ძირითადი კატეგორიები: „სახელმწიფო ადმინისტრირება“, „სახელმწიფო ადმინისტრაციული მართვა“, „ბიუროკრატია“. სოციალურ მეცნიერებაში ადმინისტრაციად და ბიუროკრატიად იწოდება პროფესიულ მუშაკთა ერთობლიობა დიდმასშტაბიან ორგანიზაციაში, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მმართველობითი ფუნქციების განხორციელება.
სახელმწიფო ადმინისტრაციად იწოდება ის მმართველობითი აპარატი ანუ ის რაციონალურად აგებული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საზოგადოებრივი პოლიტიკის ეფექტური განხორციელება. მას გააჩნია საკმაოდ მკაცრი სახელისუფლებო იერარქია მართვის დონეების შესატყვისად ანუ ფედერალური რეგიონული და ადგილობრივი დონე. იერარქია მოქმედებს აგრეთვე მართვის დონის შიგნით, რომელიც სუბორდინაციით ანუ ურთიერთდაქვემდებარებით განისაზღვრება (მაგ. უფროსი და ხელქვეითი).
დასავლეთის ქვეყნების პოლიტოლოგიაში სახელნწიფო–ადმინისტრაციული მართვა და სახელმწიფო ადმინისტრირება ერთი მნიშვნელობით მოიხსენიება – “Public administration”, რაც პირდაპირი მნიშვნელობით სახელმწიფო მოხელეთა (ჩინოვნიკების) პროფესიული საქმიანობას (მოღვაწეობას) საჯარო ხელისუფლებას აღნიშნავს.
ამერიკული ენციკლოპედიით სახელმწიფო ადმინისტრირება განმარტებულია როგორც– „სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებათა განხორციელებაზე მიმართული ყველა სახის მოღვაწეობა“. უფრო ფართო გაგებით “Public administration” ნიშნავს არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა (ჩინოვნიკების) პროფესიულ საქმიანობას, არამედ მთელი სახელმწიფო–ინსტიტუციურ სისტემას, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მართვის ფუნქციებს.
ფრანგი პოლიტოლოგი რ. გრეგორი თავის მონოგრაფიულ ნაშრომში „ფრანგული სახელმწიფო სამსახური“ სახელმწიფო–ადმინისტრაციულ მართვას განიხილავს, როგორც განსაკუთრებულ სოციალურ ფუნქციას, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების ინტერესების უზრუნველყოფაზე, ჩინოვნიკი კი ამ პროცესში გვევლინება ხელისუფლების სპეცალურ აგენტად.
თანამედროვე პოლიტოლოგები თვლიან, რომ სახელმწიფო– ადმინისტრაციული მართვა და სახეკმწიფო ადმინისტრირება უკავშირდება ხელისუფლების სამ ძირითად სფეროს ანუ სამ შტოს, კერძოდ: საკონონმდებლოს, აღმასრულებელს და სასამართლოს. ამ შეხედულებას იზიარებენ: დ. ვილსონი, დ. გრინვუდი, უ. ჯონი, რ. ვორდი და სხვები. აღსანიშნავია ამერიკელი პოლიტოლოგების ფ. ნიგროსა და ლ. ნიგროს შეხედულებანი მათ ნაშრომებში „თანამედროვე სახელმწიფო ადმინისტრირება“, ისინი ფართოდ აღწერენ სახელმწიფო ადმინისტრირება“, ისინი ფართოდ აღწერენ სახელმწიფო ადმინისტრაციულ მოღვაწეობას. ავტორთა აზრით სახელმიფო ადმინისტრირება წარმოადგენს კოორდინერებულ საქმიანობას სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემათა გადაწყვეტაში: 1. ეს საქმიანობა უკავშირდება ხელისუფლების სამივე სფეროს–საკანონმდებლოს, აღმასრულებელს, სასამართლოსა და მათ ურთიერთქმედებებს; 2. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში, ამავე დროს იგი წარმოადგენს პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილს; 3. სახელმწიფო ადმინისტრირება ძირეულად განსხვავდება კერძო სექტორის ადმინისტრირებისაგან; 4. იგი იკავშირდება მრავალ კერძო ჯგუფებსა და ინდივიდებს, რომლებიც მუშაობს სხვადასხვა კომპანიებში და პირველად სათემო ორგანიზაციებში.
შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო–ადმინისტრაციული მართვა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესს, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს ადმინისტრაციული დაწესებულებების ან სახელმწიფო ინსტიტუციონალური სისტემის მეშვეობით. ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებათა რეალიზაცია ხორციელდება მართვის ზედა ეშელონებიდან ქვემოთ ადგილობრივი მართვის დონემდე.
სახელმწიფო ადმინისტრირება წარმოადგენს პროფესიონალ სახელმწიფო მოხელეთა მოღვაწეობას საზოგადოებრივი პოლიტიკის განსახორციელებლად.
სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოები უნდა ემორჩილებოდნენ სახელმწიფოში მოქმედ კანონებს, კანონქვემდებარე აქტებს და ანგარიშკალდებულნი უნდა იყვნენ წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე. ადმინისტრირების ორგანოთა მიერ მიღებული აქტები (განკარგულებები, გადაწყვეტილებები და სხვა მმართველობითი ქმედებები) უნდა შეეთანხმებოდნენ სახელმწიფოში მოქმედ კანონებს და უნდა ემსახურებოდნენ მათ აღსრულებას.
ყველა ჩამოთვლილ კატეგორიას და განმარტებას ობიექტური ბუნება ახასიათებთ და ისინი დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო–ადმინისტრაციულ მართვასთან და სახელმწიფო ადმინისტრირებასთან, უფრო მეტიც, მათ შორის არსებობს ლოგიკური კავშირი ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლება უნდა ემორჩილებოდეს საზოგადოების მიერ აღიარებულ კნონებს და უნდა იყოს ანგარიშვალდებული წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე. ამავე დროს ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ ყველა სახელისუფლებო გადაწყვეტილებათა მიღებას ახორციელებენ ადამიანები. გადაწყვეტილებათა განხორციელება კი დაკავშირებულია სათანადო ნებასთან, გონებრივ, ემოციურ მომენტებთან, რაც განაპირობებს კანონზომიერ, რაციონალურ, რიგ შემთხვევაში კი ვოლუნტარისტულ და ირაციონალურ ქმედებებს. გამომდინარე აღნიშნულიდან სახელმწიფო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები ატარებენ სუბიექტურ ნიშნებს რის გამოც რაციონალური სინამდვილე შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც დადებითი მახასიათებლების უპირატესი წარმოჩენით, აქვე შესაძლოა აისახოს უარყოფითი მხარეებით. რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს მმართველობითი გადაწყვეტილებებით მიღებულ შედეგებზე. სახელმწიფო-ადმინისტრაციული მართვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინაიდან იგი შეიძლება მოგვევლინოს როგორც გამაერთიანებულ და მაკონსოლიდირებელ ძალად, ასევე დამანგრეველ ფაქტორად.
თუ პიროვნება ადმინისტრირების სისტემაში არ გაითავისებს საზოგადოების ინტერესებს და იმოქმედებს მხოლოდ პირადული პოზიციების დამკვიდრების პრინციპებით მაშინ მთლიანი ორგანიზაციის საქმიანობა ვერ შეფასდება პოზიტიურად, ვინაიდან შედეგები სავალალო და უარყოფითი იქნება. პირადულ და პიროვნულ ინტერესებზე აგებული სახელმწიფო-ადმინისტრაციული საქმიანობა, როგორც წესი, დასრულდება კრახით, ვინაიდან იგი მოწყდება რეალურ საზოგადოებრივ ინტერესებს, რაც მთელი საზოგადოებისათვის საზიანოა.
რიგ ექსპერტთა აზრით სახელმწიფო მოხელის თანამდებობა შეიძლება შევადაროთ მსახიობის როლს, თვით სახელმწიფო მოხელე კი მსახიობს, რომელიც ავტორის ჩანაფიქრს გადმოსცემს მთელი სისრულით ან არასრულყოფილად.
სახელმწიფო მოხელის თანამდებობრივი მდგომარეობა პიროვნებას უქმნის განსაკუთრებულ პრივილეგიებს, რაც რიგ შემთხვევებში მოუმზადებელი მოხელისათვის შეიძლება საბედისწერო გახდეს, ვინაიდან შეუფერებელი პიროვნება სახელმწიფო სამსახურში სრულად ვერ აღიქვამს იმ პასუხისმგებლობას რაც ერწყმის თანამდებობით მინიჭებულ პრივილეგიებს (უპირატესობებს). ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის აუცილებელი პირობა, რომ უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა ურთიერთდაბალანსებას მოითხოვს. უფლება არ არსებობს პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გარეშე, ისევე როგორც მოვალეობა და პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება პიროვნებას უფლებათა მინიჭების გარეშე. აღნიშნული სამი პირობა, ანუ რაციონალურად შერწყმული უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა განაპირობებენ სახელმწიფო მოხელეთა ობიექტირ და მართებულ ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობის პირის ეგოისტური მისწრაფებები აშორებენ მოსამსახურეს სახელმწიფო ინტერესებისაგან და აყენებენ მას არარაციონალური, არაკანონიერი და რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების გზაზე. აღნიშნული ვითარებაში, როგორც წესი, წარმოჩინდება თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ანუ როდესაც სახელმწიფო მოხელე მიმართავს პროტექციონიზმს, მოჭარბებული სოციალური უპირატესობებისა და ფასეულობათა მითვისებას. ამ თვისებათა უკიდურეს გამოხატულებასა წარმოადგენს ადმინისტრაციული დემონია., რაც იწვევს სახელისუფლებო ძალაუფლების დეფორმირებას, რომლის პირობებში სახელმწიფო მოხელე ისწრაფვის უსაზღვრო უფლებების მოპოვებისაკენ, ყოველმხრივი დაუმსხურებელი წარმოჩენისა და უსაზღვრო პატივმოყვარეობისაკენ.
სახელისუფლებო დემონია უბიძგენს სახელმწიფო მოხელეს გააფართოვოს მოღვაწეობის სფერო და არ დაექვემდებაროს კონტროლს თავის მოქმედებაში. იგი უწყობს ხელს მფლაგველობას რითაც შეიძლება შეილახოს პიროვნებათა და მოქალაქეთა დიდი ჯგუფების სოციალური და მატერიალური ინტერესები.
კაცობრიობის არაერთსაუკუნოვანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თავესი ბუნებით ისწრაფვის დამოუკიდებლობისა და უკონტროლობისაკენ. ამას ხელს უწყობს რიგი ფაქტორები, კერძოდ: დაყრდნობა მის მიერვე შექმნილ „ ერთგულ“ ბიუროკრატიულ აპარატზე, რომელიც მოწოდებულია ძალაუფლების შენარჩუნებისათვის დაუპირისპირდეს წარმომადგენლობით ორგანოებს, გამოიყენოს ძალმომრეობის ხელთარსებული ხერხები და მეთოდები, სასურველო მიზნის მისაღწევად გააყალბოს ინფორმაცია და ბევრი სხვა.
ადმინისტრაციის სწრაფვა ყოვლისშემძლეობის, დაუსჯელობისა და უკონტროლობისაკენ განპირობებულია რიგი ფაქტორებით, კერძოდ:
პირველი და მნიშნელობანი ფაქტორი დევს აღმასრულებელი ხელისუფლების გენეზისში ანუ იგი ცდილობს გაემიჯნოს და განცალკევდეს ორი სახელისუფლებო შტოსაგან ე.ი. საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისაგან რითაც ხელს უწყობს სახელმწიფოებრივი ერთობის რღვევას. იგი არ ერიდება გამოიყენოს მანკიერი ტრადიციები, შეხედულებები, სტრუქტურები რათა შეინარჩუნოს მძლავრი პოზიციები.
მეორე ფაქტორი არანაკლებ მნიშნელოვანია ადმინისტრირების აპარატი თავისი გავლენებისა და პოზიციების გასაძლიერებლად იყენებს საზოგადოებაში შექმნილ ექსტრემალურ სიტუაციებს, განსაკუთრებით როდესაც ქვეყანაში იქმნება საგანგებო ვითარება, კერძოდ: ომი, ეპიდემია, სტიქიური უბედურებები, ტექნიკური, ეკოლოგიური, ეკონომიკური კატასტროფები, რომელთა პირობებშიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამო ექმნება უსაზღვრო და ნაკლებ კონტროლირებადი უფლებები. რიგ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ ქმნიან ექსტრემალური სიტუაციის პროვოცირებას, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და მიაღწიონ საწადელ მიზნებს.
მესამე ფაქტორი წარმოადგენს ხელისუფლების სხვა შტოების (საკანონმდებლო, სასამართლო) დამოკიდებულებას ადმინისტრაციაზე, რომელიც უქმნის მათ შორის საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების კადრებით დაკომპლექტებაში. ახორციელებს მათ გადაბირებას და თავის სამსახურში ჩახენებას სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით. “კარგად” იყენებს მათ ხელთარსებულ მატერიალურ რესურსებს “ერთგულ მსახურთა” პრივილეგიებისათვის (თანამდებობრივ დაწინაურებებს, უცხოეთში მივლინებებს, ბინებით, ავტომანქანებით, აგარაკებით უზრუნველყოფას და სხვა.)
მეოთხე ფაქტორი. ადმინისტრაციის ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების თავისებურებები, კერძოდ: მისი უნივერსალურობა, ანუ საზოგადოების ყველა სფეროსთან მჭიდრო ურთიერთობა; საკმაოდ დიდი და განშტოებული აპარატი (ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების სახით); ეკონომიკური ბერკეტების ფლობა; ინფორმაციით შეუზღუდავი სარგებლობა და იძულების დიდი არსენალის გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნულს შეიძლება დაემატოს ე.წ. თავისუფალი არჩევანისა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უფლება, განსაკუთრებით დაძაბულ და ექსტრემალურ პირობებში.
აღმასრულებელი ხელისუფლების დემონია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტოტალიტარულ საზოგადოებაში, სადაც სახეზეა ადმინისტრაციულ ბრძანებლური სისტემა. ამ პირობებში ადმინისტრაცია შთანთქავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სახელმწიფო მართვის მთელ იერარქიაში (ცენტრიდან პერიფერიამდე) რითაც მნიშვნელოვნად იზღუდება ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარება.
რა ზომები შეიძლება გატარდეს ადმინისტრაციის დემონიის შეზღუდვისათვის? ექსპერტთა აზრით უპირველეს ყოვლისა საჭიროა სახელმწიფო ხელისუფლების შტომა შორის (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) ეფექტური დამაბალანსებელი მექანიზმების შემოღება ანუ მათ უფლებათა, მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა რელიეფერი გამოკვეთა და გამიჯვნა სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე. არანაკლებმნიშვნელოვანია მწყობრი ინსტიტუციონალური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოემსაყურება სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, ანგარიშვალდებული იქნება მოსახლეობის (ხალხის) წინაშე.
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დამოკიდებულია არა მხოლოდ სახელისუფლებო შტოების გამიჯვნასა და მათი ფუნქციების გამოკვეთაზე, არამედ რეალური და სამართლიანი სამართლებრივი ბაზის შექმნაზე, რომელიც საფუძვლად დაედება სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ძლიერი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ფორმირება გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ ადმინისტრაციას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესებს, მათ გეგმაზომიერ განვითარებას, საზოგადოების მხრიდან პროცესების რეგულირებისა და ობიექტური კონტროლის განხორციელებას.
საზოგადოების მართვის დემოკრატიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს ობიექტური საკანონმდებლო ბაზა. სახელმწიფოში მოქმედი კანონი არ უნდა საჭიროებდეს სუბიექტურ ჩარევებს მის ასამოქმედებლად და ცხოვრებაში გასატარებლად. თუ კანონი ითვალისწინებს რეალურ ვითარებას და მისაღებია საზოგადოების წევრთა უმრავლესობისათვის მას არ დასჭირდება ძალოვანი ზემმოქმედა და იგი იქცევა საზოგადოების ცხოვრების წესად. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც რომელიმე კანონი “სინთეზირებულია“ და მორგებულია ადამიანთა ცალკეული ჯგუფის ინტერესებს იგი არ არის მისაღები საზოგადოების უმეტესობისათვის და ხელს უწყობს სხვადასხვა ნეგატიური მოვლენების განვითარებას (კორუფციას, ჩრდილოვან ეკონომიკას, მექრთამეობას, კრიმინალური სიტუაციის გამძაფრებას და კლანების წარმოქმნას).
ადმინისტრაციის დემონიზმის განვითარების საწინააღმდეგო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ექსპერტები მიიჩნევენ სახემწიფო მოხელეთა და მოსამსახურეთა პროფესიონალიზმს და მაღალ პოლიტიკურ კულტურას. საჯარო სამსახურის მუშაკს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების უნარი, საზოგადოების (ხალხის) წარმომადგენელთა მიმართ პატივისცემის, მათ წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა. სახელმწიფო მოხელეს უნდა ახსოვდეს ის, რომ იგი დაქირავებულია საზოგადოების ნების აღსრუსრულებისათვის და არა საკუთარი ოჯახისა და პიროვნული მოთხოვნილებების ეგოისტური დაკმაყოფილებისათვის.
ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო სამსახურის თანამდებობის პირებისათვის ისეთი სამართლებრივი და პოლიტიკური ფასეულობანი, როგორებიცაა: “კანონისადმი მორჩილება“, “წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პასუხისმგებლობა“, მოქალაქეთა უფლებიბისადმი პატივისცემა“ და სხვა უნდა გახდეს სოციალურად გათვიცნობიერებული და ღრმად აღქმული მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნულ პროფესიულ თვისებათა ჩამოყალიბებას ემსახურება ცივილიზებულ სამყაროში შექმნილი სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების სპეციალური ცენტრები. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ აშშ–ს ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აქ შექმნილია ე.წ. სახელმწიფო საქმიანობის სკოლა (The school of Public Affairs). ამ სკოლაში შექმნილია სამი კათედრა: მთავრობის, სამართლისა და საზოგადოების, სახელმწიფო მართვის.
მსმენელები ეცნობიან და შეისწავლიან შემდეგ ძირითად პროგრამებს: სახელმწიფო მართვა, პოლიტიკური მოძღვრებები, სამართალი, სახელმწიფო ფინანსების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა. ძირითადი აქცენტი სწავლის პროცესში გადატანილია პოლიტოლოგიაზე და ეს შემთხვევითობას არ წარმოადგენს. პროფესიული პოლიტიკური მომზადება (განათლება) ხელს უწყობს სახელმწიფო მოხელეებს „სახელმწიფო“ და „პოლიტიკური“ მიზნები და ამოცანები სამოქალაქო საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმებში გამოხატონ, რათა დაჩქარდეს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება თანამედროვე ახალი მოთხოვნების შესატყვისად.
სახელმწიფო–ადმინისტრაციული მოღვაწეობა მნიშვნელოვნად იცვლის სახეს მე–20 საუკუნის 90–იანი წლებიდან. შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მისი ძირითადი ნიშან–თვისებები, კერძოდ:
• თანამედროვე სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას ფართოდ გამოიყენება: სოციალურ–პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური დიაგნოსტიკის, იდენტიფიკაციის, ინფორმაციის აგრეგირებისა და მისი კომპიუტერული დამუშავების მეთოდები (სოციალური პროცესების მათემატიკური მოდელირების მეშვეობით ხორციელდება მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავება ლოკალურ (ადგილობრივ), რეგიონულ და ეროვნულ (ნაციონალურ) დონეებზე);
• პრაქტიკულ საქმიანობაში პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციების პროგნოზირება და გათვალიწინება საზოგადოებრივი პროცესების კოორდინაციაში, რეგულირებასა და მართვაში, რათა დროულად მოხდეს არასასურველო გავლენების ლოკალიზება და ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, განისაზღვროს სიახლეთა დანერგვის აუცილებლობა, მათი განხორციელებისათვის სათანადო ღონისძიებების რეალიზაცია;
• ქვეყნის, რეგიონის და კონკრეტული რაიონის მასშტაბით სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მაჩვენებელთა ანალიზი განზოგადება და ინტერპრეტირება რათა სრულად აისახოს და შეფასდეს შექმნილი ვითარება;
• ემპირიული კვლევების ჩატარება ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად და მისაღებად, რათა შესწავლილ იქნას მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები ქვეყნის, რეგიონის და კონკრეტული სფეროს (დარგის) მიხედვით;
• რაციონალური მეთოდების გამოყენება სამეცნიერო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავების, შენახვისა და გამოყენების თვალსაზრისით.
ავტორი: ო. ეჯიბაძე
თანაავტორი: ვ. აკოპოვა |