ტრადიციის კრიტიკა და დღეს თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში იმამას ატარებენ ძირითადად რელიგიური პირები.
მუსლიმური რიტუალები
მიმოვიხილავ ორ მუსლიმურ რიტუალს.
პირველი მათგანი არის წინადაცვეთა- ტერმინი-ხითან აღნიშნავს ორივეს, ვაჟების და გოგონების წინადაცვეთას. ამ წესის შესრულება რეკომენდებულია ბავშვის დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან 13 წლამდე პერიოდში. ისლამური სამართლის მიხედვით, მშობლებს, ნათესავებს და ახლობლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩაუტარონ ბიჭებს წინადაცვეთა სრულწლოვანებამდე. ამ რიტუალის წარმოშობას ერთნი უკავშირებენ ისლამამდელ ტრადიციას- მსხვერპლად შეეწირათ ღმერთისათვის სხეულის ნაწილი. სხვები მიიჩნევენ მას ვაჟკაცობის გამოცდად. არის ვერსია დაკავშირებული კლიმატურ პირობებთან, დემოგრაფიულ პრობლემებთან და პირად ჰიგიენასთან.
ასევე საინტერესოა, დაკრძალვის წესი ისლამში- მუსლიმურმა სამართალმა შეიმუშავა წესების მთელი სისტემა „ მუსლიმთა გადასახლების შესახებ იმქვეყნიურ ცხოვრებაში“. დაკრძალვის სავალდებულო წესები შემდეგია: მიცვალებულს უხუჭავენ თვალებს, უკრავენ ყბას, მუხლებს და გულზე ხელებს უკრეფენ; თუ ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა, მარცხენა მხარეს უნდა გაჭრან, ბავშვი ამოიყვანონ და შემდეგ გაკერონ; გარდაცვლილი უნდა განიბანოს სამჯერ. განბანვის შემდეგ მუსლიმის გვამს ახვევენ სუდარაში (კაფან). სასურველია სუდარა იყოს თეთრი ფერის. ჩვეულებრივ დაშვებულია ნებისმიერი ფერი, წითელის გარდა. გარდაცვლილზე სრულდება სპეციალური ლოცვა- სალათ ალ-მავთ. აკრძალულია ლოცვა თვითმკვლელის ან ურწმუნოს სახელზე; გარდაცვლილი მუსლიმი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიკრძალოს. აუცილებელია მუსლიმი დაიკრძალოს მუსლიმთა სასაფლაოზე; დაკრძალვის ცერემონიალს ქალები არ ესწრებიან. საფლავში კეთდება ნიში და მიცვალებულს მარჯვენა გვერდზე, სახით მექის მიმართულებით დებენ. ქალის საფლავი უნდა იყოს უფრო ღრმა, ვიდრე მამაკაცის; ისლამური სამართალი არ იწონებს მიცვალებულის დატირებას, მაგრამ არ კრძალავს; საფლავის ქვაზე აღინიშნება მიცვალებულის სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, აიები (მუხლები). გარდაცვლილის ახლობლებმა მისი ქონებიდან უნდა გასცენ მოწყალება ღარიბებზე.
ასევე ძალიან დიდი გავლენას ახდენს ისლამი პოლიტიკის სფეროზეც, უფრო მეტიც ისლამის პოლიტიკური მოძღვრება მთლიანადაა აგებული ამ რელიგიის დოგმატურ მოთხოვნათა შესაბამისად.
ავტორი: ნატო ტივაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
▶გელოვანი, ნანი.2005. ქალი ისლამში (VII-X სს). თბილისი. გამომცემლობა „უნივერსალი“.
▶გელოვანი, ნანი და სანიკიძე, გიორგი.2009. ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
▶უიარაღო, თეიმურაზი. 2007. რელიგიების ისტორია.თბილისი.
▶ჯორდენი გ. ტერი და როუნტრი, ლესტერ. 1986. ადამიანთა მოზაიკა: თემატური შესავალი კულტურის გეოგრაფიაში. თბილისი.
▶Cultural studies, კულტურისა და ცივილიზაციის ცნებათა განსაზღვრებები,. http://kulturiskvlevebi.weebly.com/.
▶ეკალაძე, ზურაბი. 2001. „აპოლოგეტიკური წერილები“. ისლამი. თბილისი. http://www.orthodoxy.ge/apologetika/religiebi/islami.htm.
▶სამოქალაქო განათლების ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=22227.
▶ Cultural studies, ფუნქციონალიზმი. სტრუქტურალიზმი http://kulturiskvlevebi.weebly.com/. |