პიროვნული აშლილობა მიეკუთვნება იმ აშლილობათა რიცხვს, რომელთა მკურნალობა განსაკუთრებულ სირთულეებს წარმოადგენს. ამ აშლილობის მქონე პაციენტები ხშირად ხვდებიან ფსიქიატრთან. DSM-III-R-ის მიხედვით პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ღრმად შენარჩუნებული, მოუქნელი, არაადაპტირებადი პატერნები, როგორც ურთიერთობებში ასევე გარემოსა და საკუთარი თავის აღმისას. ისინი ვერ ხედავენ თავიანთ თავებს ისეთებს, როგორადაც ხედავენ მათ სხვები, მათ არ გააჩნიათ სხვების თანაგრძნობის უნარი. ყოველივე ამის შედეგად მათი საქციელი ძალიან აღიზიანებთ სხვებს. პიროვნული აშლილობა შესამჩნევი ხდება მოზარდობის პერიოდში ან უფრო ადრე და მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. DSM-III-R-ის მიხედვით პიროვნული აშლილობები სამ კლასტერად იყოფა. 1-ლი ჯგუფი მოიცავს: პარანოიდულს, შიზოიდურსა და შიზოტიპურს, მე-2-ჯგუფში შედის ანტისოციალური, ისტერიული, ნარცისული, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობები, ხოლო ბოლო ჯგუფი მოიცავს: გაქცევის, დამოკიდებულების, ობსესიურ-კომპულსურსა და პასიურ-აგრესიულ პიროვნულ აშლილობებს. (Kaplan H., Sadock B. Synopsis of Psychiatry, 10th ed.)
თეატრალიზებული ანუ ისტერიული აშლილობა, რამდენადაც მიეკუთვნება პიროვნული აშლილობების მე-2 ჯგუფს, ხასიათდება გადაჭარბებული ემოციურობით და თეატრალიზებული მანერებითა და ქცევებით.
ისტერია (ძვ. ბერძნ. ὑστέρα (hystera) - “საშო”) -სიცოფე საშოსი- უძველესი სამედიცინო დიაგნოზია, დღესდღეობით კი რიგი მსუბუქი და საშუალო დონის სიმძიმის ფსიქიკური აშლილობების შესაბამისია. გამოიყენებოდა ქალების სპეციფიკური ქცევისა და განცდისათვის, რომლის მიზეზად დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საშოს აგზნება ორგაზმამდე. ისტერიისათვის დამახასიათებელია დემონსტრაციული ემოციური რეაქციები (ცრემლები, სიცილი, ყვირილი) კრუნჩხვები, დამბლა, მგრძნობელობის დაკარგვა, სიყრუე, სიბრმავე, ცნობიერების არევა, მომატებული სექსუალური აქტიობა და სხვ. “ისტერიის” ისტერიის არსებულ მასალაზე დაყრდნობით ჟ.Mმ. შარკომ და ზ. ფროიდმა გააკეთეს რიგი მნიშვნელოვანი აღმოჩენები სულიერი აშლილობების მკურნალობიასას (http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D1%81%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B8%D1%8F). ზიგმუნდ ფროიდმა ისტერიის მკურნალობის პროცესში ჩამოაყალიბა არაცნობიერის სახე და მასზე მოქმედი ფსიქიკური ძალა, ამ პერიოდში ის გამოიმუშავებდა თავისუფალი ასოციაციების მეთოდს. ზ. ფროიდი ისტერიას ნევროზულ აშლილობად მიიჩნევდა და საწყისებზე საუბრისას ის იზიარებდა ისტერიის ძველი ბერძნულის მიხედვით განმარტებას. (http://psychowwed.narod.ru/freyd2.htm).
პიროვნების თეატრალიზებულ აშლილობას ახასიათებს დრამატულობა, ჰიპერაქტიურობა და ინტენსიური გაზვიადებული ქცევები, რომელიც ტიპიურად ეგოცენტრულია. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში მძიმე დარღვევებმა ავადმყოფი შესაძლოა მიიყვანოს ფსიქოსომატურ დარღვევებამდე, დეპრესიამდე, ალკოჰოლიზმამდე და წამალ დამოკიდებულებამდე. სიმპტომები მოიცავს ემოციურ აგზნებას, ისეთს, როგორიცაა გაბრაზებისას ირაციონალური აფეთქებები და ისტერიკები; არანორმალური სურვილი მოქმედებისა და აგზნებისა; გადაზედმეტებული რეაქციები უმნიშვნელო მოვლენებზე; მანიპულაციური მუქარები და ჟესტები; ეგოცენტრულობა; დაუფიქრებლობა; შეუსაბამობა; და ბოლოს გრძნობა ვინმეზე დამოკიდებულებისა და ვინმესგან დახმარების მიღების საჭიროება. ეს აშლილობა უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში. (http://medical-dictionary.thefreedictionary.com/Hysterical+personality+disorder)
პიროვნების თეატრალიზებული აშლილობა ასევე ხასიათდება ემოციური და აგზნებული პიროვნების თეატრალური, ექსტრავერტული ქცევით. თავიანთი გარეგნულად გამომწვევი ქცევის გამო მათ ხშირად არ შეუძლიათ ღრმა და ხანგრძლივი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. ზოგიერთ შრომებში აღნიშნულია მოცემული აშლილობის კავშირი სომატურ და ალკოჰოლურ აშლილობებთან. პიროვნების ისტერიული აშლილობის დროს დამახასიათებელია ყურადღების მოპოვების სურვილი დიდი დოზით. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან თავიანთი გრძნობებისა და აზრების გადაზედმეტებისაკენ, ყველაფერს ანიჭებენ უფრო დიდ მნიშვნელობას ვიდრე სინამდვილეშია. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ არიან ყურადღების ცენტრში, ან ვერ იღებენ შექებასა და კეთილგანწყობას, ისინი დემონსტრირებენ ცრემლებს, აგზნებასა და დანაშაულს. მაცდური ქცევები დამახასიათებელია, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ადამიანებთან ურთიერთობისას მათ ახასიათებთ სექსუალური ფანტაზიის ქონა, თუმცა მათ ამისი ხმამაღლა თქმა არ შეუძლიათ, ისინი შესაძლოა მორცხვებიც კი იყვნენ და არა სექსუალურად აგრესიულები. სინამდვილეში, ისტერიულ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ ფსიქოსექსუალური დისფუნქცია: ქალებს ხშირად ახასიათებთ უორგაზმობა, ხოლო მამაკაცებს იმპოტენცია. ისინი თავიანთ სექსუალურ იმპულსებს იყენებენ იმაში, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი დაარწმუნონ, რომ ისინი სექსუალურად მიმზიდველები არიან. მათი ურთიერთობები ძირითადად ხასიათდება ზედაპირულობით, თვითშთანთქმითა და წამიერებით. დამოკიდებულებისადმი მიდრეკილების გამო ისინი ძალიან ადვილად იმსჭვალებიან ნდობით და ინარჩუნებენ მას.
ამ აშლილობის მქონე ადამიანების ძირითადი დაცვის მექანიზმები არის რეპრესია და დისოციაცია. შესაბამისად, ასეთი ავადმყოფები ვერ აცნობიერებენ თავიანთ შეგრძნებებს და არ შეუძლიათ ახსნან თავიანთი მოტივაცია. სტრესის გავლენის გამო ისინი ადვილად კარგავენ რეალობის შეფასებას.
ასაკთან ერთად პიროვნების ითეატრალიზებული აშლილობის მქონე ადამიანებს სიმპტომები უფრო ნაკლებად აღენიშნებათ, რამდენადაც მათ დროთა განმავლობაში აქვთ უფრო ნაკლები ენერგია, ვიდრე ეს ახალგაზრდობაში ჰქონდათ, განსხვავება უფრო თვალსაჩინო და რეალური ხდება. ასეთი ავადმყოფები ეძებენ სენსაციას და ხანდახან შესაძლოა კანონის საწინააღმდეგოდაც წავიდნენ, ხდებიან ნარკომანები ან იქცევიან უწესოდ.
საუბრისას მათ ჰკლავთ წადილი მოყვნენ თავიანთი ისტორიები დეტალურად. საუბრისას მათთვის დამახასიათებელია ჟესტები და პაუზები თეატრალიზებული ეფექტის მისაღწევად.
ქვემოთ მოყვანილია კრიტერიუმები DSM-III-R--ის მიხედვით პიროვნების ისტერიული აშლილობისათვის.
1. გამუდმებით ეძებს კეთილგანწყობასა და შექებას.
2. ცდილობს განახორციელოს სექსუალური ქცევა ან საკუთარი გარეგნობის დემონსტრირება უადგილოდ.
3. შინაგანად მოცულია იმით, რომ იყოს ფიზიკურად მიმზიდველი.
4. ემოციებს გამოხატავს არაადეკვატურად, გადაჭარბებით, მაგალითად: ეხუტება შემთხვევით ნაცნობებს გასაოცარი სითბოთი, ქვითინებს უმნიშვნელო სენტიმენტალური მიზეზის გამო.
5. გრძნობს დიკომფორტს ისეთ სიტუაციებში სადაც ის არაა ყურადღების ცენტრში.
6. აღენიშნება ემოციური გამოხატვისა ჩქარი ცვლილება და ვარდნა.
7. კონცენტრირებულია საკუთარ თავზე; მათი ქცევები მიმართულია უცაბედ დაკმაყოფილებაზე; ჯილდოს მიღებისას არ შეუძლია ფრუსტრირება და თავის შეკავება.
8. აქვს მეტყველების სტილი, საოცარი გამომხატველობის მქონე და სუსტად დეტალიზებული. მაგალითად: რომ ჰკითხოთ ასეთ ადამიანს დედამისის შესახებ, მან შეიძლება უბრალოდ თქვას: “ის ლამაზი ქალი იყო”.(Kaplan H., Sadock B. Synopsis of Psychiatry, 10th ed.)
ზემოთ აღნიშნულის მიხედვით ზიგმუნდ ფროიდი მუშაობდა ისტერიით დაავადებულ ადამიანებთან. ის თვლიდა, რომ ისტერიით დაავადება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული იყო სექსუალობასთან და სასიყვარულო ურთიერთობების დარღვევასთან. ამაზე მოწმობს მის მიერ განხილული დორას შემთხვევა. 19 წლის პაციენტი იდა ბაუერი, ფსევდონიმით დორა, 1900 წლის 14 ოქტომბრიდან და 31 დეკემბრის ჩათვლით სტუმრობდა ზიგმუნდ ფროიდის კაბინეტს, რათა მისთვის ეამბნა თავისი სასიყვარული განცდების შესახებ. მკურნალობა 11 კვირის განმავლობაში მიმდინარებდა, გაწყდა პაციენტის სურვილით. ოტო ბაუერი იყო გოგონას ერთადერთი ძმა, რომელიც ერთ დროს მისთვის იდეალი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ის ყველანაირად ცდილობდა აერიდებინა თავი ოჯახური კონფლიქტებისათვის. “ჩემი ძმა მეუბნება, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მამაჩვენის ქცევის კრიტიკისა, ჩვენ უნდა გვიხაროდეს კიდევაც, რომ მან შეძლო ეპოვა ისეთი ქალი, რომელსაც ასე მიეჯაჭვებოდა, რამდენადაც დედაჩვენი სრულიად ვერ უგებს მას. მე ვაღიარებ ჩემი ძმის სამართლიანობას და სურვილი მაქვს მისი თანამოაზრე გავხდე, მაგრამ არ სემიძლია. მე არ შემიძლია ვაპატიო მამას.” რამდენადაც, ფროიდი აქტიურად იყენებდა სიზმრის ანალიზს, დორას შემთხვევის მთლიანი ანალიზი ფაქტიურად კონცენტრირებულია პაციენტის ორ სიზმარზე, ისტერიული სიმპტომების აღმოფხვრასა და დორას ბაზისური მდგომარეობის სექსუალურ-ორგანულ პრობლემაზე. ფროიდის აზრით ისტერიის თეორია საერთოდ არ იგნორირებს ისტერიის ორგანულ ფუნდამენტს. სექსუალობა მარტო განსაკუთრებულ ერთეულ შემთხვევებში არ ჩნდება. სინამდვილეში ის წარმოადგენს ყველა სიმპტომის მამოტივირებელ ძალას. „როგორც ჩანს, ჩვენ ვერასოდეს ვიტყვით უარს სექსუალური ფუნქციის არსებობაზე, რომელშიც მე აღმოვაჩინე ისტერიის ფუნდამენტი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ფსიქონევროზებში.“ დორას შემთხვევის გაგებაში უდიდესი როლი ითამაშა გადატანამ. თვითონ ფროიდი, პაციენტის დაჟინებული თხოვნით მკურნალობის დროებით შეწყვეტას, ხსნიდა გადატანის წარუმატებელი გამოყენებით. 15 თვის შემდეგ, რაც მკურნალობა შეწყვიტა დორამ, ის ესტუმრა ფროიდს. თუმცა, არც ამ შემთხვევაში აღუდგენია მას მკურნალობა. „მოკლედ, ამ სტუმრობის შემდეგ დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ ეს გოგონა გათხოვდა, ის ცოლად გაჰყვა სწორედ იმ ახალგაზრდას, თუ კი მე არ მატყუებს ყველა ის ნიშნები, რომელიც აღინიშნებოდა მის ასოციაციებში მეორე სიზმრის ანალიზისას. თუ პირველი სიზმარი აღნიშნავს საყვარელი მამაკაცისაგან მამისაკენ მიბრუნებას _ ეს ნიშნავს გაქცევას ცხოვრებიდან დაავადებისაკენ, ხოლო მეორე სიზმარი, რა თქმა უნდა, გვაცნობებდა იმას, რომ ზურგს აქცევს მამას და უბრუნდება ცხოვრებას.“ (http://psychoanalyse.narod.ru/freud/schrifte/fragment/dora.htm)
რამდენადაც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ დორა ვერ განიკურნა ისტერიისაგან, ამის მიზეზად შესაძლოა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომელზეც ფროიდმა გაუსვა ხაზი დორას სიზმრის ახსნისას: „ხოლო მეორე სიზმარი, რა თქმა უნდა, გვაცნობებდა იმას, რომ ზურგს აქცევს მამას და უბრუნდება ცხოვრებას.“ მამისგან გაქცევა შესაძლოა დაავადებისგან თავის არიდება იყოს. Dიდა გაექცა მამასთან დაკავშირებულ პრობლემებს- ვერ აპატია მას, ამიტომ დაავადებამ ქრონიკული ხასიათი მიიღო. უნდობლობა მამაკაცისადმი მეუღლეზე და საკუთარ შვილზეც გადაიტანა, მამაკაცი იყო ყოველთვის მიზეზი მისი ცუდად ყოფნისა.
რიგი წყაროების მიხედვით იდას მეუღლის ღალატის ფაქტები არსადაა აღნიშნული, მაგრამ იდა ხშირად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზად ქმრის ღალატსა და შვილის უწესო ცხოვრებას ასახელებდა (მისი შვილი არ გამოირჩეოდა უწესო ცხოვრებით, ის ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას მუსიკალურ დარგში).
ისტერიული ანუ თეატრალიზებული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი ხშირად ვერ ცნობს საკუთარ რეალურ გრძნობებს, ამიტომ თერაპევტისათვის მათი შინაგანი რეალური შეგრძნებების გამორკვევა მნიშვნელოვანი ამოცანაა. მიზანშეწონილ მეთოდად შეიძლება ჩაითვალოს თერაპიის ფსიქოდინამიკური ორიენტაცია, ასევე ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიები. მთლიანი სიმპტომების განკურნებისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფარმაკოთერაპია. (Kaplan H., Sadock B. Synopsis of Psychiatry, 10th ed.)
|