ფსიქოლოგიის ეს მიმართულება იკვლევს სწავლების მეთოდებს, პედაგოგიური ქმედებების ეფექტურობას, სასწავლო პროცესის ფსიქოლოგიურ ასპექტებს და ფსიქოლოგიის თეორიაში იგი ცნობილია პედაგოგიური ან განათლების ფსიქოლოგიის სახელწოდებით. სპეციალისტების აზრით იგი მოიცავს ორ ქვედანაყოფს: პირველი - საბაზისო, თეორიული, რომელიც იკვლევს სწავლებისა და აზრის ბუნებას და კანონზომიერებებს, ხოლო მეორე - გამოყენებითია და მისი მოწოდებაა პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფა ფსიქოლოგიის ყველა განშტოების გამოყენებით. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიმართულებას სასკოლო ფსიქოლოგიას უწოდებენ. ფსიქოლოგიის საფუძველზე პედაგოგიური პროცესის აგების აუცილებლობაზე არა ერთხელ მიუთითებდნენ ჟ.ჟ.რუსსო, ი.პესტალოცცი, ი.ა. კომენსკი, ი.გოგებაშვილი და სხვა პედაგოგიკისა თუ ფილოსოფიის გამოჩენილი მოღვაწე. პედაგოგიური ფსიქოლოგია - არის ფსიქოლოგიური მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ადამიანის განვითარების კანონზომიერებებს განათლებისა და აღზრდის პროცესში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული პედაგოგიკასთან, ბავშვისა და დიფერენციალურ ფსიქოლოგიასთან, აგრეთვე ფსიქოფიზიოლოგიასთან. სპეციალისტების ნაწილი მას სამ ქვე დანაყოფად განიხილავენ: - სწავლების ფსიქოლოგია; - აღზრდის ფსიქოლოგია; - მასწავლებლის ფსიქოლოგია. სწავლების ფსიქოლოგიის საგანს წარმოადგენს ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის განვითარება სისტემატიური სწავლების პირობებში, ასე შეიძლება განიმარტოს სასწავლო პროცესის ფსიქოლოგიური არსი. ამ ქვედანაყოფის კვლევის დანიშნულებაა: - შიდა და გარე ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც განაპირობებენ შემეცნებითი საქმიანობის განსხვებულობას სხვა და სხვა დიდაქტიკური სისტემებისა თუ ჩამოყალიბებული, არსებული განათლების სისტემის პირობებში; - სწავლების მოტივაციური და ინტელექტუალური გეგმების თანაფარდობის დადგენა; - ბავშვის სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვის შესაძლებლობათა განსაზღვრა; - სწავლების ეფექტურობის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კრიტერიუმების გამოვლენა და ა.შ. უპირველესყოვლისა სწავლების ფსიქოლოგია იკვლევს ცოდნის მიღებისა და ადეკვატური უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესს. მის ამოცანას წარმოადგენს ამ პროცესის ბუნების, მახასიათებლებისა და ხარისხობრივი ეტაპების კრიტერიუმებისა და სწავლების დონისა და ხარისხის დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავება. აღზრდის ფსიქოლოგიის საგანს წარმოადგენს ბავშვის პიროვნების განვითარება მოსწავლეთა კოლექტივში მიზანდასახული საქმიან პირობებში. ის იკვლევს სასკოლო სწავლებისა და აღზრდის პროცესში ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების ათვისების, მსოფმხედველობისა და ღირებულებების ფორმირების პროცესის კანონზომიერებებს. კერძოთ: - მოსწავლის პიროვნული მოტივაციის, ზნეობრივი განწყობის, ღირებულებათა ორიენტაციის შინაარსს; - განსხვავებულ პირობებში აღსაზრდელ მოსწავლეთა თვითშეგნების სხვაობებს; - ბავშვთა და მოზარდთა კოლექტივების სტუქტურებს, მათ როლს პიროვნების ფორმირებაში და ა.შ.. მასწავლებლის ფსიქოლოგიის საგანია - პროფესიული პედაგოგიური საქმიანობის ფორმირების ფსიქოლოგიური ასპექტები და პედაგოგის პიროვნების თავისებურებები, რომლებიც ხელს უწყობენ ან პირიქით უშლიან მისი საქმიანობის წარმატებულობას. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ამ ქვედანაყოფის ამოცანას წარმოადგენს: - პედაგოგის შემოქმედებითი პოტენციალის განსაზღვრა და მის მიერ პედაგოგიური სტერეოტიპების დაძლევის შესაძლებლობების დადგენა; - მასწავლებლის ემოციური მდგრადობის შესწავლა; - მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის ინდივიდუალური სტილის პოზიტიური თავისებურებების გამოვლენა და ა.შ. პედაგოგიური ფსიქოლოგია ემსახურება იმას, რომ განათლება იქცეს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემის, არამედ ბავშვის სწავლებისა და პიროვნებად ფორმირების მოტივაციის ჩამოყალიბების პროცესად.
გაზიარება
|