გასულ კვირას ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ექსტერნატის გამოცდები ჩააბარეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდები დარღვევებით მიმდინარეობდა. გამოცდიდან გამოსული მოსწავლეები ამბობდნენ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ტესტის დაწერაში საგამოცდო კომისიის წევრები ეხმარებოდნენ. `ახალი გაზეთი~ შეეცადა აღნიშნული ფაქტი გადაემოწმებინა და ამ მიზნით მეშვიდე საჯარო სკოლას მივაკითხეთ, სადაც ექსტერნატის გამოცდები ტარდებოდა. სამწუხაროდ, ღიად ამ საკითხზე არავინ ისურვა საუბარი. თუმცა, პირად საუბრებში მოსწავლეები და მათი მშობლები იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგიერთმა ბავშვმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადალახა ბარიერი. გამოცდების დასრულების შემდეგ იმაზეც საუბრობდნენ, რომ `ვისაც პატრონი ჰყავდა~, საერთოდ, შემოხაზული ტესტები მიუტანეს და ისე ჩააბარებინეს გამოცდა. |