თანამედროვე კაცობრიობა იცნობს საკუთრების არაერთ ფორმას. ყოველი ფორმის წარმოშობისა და მისი ტრანსფორმირების პროცესს სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი განსაზღვრავს. საკუთრების ახალი ფორმა ყალიბდება და მკვიდრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ფორმას მოითხოვს წარმოებით ურთიერთობებში მომხდარი ცვლილებები, ანუ ადამიანთა შორის შრომითი საქმიანობის, გაცვლისა და დოვლათის განაწილების შეცვლილი ფორმები.
პირველ რიგში, განვიხილოთ საკუთრების არსი და მნიშვნელობა, ანუ რა არის საკუთრება? საკუთრება არის ისტორიულად განვითარებადი საზოგადოებრივ ურთიერთობათა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, რომელიც ასახავს და ახასიათებს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ახსნას, თუ როგორი წესით ინაწილებენ ფიზიკური პირები, სოციალური ჯგუფები, კლასები და საზოგადოებრივი წარმონაქმნები სახელმწიფო-ეროვნულ, მატერიალურ, კულტურულ და სულიერ დოვლათს, ქვეყნის ეკონომიკურ რესურსებს.
საკუთრების არსი და მისი შინაარსი გარეგნულად, პირველი შეხედვით არ ჩანს. ზედაპირული შეფასებით იგი წარმოგვიდგება, როგორც ადამიანთა უფლება საკუთრების ობიექტზე (საგანზე, ნივთზე, უძრავ და მოძრავ ქონებაზე, წარმოების საშუალებებზე და სხვა).
საკუთრებასთან ურთიერთობას გამოხატავს ცნებები: ფლობა, განკარგვა, სარგებლობა –ეკონომიკური თვალსაზრისით კი უმთავრესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რეალურად ვის ინტერესებს ითვალისწინებს და ემსახურება საზოგადოებრივ ურთიერთობათა ესა თუ ის ობიექტი. ეს აიხსნება იმით, რომ საწარმოო ურთიერთობები ვერ არსებობენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარეშე, ანუ ვერ იარსებებენ საზოგადოებისგან მოწყვეტით.
ისტორიულად ცნობილია, რომ ყოველთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდა საკუთრების ორი ძირითადი ფორმა: კერძო და საზოგადოებრივი. საკუთრების ამ ორი ძირითადი ფორმის განსხვავების დასაბუთების საფუძვლად ვერ მივიჩნევთ მხოლოდ მოხმარების საგნებისადმი დამოკიდებულებას. მაგალითად, მიწის ფართობი შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ პიროვნებას, მაგრამ მას იჯარით იღებდეს სხვა პირი, ამუშავბდეს მას და სარგებლის ნაწილს უხდიდეს მიწის მეპატრონეს. შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც.
კაცობრიობის განვითარების პროცესი საკუთრების მრავალ ფორმას წარმოშობს. უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოთა გვერდით, შენარჩუნებულია მარტივი საქონელწარმოება (წვრილი გლეხური და ხელოსნური მეურნეობა ინდივიდუალური მეწარმული ფორმის სახით). კაპიტალის ზრდას და განვითარებას თან სდევს მიმოქცევის სფეროს განვითარება და სრულყოფა, რომლის პირობებშიც ვრცელდება სავაჭრო და სასესხო კაპიტალი. სოფლის მეურნეობის (აგრარულ) დარგებში და მომპოვებელ მრეწველობაში კაპიტალი უკავშირდება მიწის კერძო საკუთრებას. საბანკო ბიზნესის განვითარების შედეგად გავრცელებას პოულობს სააქციო საზოგადოებები (კორპორაციები), სადაც კაპიტალი ერთ რომელიმე კონკრეტულ მესაკუთრეს კი აღარ ეკუთვნის, არამედ მესაკუთრეთა ასოციაციის საკუთრება ხდება. ეს კი გარკვეულად `მხოლოდ კერძო~ საკუთრების ტრადიციული ფორმის უარყოფაა კერძო საკუთრების ფარგლებშივე, რაც საფუძვლად ედება საკუთრების ახალი ფორმის წარმოქმნას.
კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელია კაპიტალის განცალკევებული, გამოკვეთილი ფორმები: სამრეწველო, სავაჭრო, სასესხო და მათი ურთიერთშერწყმა. ამავე დროს, ვითარდება სახელმწიფო-მონოპოლისტური კაპიტალიზმი, რომლის ერთ-ერთი გამოკვეთილი თვისებათაგანია სახელმწიფო საკუთრების ზრდა წმინდა სახით ან კერძო კაპიტალისტურ საკუთრებასთან ერთად, ,,შერეული საკუთრების“ სახით. აქ სახეზეა სახელმწიფო საკუთრება, რომელიც გვევლინება როგორც უარმყოფელი მხოლოდ წმინდა კერძო საკუთრებისა.
XIX საუკუნის ბურჟუაზიული პოლიტეკონომისტებისათვის დამახასიათებელი იყო კერძო კაპიტალისტური საკუთრების გამოცხადება საკუთრების უმაღლეს ფორმად. ამავე პერიოდში მოგვიანებით ისინი აღიარებდნენ საკუთრების ,,დიფუზიას“ (დიფუზია – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გავრცელებას, გაჟონვას, ურთიერთშეღწევას), ანუ კერძო საკუთრების გადაქცევას კოლექტიურად, საკუთრების სახელმწიფო და კერძო ფორმათა ,,შეხამება – შერევას“ (შერწყმას) წარმოადგენს.
სახელმწიფო საკუთრება, ერთი შეხედვით, არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი კაპიტალისტურ სამყაროში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პ. სამუელსონის აზრს: – ,,სახელმწიფო ფლობს კაპიტალის საკმაო ნაწილს, იგი სახეზეა, ინდივიდების იურიდიული (სამართლებრივი) უფლებები საკუთრებაზე პირობითია და გარკვეულად შეზღუდული, საზოგადოება (სახელმწიფო) განსაზღვრავს კანონებისა და საკანონმდებლო აქტების მეშვეობით, თუ როგორ მოეპყრას ინდივიდი (ცალკეული პიროვნება) თავის საკუთრებას“.
საკუთრების საკითხის დახვეწისათვის აუცილებელია სახელმწიფომ (ხელისუფლებამ) დააკანონოს საკუთრების ყველა მოქმედი ფორმა (მოსწონს მას იგი თუ არა) და ჩამოაყალიბოს საკანონმდებლო დონეზე ,,საკუთრების ტიტული“, ანუ ყველა საწარმოო საშუალებას, ქონებას (უძრავ თუ მოძრავს), მიწის ნაკვეთს განსაზღვრული და დაკანონებული უნდა ჰყავდეს კონკრეტული მეპატრონე, რომელიც ფლობს, განკარგავს და სარგებლობს, იღებს კუთვნილ პროცენტს, დივიდენდებს, მოგების წილს, მიწის რენტას. საზოგადოება (სახელმწიფო) კი მიიღებს თავის წილს მათ შემოსავალზე, ნასყიდობაზე, გასხვისებაზე, იჯარით გაცემაზე და, რაც მთავარია, სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს შევსებას ქონების გადასახადის სახით.
თუ ჩვენი ქვეყანა დაადგა დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში იგი ვალდებულია დაეყრდნოს ობიექტურად ჩამოყალიბებულ და რეალურად მოქმედ ეკონომიკურ კანონებსა და კანონზომიერებებს, მათ შორის, მსოფლიოში უკვე მოქმედ საკუთრების ფორმებს. საზოგადოებაში მოქმედ საკუთრების ფორმათა საკანონმდებლო (სამართლებრივი) დაფიქსირება და მათი პლურალიზმის (თანაბარ უფლებათა) აღიარება ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, მატერიალური დოვლათის შექმნას, მის ოპტიმალურ, სამართლიან განაწილებას და მოხმარების არადისკრიმინაციული მექანიზმის ჩამოყალიბებას, სახელმწიფოსადმი კერძო მესაკუთრეთა და უცხოელ ინვესტორთა ნდობის განმტკიცებას. ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საბჭოური სისტემა აგებული იყო ადამიანისადმი უნდობლობის პრინციპზე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა კი მოითხოვს საკუთრებისა და მესაკუთრისადმი მიდგომის კარდინალურ შეცვლას. ეროვნული მეურნეობის სისტემისა და სტრუქტურის აგებას თანასწორუფლებიანობის, სუვერენიტეტისა და ნდობის საფუძველზე.
ცნობილია, რომ საზოგადოების ისტორიული განვითარება ემყარება საკუთრების ორ ძირითად ფორმას: – კერძო საკუთრებას და საზოგადო, ანუ სახელმწიფო საკუთრებას. ამავე დროს, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იქმნებოდა პირობები და აუცილებლობა საკუთრების ახალი ფორმების ჩამოყალიბებისათვის, სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების შესაბამისად. თანამედროვე პირობებში, როდესაც კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილი დემოკრატიული საზოგადოების შექმნას შეუდგა, საჭირო გახდა ყველა ეკონომიკური კატეგორიისა თუ ტენდენციისადმი მიუკერძოებელი მიდგომა. დღეისათვის მსოფლიოს ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში გამოიკვეთა საკუთრების შემდეგი ფორმები:
1. სახელმწიფო საკუთრება;
2. კერძო საკუთრება;
3. ჯგუფური საკუთრება;
4. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრება;
5. შერეული, ანუ კომპოზიციური საკუთრება.
რაც შეეხება საკუთრების ფორმათა ტიპებს, სახეზეა საკუთრების შემდეგი ტიპები: კერძო, საზოგადო და შერეული ანუ კომპოზიციური.
განვიხილოთ და დავასაბუთოთ საკუთრების ცალკეული ფორმის დამოუკიდებელი, კანონიერი არსებობის აუცილებლობა.
1. სახელმწიფო საკუთრება, რომელიც შედის საზოგადო საკუთრების ჯგუფში ფედერალური (ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული) და მუნიციპალური (ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის) ფორმების სახით. ძნელია წარმოვიდგინოთ რომელიმე სახელმწიფოს ეფექტური მართვა სახელმწიფო საკუთრების გარეშე. ასეთ სახელმწიფოს არც ძალა და არც ავტორიტეტი არ ექნება, ვინაიდან ძნელია წარმოვიდგინოთ სახელმწიფო ხელისუფლება ძალაუფლების გარეშე, მას უბრალოდ არ დაემორჩილებიან და ძალაუფლება მხოლოდ სიმდიდრეს (მდიდრებს) დარჩება.
სხვა ფორმის საკუთრებაში ვერ იქნება სამართალდამცავი, თავდაცვის, უშიშროების და არა მარტო ამ უწყებათა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (საბრძოლო იარაღები, ბრონირებული მანქანები, ქვემეხები, ტანკები, სამხედრო გემები და თვითმფრინავები და სხვა) კომუნიკაციები (კავშირგაბმულობის საშუალებები და ცენტრალური მაგისტრალები). მხოლოდ სახელმწიფოს და მისი ადგილობრივი მართვის ორგანოებს უნდა ეკუთვნოდეს ადამიანთა (მოქალაქეთა) სასიცოცხლო, სტრატეგიული პოზიციები, განსაკუთრებით, გარდამავალი პერიოდის სამეურნეო მექანიზმის ფორმირების პირობებში. სახელმწიფო მართვის ორგანოები უნდა ფლობდნენ, პატრონობდნენ და პასუხსაც აგებდნენ მათ შეწონასწორებულ მდგომარეობაზე, ადამიანთა სოციალური და ფიზიკური გარანტიების საკითხებზე.
2. კერძო საკუთრება. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა საკუთრებისა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას უკეთ წარმოაჩინოს თავისი ინდივიდუალობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები. საკუთრების ეს ფორმა შეიძლება დაედოს საფუძვლად მაღალნაყოფიერი, ლაღი შრომის მოტივაციას.
ცივილიზებულ სამყაროში კერძო საკუთრების სტატუსი დაცულია კანონით და იგი ხელშეუხებელია. საერთაშორისო სამართლის ნორმათა მიხედვით კერძო საკუთრების მეპატრონე სრული უფლებამოსილებით ფლობს, განკარგავს და სარგებლობს მის ხელთ არსებულ კერძო საკუთრებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ქვეყანაშიც დიდი დასაბუთება არ დასჭირდება კერძო საკუთრების კანონიერ არსებობას, ვინაიდან ყველა პიროვნებას, ყველა ოჯახს, რომელსაც უძრავი ან მოძრავი ქონება გააჩნია კერძო საკუთრებაში და სურს, რომ იგი ხელშეუხებელი და კანონით დაცული იყოს ხელყოფისაგან და სხვის მიერ მითვისებისაგან.
კერძო საკუთრების სასარგებლოდ ბევრი რამ შეიძლება აღინიშნოს, თუნდაც ის, რომ საწყისი კაპიტალის დაგროვება და სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, როგორც წესი, კერძო საკუთრების საფუძველზე ხორციელდება, ანუ მცირე ბიზნესის საფუძველს უმეტეს შემთხვევაში კერძო საკუთრება წარმოადგენს. ცალკეული ადამიანების კეთილდღეობაც ხომ ბევრად არის დამოკიდებული კერძო საკუთრების სიკეთეზე.
3. ჯგუფური საკუთრება. შეიძლება აღინიშნოს ის, რომ საკუთრების ეს ფორმა წარმოადგენს ცალკეულ კერძო საკუთრებათა ნაკრებს და იგი კაცობრიობას თან სდევს თემური წყობილების ფორმაციიდან. საკუთრების ამ ფორმამ განვლო კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპი (პერიოდი), სოციალიზმის პირობებში უფრო დაფასებული იყო, ვიდრე საკუთრების სხვა ფორმები. საბჭოების პერიოდში მას კოლექტიურ საკუთრებას უწოდებდნენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ჯგუფური საკუთრების ფორმისა, მისი კანონიერი აუცილებლობის დასაბუთების თვალსაზრისით: ნებისმიერი კოოპერატივი, თუ ამხანაგობა (უცხოურად კომპანია) ეფუძნება ჯგუფური საკუთრების ფორმას. მეწარმეობის საწყისი, მარტივი სახეები, მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესი სახეობები, დიდი კორპორაციებიც (სააქციო საზოგადოებები), ჯგუფურ საკუთრებაში გაერთიანებით იწყებენ საწყისი და საწესდებო კაპიტალის ჩამოყალიბებას. ჩვენ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ეროვნული მეურნეობის ფორმირების (ჩამოყალიბების) გარდამავალი ეტაპის პირობებში, ჯგუფური საკუთრების ფორმებს დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ჯგუფური საკუთრება გამოკვეთილ ადგილს იკავებს მეწარმეობის განვითარების პროცესში, ეროვნული მეურნეობის მატერიალური წარმოების დარგებში, ფასიან მომსახურებაში და განსაკუთრებით, აგრარული ქვედარგების აღორძინებასა და განვითარებაში (მევენახეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა და სხვ.).
საკუთრების ჯგუფური ფორმა კანონმდებლისაგან (ხელისუფლებისაგან) განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მისი დამცავი მექანიზმებისა და უფლებათა ჩაღრმავებული დახვეწის თვალსაზრისით, ვინაიდან მას განსაკუთრებული მისია აკისრია საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტაში. საკუთრების ამ ფორმას უფრო მოფრთხილებული და ფაქიზი მოპყრობა ესაჭიროება, ვიდრე კერძო ან სახელმწიფო საკუთრებას.
მეცნიერები ასაბუთებენ, რომ ცალკეულ ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ბიზნესის გაძღოლა, მისი დაწყება და მისი წარმართვა. ცალკეული ადამიანები, მიუხედავად მათი განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისა, ვერ ასრულებენ პირველი (წამყვანი) პირის როლს ბიზნესში და წარმოადგენენ კარგ შემსრულებებლებს, მათ შეუძლიათ თანამონაწილეობა და საერთო საქმის მხოლოდ გარკვეული ნაწილის უკეთ შესრულება. მათ ესაჭიროებათ ლიდერი, რომელიც თავის თავზე აიღებს პირველი პირის ფუნქციებს.
4. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრება. საკუთრების ეს ფორმა არ შეიძლება გავაიგივოთ რომელიმე უკვე განხილულ საკუთრების ფორმასთან, ვინაიდან მას განმასხვავებელი, განსაკუთრებული ნიშნები (მახასიათებლები) და თვისებები გააჩნია. საკუთრების ამ ფორმას არ შეიძლება ეწოდოს არც კერძო, არც სახელმწიფო და არც ჯგუფური, რადგანაც იგი მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საკუთრების ამ ფორმის თავისებურებათა მკაფიო წარმოდგენისათვის შეიძლება განვიხილოთ საეკლესიო საკუთრება, რომელიც ჭეშმარიტად ეკუთვნის მორწმუნეთა საზოგადოებრივ ორგანიზაციას. იგი თავისი ბუნებით არის საერო, მაგრამ ამავე დროს, არ არის რომელიმე კონკრეტულად გამოკვეთილი ადამიანთა ჯგუფის საკუთრება და იგი გამოყოფილია სახელმწიფო საკუთრებისაგან. საკუთრების ამ ფორმას გააჩნია თავისი სტრუქტურა, განსხვავებული მართვის სისტემა და ურთიერთობათა სპეციფიკური მექანიზმები. სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, იგი არ შეიძლება გახდეს ყიდვა-გაყიდვის საგანი (ობიექტი), იგი ეკუთვნის კონკრეტული რელიგიის ყველა მორწმუნეს და არ არის კონკრეტულ სუბიექტზე (ადამიანზე) გაპიროვნებული ფლობისა და მესაკუთრის სხვა უფლებების გადაცემით. გამომდინარე აღნიშნულიდან, საკუთრების ამ ფორმას გამოკვეთილი საკუთარი ადგილი უნდა ეკავოს საკანონმდებლო აქტებში, მას უნდა იცავდეს სახელმწიფო კანონები. ანალოგიურ მიდგომას მოითხოვს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრებაც, იქნება ის პროფკავშირული, პოლიტიკურ პარტიათა, თუ საზოგადოების სხვა გარკვეული საქმიანობის ხელშემწყობი ფონდებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების სახით, გარდა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ორგანიზაციებისა, რომელთაც არ ითვალისწინებენ საერთაშორისო სამართლის ნორმები.
5. კომპოზიციური (შერეული) საკუთრება. საკუთრების ეს ფორმა შეიძლება ჩაითვალოს შერწყმულ ფორმად, იგი თავისი ნიშნებით განსხვავებულია სხვა ფორმებისაგან. საკუთრების ეს ფორმა პირობითად შეიძლება გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა ჯგუფურ საკუთრებას მიუსადაგოს, რაც არაკორექტული იქნება. შეიძლება იმის მტკიცება, რომ საკუთრების ამ ფორმას გამოკვეთილად დამოუკიდებელი კანონიერი ადგილი უნდა მიეჩინოს. მაგალითისათვის შეიძლება განვიხილოთ ერთობლივ საწარმოთა საკუთრება. ცნობილია, რომ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება და ჩამოყალიბება ხორციელდება საკუთრების სხვადასხვა ფორმათა საფუძველზე, ანუ: სახელმწიფო, კერძო ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებათა ბაზაზე. რიგ შემთხვევაში, ერთობლივ საწარმოთა დაფუძნებისათვის ხორციელდება საკუთრებათა შერწყმა, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ან მუნიციპალურ საკუთრების ან ამ ქვეყნის ფიზიკური, ან იურიდიული პირის საკუთრების წილისა, მეორე მხრივ, სხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო ან ჯგუფური საკუთრება. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზეა შერეული, ანუ კომპოზიციური საკუთრების ფორმა. ამ საკუთრების მართვა ემყარება ერთობლივი საწარმოს წესდებაში ჩამოყალიბებულ ნორმებსა და მოთხოვნებს, რომლებიც უნდა ითვალისწინებდნენ, აგრეთვე, ორივე ქვეყნის კანონებსა და საკანონმდებლო აქტებს, არ ეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. |