ყველას! ყველას! ყველას!
პატივცემულო პედაგოგებო,
მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაში თქვენი შრომა - მშობლის ამაგის ტოლმნიშვნელოვანია. თქვენ და ოჯახი ერთობლივად ზრდით ქვეყნის მომავალს - ახალგაზრდობას და, არც თუ იშვიათად, ჩვეული პედაგოგიური ტაქტით, გიწევთ თქვენი პარტნიორების - მშობლების მიერ დაშვებული ცდომილებების გამოსწორებაც. როგორც მშობელი - შვილისგან, ასევე თქვენ - აღსაზრდელისგან არ ითხოვთ ამაგის დაფასებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დააფასოს შრომის შედეგი. საზოგადოებაში კი ყველა როდი აცნობიერებს პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს და ამას, თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა. ზოგს ისიც ავიწყდება, რომ მასწავლებელს, ყველასათვის გაჭირვების წალკვესს, თვითონაც ზოგჯერ ესაჭიროება დახმარება. ძვირფასო პედაგოგებო, ნება გვიბოძეთ ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდოთ ვალი და შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს” ჩატარების იდეა.
როგორ გვესახება კონკურსის მიზნები და ამოცანები:
• გამოვავლინოთ და წავახალისოთ წარმატებული პედაგოგები, რომლებიც შემოქმედებითად უდგებიან სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, გააჩნიათ მისწრაფება და უნარი კოლეგებს გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება;
• გამომცემლობების, პედაგოგთა გაერთიანებების, პრესისა და ჟურნალების, ელექტრონული მედიის, ინტერნეტ-ქსელების, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების საზოგადოებრივი პოტენციალის გამოყენებით გავავრცელოთ მოწინავე პედაგოგიური გამოცდილება და გავააქტიუროთ პედაგოგთა ურთიერთობები ამ ორგანიზაციებთან;
• education.ge - ს რესურსების გამოყენებით შესაძლო გავხადოთ მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარება;
• ხელი შეუწყოთ სასწავლო პროცესში ახალი აპრობირებული მეთოდებისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას.
კონკურსში ინდივიდუალურ მონაწილეთა - პრაქტიკოს მასწავლებელთა გარდა მონაწილეობის უფლება აქვთ ავტორთა კოლექტივებსაც, გაერთიანებებს. თვითოეულ მონაწილესა თუ ჯგუფს საკონკურსოდ შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე მეთოდიკური ნამუშევარი, პრაქტიკული გამოცდილების აღწერილობა.
გთავაზობთ კონკურსის რიგ ნომინაციას, შეგიძლიათ შემოიტანოთ წინადადებები სხვა სასურველი ნომინაციების თაობაზე.
ნომინაცია: ”გაკვეთილის მეთოდიკა”
- დაწყებითი კლასებისათვის;
- სასწავლო საგნების მიხედვით:
- ...........
- ..........
- ..........
(თქვენი წინადადებების შესაბამისად და სწავლების ენის მიუხედავად)
ნომინაცია: ”გასვლითი გაკვეთილი”
ანუ გაკვეთილი კლასისა და სკოლის გარეთ და კლასგარეშე მუშაობა, რომლებიც ამდიდრებენ სასწავლო პროცესს, ააქტიურებენ მოსწავლეთა შემეცნებით მოტივაციას და ხელს უწყობენ მათ სასწავლო საგნით გატაცებას.
ამ ნომინაციაში შესაძლებელია ნამუშევრების წარდგენა კატეგორიებით:
- გასვლითი გაკვეთილი დაწყებითი სკოლისათვის;
- გასვლითი გაკვეთილი უფროსი კლასებისათვის;
- კლასგარეშე მუშაობა - გაკვეთილის სახით
(სწავლების ენის მიუხედავად)
ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოება და მოწყობილობა”
ნამუშევრების კატეგორია:
- სტანდარტული თვალსაჩინოების და მოწყობილობების - არასტანდარტული, გამოყენების მეთოდიკა;
- ახალი არასტანდარტული თვალსაჩინოება ან მოწყობილობა და მისი გამოყენების მეთოდიკა;
- მასწავლებლის შრომის ორგანიზაციის ხელშემწყობი, დამხმარე მოწყობილობები.
(სწავლების ენის მიუხედავად)
ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო”
ამ ნომინაციაში კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა ემსახურებოდნენ მასწავლებლებს, კლასის დამრიგებლებს, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს, ტრენერებს, ინსტრუქტორებს, სხვა სპეციალისტებსა და მშობლებს მოსწავლის (აღსაზრდელის) თავისუფალი დროის საინტერესოდ ორგანიზაციაში, მისი შემეცნებითი და შემოქმედებითი ინტერესებისა და მისწრაფებების სტიმულირებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში.
ნამუშევრების კატეგორიები ინტერესთა მიხედვით:
- მეცნიერება;
- ტექნიკა;
- ხელოვნება;
- სპორტი;
- ბუნება;
- ახალგაზრდული კლუბები და გაერთიანებები.
რას ემსახურება კონკურსი?
ყველა დაინტერესებულ და სპონსორ ორგანიზაციებს - ერთი მიზანი გვაქვს: დავაფასოთ პედაგოგის შრომა და დავეხმაროთ მას.
ამ ეტაპზე კი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ძვირფასო პედაგოგებო, აქტიურად ჩაერთეთ შემოთავაზებული წინადადებების განხილვაში, დაამატეთ თქვენი ნომინაციები, გვაუწყეთ თქვენი განწყობა და დამოკიდებულება, დაუჭირეთ მხარი იდეას. ერთობლივად დავადგინოთ ჩატარების პირობები, შეფასების კრიტერიუმი, ნომინაციების მიხედვით ჟიურის შემადგენლობა. ეს ხომ თქვენი და თქვენთვის ჩაფიქრებული კონკურსია. გავითავისოთ და ის წარმატებულად ჩატარდება. ველით თქვენ გამოხმაურებას. |