![](definitions/1338car-finance.jpg)
გრძელი სათაურების მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ვიცი, დამეთანხმებით, რომ საკითხი ნამდვილად უმნიშვნელოვანესია.
წარმოუდგენელი მადლით გავიხარე, როცა საქართველოს ახალი საავადმყოფოების საერთო ნუსხას გადავხედე. მარტო ამისათვის ღირს ცხოვრება, რაც გაკეთდა ამ მხრივ განსაკუთრებით გაჭირვებულთა დახმარებისათვის საერთაშორისო კრიზისებისა და ომების გამწვავების ურთულეს ჟამს. მაგრამ ეკონომიკის ყველა ქვედარგში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც საყოველთაო ყურადღებას საჭიროებს.
კაცობრიობამ უდიდესი თეორიული გამოცდილება დააგროვა, თუმცა მართვაში ყველაზე დიდ კაპიტალს კადრების გულწრფელი დამოკიდებულება წარმოადგენს და მხოლოდ შემდეგ – ზოგადთეორიული და ადგილობრივი სპეციფიკის კარგი ცოდნა, რათა მზრუნველ გარემოში შესაძლებელი იყოს მართებულად დავგეგმოთ ბიზნესი და მივიღოთ შესაძლოდ დიდი შემოსავლები და კეთილდღეობა.
ბიზნესის უკეთ მართვაში ერთ–ერთი უმთავრეს პრობლემად ადამიანური აზროვნების მანკიერებათა სწრაფად შეცვლის შეუძლებლობა აღმოჩნდა. საქართველოში მიღებულია ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული საგადასახადო კოდექსი ბიზნესის თავისუფლებისა და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მხრივ, მაგრამ რეალურად ამას ჯერ კიდევ ვერ მოჰყვა ბიზნესის ადეკვატური დაწინაურება. ადამიანები რატომღაც ჯერ კიდევ ინერტულები არიან ამ მხრივ და არც არის გასაკვირი – მენტალურად რთულად ამოსაძირკვი აღმოჩნდა ათასგვარი ხრიკებითა და ჩაწყობით ვითომდა გამჭვირვალე კონკურსების ჩატარების პრაქტიკა და, სამართლებრივი მოწესრიგების მიუხედავად, საკმაოდ ბევრი მაინც უაზროდ აგრძელებს სახელმწიფო თუ კორპორატიული ქონების მითვისებას ხსენებული გზებითა და მეთოდებით.
არანაკლებ პრობლემატურია ხელისუფლებაში არაპროფესიონალთა მოსვლის დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვანწილად კომუნისტური წარსულიდან იღებს სათავეს, როცა მუშა და გლეხი, მიუხედავად იურიდიული და ეკონომიკური უნარების არქონისა, უმრავლესობაში ექცეოდა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებში. შედეგად, ამდაგვარად განდიდებულთაგან ძალზე ბევრს “თავში უვარდება”, ავიწყებდა ან ელემენტარულად არ იცნობდა სხვა ადამიანების საჭიროებებს, მართებულად ვერ ხედავდა ეკონომიკის სტრუქტურული სრულყოფის მიმართულებებს. მუშა და გლეხი ძალზე დასაფასებელი ადამიანებია, მაგრამ თავ–თავიანთ ადგილებზე, ამასთანავე, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნის შემდეგ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს საჭირი პრეტენზია მართვაში განახორციელოს თავისი კონცეფციები.
“ადამიანის უფლებები” თანამედროვე ტერმინია, მაგრამ მას უძველესი იდეა უძევს საფუძვლად. ამ იდეის თანახმად, გარკვეულ უფლებებს და თავისუფლებებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ადამიანის არსებობისათვის. ეს არის იდეა, რომ თავისთავად ყველა ადამიანი ფასეულია და აქვს თანდაყოლოილი ღირსება. ღირსების წართმევა შეუძლებელია. ეს არც პრივილეგიაა, არც მმართველის, მთავრობის ან სხვა უფრო ძლევამოსილი პირის მიერ ნაბოძები საჩუქარი” (გამოყენებული წყარო N5, გვ. 14),
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში არსებობდა გეგმების შედგენის საკმაოდ კარგი გამოცდილებაც (გ.წ. N8) და საკუთრებით რეფორმის გატარების შემდეგ, შეიძლებოდა ამ გამოცდილებიდან რაციონალური მარცვლების დატოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, რეფორმების დასაწყისში, ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდით და ეკონომიკური სტრატეგიისა და გეგმების დასაბუთებული განსაზღვრის შესაძლებლობა მაშინ დასამარდა. შედეგად, საბაზრო ურთიერთობების პირობებში უფრო მონოპოლიზებულად მართვადი სტრუქტურების ამარა აღმოვჩნდით, ვიდრე ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემის პერიოდში იყო,.
აშშ–ში მაკროეკონომიკურ პროგნოზირებას, ზომიერ სტრუქტურულ რეგულირებასა და ეკონომიკური სტრატეგიის დასაბუთებულად განსაზღვრას დიდი ხნის ისტორია აქვს (გ.წ. N9) და აღნიშნულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დღესაც, მაშინ, როცა ჩვენ, რეფორმების პირველი ათწლეული, უაზრო დაპირისპირებასა და განხილვაში გავატარეთ, გვჭირდება, თუ არა ეკონომიკის სამინისტრო, საჭიროა თუ არა პოლიტიკური ეკონომია და სხვა მსგავსი თუ თავისუფალი ბაზრის მორევში უნდა გადავიჭრათ. აშშ–ში საერთოდ არ არის სამინისტროები (ევროპაში მეტწილად ყველგანაა ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა სახელწოდებით), მაგრამ დეპარტამენტები და სააგენტოები ასრულებენ იმ აუცილებელ ფუნქციებს, რაც სახელმწიფოს სრულფასოვან განვითარებას ესაჭიროება. სახელი რაც არ უნდა დავარქვათ, მსგავსი სამუშაოები უნდა შენარჩუნებულიყო ქვეყნის მასშტაბით და მათ სრულყოფაზე უნდა გვეფიქრა ახლა.
ზოგი საერთოდ სოციალური პოლიტიკის მცდარობაზე საუბრობს ეკონომიკის მართვაში და მის მამუხრუჭებელ გავლენას ასაბუთებს დღესაც. რომელ მუხრუჭზეა საუბარი, თუ საზოგადოებაში ავადმყოფი მოხუცები ან ბავშვები არიან და სახელმწიფო არ იფიქრებს მათი დახმარებისათვის. ან ეს დახმარება ხომ ბალიშებში არ ილექება, მყისიერად ბაზარზე გამოდის და წარმოებას ასტიმულირებს. ასე რომ, სახელმწიფოს მხრივ ადამიანების დახმარება ეკონომიკური მუხრუჭი კი არა, პირიქით, ორმაგი სტმულია ეკონომიკური ზრდისათვის. ამასთანავე, ასეთ დროს ხომ მორალურადაც განსაკუთრებით გამართლებულია დახმარების გამწევის ქმედება. ხარჯი იზრდება, მაგრამ ეს აუცილებელი და სასარგებლო უკუგებადი ხარჯია და ის კარგად გათვლილი უნდა იყოს და არა აკრძალული.
დიდი ხანია არსებობს საკმაოდ არგუმენტებული მოსაზრება, რომ გაჭირვებულთა დახმარების სოციალური პოლიტიკა მართვაში არათავსებადია ეკონომიკურ ეფექტიანობასთან. ერთი შეხედვით, ეკონომიკის გააზრების ადრეულ ბავშვობაში მეც ვემხრობოდი აღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ ეს ნამდვილად სასაცილოა. დახმარება რომ მყისიერად გამოდის ბაზარზე, იმიტომ, რომ გაჭირვებულს შესანახი არაფერი აქვს (ეს ჩემი წინადადებაა), ვიცი, დამეთანხმებით. შემდეგ მივყვეთ ლოგიკას. გადავხედოთ მსოფლიოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნების კონსტიტუციებს (გ.წ. N1 და სხვ.). დავუკვირდეთ, სოციალური საბაზრო ეკონომიკის მთავარ ქვეყნებს – გერმანიასა და შვეციას. აქ ეკონომიკა კი არ ინგრევა, მოწინავე პოზიციებზეა ევროპაში და საუკეთესო ხარისხის პროდუქციასაც აწარმოებს. უკიდურესად თავისუფალი ბაზრის ფლაგმანი უძლიერესი აშშ–ც კი უკვე სოციალური დაზღვევისა და სხვა მეტად აქტიური სოციალური დახმარების პროგრამებისაკენ იხრება. ეს გზა გარადაუვალი და მიზანშეწონილია. ვინც ამას ვერ ხედავს, არამხოლოდ ნაკლებშორსმხედველია, არაეკონომიკურიცაა.
პოლიტიკასა და ეკონომიკის მართვაში მოწინააღმდეგები გამოუჩნდნენ ტურისისტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის მასობრივ განვითარებასაც კი უაღრესად საინტერესო და საჩვენებელი უძველესი კულტურულ–საგანმანათლებლო ისტორიის საქართველოში. ტურისისტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი ხომ ფაქტიურად ყველაზე აქტიური საექსპორტო დარგია, ვინაიდან აქედან შემოსავლები პრაქტიკულად სრულად რჩება ქვეყანაში, განსხვავებით კაპიტალის საერთაშორისო გადაადგილების ასევე ეფექტიანი ექსპორტისა. ასევეა, არ შეიძლება მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის ბლოკირება პრაქტიკაში. მეცნიერებასა და პროგრესულ წარმოება–მომსახურებაზე ხარჯები შეიძლება პირველ ხანებში დიდ მოცულობებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ეს უდიდეს გამართლებულ ეფექტს იძლევა მომავალში, რის გარეშეც საზოგადოების ნაწილი სამი გოჭის ზღაპრის იმ უნიჭოდ უაზრო ფუქსავატ გოჭს ემსგავსება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პერსპექტივას.
გამოყენებული წყაროები
1. დემეტრაშვილი ავთანდილ, მსოფლიო ქვეყნების კონსტიტუციები. – თბილისი, იურიდიული ლიტერატურა, 1992.
2. კარტერი გარი, ეფექტიანი რეკლამა. – მოსკოვი, პროგრესი, 1991 (თარგმანი ინგლისურიდან რუსულ ენაზე).
3. სავანელი ბიძინა, სამართლის თეორია. – თბილისი, იურიდიული ლიტერატურა, 1997.
4. საერთაშორისო სტანდარტები და ციხის ეფექტური მართვა. – ციხის პერსონალის გადამზადების სახელმძღვანელო, UNDP, EU, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
5. ამერიკის ეკონომიკა: ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა. – თბილისი, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო.
6. მანჯგალაძე გურამ, გერმანული კაპიტალი ამიერკავკასიაში (1860–1918 წწ.). – თბილისი, მეცნიერება, 1991.
7. ბუხარინი ნ., რანტიეს პოლიტიკური ეკონომია: ავსტრიული სკოლის ფასეულობათა და მოგების თეორია. – მოსკოვი, ორბიტა, 1988 (რუსულ ენაზე).
8. რესპუბლიკის საგეგმო კომიტეტის საგეგმო ანგარიშების ავტომატიზებული მოდელები. – კიევი, ნაუკოვა დუმკა, 1988 (რუსულ ენაზე).
9. ერმილოვი ა. პ., მაკროეკონომიკური პროგნოზირება აშშ–ში. – მოსკოვი, ნაუკა, 1987 (რუსულ ენაზე).
10. პუარე დ., სტრუქტურული ცვლილებების ეკონომეტრია. – მოსკოვი, ფინანსები და სტატისტიკა, 1981 (თარგმანი ინგლისურიდან რუსულ ენაზე).
11. ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. – თბილისი, ქვაშვეთში მოღვაწე მამა ღვთისოს კურთხევით, 2005.
12. ლორთიფანიძე რევაზ, ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები). – თბილისი, გეომედი, 2011.
|