ვფიქრობთ, რომ უკვე ყველასთვის ცნობილია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ქალბატონი მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მედიის ნაწილმაც ჩვეული წესით უმალვე ატეხა აჟიოტაჟი ამ ფაქტის გარშემო. ქალბატონი მაიას მიმართ პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო არ გაგვაჩნია - არც მომხრე და არც მოწინააღმდეგენი ვართ. მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ მისი გათავისუფლება ან ქალბატონი ხატია დეკანოიძის დანიშვნა წყვეტს საქართველოში განათლების ბედსა და მომავალს?
-
ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ???
-
ალბათ შეამჩნიეთ, რომ საკმაო ხანია საუბარი განათლების რეფორმის წარმატებულობის თაობაზე უმეტეს წილად გამოცდების პროცედურის სრულყოფის ირგვლივ ტრიალებს და რეფორმისტული ძალისხმევის შედეგად დიდად სახარბიელო შედეგებს ვერც მივაღწიეთ, მაგრამ ყველა საფეხურებზე გამოცდებისა და ტესტირების უსასრულო კასკადისა და თითქმის დუბლირებული სასკოლო, საატესტატო - შემდგომ კი ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაშველო მარათონის სახით ბავშვებს კი მოვუწყვეთ „ბედნიერი ცხოვრება“.
-
იმავდროულად სარეფორმო ღონისძიებების კორიანტელში თითქმის დაგვავიწყდა, რომ განათლების ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეს მივცეთ მაღალი ფუნდამენტალური საფუძვლები, გამოყენებითი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა და აღვზარდოთ მოზარდი ღირსეულ, აქტიურ მოქალაქედ? ამის სანაცვლოდ კი, როგორც გვჩვევია, ავყვებით ხოლმე რომელიმე პიროვნების თანამდებობაზე დანიშვნასა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ წუთიერ ემოციებს და ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე, არსებითი საკითხები.
-
უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე: რეალურად რა მიზანსა და ამოცანას ვისახავთ განათლებაში „რეფორმის“ გატარების შედეგად და რას გვსურს მივაღწიოთ საბოლოოდ? კერძოდ, მაგალითად, როგორი გვინდა დავინახოთ სკოლადამთავრებული ახალგაზრდა: მართლაც განსწავლული - თუ ილუზორულად ცოდნის მქონე - სინამდვილეში კი უვიცი? შემოქმედი, თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება, თუ - დათრგუნული, უპირობოდ მორჩილი, ზომბირებული არსება? პირველ რიგში, ალბათ, ეს უნდა განვსაზღვროთ, როდესაც ვსახავთ განათლების რეფორმას ან ვაფასებთ მის მსვლელობასა თუ შედეგს. სამწუხაროდ ამის ნაცვლად ჩვენ გამოვაცხადეთ სასკოლო, საატესტატო, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაუსრულებელი და უსაშველო ნაკადი და ვერ ვფარავთ კმაყოფილებას ამ „რეფორმით“.
-
ვფიქრობ დაგვეთანხმებით, რომ განათლების გაუმჯობესებისთვის ყოვლად მიუღებელია მხოლოდ გამოცდებზე აქცენტის გაკეთება, გარდა ამისა დაუშვებელია მათი ჩატარების სრულყოფა გავხადოთ თვით განათლებისა და მისი რეფორმირების ქვაკუთხედად და, მით უფრო, ვაღიაროთ რეფორმის უდიდეს მიღწევად. გამოცდა ხომ მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის, მისი და მასწავლებლის შრომის შედეგის დასადგენად, ტესტირება კი, რომელიც უკვე ღამის კოშმარად ელანდება მოსწავლესა და მასწავლებელს, შეფასების პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ რეფორმის ძირითად მიზანს არა გამოცდებით ჩასაფრება, არამედ რეალური ცოდნის მიწოდება და მისი მაღალი დონის მიღწევა უნდა წარმოადგენდეს.
-
რა პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ და რომელი ბერკეტები გამოვიყენოთ, რათა მივაღწიოთ სასურველს? გამოცდის შიშით მოსწავლის იძულებას? თუ განათლების პროცესის ჰუმანიზაციას და სწავლისადმი მოსწავლის გათვითცნობიერებული მოტივაციის სტიმულირებას?
-
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწავლების შედეგად მაღალი ცოდნის მისაღწევად საჭიროა: მოწოდებით პედაგოგი - მცოდნე, მაღალკვალიფიცირებული მასწავლებელი, განათლების ამოცანიდან გამომდინარე შინაარსის განმსაზღვრელი სრულყოფილი, გააზრებული პროგრამები და შესატყვისი, დახვეწილი, ქმედითუნარიანი მეთოდიკური აპარატის მქონე სახელმძღვანელოები, შედეგზე ორიენტირებული პროგრესული მეთოდიკა, აგრეთვე უახლესი დამხმარე, ტექნიკური საშუალებები ( არა მხოლოდ კომპიუტერი, არამედ საგნის თემის მიხედვით, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით შემუშავებული, შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამები და სხვ.)
-
რეფორმის შელამაზებული ფასადის, ანუ მისი წარმატებულობის ილუზიის შესაქმნელად კი სავსებით სამყოფია ის, რაც და რა დონეზეც დღევანდელი დღისათვის უკვე გაგვაჩნია, ანუ რაც შეიქმნა მინისტრთა მთელი პლეადის მიერ განხორციელებული „წარმატებული“ რეფორმების პროცესში, ხოლო მოსწავლის დასათრგუნავად და მორჩილების მისაღწევად მანდატურების ინსტიტუტიც, მასზე დაკისრებული ფუნქციებით არის საკმარისი.
-
რა თქმა უნდა, რომ არ ვიყოთ ზედმეტად კატეგორიულები, დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ საერთოთ არ დავინახოთ და არ ვაღიაროთ ის (შესაძლოა არასისტემური, სეგმენტური, მაგრამ დადებითი), რაც მაინც გაკეთდა და მიღწეულია განათლების სფეროში. ოღონდ არც ის უნდა გვავიწყდებოდეს, რომ რეფორმა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მიმდინარე ამოცანებზე. სამწუხაროდ კი უმეტესი, რაც რეფორმის პროცესში დიდ პროგრესად არის მიჩნეული, მხოლოდ დღევანდლობიდან გამომდინარეობს და უკეთეს შემთხვევაში უახლოეს პერსპექტივასაც ვერ გაუძლებს.
-
როგორია დღევანდელი რეალობა?
მოდით ყური დავუგდოთ მშობლებს: მუდმივი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მათ ძირითად ნაწილს იმაში გამოიხატება, თუ რომელ სკოლაში შეიყვანონ ან გადაიყვანონ შვილი, რომელ სკოლაშია სრულფასოვანი სასწავლო პროცესი, სად მოძებნონ პედაგოგი-რეპეტიტორი, რომელიც მართლაც ასწავლის შვილს და ჩააბარებინებს უმაღლესში? სამწუხაროდ ამ მხრივ დღევანდელ რეალობაში სკოლის ნომერს თუ სახელწოდებას არსებითი მნიშვნელობა უკვე არ გააჩნია და მშობელი ვერ პოულობს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც სრულად უპასუხებს მის მოთხოვნებს. შესაძლებლობების შესატყვისად მშობელს რეალურად მხოლოდ ერთი რამ აწუხებს: შვილმა მალე დაამთავროს სკოლა და ჩააბაროს სასკოლო და ეროვნული გამოცდები. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის მშობელთა ისეთი ხასიათის მოსაზრებაც, რომ სკოლის საქმე გაფუჭდა მაშინ, როდესაც სასკოლო განათლება ველური ბიზნესის საგნად იქცა...
-
როგორი იქნება განათლება მომავალში?
დიდი წინასწარმეტყველება არ არის საჭირო /ანუ არ დაგვჭირდება ნოსტრადამუსი/, რათა წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნება განათლება ახლო მომავალში. ცხადია, რომ ამ მომავლის განჭვრეტისთვის აუცილებლად უნდა გაუსწოროთ თვალი კაცობრიობის ევოლუციას და ვეცადოთ ბავშვებს შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც მოზარდი თაობა ფეხდაფეხ მიჰყვება ამ პროცესს. კაცობრიობა შედის ახალ ეპოქაში, რომელშიც ადამიანი უფრო აქტიურად გამოიყენებს აქამდე აუმოქმედებელ გონივრულ პოტენციალს. ადამიანთა მოდგმის პროგრესული ნაწილი უკვე საკმაო ხანია ფიქრობს და მუშაობს ამ შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით. მრავალი "კეთილმოსურნე" მრჩევლის მითითებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად ჩვენც უნდა ვეცადოთ ეს შესაძლებლობა ვაქციოთ ერის წამყვან რესურსად, ჩვენი ქვეყნის მოქმედ პოტენციალად. ჩვენს, მცირე ქვეყანას წყლის უძვირფასესი რესურსების გარდა ხომ არც გააჩნია სხვა დიდად ღირებული წიაღისეული სიმდიდრე. ამისთვის მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ამ პოტენციალის ამოქმედებაზე, ოღონდ ბრმად არ მივყვეთ ტექნოკრატიულ გეზს. უფროსი თაობა მოვალეა დაეხმაროს მოზარდებს იმაში, რომ მათ შეინარჩუნონ სრულყოფილი სულიერი სამყარო, შემოქმედებითი აზროვნება და ინდივიდუალურობა, რათა არ ვაქციოთ ისინი მორჩილ ბიორობოტებად. მაგრამ ეს - უკვე ცალკე, საკმაოდ ვრცელი და არც თუ მარტივი საუბრის თემაა... |