ამ თემაზე პერიოდულად ქვეყნდება ”ძალიან ჭკვიანი” სტატიები, რომლებსაც სტუდენტები იშვიათად კითხულობენ და თუ კითხულობენ არ ახდენენ არავითარ რეაგირებას. ეს არც არის გასაკვირი იმიტომ, რომ ამ პუბლიკაციების ავტორი ”უფროსი ბიძიები” ბოლომდე გულწრფელად არ ასახავენ დღევანდელი სტუდენტობის პრობლემებს ან, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი სტუდენტობის გამოსახედიდან, ანუ უკვე არა რეალურად, გამოხატავენ მათ. შეიძლება იკითხოთ, აბა ვისთვისაა ყველაზე კარგად ცნობილი მნიშვნელოვანი თუ მცირე, ყოველდღიური, ყოფითი თუ მომავალთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები, რომლებიც რეალურად აწუხებენ თანამედროვე სტუდენტობას? დარწმუნებულები ვართ - ყველაზე უკეთ მათ შესახებ თვით სტუდენტებმა უნდა იცოდნენ. სტუდენტობა - ეს არა მხოლოდ ასაკობრივი, არამედ - საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოციალური ჯგუფია, რომელშიც მუდმივად დუღს, ”თუხთუხებს” უამრავი არა სტანდარტული, არა ტრაფარეტული, ინოვაციური იდეები და რომელსაც ყოველთვის გააჩნია საკუთარი, პროგრესული, თანამედროვე ხედვა. ამიტომ მოგვმართავთ თქვენ - სტუდენტებო, თქვენი აზრი საკუთარი პრობლემების თაობაზე ძალზე მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი უნდა იყოს: მოსაწონია, თუ არ არა დღევანდელი სტუდენტური ცხოვრება? კმაყოფილი ხართ სწავლის არსებული ორგანიზაციით? რას, როგორ და ვინ გასწავლიან და პასუხობს თუ არა ეს თქვენ მოთხოვნებს, რამდენად შეესატყვისება სპეციალობის დაუფლებას, საკმარისია იმისათვის, რათა სწავლის დამთავრების შემდეგ მოძებნოთ სამსახური და გახდეთ წარმატებულნი?ფულის მუდმივ დეფიციტთან ერთად რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფიქრალსა და საზრუნავს თქვენ ყოველდღიურ ყოფაში? როგორ ხედავთ ამ და სხვა საკითხებს პირადად თქვენ? როგორი გსურთ, რომ იყოს უმაღლესი სასწავლებელი - რას, როგორ და ვინ გსურთ, რომ გასწავლიდნენ? როგორი უნდა იყოს თქვენი ხედვით სტუდენტური ცხოვრება სასწავლებელში და მის კედლებს გარეთ?...ვიცით, რომ გაწუხებთ ყველაფერი, რაც მოვიხსენიეთ და გაგაჩნიათ საკუთარი ხედვა, დამოკიდებულება, შეფასება. მეგობრებისა და თანაკურსელების წრეში ხშირად გითქვიათ: აი მე, რომ ვყოფილიყავი... მე ასე გადავწყვეტდი ამ პრობლემას, ამნაირად მოვახდენდი ორგანიზებას, სტუდენტებს მივცემდი უფლებას თვითონ მოუარონ ამ საკითხებს, ასე შეუწყობდი ხელს სტუდენტური ცხოვრების გამოცოცხლებას,ამ სახით მიღებული ზომებით სტუდენტებს დავეხმარებოდი ყოფითი პრობლემების გადაწყვეტაში.
თქვენ იმყოფებით სტუდენტურ გვერდზე, ეს მხოლოდ თქვენი სივრცეა. ამ გვერდზე რეალურად გეძლევათ იმის საშუალება, რომ გამოხატოთ მოსაზრება იმის მიმართ, რასაც აქტუალურად და პრობლემატურად თვლით. მოსაზრებებთან ერთად გამოაქვეყნეთ თქვენი ხედვა და წინადადებები მოუწესრიგებელ და გადაუდებელად გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, რათა თქვენ თვითონვე (თუ ისურვებთ და დაგვავალებთ, შემოგიერთდებით ) დასვათ ეს საკითხები სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ან განათლების მესვეურთა წინაშე.
ტექსტის შელამაზებისათვის, არ ვიხმარეთ სიტყვები - ”თუ ისურვებთ და დაგვავალებთ”. გულწრფელად გპირდებით, რომ არ ჩავერევით და არა ნაირად არ შეგიშლით ხელს ამ გვერდზე საქმიანობაში. ვიცით, რომ გაგაჩნიათ არა ერთი, მათ შორის ალტერნატიული სტუდენტური გაერთიანება, თუ გსურთ მათი მეშვეობით და თუ გნებავთ სრულიად დამოუკიდებლად, თავისუფლად, თანატოლებთან ერთად იმსჯელეთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ. იკამათეთ, მიდით დასკვნამდე, მიიღეთ გადაწყვეტილებები. ჩვენ გამოვჩნდებით და დაგიდგებით გვერდში მხოლოდ თქვენ თუ მოგვიხმობთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ შემოთავაზებული შესაძლებლობები თვითოეული თქვენთაგანის ნაფიქრალის დამოუკიდებლად გამოხატვისა და პრობლემების თქვენ სასიკეთოთ გადაწყვეტისათვის და ამ მიზნით საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად.
არ მოგერიდოთ, იაქტიურეთ, ეს - საკუთრივ თქვენი გვერდია. |