მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსუქნე და ჭარბი წონა სიკვდილის გამომწვევ რისკ ფაქტორებს შორის მე-5 ადგილზეა. მსოფლიოში ორჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მსუქანი ადამიანების რიცხვი, 90-იან წლებთან შედარებით. ზოგიერთი ჩვენგანი ჯეროვნად ვერ აფასებს ამ დაავადებით გამოწვეულ საფრთხეს. აღნიშნულ სტატიაში ვისაუბრებთ სიმსუქნის გამომწვევ ფაქტორებზე, რომელთა ცოდნაც პირველი ნაბიჯია დაავადების პრევენციისათვის.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მესამე მცხოვრების წონა მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარს აღემატება. ქართველები, ამ მაჩვენებლით, მოწინავეთ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით. სიმსუქნის ცნება დაკავშირებულია როგორც ინდივიდუალურ აღქმასთან, ასევე კულტურულ ფაქტორთანაც. ობიექტური მეცნიერული თვალსაზრისით, მსუქნად ითვლება ადამიანი, რომელიც იწონის მისთვის იდეალურ წონაზე მინიმუმ 20%-ით მეტს. სიმსუქნე ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაიქმნება ორგანიზმის ის ფუნქციები, რომლებიც მუდმივი წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სიმსუქნის გამომწვევი ყველა მიზეზი ერთ შედეგამდე მიდის - მიღებული ენერგია დახარჯულს აღემატება.
სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები ორ პირობით ჯგუფად იყოფა- არაკორეგირებადი (ფაქტორები, რომლებშიც სამედიცინო ჩარევა შეუძლებელია) და კორეგირებადი (რომელთა მართვაც სპეციალისტს შეუძლია).
არაკორეგირებად ფაქტორებს მიეკუთვნება : გენეტიკა და დემოგრაფია (სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა.)
კორეგირებადი სიმსუქნის გამომწვევი ფაქტორებია: არასწორი კვება, ენდოკრინული ფაქტორები(ჰორმონალური სიმსუქნე) , ნაკლებ მოძრავი ცხოვრების რიტმი, ფსიქოლოგიური ფაქტორები(სტრესი, პიროვნების ტიპი), კოფეინისა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, ამა თუ იმ მედიკამენტით ინტოქსიკაცია.
გენეტიკა და სიმსუქნე
21-ე საუკუნის დაწყებასთან ერთად სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა კვლევები სიმსუქნის გამომწვევი მიზეზების შესახებ. მკვლევრებმა მოგვაწოდეს უამრავი საბუთი იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანები იბადებიან თანდაყოლილი მიდრეკილებით მეტი თუ ნაკლები წონისაკენ. მაგალითად, იდენტური ტყუპების შესწავლამ გამოავლინა დიდი მსგავსება მათ წონებს შორის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს , რომ ინდივიდის სხეულის მიერ კალორიების დაწვის ინტენსივობა , ანუ მეტაბოლური პროცესების ინტენსივობა, მოსვენების მდგომარეობაში , ბევრად არის დამოკიდებული მემკვიდრეობაზე. ამრიგად, ზოგიერთ ადამიანს ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის დროსაც კი დიდი რაოდენობით კალორიების დაწვის პრედისპოზიცია ახასიათებს, ზოგიერთებს კი ხანგრძლივი ვარჯიში სჭირდებათ იგივე შედეგის მისაღწევად.
უკანასკნელ ხანებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს ზოგიერთი რეალური გენეტიკური მექანიზმი, რომლებიც ინდივიდის სიმსუქნისადმი მიდრეკილებას განაპირობებს. მაგალითად, გამოყოფილ იქნა გენი, რომელიც აკონტროლებს თავის ტვინში სიგნალის გადაცემას, რომ კვების პროცესში ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით ცხიმები მიიღო და კვების პროცესი უნდა შეწყდეს. ეს გენი, რომელსაც ლეპტინი უწოდეს, თუ არ გააქტიურდება , ინდივიდი გააგრძელებს ჭამას, რისი პოტენციური შედეგიც სიმსუქნე იქნება. მკვლევრებმა აღმოაჩინეს,
რომ ჭარბ წონიანი ადამიანების მცირე რაოდენობას აღენიშნება ამ გენის მუტაცია, რითაც, როგორც ჩანს, შეიძლება აიხსნას მათი ზედმეტი წონა.
სქესი და სიმსუქნე
დიდი უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ჭარბი წონის მატარებლები არიან ან თვლიან რომ აქვთ ჭარბი წონა, ქალები არიან. რატომ არის მათ შორის ამდენი ქალი? ამას შეიძლება ქონდეს როგორც გენეტიკური ასევე სოციალური ფაქტორები. ფიზიოლოგიურად ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისაკენ, რადგან ქალის სასქესო ჰორმონ ესტროგენს აქვს მთელი რიგი თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ გასუქებას. მათ შორისაა:
1. ესტროგენი ამცირებს კუნთების რაოდენობას
2. ესტროგენი ზრდის ცხომების რაოდენობას
3. ესტროგენი ზრდის ქოლესტერინის სინთეზს ორგანიზმში.
ხოლო მამაკაცების სასქესო ჰორმონს, ტესტოსტერონს, აქვს ამის საწონააღმდეგო ფუნქციები. სასქესო ჰორმონის ასეთი განსხვავებული ფუნქციები განპირობებულია ევოლუციური განვითარებით. ქალის სასქესო ჰორმონები ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას უწყობენ ხელს, რაც ქალს 9 თვის განმავლობაში ნაყოფის მუცლით ტარებისა და შემდეგ მისი ძუძუთი კვების პირობას უქმნის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორები. საზოგადოება და მედია აქტიურად ზემოქმედებს იდეალური წონის შესახებ ქალის წარმოდგენაზე. ასე მაგალითად, ბევრი ჟურნალი, რომელიც სპეცალურად ქალებისთვის გამოდის, უდიდეს მნსვნელობას ანიჭებს წონის ადკლებას, რასაც ვერ ვიტყვით ჟურნალებზე, რომელთაც კაცები კითხულობენ. ამრიგად, ქალების წარმოდგენამ, რომ ისინი ჭარბი წონის მატარებლები არიან, შეიძლება უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს საზოგადოებიდან და კულტურიდან, ვიდრე მამაკაცებმა.
ქალის ცხოვრებაში გამოყოფენ 3 კრიტიკულ პერიოდს, როდესაც იგი განსაკუთრებით მატულობს წონაში. პირველი პერიოდი სქესობრივ მომწიფებას ემთხვევა, როდესაც გოგონას ორგანიზმში ქალური ჰორმონების – ესტროგენების – აქტიური და ინტენსიური გამომუშავება იწყება. მეორე პერიოდი ორსულობაა, როდესაც მთელი რიგი ჰორმონული ძვრები, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, განსაკუთრებით – სხეულის ქვედა ნაწილში, დიდი რაოდენობით სითხისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს. მესამე _ კლიმაქტერიული პერიოდია, როცა სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება, ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელება და მიკროცირკულაციის დარღვევა ჭარბი ცხიმის დაგროვების მიზეზი ხდება.
ასიდან 12 შემთხვევაში ჭარბი წონა პირველად სქესობრივი სიმწიფის ასაკში იჩენს თავს, 20 შემთხვევა – ორსულობისა და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, შემთხვევათა 25 % კი კლიმაქტერიულ პერიოდზე მოდის.
სიმსუქნე და ცხოვრების წესი
რატომ არის რომ სიმსუქნის გამომწვევ მიზეზთა შორის ცხოვრების წესი ლიდერობს? - ამაზე პასუხი არც ისე რთულად მოსაფიქრებელია. თანამედროვე ცხოვრების რიტმი ადამიანს საშუალებას არ აძლევს მუდმივად აკონტროლოს მის მიერ მიღებული საკვების რაოდენობა, ენერგეტიკული ღირებულება, მიღების დრო და ა.შ. ასევე რთულია დროის გამოყოფა ფიზიკური აქტივობისათვის, იქნება ეს ფეხით სიარული თუ სპორტულ დარბაზებში ვარჯიში. ადამიანის სამუშაო სულ უფრო ნაკლებად გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას და სავარძელში ჯდომით შემოიფარგლება. ალბათ ამიტომაც, სიმსუქნე განვითარებული ქვეყნების „დაავადებაა“. განვითარებად ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არის საკვების დეფიციტი, იგი, როგორც წინა ეპოქაში, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მიმანიშნებელია.
ცხოვრების წესი იმ შემთხვევაში იქცევა სიმსუქნის გამომწვევ მიზეზად თუ დარღვეულია მისი ორი ძირითადი ელემენტი, ნორმალური კვება და ფიზიკური აქტივობა.
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვანია სიმსუქნის პრობლემის წარმოქმნისას, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არანაკლებ როლს ასრულებენ ოჯახის კვებითი ჩვევები. ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ სიმსუქნით დაავადებული მშობლების აყვანილი შვილები ისევე სუქდებიან, როგორც მათი ღვიძლი შვილები. მომავალ თაობაში სიმსუქნემ შეიძლება ისეთ ოჯახებში იჩინოს თავი, სადაც სიმსუქნის პრობლემა არ არის; ეს 100-დან 30 შემთხვევაშია შესაძლებელი. იქ,სადაც ერთი მშობელია მსუქანი, ალბათობა 50 %-მდე იზრდება. ორივე მშობლის სიმსუქნის შემთხვევაში კი _ 80 % -ია.
სიმსუქნის პრობლემები ხშირად ბავშვობიდანვე იწყება – მშობლები, ბებია- ბაბუები ბავშვის გაძლიერებული კვებით არიან დაკავებულნი. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება ორსული და მეძუძური ქალების მიმართ. გაითვალისწინეთ! ორსულობის III ტრიმესტრსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმოვანი უჯრედები ინტენსიურად მრავლდება, მომავალში კი მათი სიჭარბე სიმსუქნისადმი მიდრეკილებას განაპირობებს.ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა მუდმივია და აღარ ცვალებადობს. იცვლება მხოლოდ ამ უჯრედებში ცხიმის შემცველობის რაოდენობა.
მიირთმევთ თუ არა მხოლოდ მაშინ, როცა გშიათ? თუ გადახედავთ უკანასკნელ ორ დღეს, შეიძლება გაიხსენოთ მინიმუმ ორი შემთხვევა მაინც, როდესაც თქვენ მიერ საკვების მიღებას ცოტა რამ ქონდა საერთო შიმშილთან. კვებითი ქცევას ორი ფაქტორი განაპირობებს: შიმშილის შეგრძნება, რომელიც ორგანიზმიდან მოდის და საკვების განლევას უკავშირდება, და მადა, რომელიც გარემო ფაქტორების (სუნი, შესახედაობა, გემო) ზემოქმედებით აღიძვრება, იმისგან დამოუკიდებლად, ადამიანს შია თუ არა. ადამიანის კვებითი ქცევა ცხოველებისგან განსხვავებით უფრო მეტად მადაზეა დამოკიდებული, ვიდრე შიმშილის გრძნობაზე, რაც, დღევანდელი საკვების ფონზე, სიმსუქნის განვითარების მიზეზი ხდება.
სიმსუქნის უმთავრესი მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. თუ ადრე ადამიანები საკვების დეფიციტს განიცდიდნენ, ამჟამად კვების სიჭარბეა. ჯანმრთელი ადამიანის ენერგეტიკული საჭიროება 2200-2600 კილოკალორიაა. თუ თქვენ მიიღებთ აღნიშნულზე მეტ კალორიას, მათი დიდი რაოდენობა თავდაპირველად გარდაიქმნება გლუკოზად, და შემდეგ როცა ორგანიზმი ვერ მოიხმარს მას ენერგიის სახით, ჩალაგდება ცხიმოვანი ქსოვილში.
შეცვლილია კვების ხარისხიც. კვების რაციონი გაჯერებულია რაფინირებული პროდუქტებით – შაქრით, ცხიმით. საკვების უმეტესობა მაღალკალორიულია. მაღალკალორიული საკვების სისტემატური მიღება კვებითი ქცევის დარღვევის უმარტივესი მოდელია. ამ დროს გარდაუვალია ორგანიზმში ცხიმის დაგროვება.
იმ შემთხვევაში, თუ საკვებით მიღებული ენერგიის დახარჯვა არ ხდება დაბალი ფიზიკური აქტივობის გამო, ადამიანი იოლად ხდება ჭარბი წონის მატარებელი. ფიზიკური აქტივობა უმჯობესია ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში მოექცეს. მათთვის, ვისთვისაც სპორტდარბაზში სიარული გარკვეული მიზეზების გამო მიუწვდომელია, რეკომენდირებულია ფეხით სიარული. ცნობილია, რომ დღეში 7000 ნაბიჯის გადადგმა იცავს ადამიანს გასუქებისაგან, ხოლო 10 000-წონაში კლებას იწვევს. კვლევებმა ცხადყო, რომ წონის შენარჩუნების თვალსაზრისით, დიეტაზე გაცილებით ეფექტურია ფიზიკური აქტივობის გაზრდა.
ჰორმონალური სიმსუქნე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალური სასქესო ჰორმონი, ესტროგენი, გავლენას ახდენს სხეულის ფორმების ჩამოყალიბებაზე. ჰორმონალური დისბალანსის დროს, როდესაც ჭარბად ხდება ესტროგენების გამოყოფა, შედეგად ვიღებთ სიმსუქნეს. ცხიმი ძირითადად თეძოებისა და მუცლის არეში ლაგდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმში ნორმალურზე ნაკლებია ესტროგენების რაოდენობა, ვითარდება გათმიანება.
ჰორმონული მიზეზებით გამოწვეული სიმსუქნის განვითარებისთვის სასქესო ჰორმონთა გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის განსაზღვრასაც, რადგან ისინი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე, მათ შორის – ცხიმების ცვლაზეც ზემოქმედებენ. ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობისას სუსტდება ნივთიერებათა ცვლა. შედეგად, სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების რაოდენობა მატულობს.
სიმსუქნის ფსიქოლოგიური ფაქტორები - ჭარბი წონის ფსიქოლოგია
ფსიქოლოგთა აზრით, არსებობს პიროვნული თვისებები, რომლებიც ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდიან ჭარრბი წონის განვითარების თვალსაზრისით. ეს თვისებებია დაბალი თვითშეფასება, სუსტი თვითკონტროლი, აკვიატებული ქცევები, ემოციური არამდგრადობა, სასოწარკვეთა და სხვ.
პიროვნული ფსიქოლოგიური ფაქტორების გარდა, აღსანიშნავია, ძლიერი სიტუაციური ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც ადამიანს ჭარბი საკვების მიღებისაკენ უბიძგებს. ამ შემთხვევაში, ძირითადად, საუბარია სტრესულ სიტუაციაზე. ცნობილია რომ ქალების 84% ფსიქოემოციურ დაძაბულობაზე ზედმეტი კვებით რეაგირებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ სტრესის დროს არავინ იღებს დიეტურ საკებს. ამ დროს მაინც და მაინც „აკრძალული ხილი გვიზიდავს“. აკრძალულის ჭამა კი დანაშაულის განცდას ბადებს. საბოლოოდ ერთი დიდი შეკრული წრე გამოგვდის – ვნერვიულობ და ჭამას ვიწყებ, ვჭამ და ისევ ვნერვიულობ, რომ ბევრი მომივიდა და ა.შ.
ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა ჟანეტ პოლივიმ და პიტერ ჰერმანმა ივარაუდეს, რომ გადამწყვეტი განზომილება ჭარბი წონის ფსიქოლოგიაში არის შეზღუდულობა-შეუზღუდაობა. შეზღუდული მჭამელები ყოველთვის საზღვრავენ საკვების რაოდენობას, რომლის მიღების უფლებაც შეიძლება მისცენ თავს:ისინი ქრონიკულ დიეტაზე არიან და გამუდმებით წუხან საკვების გამო. როგორ იმატებენ წონაში, თუ გამუდმებით დიეტაზე არიან? მკვლევრები ვარაუდონებ, რომ როგორც კი შეზღუდულ მჭამელებს არაფერი აკავებთ -როდესაც ცხოვრებისეული პირობები აიძულებენ შეზღუდვების მოხსნას, ისინი თავშეუკავებელნი ხდებიან და უარს არ ამბობენ მაღალკალორიული საკვებით სავსე სუფრაზე. თავშეუკავებლობა ყველაზე ხშირია მაშინ, როდესაც შეზღუდული მჭამელები იმყოფებიან სტრესულ სიტუაციაში, რომელიც მათ თვითშეფასებასა და შესაძლებლობებს უკავშირდება.
შეზღუდული კვების თეორია გვაწვდის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რატომ უძნელდებათ ჭარბწონიან ადამიანებს წონის დაკლება. ბევრი ჭარბი წონის ადამიანი აღნიშნავს, რომ ისინი მუდმივად დიეტაზე იმყოფებიან. თუ მათ ცხოვრებაში სტრესული მოვლენა მოხდება , რაც თავშეუკავებლობის წინაპირობას ქმნის , უზომოდ კვება იოლად იწვევს წონის მატებას. ამრიგად, პარადოქსია, მაგრამ მუდმივად დიეტაზე ყოფნას შეუძლია წონის მომატების გამოწვევა და არა-წონის დაკლება.
|