დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
ილია ჭავჭავაძე
განათლება: education - ინგლისურად, образование - რუსულად, éducation - ფრანგულად, Ausbildung - გერმანულად, educazione - იტალიურად, educación - ესპანურად, 教育 - ჩინურად, öğrenim - თურქულად, آموزش و پرورش - სპარსულად... იწერება და ჟღერს სხვა და სხვანაირად, ხოლო არსი და დანიშნულება - ერთი აქვს, მიზნები და ამოცანები კი - შეიძლება განსხვავდებოდეს. განათლება - პროცესია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება თაობიდან თაობაში გადასცემს თავის კულტურულ მემკვიდრეობას - დაგროვებულ ღირებულებებს, ცოდნასა და უნარ - ჩვევებს. "მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება." (იაკობ გოგებაშვილი) საუკუნეების განმავლობაში და დღესაც მიმდინარეობს დისკუსია განათლების შესახებ - რას და როგორ უნდა ვასწავლიდეთ ადამიანებს: ყველას მიეცეს თანაბარი განათლება, თუ ვამზადოთ ინტელექტუალური ელიტა, ხოლო სხვებმა მიიღონ - აუცილებელი მინიმუმი? რაზე გამახვილდეს ყურადღება: პრაქტიკულ , სასარგებლო ცოდნასა და უნარ - ჩვევებზე თუ პიროვნების ზოგად, საერთო განვითარებაზე? უნდა იყოს სპეციალიზირებული თუ უნივერსალური? განათლების მიღების უფლება დღეს დადასტურებულია ეროვნული და საერთაშორისო აქტებით - ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, გაეროს მიერ მიღებული საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების თაობაზე.მიჩნეულია, რომ განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.ის უნდა შედგებოდეს: წერისა და კითხვის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლების სწავლებისგან - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში; სპეციალური ტექნიკური დისციპლინებისა და პროფესიული უნარ - ჩვევების - პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში; სპეციალობების შესწავლისგან - უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. აგრეთვე არსებობს სასწავლო კურსების, ტრენინგების პრინციპზე აგებული არაფორმალური განათლება და თვითგანათლებით მიღებული ცოდნა, რომელსაც ადამიანი ეუფლება სპეციალური ლიტერატურის, ინტერნეტისა თუ პირადი გამოცდილების მეშვეობით. როგორც ბრძანა დიდმა ილიამ -”არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოსვლა”.განათლება შეხამებულად უნდა შეიცავდეს უნივერსალობასა და სპეციალიზაციას.მის უნივერსალობას ითხოვს სამყაროს ბუნების ერთიანობა, რომლის ნაწილია გონიერი ადამიანი, ხოლო სპეციალიზაციის აუცილებლობას ჰკარნახობს ცხოვრების პირობებისა და ინდივიდის შესაძლებლობების მრავალფეროვნობა.
დაწყებითი განათლება. UNESCO მოწადინებულია, რომ 2015 წლისთვის უმეტეს ქვეყნებში შემოღებულ იქნას საყოველთაო დაწყებითი განათლება.დღეს მსოფლიოში დაწყებით განათლებას ღებულობს ბავშვების 70 % .სხვა და სხვა ქვეყნებში ის იწყება ხუთი - შვიდი წლის ასაკიდან და მისი ხანგრძლიობა შვიდ წლამდეა.დაწყებითი განათლების დასრულების ასაკი განსხვავებულია,მაგრამ ძირითადად მერყეობს 11- დან - 12 წლის ასაკამდე. ზოგ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების სასწავლო დაწესებულებები განცალკევებულია.
საშუალო განათლება XX საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში საშუალო განათლება საყოველთაო და სავალდებულოა.უმეტეს შემთხვევაში ზოგადი საშუალო განათლების დასრულების ასაკს უკავშირებენ სრულწლოვანების ასაკის დადგომას.საშუალო განათლების დამთავრების შემდეგ განათლება სრულდება ან გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში ან პროფესიულ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში,რომლებშიც სწავლა არ არის სავალდებულო.
პროფესიული განათლება მსოფლიოს ყველა განვითარებულ და უმეტეს განვითარებად ქვეყნებს გააჩნიათ განსხვავებული სახის პროფესიული განათლების სისტემა, რომელსაც ისინი მიიჩნევენ რიგი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებათ.ზოგიერთ ქვეყნებში იგი იწყება პროფესიულ სკოლებში ახალგაზრდობისთვის ზოგადი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემით და სრულდება სპეციალიზებულ ცენტრებში კვალიფიკაციის მინიჭებით. კურსდამთავრებულები ღებულობენ დიპლომს ან სხვა სახის სერტიფიკატს. უმუშევრობის დაძლევისა და სამუშაო ძალის მობილურობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ევროპის ქვეყნებში აგრეთვე მნიშვნელოვნად სთლიან ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, რომელიც ხორციელდება სასწავლო ცენტრების , კურსების ან ტრენინგების მეშვეობით და დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
უმაღლესი განათლება დაწყებითი და საშუალო განათლებისგან განსხვავებით უმაღლესი განათლება განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის საყოველთაო. მაგრამ წამყვან ქვეყნებში უმაღლეს განათლებას გადის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. ტრადიციულად უმაღლესი განათლება შესდგება ორი ეტაპიდან: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. უმაღლესი განათლების ძირითადი სასწავლო დაწესებულებებია - უნივერსიტეტი და კოლეჯი. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ღებულობს დიპლომს,ზოგ ქვეყანაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის გავლისა და დაცვის შემდეგ - სამეცნიერო ხარისხსა და წოდებას.
”განათლება - არის ის, რაც თქვენ დაგრჩებათ, როდესაც დაივიწყებთ ყველაფერს,რასაც სწავლობდით.” ( ბერრეს ფრედერიკ სკინერი -ამერიკელი ფსიქოლოგი და მწერალი)
|