მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციამ უალტერნატივოთ მოითხოვა განათლების ”საერთაშორისო მობილურობა” და ეს უკვე იქცა მსოფლიო სტანდარტად. დღეისათვის, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს 570 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი, დიდ ბიტანეტში - 300 ათასზე მეტი, ავსტრალიაში დაახლოებით 150 ათასი და ა.შ. დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების ასოციაციისა და კომპანიის IDP Australia - ს პროგნოზით 2020 წლისთვის საზღვარგარეთ და არა საკუთარ ქვეყანაში განათლებას მიიღებს 6 მლნ. ადამიანი, ანუ ამ პერიოდისათვის სხვა ქვეყნებში სასწავლებლად გასულთა რაოდენობა გასამმაგდება.
რა იზიდავს ხალხს საზღვარგარეთ სწავლაში?
პირველ რიგში იმის სურვილი, რომ განათლებას დაეუფლონ განვითარებული, წამყვანი ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლებლებში და მიიღონ არა ერთ, არამედ მრავალ ქვეყანაში აღიარებული დიპლომი, რომელიც დასაქმებაში გაუხსნის ფართო ასპარეზს. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ქვეყნები ხელს უწყობენ უცხოელ სტუდენტებს, თუ ისინი ცოდნას ღებულობენ ამ ქვეყნის ბაზარზე მოთხოვნილ სპეციალობებში და გააჩნიათ პრაქტიკის გავლისა და დასაქმების სურვილი.
უცხოეთში სწავლის მსურველთა ძირითადი ნაკადი მიემართება ცნობილ და სახელოვან სასწავლებლებში, ხოლო ამ სასწავლებლების მსოფლიო პრესტიჟულობას განაპირობებს მათი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მაღალი ავტორიტეტი, მაგალითად, კემბრიჯი, რომელიც დაარსდა 1209 წელს, ოქსფორდი - (1096 წ.) ან ბოლონიის უნივერსიტეტი (1088 წ.).
უცხოელების მისწრაფება განპირობებულია იმითაც, რომ დასავლური განათლება უფრო მეტად არის ორიენტირებული დამსაქმებლების მოთხოვნილებებზე, ის თანამედროვე და პრაქტიკულია. უნივერსიტეტებს გააჩნიათ თავისუფლება და დიდი უფლებები საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამების შინაარსის განსაზღვრაში, ისინი მუდმივ ურთიერთობაში არიან ბიზნესთან, ამიტომაც სტუდენტებს სთავაზობენ სპეციალობებისა და სპეციალიზაციების ფართო არჩევანს და ასწავლიან იმას, რაც ნამდვილად გამოსადეგი იქნება მომავალ საქმიანობაში. გარდა ამისა საზღვარგარეთის ბევრ უნივერსიტეტში ერთდროულად შესაძლებელია ორ ფაკულტეტზე სწავლა, მაგალითად ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ერთად შეიძლება ეკონომიკისა ან სამართლის შესწავლაც. ამ სასწავლო დაწესებულებებში იზრდება ფაკულტეტების რიცხვი, სადაც ნერგავენ მულტიდისციპლინალურ მიდგომას, ანუ სპეციალისტების მრავალმხრივ მომზადებას, რომლის გამოყენებასაც ისინი შესძლებენ ეკონომიკის ყველაზე პერსპექტიულ დარგებში. უცხოელებს ხიბლავს ის ფაქტორიც, რომ გარდა მეგობართა წრის გაფართოებისა, სწავლა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად, აყალიბებს მომავალში უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა საზღვარგარეთ სწავლა ხელსაყრელია ენის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისათვის, რაც აგრეთვე მომავალში შესაძლოა იქცეს სერიოზულ კარიერულ უპირატესობად.
მიმზიდველია ისიც, რომ, ვინაიდან საზღვარგარეთ მეცნიერული სამუშაოები ძირითადად კონცენტრირებულია უნივერსიტეტებში, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მათი მძლავრი სამეცნიერო - კვლევითი ინფრასტრუქტურა, ძვირად ღირებული და ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მოწყობილობებით აღჭურვილი ლაბორატორიები, რაც აისახება მედიცინის, ბუნების მცოდნეობის, საინჟინრო და სხვა დარგების სპეციალისტების მომზადების ხარისხსა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონეზე.
წამყვან ქვეყნებში განათლება ვითარდება ძალიან დინამიურად, ის ორიენტირებულია ინოვაციებზე, სასწავლო პროცესში პრაქტიკულად გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები, მულტიმედიური საშუალებები, სტუდენტების განკარგულებაშია უფასო ინტერნეტი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკები, მონაცემთა ბაზები. სწავლა ითვალისწინებს მაღალ ტექნოლოგიურ კვლევით, სამედიცინო და საწარმოო კომპანიებში, მსხვილ ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლას, რაც საფუძველს უქმნის კურსდამთავრებულთა დასაქმებას უმძლავრეს საეთაშორისო კორპორაციებში. უმეტეს უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიზნით შექმნილია მაღალი კვალიფიციით სპეციალისტებით დაკომპლექტებული სტუდენტთა დასაქმების სამსახურები.
როგორც წესია სასცავლო პროცესი აქ მიმდინარეობს ღია, მეგობრული თანამშრომლობის ვითარებაში. პროფესორ - მასცავლებლებისათვის დამახასიათებელია დიალოგი, დისკუსია, სასწავლო მასალაზე კონსულტირება და არა მენტორული ტონი. ამავე დროს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა - დაძაბული, ყოველდღიური (არა მხოლოდ სესიის წინ) შრომაა. რითმი და მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. მუდმივად უნდა იკითხო სპეციალური ლიტერატურა, ამზადო და აბარო წერითი დავალებები, მონაწილეობდე კოლოკვიუმებში, სემინარებში, კონფერენციებში, დისკუსიებში, მხოლოდ ასეთი მიდგომით მიაღწევ სასურველ შედეგს.
სასარგებლოა ვიცოდეთ, რომ აკადემიური მოსწრების საკითხებში გარკვევისა თუ საწყის ეტაპზე საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისათვის, ანუ ახალბედების სწავლისა და ცხოვრების ახალ პირობებში ადაპტაციის გაადვილების მიზნით, უმეტეს უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერის სამსახური, რომელიც სთავაზობს სპეციალურ საორიენტაციო პროგრამას, ყველა ამ სახის საკითხზე უწევს კონსულტაციას და პრაქტიკულ დახმარებას.
საზღვარგარეთ არა მხოლოდ სასწავლო პროცესის, არამედ სტუდენტური ქალაქების, საერთო საცხოვრებლების საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურაც უზრუნველყოფს მაღალ კომფორტს: მშვენივრად აღჭურვილი სპორტული ნაგებობები, სტუდენტური კაფეები და სასადილო-რესტორნები, კლუბები ინტერესთა მიხედვით, კულტურულ-გასართობი პროგრამები - ყველაფერი ეს წარმოდგენილია საუნივერსიტეტო კამპუსების სერვისში და, განვითარებულ ქვეყნებში ნორმად ქცეული, მრავალი სახის შეღავათებთან ერთად ხელმისაწვდომია უცხოელი სტუდენტებისათვის. არდადეგების პერიოდში შეგიძლიათ ისარგებლოთ დასვენებისა და მოგზაურობის უამრავი, განსხვავებული ღირებულების შესაძლებლობებით. მაგალითად, თუ გაგაჩნია ხანგრძლივი შენგენის ვიზა, სწავლის პერიოდის განმავლობაში სტუდენტური შეღავათებით მოივლით მთელ ევროპას.
რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ სწავლა - ჩვენთვის არც თუ ისეთი იაფი სიამოვნებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ უნივერსიტეტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან როგორც საკუთარი, აგრეთვე უცხოელი სტუდენტების მიღწევებს და განსაკუთრებით მონდომებულებსა და ნიჭიერებს მაქსიმალურად უწყობენ ხელს, ზოგ სასწავლებელში ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის შესაძლებელია სპეციალური სტიპენდიის მიღებაც.
თუ დაგაინტერესათ ამ ინფორმაციამ, შემდგომში შეგვიძლია მოგაწოდოთ პუბლიკაცია იმის თაობაზე თუ რა მოთხოვნებს უყენებენ საზღვარგარეთ სწავლის მსურველ უცხოელებს და რა წესები აქვთ დადგენილი სასწავლო დაწესებულებებს უცხოელი მოსწავლეებისა და სტუდენტების მიმართ, აგრეთვე მოგცეთ ზოგიერთ რჩევა ჩაბარებისა და ჩარიცხვის ტექნოლოგიის თაობაზე. |