რამდენიმე თვეში თითოეული სტუდენტის უფლება თანაბრად იქნება დაცული. უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული არა მხოლოდ სახელმწიფო დიპლომს აიღებს, არამედ მათ მიერ საქართველოში მიღებულ უმაღლეს განათლებას უცხოეთშიც აღიარებენ. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე შემუშავებულია ახალი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს. პროექტის თანახმად, საქართველოში მოქმედი 200-მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას გაივლის, რის შემდეგაც, ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები გაიცემა.
ბოლონიის პროცესში ჩართული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საერთაშორისო დონეზე აღაირებაა. მსოფლიოს 46 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო უნივერისტეტდამთავრებული სტუდენტის დიპლომს ყველა ქვეყანაში აღაირებენ. თუმცა, ეს პრივილეგია მხოლოდ იმ სტუდენტებს აქვთ გარანტირებული, რომლებმაც აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრეს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ასეთი 70 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ, პარალელურად, 200-მდე ლიცენზირებული სასწავლებელი მოქმედებს, სადაც ბავშვები ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ირიცხებიან. ამიტომ, სტუდენტები არასრულფასოვან დიპლომებს იღებენ, - ამ დიპლომით მხოლოდ კერძო სექტორში შეუძლიათ დასქამდნენ, რადგან სახელმწიფო უწყებაში მუშაობის უფლება არა აქვთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, ასეთ ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ამჟამად 18 ათასამდე სტუდენტი ირიცხება. მათი ოჯახები სწავლის სოლიდურ საფასურსაც იხდიან, მაგრამ მათ დიპლომებს სახელმწიფო არ ცნობს, რითაც სტუდენტთა უფლებები ილახება.
თითოეული სტუდენტის უფლება რომ ზედმიწევნით იყოს დაცული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც ყველა ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციის გავლა მოუწევს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აკრედიტებული უმაღლესის მსგავსად მათაც მიეცემათ უფლება აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებით მიიღონ და, შესაბამისად, სახელმწიფო და საერთაშორისო დონის დიპლომი გასცენ. ამით არა მხოლოდ სტუდენტის ინტერესი იქნება დაცული, არამედ გაიზრდება თავად უმაღლესი სასწავლებლების პრესტიჟიც.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიცენზირებული სასწავლებლების მხრიდან ავტორიზაციის გავლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება და უმაღლეს სასწავლებლებს განვითარების საშუალება მიეცემათ. ამასთან, საშუალება ექნებათ აკრედიტაციის მოპოვებაზეც იმუშავონ, რათა სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღონ.
იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებული სასწავლებლები ავტორიზაციას ვერ გაივლიან, სამინისიტრო მათ საშუალებას აძლევს, სასწავლო ბაზაზე ორწლიანი ,,Community College’’ ანუ სათემო კოლეჯები დაარსონ. ასეთი კოლეჯები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს. სათემო კოლეჯების ერთ-ერთი უპირატესობაა, ორი წლის მანძილზე ის მოსწავლეები მოამზადოს, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს ან ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარეს. კოლეჯი მათ საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ, ამასთან, ეროვნული და სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისთვის მოემზადონ.
ლიცენზირებული უმაღლეს სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე მზადაა და ექსპერტებთან ერთად ამჟამად მისი დახვეწა მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონპროექტს სულ მალე საქართველოს მთავრობას წარუდგენს, საგაზაფხულო სესიებზე კი მას პარლამენტი განიხილავს.
სალომე კილასონია, გაზეთი 24 საათი
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |