ამერიკელმა ფსიქოლოგმა კლერ უილიამ გრეივზმა (Clare William Graves) და მისმა თანმიმდევრებმა კრის კოუენმა (Chris Cowan), დონ ბეკმა (Don Beck), კენ უილბერმა (Ken Wilber) 1970 – 90 წლებში შეიმუშავეს ახალი სოციალურ - ევოლუციური თეორია, რომელიც სრულად აღწერს როგორც ადამიანის აგრეთვე საზოგადოების ევოლუციური განვითარების შესაძლო საფეხურებს. შემდგომში ის ცნობილი გახდა სპირალური დინამიკის თეორიის სახელით.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი თეორიებიდან, რომლებიც ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერდნენ ცნობიერების ინდივიდუალურ ევოლუციას, /განვითარების კოგნიტიური ხაზის - პიაჟე (Piaget), მორალური განვითარების - კოლბერგი (Kohlberg), თვითშეგნების - ლევინგერი (Loevinger), ცნობილი ”მასლოუს პირამიდის” ავტორის მასლოუს (Maslow) - მოთხოვნილებათა განვითარების თეორიები/ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გრეივზის ღირებულებათა სისტემის განვითარების, ანუ სპირალური დინამიკის თეორია. აღნიშნული თეორია წინა დოქტრინებზე უფრო სრულია და შეიცავს ყველა ადრეულ მოსაზრებას. (იხ. შედარება - www.clarewgraves.com/theory_content/compared/CGcomp1.htm)
თეორიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკუთარ განვითარებაში ადამიანების უმეტესობა გადის გარკვეულ სტადიებს, ოღონდ ზოგიერთი ამ პროცესს გადის სწრაფი ნაბიჯებით, ზოგი კი ყოვნდება. ნაკლებად განვითარებულ კულტურებში ხალხის უმეტესი ნაწილი იმყოფება განვითარების ადრეულ სტადიებზე. ოღონდ, როგორც წესია, საზოგადოება ერთგვაროვანი არ არის და რაც უფრო განვითარებული და რთულია საზოგადოება დონეების სხვაობაც უფრო მეტია.
გრეივზის თეორიაში განვითარების დონეების აღწერა ხორციელდება ცნობიერების პარადიგმების მეშვეობით. მათი კოდირება ხდება განსხვავებული ფერებით. აღნიშნული პარადიგმები, ანუ ღირებულებითი კომპლექსები, რომლებიც შეიცავენ სულიერ, სარწმუნოების, კულტურულ იდეებს,ზნეობრივ პრინციპებს, სწავლების მოდელებს და ა.შ., ვლინდებიან სოციოკულტურული ევოლუციის პროცესში მოთხოვნილებათა წარმოშობის შემთხვევაში.
ბეკის და კოუენის შეფასებით დედამიწის მოსახლეობის 10% იმყოფება „იასამნისფერ“, 20% - „წითელი“, ხოლო 40% - „ლურჯი“ ფერის დონეზე. მოსახლეობის 30% იყოფა „ნარინჯის“ და „მწვანე“, იშვიათ შემთხვევაში „ყვითელში“ და უფრო მაღალი დონის ამსახველ ფერებში.
ევოლუციური განვითარების პირობებში სისტემებისთვის დამახასიათებელია შესაბამისი გართულება, რომელიც ეფექტური ფუნქციონირების შესაძლებლობას იძლევა გარე სისტემების ფარგლებში. ცხოველისთვის - ეს ეკოსფეროს, ადამიანისთვის - საზოგადოებას წარმოადგენს, ხოლო ქვეყნისთვის - იმ ქვეყნებთან ერთობაა, რომლებთანაც კულტურული ურთიერთობა გააჩნია.
ანალოგია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი განვითარების სტადიებს შორის გამოიხატება იმაში, რომ ყოველი მომდევნო თაობა ითვისებს წინა თაობის იდეებს, რაც მას აძლევს განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის გაადვილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, თუ ვხედავთ, რომ ცალკეული ინდივიდები ვითარდებიან უფრო მაღალი და რთული სტადიების მიმართულებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მთელი საზოგადოებაც მიჰყვება.
განვითარების ყოველი მომდევნო სტადია აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, როლებსაც არ აკმაყოფილებდა (ან ახშობდა) ცივილიზაციის განვითარების წინა საფეხური. საზოგადოების განვითარების ყოველი შემდგომი დონე განიხილება, როგორც მორიგი დონე, რომელიც მოიცავს წინას. ანუ საზოგადოების განვითარების უმაღლესი დონეები არ უარყოფენ, არამედ შეიცავენ ქვედა (ანუ წინა) დონეებს.
სპირალური დინამიკის თეორიის შესაბამისად კულტურული ქოლარქიის ზედა დონეზე იმყოფებიან ეგრეთ წოდებული მაღალი რიგის ღირებულებითი მემები (ინგლისურ ტერმინოლოგიაში - vMeme). თითოეული vMeme წარმოადგენს ღირებულებათა სისტემას, რომელიც საერთო ჯამში განაპირობებს გარკვეულ სარწმუნოებებს, სოციალურ დაჯგუფებებს, მოტივაციის პატტერნებს, ორგანიზაციულ დინამიკას, მიზნებს. თუ ვეცდებით საზოგადოებაში ხელოვნურად შევიტანოთ რომელიმე - ს შესატყვისი გადაწყვეტილებები ან სტრუქტურები, რომელიც განსხვავდება vMeme - სგან, რომელზეც იმყოფება საზოგადოება, მათ უარყოფენ. თვით მოდელი იერარქიული ხასიათისაა, ანუ vMeme-ბი მისდევენ ერთმანეთს მზარდი, ოღონდ ღია სირთულის წესით, ისე რომ საბოლოო წერტილი უცნობი რჩება.
აღნიშნული თეორიის შესაბამისად დღევანდელი დღისთვის ცნობილი და აღწერილია ქოლარქიის რვა დონე:
1) ბეჟის (ჩალის)ფერი – ავტომატური, ინსტინქტური აზროვნება.
ქვის ხანის დონეა, რომელიც დღეს არ არის დიდად გავრცელებული. ამ დონეზე დომინირებენ გადარჩენის, თავდაცვის ინსტინქტები, მთლიანობაში ადამიანი გონიერია, მაგრამ მაინც ცხოველივით იქცევა.
სოციალური ორგანიზაცია: მცირე ტომობრივი ჯგუფები.
ეთიკა: უარყოფილია, ეთიკურია ის, რაც მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ემსახურება.
თანამედროვე მაგალითები: ახალშობილები და ძალიან ხნიერი ადამიანები.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: საკუთარი თავის პიროვნებად აღქმა, მიზნობრივ - შედეგობრივ კავშირებში ჩაწვდომა, ისეთ გადარჩენაზე ზრუნვა, რომელიც ჯგუფურ თანამოქმედებას ითხოვს.
2) იისფერი – ანიმისტიკური, ტომობრივი.
ანიმისტიკური, მაგიური, დამიწებული აზროვნება. ინდივიდუუმი ემორჩილება ჯგუფის ინტერესს. აქცენტი კეთდება ჯგუფურ რიტუალებზე და სულების თაყვანისცემაზე. ნათესაური კავშირი ძალიან ძლიერია. ძლიერია შამანების ან ბელადების ძალაუფლება.
ეთიკა: ეთიკურია ყველაფერი, რაც ტომისთვის სასარგებლოა.
თანამედროვე მაგალითი: აფრიკის ტომები.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: დომინანტური ეგოს წარმოშობა, ანუ პიროვნებისა, რომელიც ჯგუფზე ძლიერია. არსებობისთვის საჭირო ნიშის შეზღუდულობა.
3) წითელი – ეგოცენტრისტული, ძალოვანი.
მკაცრი, ხისტი ავტორიტარიზმი. ვლინდება მონათმფლობელობაში ან არაკვალიფიციური მუშა ხელის მსგავსი ფორმებით ექსპლუატაციაში. ძალაუფლება ხორციელდება ლიდერისა და რამდენიმე ვასალის (ორ დონის მქონე მოდელი) მეშვეობით. ძირითადი პრინციპია - ადამიანები ზარმაცები არიან და უნდა აიძულო, რომ იშრომონ. წამყვანი ლიდერები საკუთარ თავში ახშობენ ადამიანურ ემოციებს.
დამახასიათებელია ადრეული სახელმწიფოებისთვის.
ეთიკა: ძლიერი ყოველთვის მართალია.
თანამედროვე მაგალითები: ქუჩის ბანდები, აფრიკული სამეფოები.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: მორალის მნიშვნელობის აღიარება, ცხოვრების აზრის და მიზნის ძიება, დაგეგმვაში პერსპექტივის ხანგრძლიობის გაზრდა.
4) ლურჯი – აბსოლუტისტური, წმინდათა წმინდა ვალდებულებებზე აგებული.
პატრიოტული აზროვნება - აზროვნების ყველაზე მართებული ფორმაა, ხელისუფლებისადმი დამორჩილება, ჯგუფურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო ბრალეულობის ნორმების დამკვიდრება, თავგანწირვა უზენაესი მიზნებისთვის. „ჩვენებურების“ „სხვების“ მუქარისგან აქტიური დაცვა. ამ დონეზე წარმოიშობა რთული იერარქიები. ამგვარი მიდგომა კარგად მუშაობს ინდუსტრიულ ეკონომიკებში. „იაზროვნე ლოკალურად - იმოქმედე გლობალურად“.
ეთიკა: რელიგიური ან კვაზი - რელიგიური.
თანამედროვე მაგალითები: ა.შ.შ.- ს პურიტანული შტატები, თანამედროვე კონფუციანალური ჩინური ოჯახები, ისლამური სახელმწიფოები.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე უკეთესი არჩევნის გაკეთება, მოძებნა. ცხოვრებაში ბედნიერების ძებნა. რელიგიური თუ საერო ხელმძღვანელობის შეცდომების აღმოჩენა.
5) ნარინჯისფერი – მატერიალისტური, მიღწევებზე ორიენტირებული.
რაციონალიზმი. კერძო მეწარმოება პირადი კეთილდღეობისთვის. ეკონომიკური მოტივაცია, კონკურენცია ამაღლებს წარმადობას, ნაწარმის ხარისხს და ხელს უწყობს ზრდას. შესაძლოა დომინირების მქონე vMeme - თანამედროვე ამერიკაშია. ” იაზროვნო ლოკალურად - იმოქმედო ლოკალურად”.
ეთიკა: საერო კანონი ყველაფერზე მაღლა დგას.
თანამედროვე მაგალითები: ა.შ.შ.- ს და დასავლეთი ევროპის ”კაპიტალისტები”.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: იმის აღმოჩენა, რომ მატერიალურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. კოლექტივიზმის განახლებული გრძნობა. კონკურენციით და უთანასწორობით უკმაყოფილება.
6) მწვანე – სოციოცენტრისტული.
აქცენტი კეთდება ერთობლივ ზრდაზე, თანასწორობაზე, ჰუმანიზმზე, ტოლერანტულობაზე, სტაბილურობაზე. გარემოს საკითხებისადმი ყურადღება. მოტივაცია - ადამიანური ურთიერთობები და განათლება. ფასდება გულახდილობა და ნდობა და არა კონკურენცია. ლიდერები ნაკლებად ავტოკრატული ხდებიან. აშკარაა იერარქიების მოშლა. ეფექტურობა კლებულობს, მას ენაცვლება სტაგნაცია. ”იაზროვნო გლობალურად - იმოქმედო გლობალურად”.
ეთიკა: კანონი (მისი მნიშვნელობა) უარყოფილი არ არის, მაგრამ ისინი საერთო ბედნიერებას უნდა ემსახურონ.
თანამედროვე მაგალითები: ევროპის სოციალური ქვეყნები, გრინპისი, მემარცხენე მოძრაობები.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: კოლექტიური გადაწყვეტილებების ძალზე მაღალი ღირებულება. ნაკლები რაოდენობით სოციალური ვალდებულებების მომტან სისტემებთან კონკურირების აუცილებლობა.
7) ყვითელი – სისტემური, ინტეგრირების განმახორციელებელი.
განათლებით მოტივირება, აქცენტი ზრდაზე, ცვლილებებზე, გამოწვევებზე. სისტემური აზროვნება. ეკოლოგია მეორე ხედზე გადადის (მაგრამ შემორჩენილია), წინ გამოდის სისტემის ეფექტურობა. ქაოსისა და თვითორგანიზების ღირებულებათა აღიარება.
”იაზროვნო გლობალურად - იმოქმედო ლოკალურად”.
ეთიკა: ეთიკა წარმოადგენს არა სახელმწიფოს ამოცანას, არამედ ადამიანთა შორის შეთანხმების საგანს.
თანამედროვე მაგალითები: მაღალტექნოლოგიური სექტორის კომპანიები.
ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობები: ქაოსში წესრიგის ძიება, წარმმართავი პრინციპების ძებნა, სულიერებისა და ”ფიზიკის” დაკავშირება/გაერთიანება.
8) ფირუზისფერი – გლობალისტური, მოდერნიზატორული.
სინერგეტიკული, ჰოლოგრაფიული აზროვნება, წინა დონეების ღირსეული მხარეების და ნაკლოვანებების სრული სახით დანახვის შესაძლებლობა, ერთიანობაში მათი ინტეგრირება.
თანამედროვე მაგალითები: გაიას თეორია, ”გლობალური სოფელი”, განდის პლურალისტური ჰარმონიის იდეა.
გრეივზის მოდელის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ კენტი დონეები უმეტესად ორიენტირებული არიან ინდივიდუალურ, ხოლო ლუწი დონეები - კოლექტიურ ღირებულებებზე (გარდა ბოლო დონისა, სადაც ინდივიდუალური და კოლექტიური დონეები ჰარმონიაში იმყოფებიან). კოლექტიური კულტურის მნიშვნელობა ძლიერი იქნება „იისფერ“, „ლურჯ“ და „მწვანე“ დონეებზე. საწინააღმდეგოდ „წითელზე“ გამოიკვეთება ძალის, „ნარინჯისფერზე“ - ფულის და ინდივიდუალური თავისუფლების პრიორიტეტები, ხოლო „ყვითელზე“ - საზოგადოების თვითორგანიზების, კონფლიქტების არაძალადობრივი ხერხით მოგვარების შესაძლებლობის რწმენა.
განსაკუთრებულ ინტერესს გრეივზის თეორიაში წარმოადგენენ გადასვლის ფაქტორები (transitional factors), პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღირებულებათა ერთი დონიდან მომდევნოზე გადასვლას. გარდამავალი ფაზების აღწერაში( როდესაც ერთმანეთში ერევა ორი ფერი) დომინანტური ფერი აღინიშნება დიდი, ხოლო რეცესიური - პატარა ასოებით. მაგალითად - „ლურჯი / ნარინჯისფერი“ ან „ნარინჯისფერი / მწვანე“.
ახალ დონეზე გადასვლა არ არის გარდაუვალი. მოვიყვანთ რ მაგალითს. პირველი - რომელიმე კორპორაცია შეიძლება შეჩერდეს და შერჩეს „ლურჯზე“ იმ დროს, როდესაც „ნარინჯისფერის“ ეკონომიკური პირობები უბიძგებენ საქმიანობის სულ სხვა სტილით წარმართვას. როგორც წესი, ამგვარი ვითარება გაკოტრებით სრულდება. მეორე მაგალითი - განვითარების დაბალ დონეზე გაჩერებულ სახელმწიფოს, რომელსაც მეზობლებმა დიდად უსწრებენ წინსვლაში, ამგვარი სიტუაცია მოუტანს უკიდურეს სიღარიბეს, ეკონომიკურ (კოლონიალურ) დამოკიდებულებას ან მკაცრი „შოკური თერაპიის“ ჩატარების აუცილებლობას.
სპირალური დინამიკის მოდელი ხშირად იხმარება ბიზნეს - სემინარებზე, კოუჩ -ტრენინგებზე იმ მიზეზების ასახსნელად, რომლებიც უბიძგებენ ადამიანებს ამა თუ იმ ქმედებისკენ და შეუძლიათ განაპირობონ ბიზნესში წარმატება ან წარუმატებლობა.
წყარო: Clare W. Graves www.clarewgraves.com |