მიუხედავად ფინანსური ფაქტორების დიდი მნიშვნელობისა და რომ ფულადი მიმოქცევა ერთგვარი სისხლის მიმოქცევაა ეკონომიკურ ორგანიზმში, წარმოების ეკონომიკური ფაქტორების უმთავრეს მნიშვნელობას თითქმის აღარავინ უარყოფს (იხ. გამოყენებული წყაროები 5 და 11), რასაც მიწოდების თეორია და მისი მიმდევრებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ.
მიწოდების თეორიის მიხედვით, ფინანსური შემოსავლების არსებითი მატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გადასახადების ზომიერებას ენიჭება, რაც გადასახადების გარკვეულ დონეში უნდა გამოიხატოს შემოსავლებთან მიმართებაში. ა. ლაფერის აზრით, ეს ზღვარი დაახლოებით ქეინზის 20%–იან და ჟისკარ დესტენის 40%–იან ზღვარს შორისაა, მ. ფრიდმენის აზრით, აღნიშნული დონე 25% უნდა იყოს, მ. ფელდსტეინის – 42%, რ. გეფარდტის აზრით კი – 30–35% (გ.წ. 7, გვ. 19–20). რეალურად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ეს დონე სხვადასხვა გადასახადების შეჯამებით 50–70%–ის მახლობლობაში მერყეობს. ჩვენი აზრით, სახელმწიფო და კერძო სექტორების წონასწორული არამონოპოლიური პირობების შესაქმნელად, ეს დონე 50%–ს არ უნდა აღემატებოდეს და 30–50%–ის მახლობლობაში უნდა ვარირებდეს, თუმცა, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდებში ყველა მეწარმეს და მ.შ. პროგრესულ ახალგაზრდა დარგებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს მნიშვნელოვანი შეღავათები და გარკვეული საგადასახადო არდადეგებიც უნდა მივანიჭოთ.
სამეწარმეო სუბიექტის ან მთლიანად მაკროეკონომიკის ფინანსური მდგრადობის შესაფასებლად, ანალიზისას გამოიყენებენ ე.წ. ავტონომიურობის კოეფიციენტს, რომელიც იანგარიშება, როგორც საკუთარი ფინანსური სახსრების ფარდობა განსახილველი სუბიექტის მთლიანი სახსრების ჯამთან, რაშიც ნასესხები სახსრებიც მოიაზრება. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ავტონომიურობის კოეფიციენტი, მით უფრო სტაბილურია ობიექტის ეკონომიკური მდგრადობა.
ეკონომიკურ–ფინანსური მდგრადობისათვის არსებითია ლიკვიდურობის, მანევრირებისა და დაფარვის კოეფიციენტების ნორმალიზებაც. ლიკვიდურობის კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ მოკლევადიანი დავალიანებების რა ნაწილის დაფარვა შეუძლია სუბიექტს მოცემული მომენტისათვის, მანევრირებისა და დაფარვის კოეფიციენტები კი საკუთარი საბრუნავი სახსრების მობილობის დონეთა სპეციფიკას ახასიათებს ძირითად საშუალებებთან და სხვადასხვა დავალიანებებთან მიმართებაში.
ანალიზისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი სპეციფიკის სრულად გათვალისწინებას ორიგინალური და მრავალფაქტორული მიდგომების გამოყენებით. ხშირია შემთხვევები, როცა სუბიექტს არსებითი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, მაგრამ არაეფექტიანი ფინანსური პოლიტიკით ვერ ხერხდება ამ პოტენციალის საკადრისად გამოყენება. არის შემთხვევებიც, როცა სხვა გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა ვერ იძლევა სასურველ შედეგს ახალ პირობებში. ამდენად, ყოველივე აღნიშნულს ყოველთვის დასაბუთებული ეკონომიკური განხილვა უნდა უსწრებდეს და ექსპერიმენტი მცირე პირობებში უნდა ჩატარდეს და არა მთლიანად მაკროეკონომიკაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი მართლა საუკეთესო მაგალითია ბიზნესის თავისუფლებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისათვის და ეს დამაიმედებელ ფაქტორებს ქმნის ეკონომიკური აღმავლობისათვის სახელმწიფო სტრუქტურებში კადრების მაღალი პროფესიონალიზმისა და კერძო ბიზნესის მიუკერძოებელი პირობებისა და გონივრული დაგეგმვის შემთხვევაში. ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული სტრატეგიები და გეგმები საფუძველი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადებისას და არა თაროზე შესანახი ტვირთი, როგორც ეს ტენდენცია კარგა ხანია ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, ფაქტიურად საერთოდ შეწყდა ასეთი გეგმების მომზადების პრაქტიკა, რაც დაუყონებლივ უნდა გამოსწორდეს.
გამოყენებული წყაროები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. – www.parliament.ge
2. saqarTvelos kanoni “mewarmeTa Sesaxeb”. – www.parliament.ge
3. გერზმავა ო. ვასაძე ო. ვესტი დ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. - თბილისი, 2003.
4. RvedaSvიli n. jandacvis ekonomika da marTva. – თბილისი, 2005.
5. მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები. – თბილისი, 2000.
6. Stephen M. Shortell, Arnold D. Kaluzny, Health Care Management. – NY, 2000.
7. სუტირინი ს. პოგორლეცკი. გადასახადები და საგადასახადო დაგეგმვა მსოფლიო ეკონომიკაში. – სპბ, 1998 (რუსულ ენაზე).
8. ჯაყელი კ. დაზღვევისა და ჯანდაცვის ეკონომიკა. –თბ, ნიუ–იორკი, ჰანოვერი, 2009.
9. ნორმანდი ჩარლზ, ვებერი აქსელ, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა. – თბილისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
10. amyolaZe g, amyolaZe i, Cxenkeli m. sawarmoTa ekonomikis, samewarmeo saqmianobisa da marketingis ganmartebiTi leqsikoni. – Tb. 2006.
11. ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. – თბილისი, ქვაშვეთში მოღვაწე მამა ღვთისოს კურთხევით, 2005.
12. ლორთიფანიძე რევაზ, ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები). – თბილისი, გეომედი, 2011.
13. ლორთქიფანიძე რევაზ, თბილისის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების კომპლექსური განვითარებისა და ონკოდაავადებათა მინიმიზების სტრატეგია. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 18 დეკემბერი.
14. ლორთქიფანიძე რევაზ, დასაქმების, მენეჯერული ფინანსების, მცირე ბიზნესის ეფექტიანობისა და ცხოვრების დონის ამაღლების საკითხები. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 18 დეკემბერი.
15. ლორთქიფანიძე რევაზ, ღირებულების კანონზომიერებები. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 12 დეკემბერი.
16. ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური პრიორიტეტები: დასავლეთი და აზიური ფენომენები. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 19 სექტემბერი.
17. ლორთქიფანიძე რევაზ, ახალი ეკონომიკური სისტემის აუცილებლობა მსოფლიო კრიზისის პირობებში. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2011, 6 სექტემბერი.
|