2008 წლის მაისში კალიფორნიაში შეიკრიბა 35 ცნობილი მენეჯმენტის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, რომლებმაც იმსჯელეს მართვისადმი ახლებური მიდგომის პერსპექტივებზე XXI საუკუნეში. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი მენეჯმენტის სპეციალისტები, როგორებიცაა : პიტერ სენეგე, ჰენრი მიცბურგი, კ.კ. პროხალდი, ტომი სტუარტი, გარი ჰემელი და სხვები. კონფერენციის მასალების ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოქვეყნებული იყო არაერთი მასალა, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს გარი ჰემელის სტატია რომელშიც გადმოცემულია კონფერენციაზე განხილული საკვანძო საკითხები და მოცემულია მენეჯმენტის განვითარების 25 ძირითადი ტრანსფორმაციული ამოცანა, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მენეჯმენტის თანამედროვე განვითარება. როგორც აღინიშნა კონფერენციაზე მენეჯმენტის ადრეულმა მიდგომებმა, ანუ მენეჯმენტი I-მა მიაღწია განვითარების ზღვარს და საჭიროებს ტრანსფორმირებას გამომდინარე ახალი ამოცანებიდან.
XXI საუკუნეში მენეჯმენტის წინაშე დადგა ახალი მნიშვნელოვანი პრობლემები, თუ მანამდე მენეჯმენტის თეორეტიკოსებმა დასაბუთებულად წარმოაჩინეს ბიუროკრატიის, მისი იერარქიული სტრუქტურის, ზედმიწევნით დახვეწილი წესებისა და პროცედურების როლი და მნიშვნელობა, თანამედროვე პირობებში ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ვინაიდან ორგანიზაციებს უწევთ მოღვაწეობა უწყვეტი ცვლილებების პირობებში და ფაქტორთა მზარდი ურთიერთგავლენებისა და კრეატიული ნაკადების გათვალისწინებით, რაც თვით ორგანიზაციის ცვლილებებს მოითხოვს და მისი მუდმივად ცვლადი პირობების მიმართ მაღალი ადაპტირების უნარის გამომუშავებას, არა დოგმებზე დაყრდნობით არამედ ახალი ფორმებისა და მეთოდების ძიებით. გ. ხემელის აზრით “მენეჯმენტი მოითხოვს მის ახლიდან გამოგონებას”! ანუ წინსვლისათვის საჭიროა, რომ თანამედროვე მენეჯერებმა, უპირველეს ყოვლისა, გაითვიცნობიერონ და სრულად აღიქვან ცვლილებათა გარდუვალობა. არ შეიძლება ცვლილებების შიშით უკმაყოფილობათა საკუთარ თავში ჩახშობა, დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ გასცდე ჩვეულ ჩარჩოებს, აღნიშნავს გ. ხემელი.
გ. ხემელი ამბობს, რომ თანამედროვე მენეჯმენტის მოდელი წარმოადგენს ერთიან ინტეგრირებულ მიდგომას მართვისადმი, იგი არ შეიძლება მარტივად, მექანიკურად დავანაწევროთ შემადგენელ ელემენტებად და განვიხილოთ აბსტრაგირებულად. მართვისადმი ახლებური მიდგომები მოითხოვენ ადამიანურ შესაძლებლობათა რადიკალურ მობილიზაციას. ეს საკითხები რელიეფურად არის გამოკვეთილი კალიფორნიის კონფერენციის მსვლელობისას. პრობლემათა განხილვის პროცესში გამოიკვეთა მენეჯმენტის ტრანსფორმაციის 25 ძირითადი ამოცანა, რომელთა შორისაც პირველ 10-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, კერძოდ:
1. მენეჯმენტი უნდა ემსახურებოდე უმაღლეს მიზნებს, იგი უნდა ფოკუსირდებოდეს სოციალურად მნიშვნელოვან, კეთილშობილურ ამოცანების გადაწყვეტაზე, ვინაიდან მხოლოდ მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირება არ იძლევა ადამიანების შემოქმედებითი ენერგიის სრულყოფილ გამოვლინებას. ორგანიზაციის შედეგები უნდა აინტერესებდეს პროცესის მონაწილე ყველა მხარეს და არა მხოლოდ კაპიტალის მეპატრონეს.
2. თანამედროვე მენეჯმენტი უნდა ითვალისწინებდეს და ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა მონაწილეს. მართვა უნდა ხორციელდებოდეს მაღალი საზოგადოებრივი იდეების რეალიზებით, იგი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ე.წ. “მოგება-წაგების” იდეით.
3. მენეჯმენტი უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ეფექტურობას, არამედ სოციალურ პასუხისმგებლობას, შემოქმედებითობას, ინოვაციურ განვითარებას და სწრაფად ცვლადი პირობებისადმი ადაპტირების (შეგუების) უნარს. ანუ აღსადგენია მენეჯმენტის ფილოსოფიური საფუძვლები. ამის საფუძველზე უნდა ვეძიოთ ახალი მიდგომები და ფორმები თანამედროვე განვითარებად მონათესავე და არა მხოლოდ მონათესავე დარგებში ( ანტროპოლოგიის, ბიოლოგიის, კიბერნეტიკის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, დიზაინის, თეოლოგიის და სხვა).
4. უნდა განხორციელდეს მართვაში ფორმალური იერარქიის პათოლოგიის უარყოფა. ამისათვის ტრადიციულ პირამიდალურ იერარქიას უნდა ჩაენაცვლოს ე.წ. “ბუნებრივი” იერარქია, თავისი ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობებით, რომლის პირობებშიც უპირატესობა ენიჭება ცოდნას, გამოცდილებას, ინიციატივას, მიღწეული იქნება ბალანსი გამოცდილებასა და ახალი იდეების განხორციელებისკენ სწრაფვას უკეთესი საბოლოო შედეგების მისაღწევად. იერარქია უნდა თანაარსებობდეს გამოცდილებასა და ავტორიტეტთან. უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა უნდა იყოს შეწონასწორებული. მართვის პროცესის სრულყოფილებისათვის სასურველია ფორმალური და არაფორმალური ლიდერობის თანხვედრა, მათი ჰარმონიული თანაარსებობა.
5. მომავლის მენეჯმენტი უნდა დაეყრდნოს უპირატესად ნდობის პრინციპებს, ვინაიდან მკაცრი ადმინისტრირება ზღუდავს ინიციატივას და აღვივებს უნდობლობას, რაც მართვაში ხელს უშლის შემოქმედებითობის განვითარებას და ხელქვეითთა მიერ დამოუკიდებელი, მართებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ უნდა ამაღლდეს ნდობა, რაც შეამცირებს შიშის გავლენას მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
6. მენეჯმენტის შემდგომი განვითარება მოითხოვს კონტროლის ხერხებისა და მეთოდების გადახედვას. უარი უნდა ითქვას ხისტი კონტროლის განხორციელებაზე. ვინაიდან იგი ახშობს ინიციატივას და აქვეითებს თანამშრომელთა თანამონაწილეობას მართვის პროცესში. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ურთიერთკოლეგიალურ ცონტროლს.
7. ახალი მენეჯმენტი მოითხოვს ლიდერობისადმი დამოკიდებულებათა ცვლილებებს. თუ ადრეულ მენეჯმენტში ლიდერი წარმოადგენდა უმაღლეს ინსტანციას, რომელიც იღებდა შეუდავებელ “ჭეშმარიტ” გადაწყვეტილებებს და ახორციელებდა მკაცრ “შეუალ” ზედამხედველობას, თანამედროვე პირობებში ლიდერს მოეთხოვება ის, რომ იგი წარმოადგენდეს სოციუმის არქიტექტორს, რომელიც თანამშრომლებისათვის ქმნის შემოქმედებითი, ინოვაციური, ინიციატივის გამომჟღავნების პირობებს.
8. მენეჯმენტის საზღვრების გაფართოვება, განსხვავებული ხედვისა და გამოცდილების შესწავლა, განახლებულ ფასეულობათა საფუძველზე სტრატეგიის სრულყოფა არაორდინალური მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავება და განხორციელება. ანალიზის-სინთეზის და პროგნოზირების გამოყენება ახალი (განახლებული) სტრატეგიის შემუშავებაში.
9. სტრატეგიის შემუშავება უნდა გახდეს მუდმივად განვითარებადი პროცესი. სწრაფად ცვლად და რიგ შემთხვევებში არასაკმარისად პროგნოზირებად გარემოში რთულდება გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესი. ამიტომ მხოლოდ ერთ დოგმატურ სტრატეგიაზე დაყრდნობა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. თანამედროვე მენეჯმენტი ვალდებული ხდება იმუშაოს იმაზე, რომ შეანაცვლოს უკვე მიღებულ სტრატეგია ევოლუციური სტრატეგიების ალტერნატივებით. ახლებურ ხედვაში შესაძლებელია ბიოლოგიური პრინციპების მსგავსად სტრატეგიის ევოლუციონირებით, განვითარების ვარიატულობით, სტრატეგიის შეფასების მცირეხარჯიანი, სწრაფი ანალიტიკური მეთოდების დანერგვით ახალი პერსპექტიული და მობილური სტრატეგიების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება.
10. თანამედროვე მენეჯმენტი გულისხმობს დამძიმებულ სტრუქტურათა გადახედვას და დიდ ორგანიზაციათა მარტივ და მოქნილ ბიზნეს ერთეულებად გარდაქმნას. დიდი სისტემები და რთული სტრუქტურები ხასიათდება მეტი სიხისტით და მოუქნელობით, რაც არ შეეთანხმება თანამედროვე სწრაფად ცვლად გარემოში მოღვაწეობას.
11. წარსულის გავლენათა წნეხის მნიშვნელოვანი შემცირება არის მომავლის მენეჯმენტის აუცილებელი პირობა. რაც თავის მხრივ გამორიცხავს ინოვაციის დანერგვის შემაფერხებელ ფაქტორებს და გზას გაუხსნის სიახლეთა ძიებას.
12. მომავალი განვითარების განსაზღვრაში მონაწილეთა წრის გაფართოვება, რათა მოიძებნოს ოპტიმალური, მიმდინარე მომენტისთვის შესატყვისი განვითარების გზის შერჩევა. ამ პროცესებში მონაწილეობა მენეჯერებს უყალიბებს ცვლილებებისა და სიახლეებისადმი მიდრეკილებას.
13. მოღვაწეობის შედეგიანობის ყოვლისმომცველი ინდიკატორთა სისტემის შემუშავება, ვინაიდან მენეჯერთა უმეტესობა ორიენტირებულია მოკლეპერიოდის მოგებაზე და ნაკლებად განიხილავს მდგრადობას და განვითარებას ხანგრძლივი პერიოდისათვის. სრულყოფილი ინდიკატორთა სისტემა კი იძლევა უფრო სრული და მოქნილი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას.
14. ახალი მენეჯმენტი გულისხმობს ხელმძღვანელებისთვის დროითი ჰორიზონტების და მასშტაბების გაფართოებას. სასურველია გადაიხედოს სტიმულირებისა და კომპენსაციების სისტემა, რათა ხელმძღვანელები ორიენტირებულნი იყვნენ გრძელვადიან პერსპექტივაზე, მოკლე პერიოდის სწრაფი შედეგებით კმაყოფილების სანაცვლოდ.
15. ინფორმაციისადმი დემოკრატიული მიდგომის ფორმირება. ვინაიდან ინფორმაციულ ეპოქაში მნიშვნელოვნად იზრდება მოქნილობის როლი, ამავე დროს იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადაწყვეტილებათა მიმღებთათვის. ინფორმაცია უნდა იყოს სრულყოფილი, დროული და ჭეშმარიტი.
16. ახალი მენეჯმენტი მოითხოვს მორიდებულთა, ლიბერალთა მხარდაჭერას და რეაქციონერთა დაშოშმინებას. ხელმძღვანელები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ორგანიზაციაში სტაბილური, შემოქმედებითი სიტუაციის შექმნით, რათა თანამშრომლები დაინტერესებულნი იყვნენ მომავლით.
17. თანამშრომელთა ავტონომიურობის უზრუნველყოფა. ვინაიდან ძველი მიდგომის მენეჯმენტი გულისხმობდა მკაცრ ჩარჩოებს და კომპეტენციათა მყარ ფიქსირებას, საჭიროა ექსპერიმენტების მხარდაჭერა და ქვედა რგოლებისთვის ინიციატივის ხელშეწყობა.
18. დიდ ორგანიზაციებში სასურველია შეიქმნას იდეათა, ტალანტების და რესურსების შიდა ბაზარი, რათა საბაზრო ურთიერთობათა მუდმივად ცვლად ვითარებაში შეირჩეს მათი ოპტიმიზების პირობები, უკეთესი შედეგების მისაღწევად.
19. უნდა მოხერხდეს გადაწყვეტილებათა მიღების დეპოლიტიზება. გადაწყვეტილებათა მიღება უნდა დაეფუძნოს კოლექტიური აზროვნების სიბრძნეს, ითვალისწინებდეს შეხედულებათა ნაირსახეობას, ანუ უნდა ჩამოყალიბდეს აზრთა შეხამების პლურალიზმი.
20. მენეჯმენტმა (მართვამ) უნდა უზრუნველყოს კომპრომისული თანაარსებობა ისეთი იდეებისა, როგორებიცაა; სწრაფი მოგების მიღება და ხანგრძლივი ზრდა, დისციპლინა და თავისუფლება, გადაწყვეტილებათა კოლექტიური შემუშავება და ერთპიროვნული მართვა. კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა და შესაძლო ალტერნატივათა შეფასება და ოპტიმალურის შერჩევა.
21. ახალი მენეჯმენტი გულისხმობს ინოვაციური აზროვნების მხარდაჭერას და კრეატიული მიდგომების იზოლირების მოხსნას. საჭიროა შემოქმედებითობის სტიმულირება, სიახლეთა ძიების და ინოვაციათა ყოველმხრივი ხელშეწყობა.
22. არაფორმალური ჯგუფების ხელშეწყობა, პრობლემათა ნაირსახეობრივი მიმართულებების შესატყვისად, რათა უკეთესად გამოიკვეთოს და წარმოჩინდეს ორგანიზაციის საერთო მიზნებისადმი მიზანსწრაფვა და ერთიანობა.
23. თანამედროვე (უახლესი) მართვა გულისხმობს ახალი ინსტრუმენტების შექმნას გახსნილი, ღია საზოგადოებისათვის. ბიზნესის ახალი ფორმები და მოდელები გულისხმობენ მეტ დემოკრატიულობას, ვინაიდან შიშველი ადმინისტრირების მეთოდების გამკაცრება ნაკლებადეფექტური ხდება. ლიდერებს ესაჭიროებათ სხვა ინსტრუმენტები თანამშრომელთა მობილიზაციისა და კოორდინაციის თვალსაზრისით.
24. ახალი მენეჯმენტი მოითხოვს თანამედროვე ბიზნესის პრაქტიკისა და ტერმინოლოგიის ჰუმანიზაციას. ბიზნესის ტრადიციული ფასეულობანი უნდა შეივსოს ისეთი ადამიანური იდეალებით, როგორებიცაა სიმართლე, სიყვარული, სილამაზე, სამართლიანობა, ღირსება და ა.შ. ვინაიდან ისენი ადამიანებისთვის საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენენ მნიშვნელოვან მოტივატორებს.
25. მართვის ახალ მეთოდებზე გადასვლა მოთხოვს მენეჯერთა მომზადების სრულყოფას, მათი აზროვნებისა და თვალსაწიერის გაფართოვებას. ძველ, ნაცად გამოცდილებასთან ერთად, რაც დაკავშირებული იყო ანალიტიკური და დედუქტიური აზროვნების შესაძლებლობებთან ერთად საჭირო და აუცილებელი ხდება პრობლემათა გადაჭრის შემოქმედებითი მიდგომების ძიება და განვითარება. ახალი მენეჯმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მენეჯერთა (მმართველთა) მომზადების სრულყოფა. ჰემილი აღნიშნავდა, რომ ადამიანებს ახასიათებთ სამი მნიშვნელოვანი თვისება: მათ შეუძლიათ შეგუება და ადაპტირება, შექმნან სიახლენი და იაზროვნონ სოციალურად. მენეჯმენტის პიონერები კი ყოველივეს ქმნიდნენ ადამიანური ნატურის დამორჩილების მექანიზმებს, ისინი ცდილობდნენ თავისუფლად მოაზროვნე, დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი ადამიანებისგან ლოიალური დამჯერი თანამშრომლების ჩამოყალიბებას. დღეს მენეჯმენტის წინაშე დგას საპირისპირო ამოცანა – ორგანიზაციები უნდა გახდნენ უფრო ადამიანურნი, დემოკრატიული და ჰუმანური.
|