გარდამავალ ასაკში (13–17 წელი ბიჭებისთვის; 12–16 წელი გოგონებისთვის) მთელი რიგი ცვლილებები ხდება მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების თვალსაზრისით. მოზარდის მიერ მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების, სქესობრივი მომწოფების გაცნობიერებას მოჰყვება საკუთარი თავის უკვე მოწიფულ ადამიანად წარმოდგენა. მოწიფულობის გაცნობიერება, მოზარდის მიერ, გამოიხატება იმაში, რომ იგი ახალი ცხოვრებისეული პოზიციის დაკავებას ცდილობს. მას აღარ აკმაყოფილებს ის დამოკიდებულებები, რომლებიც მის მიმართ აქვთ უფროსებს. ისინი მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა უფროსი ადამიანებისაგან თავიანთი მოწიფულობის აღიარებას ითხოვენ. იმის გამო, რომ მშობლებს ძალიან უჭირთ შეცვალონ მოზარდებთან დამოკიდებულების სტილი, მათ ისინი ჯერ კიდევ ბავშვებად მიაჩნიათ, მოზარდები უარს ამბობებ ძველებურად მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე მშობლებთან და თავს თანატოლთა წრეს აფარებენ. შვილებს მაგნიტივით იზიდავთ ქუჩა და თანატოლები, რადგან ამ საზოგადოებაში არავინ ითხოვს მათგან მორჩილებას და დაკმაყოფილებულია მათი მთავარი მოთხოვნა, თანასწორად აღიარების შესახებ. მოზარდი საკუთარ თავს თვლის პიროვნებად და ამის გამო მოითხოვს, რომ მას ისეთივე უფლებები ჰქონდეს, როგორც უფროსებს. როდესაც მშობლების მხირიდან, ამ საკითხზე, უხეშ წინააღმდგობას აწყდება, ცდილობს პროტესტი გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. გამოცდილება იმისა,რომ მშობლები ხშირად უარყოფენ გაიზიარონ მათი შეხედულებები, მოზარდს აიძულებს საერთოდ უარი თქვას მათთან კომუნიკაციაზე და დამოუკიდებლად განახორციელოს საკუთარი სურვილები. უფროსები ხვდებან, რომ შვილთან ურთიერთობის ძველი ფორმები შესაცვლელია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უჭირთ მათთვის მეტი ავტონომიის მიცემა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ხშირად არის სიფრთხილე და ზრუნვა შვილებზე, თუმცა აკრძალვას, არც თუ იშვიათად, უარესი შედეგები მოაქვს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარემოება იმის შესახებ, რომ მშობლები უარს ამბობენ აღიარონ თავიანთი შვილის მოწიფულობა არის ისიც, რომ ამ ფაქტით ისინი განიცდიან საკუთარი სიბერის ნიშნების მოახლოებას. მათ სურთ შეინარჩუნონ ჰარმონიული მდგომარეობა, როდესაც ისინი ახალგაზრდები, მათი შვილები კი მცირეწლოვნები იყვნენ. თუ უფროსი მოზარდში ვერ შეამჩნევს "უფროსს" და მას ძველებურად უყურებს, როგორც ბავშვს , არ შეცვლის მასთან ურთიერთობის მბრძანებლურ ფორმებს, იგი კონფლიქტებს თავს ვერ დააღწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უფროსებსა და მოზარდებს შორის ახალ ურთიერთობაზე გადასვლის ინიციატივა უფროსებისაგან უნდა მოდიოდეს, რადგან მათ გაცილებით მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დადის ყველა პრობლემა მინიმუმამდე.
მეტად საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ მშობლებზე ოცნებობენ მოზარდები. პირველ რიგში, ისინი მშობლებისაგან მხარდაჭერას ითხოვენ. მათ სურთ , რომ მშობლები იჩენდნენ ყურადღებას, მზრუნველობას და უწევდნენ მხარდაჭერას. მხარდაჭერა ბადებს ნდობის ატმოსფეროს და ასეთი ურთეირთობისას მოზარდს მაღალი თვითშეფასება უვითარდება. მოზარდების დიდი სურვილია ისიც, რომ მშობლებს მათ მიმართ ჰქონდეთ ემპათია,ე.ი. მშობლებს უნდა შეეძლოთ თავიანთი თავის წარმოდგენა მოზარდების ადგილზე, მათი აზრების და გრძნობების გაზიარება. ზოგიერთი მშობელი, სამწუხაროდ, ძალიან გულგრილია მოზარდის განცდებისა და ემოციების მიმართ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ასევე ძალიან ინდიფერენტულნი იქნებიან მომავალში სხვისი აზრებისა და გრძნობების მიმართ. მოზარდების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, აგრეთვე მოწონება და აღიარება. მათ უნდათ, რომ მშობლებმა ისინი მიიღონ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ისე, როგორიც ისინი არიან. ხშირად, მშობელს უნდა , რომ მისი შვილი იყოს ყოველმხრივ სრულყოფილი. ასეთი მშობლები მუდმივად უკმაყოფილონი არიან თავიანთი შვილების საქციელით, მუდმივად აკრიტიკებენ მათ, რაც საბოლოოდ, ბავშვში ავითარებს დაბალი თვითეფექტურობის განცდას და სიმორცხვეს საკუთარი ინიციატივების გამომჟღავნებაში. თითქმის ყველა მოზარდის მოთხოვნაა, რომ მშობლებს ჰქონდეთ იუმორის გარძნობა. მოზარდებს უნდათ, რომ ოჯახებში სუფევდეს დადებითი ფსიქოლოგიური მიკროკლმატი. მათ აწუხებთ კონფლიქტები მშობლებს შორის, ოჯახს წევრთა გათიშულობა, იშვიათი მოალერსება მშობლების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავში ჩაკეტილნი ხდებიან და უჭირთ დადებითი ემოციების გამომჟღავნება სხვებთან ურთიერთობაშიც.
მკვლევრები თვლიან , რომ ნორმალური აღზრდის პირობებში მშობელმა იმ დოზით უნდა მისცეს შვილს თავისუფლება, რომ მათ გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალური მოთხოვნილებები და გრძნობები, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ და პასუხიც თვითონ აგონ მათზე. თავისუფლების მინიჭების საკითხში ამგვარი ზღვარის დაცვა ხშირად უჭირთ მშობლებს. არიან მშობლები, რომელთაც არასწორად ესმით ეს საკითხი და მოზარდებს სრულ თავისუფლებას აძლევენ. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენა კი ზრდის მოზარდებში მაღალი ნარკოტიკების მოხმარებისა და ანტისოციალური ქცევების რისკს.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო გზა გარდამავალი ასაკის პრობლემების დასაძლევად არის მშობლების მიერ მოზარდების ჩართვა ოჯახურ ცხოვრებაში, მისი აზრის გათვალისწინება, დამოუკიდებლობის მიცემა, საუფროსი საქმეების ნდობა და თანაცხოვრების თანაბარი პირობების შექმნა. |