საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამართეს ბრიფინგი 29 აგვისტოს 11:00 საათიდან 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების თაობაზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ დანართებში:
ნედლი და შესაბამისი სკალირებული ქულების ცხრილი საგამოცდო საგნების მიხედვით ინფორმაციის ოპერატიული მიღება აბონენტებს შეუძლიათ მაგთიკომის, ჯეოსელისა და ბილაინის მეშვეობითაც. ამისათვის მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით – საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 6232. აგრეთვე გაზეთ ,,24 საათში“ დაიბეჭდება საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ჩარიცხულ აბიტურიენტთა ნუსხა.
პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი 31 აგვისტომდე გამოქვეყნდება. მეორადი განაცხადების მიღება დაიწყება 31 აგვისტოს და გასტანს 5 სექტემბრის ჩათვლით. განცხადებები მიიღება: თბილისში – ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსში; რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ვადები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ექნება აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა: • აკადემიური პროგრამებისათვის - 4 შესაბამის გამოცდაში; • პროფესიული პროგრამებისათვის – ზოგად უნარებში; • ქართული ენისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე – ზოგად უნარებში შესაბამის ენაზე. სულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებდა 34 000-მდე აბიტურიენტი, მათგან მხოლოდ 2500-მდე აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი, 22236 აბიტურიენტი უკვე ჩაირიცხა მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე. მსურველთაგან მხოლოდ 7%-მა ვერ გადალახა ზოგადი უნარების გამოცდა. 10 000 აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა მეორადი ჩარიცხვებით ჩაირიცხოს აკადემიურ პროგრამებზე ან მეოთხე, მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე. პროფესიულ პროგრამებზე 1318 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე 424 მსურველი ჩაირიცხა. გასულ წელს ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 200-მდე მსურველი ჩაირიცხა.
წყარო:mes.gov.ge და naec.ge
|