რესურსებით მდიდარ და გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს საქართველოში ისტორიულად ხშირი იყო საგარეო ინტერვენციები, რაც ართულებს არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას. საომარი კონფლიქტების შედეგად, სამწუხაროდ, არსებითად ეცემა ცხოვრების დონე, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობა, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა, მასობრივი მცირე ბიზნესის ეფექტიანობა და საერთოდ დასაქმების მაჩვენებლები. თუმცა, ასეთ ექსტრემალურ პირობებშიც უნდა მივეჩვიოთ მართებული გადაწყვეტილებების ოპერატიულად და ნაკლები ხარჯტევადობით მიღებას.
მეცნიერულ–ტექნიკური მუდმივი პროგრესისა და კრიზისით გამოწვეული დროებითი ფაქტორების მოქმედებით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პერიოდული ძვრები ეკონომიკის სტრუქტურაში, რაც ობიექტურად ზრდის უმუშევრობის დონესაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებმა (გამოყენებული წყარო N1), მსოფლიოს ეკოონომიკური წრეების ყურადღება მიიპყრო მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისთ, რაც კრიზისულ სიტუაციებში, მასობრივი დასაქმების საუკეთესო საშუალებაა.
ბევრმა უმუშევარმა შეიძლება არც იცის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მისედვით, ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი, თუ მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30000 ლარს და ამ სტატუსის ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100000 ლარს და ასეთი მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი ცალკეულ შემთხვევებში იბეგრება მხოლოდ 3–5%–ით (დასახელებული წყარო, მუხლები 83, 86, 88, 90).
მცირე ბიზნესი ხელს უწობს როგორც კაპიტალის ეფექტიან დარგთაშორის გადადინებას მოთხოვნილებებზე ოპერატიული რეაგირების წყალობით, ასევე ფინანსური სახსრების განკარგვის საჭირო რენტაბელურ ავტონომიურობას, შესაბამისად, ობიექტურად მცირდება დანაკარგები და სხვადასხვა კორუფციული მითვისებების შემთხვევები (მეწარმე საკუთარ თავს ხომ არ მოპარავს), აგრეთვე, სატრანსპორტო და სხვა მენეჯერული საქმიანობის ხარჯებიც ზედმიწევით გაბერილ აპარატებზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტით საზრდოობენ.
სხვადასხვა შეფასებებით (იხილეთ გამოყენებული წყაროები N2–4), მსოფლიოში ეკონომიკურად უდიდესმა სახელმწიფომ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც აწარმოებს მსოფლიო პროდუქტის 5%–ზე მეტს, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად, ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 50 ათას $–ს გადააჭარბა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი შვეიცარიაში დაახლოებით 41 ათასი $–ის დონეზეა, იაპონიაში – 34 ათასი $, გერმანიაში – 28 თასი $, საქართველოში – 5 ათასი $. თუ აღნიშნულს 1994 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, როცა დასახელებული მაჩვენებლის მიხედვით საქართველო (52$) მსოფლიოში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, პროგრესი არსებითია (გავიზარდეთ 100–ჯერ), მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჩამორჩენა ჯერ–ჯერობით არსებითია. ამასთანავე, შესამჩნევია, რომ საქართველოში მცირერიცხოვანია საშუალო ფენა და, არსებითი სასიკეთო ცვლილების მიუხედავად, დიდია შემოსავლების პოლარიზაცია.
კაპიტალიზმის განვითარების ისტორიიდან მართვის ე. წ. კლასიკური თეორიების (ტეილორი, ფაიოლი, ემერსონი, ვებერი და სხვ) მიხედვით, ცნობილია, რომ კრიზისულ პირობებში, მთავარი მოტივი, რაც აიძულებს ადამიანებს შეასრულონ ესა თუ ის მძიმე სამუშაო, საარსებო საშუალების მიღებაა. მომდევნო ეტაპზე მომუშავეები კმაყოფილებას უნდა იღებდნენ როგორც ხელფასით, ასევე არჩეული პროფესიით (მეიო, ლიკარტი, ბლეიკი და სხვ). შემოსავლების არსებით მატებასთან ერთად კი, როცა ადამიანებს შემოსავლები იმდენი აქვთ, რომ შრომითი შემოსავლები აღარ ესაჭიროებათ, განმსაზღვრელი უნდა იყოს ე. წ. კმაყოფილების მოტივი შრომითი საქმიანობიდან ოჯახურ მეურნეობაში, კორპორატიულ ბიზნესში თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე (ჰერცბერგი, მასლოუ და სხვ.).
ყოფილ კომუნისტურ წარსულშც იყო მცდელობები ეკონომიკის გონივრული გეგმური მართვის ელემენტების დასანერგად (გამოყენებული წყაროები N13, 14), მაგრამ ჭადრაკის დაფაზე განთავსებული მარცვლების მზარდი რაოდენობის შესახებ იგავის მსგავსად, გეომეტრიულად მზარდი სამეწარმეო კონტაქტების გამო, მათ პრაქტიკულად რეალიზებას ახასიათებდა გადაჭარბებული ცენტრალიზაციისაკენ მიდრეკილებადი აშკარა უტოპიური ხასიათი და მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს გარეშეც, მათი შედეგიანობა ძალზე დაბალი იყო, რაც, თავის მხრივ, კორუფციის მატებასა და ძალზე გაჭირვებულთა და მცირეშემოსავლიანთა ფენების ზრდას უწყობდა ხელს.
კორუფციული ელემენტების წინააღმდეგ წარმოებულმა ცნობილმა კომპანიამ საქართველოში, სამწუხაროდ, შეიწირა სოციალური დაზღვევის მთლიანი სისტემაც, რომელშიც განსაკუთრეით მაღალი იყო კორუფციის დონე. თუმცა, აუცილებელია, რომ სიტუაციის დასტაბილებასთან ერთად, ღარიბი, საშუალო ფენის და მნიშვნელოვანწილად მდიდარი მოსახლეობის მხარდასაჭერად, გამოყებებულ იქნას სავალდებულო სოციალური დაზღვევის გამოცდილებები (აშშ–ს პრეზიდენტის ბ. ობამას თანამედროვე ეკონომიკური რეფორმა, ინგლისელი საზოგადო მოღვაწე ლორდ ბევერიჯის მოდელი მე–20 საუკუნეში, გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე ო. ბისმარკის მოდელი მე–19 საუკუნეში და სხვ), რაც, საყოველთაო განხილვების შემდეგ, მხოლოდ ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებითა და განვითარებით უნდა გამოვიყენოთ.
გამოყენებული წყაროები
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი. – http://www.parliament.ge; 2011.
- https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/
- http://www.imf.org/external/index.htm
- http://data.worldbank.org/
- ამყოლაძე გ. სამეწარმეო საქმიანობის ეკონომიკა და მეწარმის უნარ–ჩვევები. თბილისი, 2005.
- ჯაყელი კ. დაზღვევისა და ჯანდაცვის ეკონომიკა. – თბილისი, ნიუ–იორკი, ჰანოვერი, 2009.
- ჩარლზ ნორმანდი, აქსელ ვებერი, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა. – თბილისი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ბიურო.
- ღვედაშვილი ნ. ჯანდაცვის ეკონომიკა და მართვა. – თბილისი, 2005.
- გერზმავა ო. ვასაძე ო. ვესტი დ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. – თბილისი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2003.
- Health Care Management (Stephen M. Shortell, Phd; Arnold D. Kaluzny, Phd). – NY, Fourth Edition.
- ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ავტორთა კოლექტივი). – თბილისი, 2009.
- სამადაშვილი უ. ბიზნესის საფუძვლები. – თბილისი, 2007.
- Kantorovich L. On the Translocation of Masses. – USSR Acad. Scien. Reports, 1942, P. 199-201.
- Leontief, W. Input-Output Economics. – NY, 1986, 2nd ed., Oxford University Press.
- ლორთქიფანიძე რევაზ, ამერიკის შეერთებული შტატების პროგრესული გავლენა მსოფლიო ბაზრისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. – თბილისი, თსუ ამერიკანისტიკის ცენტრის კრებულში (გამოიცა საქართველოში აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით).
- ლორთქიფანიძე რევაზ, ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები). – თბილისი, გეომედი, 2011.
|