16 ოქტომბერს, 18:00 საათზე - თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, `კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის~ ორგანიზებით „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“ - გაიხსენება. ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე 16 -23 ოქტომბერს ექვსი კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. მათ შორის - ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი, ნატალია გუტმანი, ბადრი მაისურაძე, ლიზა ბათიაშვილი, ლუიზ პელერინი, მინჩო მინჩევი, ვახტანგ კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, იტალიური კვარტეტი „კლეზმერატა ფიორენტინა“. ფესტივალის დღეებში კონცერტს გამართავენ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების ლაურეატი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები საქართველოდან, იაპონიიდან, ისრაელიდან. ფესტივალში მონაწილეობას სულ 23 სოლისტი იღებს (მათ შორის გერმანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, ბულგარეთიდან).
საფესტივალო საღამოები მსმენელს შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ფოლკლორი, ქართული საგუნდო მუსიკა, საოპერო, ეთნო და ხალხური ნაწარმოებები; მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჩვენი პუბლიკისთვის უცნობია ან ნაკლებადაა ცნობილი.
ფესტივალის ერთი კონცერტი - ”ახალი სახელები” - დაეთმობა ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს სამი ქვეყნიდან. (საქართველო, ისრაელი, იაპონია) სულ ფესტივალში 200-მდე მუსიკოსი მონაწილეობს.
თელავის ფესტივალის ფარგლებში ტრადიციისამებრ ჩატარდება მასტერკლასები, რაც უნიკალური საშუალებაა ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის მიიღონ მაღალ-პროფესიული პრაქტიკული რჩევები და გაიმდიდრონ გამოცდილება. ისევე, როგორც 2010 წელს კონცერტები ჩატარდება თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასტერკლასები კი თელავის სამუსიკო სასწავლებელში. 2011 წლის ფესტივალი უფრო მასშტაბურია და 6 კონცერტისა და 7 მასტერკლასისაგან შედგება.
ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-ან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით ”ქება ვაზისა”) ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა. სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადდა და სახელმწიფომ შეიძინა ”Steinway & Sons”-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი. წელს კლასიკური მუსიკის ფორუმი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორია კავკასუს ონლაიანი, რომელიც მთელი საფესტივალო კვირის განმავლობაში ინტერნეტით ფესტივალის ონლაინ ჩვენებას უზრუნველყოფს ვებ გვერდზე www.co.ge
ფესტივალის მედია კომუნიკაციების მენეჯერი ჯაბა სიხარულიძე– 577 28 87 87
გენერალური სპონსორი: - კავკასუს ონლაინი
სპონსორები: სოკარ ჯორჯია; თიბისი ბანკი; საქართველოს ტურიზმის ნაციონალური სააგენტო; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია;
პარტნიორები: თბილისის მერია; ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი-წინანდალი; თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; სასტუმროების ქსელი „რჩეული“; სასტუმრო „ალაზნის ველი“, „კარგო ლოჯისტიკ გრუპ“, „ვი-თი ჯორჯია“ ვინივერია;
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი - I არხი, ПИК; რუსთავი 2; 24 საათი; „ჯორჯია თუდეი“; თბილისი OUT; ცხელი შოკოლადი; M –Publishing; რადიო – მუზა; რადიო უცნობი;
ბილეთები იყიდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში.
|