Education.ge -ს მომხმარებელს ემახსოვრება, რომ პორტალის მთავარი გვერდის მთავარ თემად და სადისკუსიო საკითხებად გამოტანილი იყო სამი საკვანძო პრობლემა: რას ვასწავლით, როგორ ვასწავლით, ვინ ასწავლის? პრობლემაში - ”როგორ ვასწავლით” მოიაზრებოდა არა მხოლოდ ინოვაციური მიდგომები ან სწავლების მეთოდიკა, თანამედროვე,მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიები, (რომელთა შესახებ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა სხვა და სხვა ხასიათის პუბლიკაციები), არამედ ერთმანეთში ორგანულად გადაჯაჭვული საკითხების საკმაოდ ვრცელი კომპლექსი. ვფიქრობთ, რომ მათ რიცხვში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ერთ-ერთი, რომლის ფორმულირებას განძრახ მივეცით ირონიული ელფერი: ”როგორ ვასწავლით - მოსწავლეს (ან სტუდენტს), რომელიც სისტემატურად აცდენს მეცადინეობას - გაკვეთილსა თუ ლექციას? აგრეთვე ირონიულად შეიძლება გვიპასუხონ: ”დისტანციურად! ბატონო! და ვაჩვევთ დამოუკიდებელ მუშაობას სასწავლო მასალასთან.”
მაგრამ სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით თუ შევაფასებთ საკითხს მოგვიწევს იმის აღიარება, რომ პრობლემამ საკმაოდ საგანგაშო ტენდენციის ხასიათი მიიღო და არა მხოლოდ სკოლაში... გულწრფელები უნდა ვიყოთ იმაშიც, რომ ეს პრობლემა მთლად ახალიც არ არის, მან არ იფეთქა ერთ დღეში და მავნე ტენდენციის სახეს ის გარკვეული დროის განმავლობაში ღებულობდა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ხშირად გვჩვევია, ზოგი გაურბის ამგვარ საკითხებს მათი გადაწყვეტის სირთულის გამო (ან არ სურს თავის ზედმეტად შეწუხება), ზოგი კი პრობლემის არსებობის აღიარებას ”მუნდირის ღირსების შელახვის” საფრთხეთ აფასებს და ამის გამო სრულიად უარყოფს მისი არსებობის ფაქტს. ორივე მიდგომა მცდარი და არა პროდუქტიულია.
ცხოვრება მუდმივად გვასწავლის, რომ ყოველთვის სჯობია მომხდარს გაუსწორო თვალი, გაარკვიო გამომწვევი მიზეზები და მიიღო ეფექტური ზომები, ვიდრე ეძებო ვის გადააბრალო ყველაფერი ან უმოქმედოთ ელოდო ”როდის გადაბრუნდება ურემი.” ამიტომ, მოდით სხვა კუთხით მიუდგეთ საქმეს: ყველამ ხომ ვიცით, რომ გაკვეთილების ხშირი და უმიზეზო გაცდენის პრაქტიკა სასწავლო დაწესებულებებში უკვე საკმაო ხანია რეალურად არსებობს, ისიც ცხადია თუ რა ზიანს აყენებს ის სასწავლო - აღმზრდელობით პროცესს. და, თუ ვიცით, პირველ რიგში, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ასეთ არა სასურველ მოვლენას ნამდვილად აქვს ადგილი, ხმამაღლა ვთქვათ იმის თაობაზეც: სად, როდის, რატომ და რამ წარმოქმნა მისი სათავე. პრობლემის გადასაწყვეტად ნუ დავადგებით დირექტივების გაცემისა და მუქარის ან დაშინების გზას, ხომ ვიცით, რომ დირექტივები მხოლოდ უსარგებლო ქაღალდების კორიანტელს წარმოშობენ, ხოლო მასწავლებელთა თუ მოსწავლეთა დაშინება ხანმოკლე, მოჩვენებითი ეფექტის შემქმნელია, პრობლემა კი ფერს იცვლის, ფარულ სახეს მიიღებს და უფრო მძლავრად იფეთქებს მოკლე ხანში.
აგრეთვე ღრმათ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ მოვლენის მხოლოდ მასწავლებელზე გადაბრალება მცდარი გზაა, როგორც იმაში, რომ მისი გადაწყვეტა ისევ მასწავლებელს უნდა ავკიდოთ ზურგზე. მას ( შრომასთან და ამაგთან შეფარდებით სიმბოლური ხელფასის მიუხედავად) ისედაც უკვე უამრავი მოვალეობა-დავალებები აკისრია, უფლებები კი ნაკლებად გააჩნია. და ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში, სწავლა-განათლების საკითხებში მშობლები მასწავლებელზე ბევრად მეტად ვცოდავთ, როდესაც შვილების მიმართ ვითომდა ”კეთილი” სურვილებით თუ გადაჭარბებული, ბრმა სიყვარულით, ნებითა თუ უნებლივ ხელს უწყობთ მანკიერ გამოვლენებსაც კი. ხოლო საზოგადოება, თავის მხრივ, სცოდავს იმაში, რომ თვალს ხუჭავს ყველაფერ ამგვარზე და ხმას აიმაღლებს ხშირად მხოლოდ მაშინ, როდესაც ვითარება გაუსაძლისი ხდება.
საყვედურების ნაცვლად მოდით მოუსმინოთ მასწავლებელს, მოსწავლესაც და არა დაშინების, არამედ გულღია საუბარში. ღრმად და საფუძვლიანად, რეალურად და არა რომელიმე ჩინოსანის გულის მოსაგებად გამოვიკვლიო მოვლენის გამომწვევი მიზეზები(ხშირად ხომ სრულ უაზრობაზე გვიხარჯია დიდი სახსრები) და ობიექტური შეფასების საფუძველზე დაყრდნობით,მუდმივი სამართლიანი დაკვირვებით ( უფრო უპრიანი იქნებოდა ალბათ დამეწერა - მონიტორინგით) ვანხორციელოთ შედეგის მომტანი და არა მოჩვენებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ ვიცით, რომ საკუთარი თავის მოტყუება სიკეთეს არ მოგვიტანს.
როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა რეგიონებში - ამის გასარკვევად გავეცანით გაზეთ ” სამხრეთის კარიბჭე”- ს პუბლიკაციას ”გაკვეთილებზე დასწრება გამკაცრდა” და თქვენც გირჩევდით წაიკითხოთ ეს სტატია და გამოხატოთ აზრი და დამოკიდებულება პრობლემისადმი, სანამ ურემი მართლაც არ გადაბრუნდა. |