ამერიკის შეერთებული შტატების ”ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით მოხმარების ცენტრის” და “Microsoft” - ის სპეციალისტების სერიოზული შეფიქრიანება გამოიწვია მოზარდებისა და ახალგაზრდობის მხრიდან, ეგრეთ წოდებული, ”Online სოციალური საიტებისადმი” გადამეტებულმა ინტერესმა, მოხმარებით გატაცებამ და, ხშირად, უპასუხისმგებლო სარგებლობამ. ასეთი საიტების რიცხვს მიეკუთვნებიან:
http://www.odnoklassniki.ru
http://www.vkontakte.ru
http://www.myspace.com
http://www.xanga.com
http://www.facebook.com
http://www.livejournal.com და სხვა ამგვარი.
ამ საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, მათზე ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. ”მეგობართა” წრეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებულ ფორმებში, პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით. სხვა სიკეთეები და პრობლემები, რომლებიც თან ერთვიან ასეთი საიტებით სარგებლობას: მოზარდთა და ზრდასრულთა უმეტესობა პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ეკიდება ამგვარ გაერთიანებებში ურთიერთობებს. საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული კავშირების დამყარების კარგ საშუალებას. მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნებასა და კარიერულ ზრდას.
მაგრამ ჩამოთვლილი საიტებით სარგებლობასა და მათზე ურთიერთობების დამყარებას თან მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც:
- საიტები იზიდავენ უამრავ მოზარდს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს;
- მშობელთა დიდი ნაწილი, როგორც წესია, არ არის საქმის კურსში და არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ათავსებენ მათი შვილები საიტებზე;
- სწორედ იქ, სადაც გულუბრყვილო მოზარდები აკეთებენ არასწორ არჩევანს და გულახდილად გამოხატავენ პირადულ განცდებსა თუ შეგრძნებებს, თავს იყრიან საფრთხის მომტანი ზრდასრულები, ზოგჯერ ”სექსუალური მტაცებლებიც” კი.
დაუფიქრებლად მოზარდები ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც წარმოშობენ არასასურველ შედეგებს:
- პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება, ინფორმაციას ეცნობა და ის შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ კეთილმა, არამედ ცუდმა ადამიანმაც;
- განუსაზღვრელი გატაცება, ქსელში ყოფნისათვის მთელი თავისი დროს დახარჯვა იწვევს იმას, რომ მოზარდები და ახალგაზრდები უარს ამბობენ ამ ასაკისათვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაზე და გართობაზე, რითაც ხელოვნურად ზღუდავენ საკუთარ განვითარებას;
- არის შემთხვევები, როდესაც დივიანტური ქცევისა ან მიდრეკილების მქონე ახალგაზრდები ამყარებენ კავშირებს თავისნაირ არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ ზრდასრულებთანაც, აყალიბებენ სახიფათო გაერთიანებებს და მათში ითრევენ სხვებსაც. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ დივიანტური ქცევა - წარმოადენს ნორმას, ამან კი გაერთიანების ცალკეული წევრი ან ჯგუფი შეიძლება მიიყვანოს მავნე, სახიფათო ქცევამდე;
- სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალების გამოქვეყნებისა და მასობრივი დაგზავნის შემთხვევები;
- არანაკლები ხიფათისმომცველია სარისკო სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადაც გულუბრყვილო მოზარდები შეიძლება იქცნენ ”სექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან ”სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად.
რა მოიმოქმედონ და როგორ უნდა მოიქცნენ შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებისათვის მშობლები და სკოლები? დაკვირვება გვარწმუნებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მშობლებს არ აქვს წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რით არის დაკავებული დღე და ღამე კომპიუტერთან მიმჯდარი მათი შვილი, სასწავლო დაწესებულებებში კი ყოველთვის სათანადოდ არ აკონტროლებენ იმას, რას საქმიანობს და რომელ ქსელებში შედის ინტერნეტით მოსარგებლე მოსწავლე ინფორმატიკის გაკვეთილზე. ამასთან დაკავშირებით, ზემოთ ნახსენები ცენტრის სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას: - სკოლებში შეიზღუდოს განათლებასთან კავშირის არ მქონე ყველა სახის გართობითი საქმიანობა ინტერნეტში, მათ შორის გაკონტროლდეს ამ სახის კომერციულ სოციალურ ქსელებში მოსწავლეთა მხრიდან შეღწევის ყველა მცდელობა. სასწავლო დაწესებულებებმა უნდა მოახდინონ მათი ბლოკირება. შეიძლება ეს არც თუ ისე მარტივი იყოს, ვინაიდან დღეისათვის, მათ შორის ინტერნეტშიც განთავსებულია ბლოკირებების გვერდის ავლის არა ერთი პროგრამა;
- სკოლები უნდა ინტერესდებოდნენ თავისი აღსაზრდელების ამგვარი ქმედებით სკოლის კედლებს გარეთაც, იმიტომ, რომ ამ ქსელებში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ყოფნა ნეგატივურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლასა და ქცევაზე. გარდა ამისა ისინი შეიძლება ათავსებდნენ სხვა მოსწავლეების შეურაწმყოფელ, დაშინებისა და მუქარების შემცველ მასალებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის დაპირისპირებასა და აგრესიას. ზოგმა მოწოდებამ შესაძლოა უბიძგოს ნარკოტიკების მოხმარებისაკენ ან ძალადობის კულტის ჯგუფებსა და ბანდებში გაერთიანებისაკენ. ამგვარი მოვლენების თავიდან ასაცილებლად სკოლები გასაგები ენით უნდა განუმარტავდნენ მოსწავლეებს ინტერნეტით სარგებლობის სიკეთეს, უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობას, იმავდროულად კომერციული სოციალური ქსელებით სარგებლობის საფრთხეებს. ყველაზე მეტად კი ამ საქმეში უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მშობლები, ვინაიდან ახალგაზრდები უმეტესწილად სახლის კომპიუტერიდან ახორციელებენ სახიფათო ან არასასურველ, მათ შორის პორნოგრაფიულ საიტებზე შესვლას. მოდით გულახდილები ვიყოთ, მშობელთა უმეტესობა წუხდება პრობლემების გამო, როდესაც ”ურემი გადაბრუნდება” და არავითარ ზრუნვას არ იჩენს თავისი შვილის ინტერნეტით სარგებლობის საწყის ეტაპზე, უდარდელად უყურებს ბავშვის ასაკისათვის გაუმართლებელ ქსელებში გაუთავებელ ძრომიალს. სპეციალისტების აზრით, მშობელთა მხრიდან მხოლოდ აკრძალვა ან მუქარა არ იძლევა სასურველ შედეგს. მშობლები უნდა ეხმარებოდნენ შვილებს, რათა ისინი ღებულობდნენ საჭირო, მართალ ინფორმაციას ინტერნეტის სხვადასხვა ქსელებში კონტაქტებისა და ურთიერთობების დამყარების თაობაზე, ხელი შეუწყონ უსაფრთხო არჩევნისათვის მოტივაციის ჩამოყალიბებას.
“Microsoft”-ის (How to help your kids use social Web sites more safely) დაყრდნობით ურჩევთ მშობლებს:
- შვილის მიერ ინტერნეტით სარგებლობის დაწყებისთანავე დააწესეთ თქვენთვის და მისთვის მისაღები ინტერნეტის (მათ შორის სოციალური ქსელების) მოხმარების წესები, დაადგინეთ web-კვანძებით სარგებლობის ასაკობრივი შეზღუდვა.
- თვითონ შეისწავლეთ ის ქსელები, რომელთა სარგებლობასაც აპირებს თქვენი შვილი, ყურადღებით გაეცანით საიტების მიერ დადგენილ კონფიდენციალობის დებულებებსა და ქცევის წესებს. პერიოდულად გადახედეთ თქვენი შვილის გვერდს;
- აუკრძალეთ არა ვირტუალური, არამედ რეალური შეხვედრები პირებთან, რომლებთანაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ ქსელში, დაარწმუნეთ, რომ ურთიერთობები იქონიონ მათთან, ვისაც პირადად იცნობენ და რომელთა შესახებ თქვენც გაგაჩნიათ ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები მოსალოდნელი ხიფათისაგან თუ დაარწმუნებთ მათ, რომ web-კვანძები გამოიყენონ არა უცნობ ადამიანებთან, არამედ საკუთარ მეგობრებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ აკრძალვამ შედეგი შეიძლება არ გამოიღოს, ვინაიდან ბავშვმა ნაცნობად შესაძლოა ჩათვალოს ის ადამიანიც, რომელიც გაიცნო ქსელში;
- დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები არ იყენებენ სრულ სახელებს. ურჩიეთ გამოიყენონ ფსევდონიმები ან შემოკლებული სახელები, რომლებიც არ იპყრობენ ზედმეტ ყურადღებას, აგრეთვე ურჩიეთ, რომ ურთიერთობებში ნუ იყენებენ მეგობრების სრულ სახელებს;
- გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ ბავშვი აქვეყნებს სრულ პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი პიროვნების დასადგენად;
- შეგიძლიათ ისარგებლოთ პაროლის სახის დაცვის საშუალებებით, რომლებსაც იძლევიან ზოგიერთი web-კვანძები, ამით თქვენ განსაზღვრავთ და შეზღუდავთ პირთა წრეს, რომელთაც მიეცემა თქვენი შვილების შესახებ ინფორმაციის მოპოვების უფლება;
- აუხსენით ბავშვს, რომ არ არის მაინც და მაინც საჭირო საკუთარი და მეგობრების ისეთი ფოტოსურათების გამოქვეყნება, რომლებიც იძლევიან მათი პიროვნების, მისამართის და სხვა პირადი ხასიათის ინფორმაციის მიღების საშუალებას;
- გააფრთხილეთ ბავშვები, რომ არ არის სასურველი დღიურების ან ლექსების სახით უცნობ ადამიანებს გაუმხილონ პირადი გრძნობები ან განცდები. განუმარტეთ, რომ ასეთი ჩანაწერებით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი და რომ „ინტერნეტ-მტაცებლები” განსაკუთრებულად ნადირობენ ემოციურად დაუცველ ადამიანებზე;
- ბავშვებთან ერთად სისტემატურად უნდა იხილავდეთ web-კვანძებით სარგებლობის გამოცდილებას, ეცადეთ, რომ ისინი გულწრფელად გიყვებოდნენ იმის თაობაზე, თუ რასთან ჰქონდათ შეხება, რამ შეაშინა ან გამოიწვია მათში დისკომფორტი. იყავით თავშეკავებულნი და მიაღწიეთ იმას, რომ მათ შეუზღუდავად შეუძლიათ გიყვებოდნენ თუ რასთან ჰქონდათ შეხება.
იმ შემთხვევაში, თუ შვილი უარს აცხადებს უსაფრთხო სარგებლობის ერთობლივად დადგენილ წესებზე, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მისი web-გვერდის ამოღება, ამისათვის უნდა მიმართოთ სოციალური ქსელის web-კვანძის ადმინისტრაციას. How to help your kids use social Web sites more safely სრული ვერსია წაიკითხეთ http://www.microsoft.com/protect/parents/social/kidssocial.aspx
შეისწავლეთ და გამოიყენეთ ინტერნეტის ფილტრაციის ტექნოლოგია (მაგალითად Windows Live Family Safety ან MSN Premium Parental Controls). ჩვენი მხრიდან “Microsoft”-ის გარდა გვინდა გირჩიოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული, მოხმარებისათვის საკმაოდ მარტივი უფასო პროგრამა OnlineFamily.Norton, მისი მისამართია: https://onlinefamily.norton.com
გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ, რომ ვერც ერთი პროგრამა ვერ შეცვლის მშობლის უშუალო ზედამხედველობასა და ზრუნვას.
ჩვენ არა ვართ აკრძალვის მომხრეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს ყველას. |