09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის 1520 საჯარო და კერძო სკოლაში მოსწავლეები ერთდროულად დაიწყებენ ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას.
კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი კომპიუტერული პროგრამისა და ალგორითმის მეშვეობით ჩატარდება. მოსწავლეები ინტერნეტთან მიერთებულ იდენტურ ნეთბუქებთან იმუშავებენ.
გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.
გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:
23 მაისი ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა როგორც მეორე ენა
24 მაისი უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული ენა)
25 მაისი ისტორია
27 მაისი გეოგრაფია
28 მაისი ფიზიკა
30 მაისი ქიმია
31 მაისი ბიოლოგია
1 ივნისი მათემატიკა
- მოსწავლეები, რომლებიც რწმენისა და აღმსარებლობის გამო ვერ შეძლებენ 28 მაისს გამოცდაზე გამოცხადებას, ფიზიკის გამოცდას 29 მაისს ჩააბარებენ.
- მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.
- მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან GHSEP/FLEX–ის პროგრამებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.
ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო მოსაწვევი, სადაც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. მეთორმეტეკლასელები გაეცნენ გამოცდაზე ქცევის ინსტრუქციას. მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ.:ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.
საგამოცდო ოთახებში იმუშავებს ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი 3345 მეთვალყურე დააკვირდება. |