კომპიუტერის დანიშნულებაა სხვადასხვა სახის ინფორმაციის სწრაფი და მოხერხებული დამუშავება. ინფორმაციის დამუშავება გულისხმობს მის მიწოდებას კომპიუტერისათვის, მეხსიერებაში შენახვას, გარდაქმნა-ანალიზს და გაცემას მომხმარებლისათვის სასურველი ფორმით. ყოველივე ეს თანამედროვე კომპიუტერებში შერწყმულია ისეთ თვისებებთან, როგორიცაა მცირე გაბარიტები, ეკონომიურობა, ურთიერთობის სიმარტივე და მოხერხებულობა. კომპიუტერით ინფორმაციის დამუშავების ამოცანათა გადაწყვეტას კომპიუტერულ ან ინფორმაციულ ტექნოლოგიას უწოდებენ. ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნიკაში, ეკონომიკაში, მართვაში, სწავლებაში, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ყოფა-ცხოვრებაში. |