შინ, თუ გარეთ, ოჯახში თუ მეგობართა წრეში სულ უფრო ხშირად გვესმის ფრაზები: „ღრმა დეპრესიაში ჩავარდი“, „ის - უმძიმეს დეპრესიაში იმყოფება“, ან „დეპრესიიდან ვერ გამოსულა“. ვფიქრობთ, რომ ტრანსპორტშიც, თუ ქუჩაში ადამიანის სახეზეც არაერთხელ ამოგიკითხიათ დეპრესიის გამოსახულება? ალბათ იმაზეც გიფიქრიათ, რომ ჩვენს სამოსში მუქი ან დამთრგუნავი რუხი ფერების სიჭარბე აგრეთვე მეტყველებს ადამიანების დეპრესიულ განწყობაზე ან დეპრესიისკენ მათ მიდრეკილებაზე? თუ დაფიქრებულხართ - რა დგას ჩამოთვლილის უკან? რა იცით იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც დეპრესიას უწოდებენ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით დეპრესია ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად იქცა. სტატისტიკური მონაცემებით მას მსოფლიოში 120 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 40 წელზე უფროსი მოსახლეობის 10% განიცდის და ამ კატეგორიის ადამიანთა საერთო რიცხვში ორ მესამედს - ქალები წარმოადგენენ. ანალიტიკოსთა აზრით დედამიწის მოსახლეობაში დეპრესიის სტატისტიკური ყველა მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება.
დეპრესიით „დატყვევებულთა“ ამგვარი სიმრავლის გამო ზოგიერთ ადამიანს ექმნება ისეთი შთაბეჭდილება (ამგვარი მოსაზრებაც არსებობს), რომ საერთოთ დეპრესია სენი არ არის. ამ მოსაზრების მატარებლებს მიაჩნიათ, რომ მიბნედილი ამოხვნეშვებით, საკუთარი თავის ტანჯვითა და დაუსრულებელი ვიშვიშით საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოდის წინაშე ვალს იხდის, ანუ ადამიანების გარკვეულ ნაწილში დეპრესია - მოდურ მოვლენადაა ქცეული.
მოსაზრება პირველი: დეპრესია - მოდაა.
საერთოდ ცნობილია, რომ ადამიანს ახასიათებს თანაგრძნობის, სევდისა ან მოწყენილობის განცდა და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი მოვლენაა. სხვა შემთხვევაში, ანუ თვითონაც თუ ვერ შესძლებდა ამის განცდას, ის ხომ სრულიად უგრძნობი და უსულო არსება იქნებოდა, ვერ უთანაგრძნობდა სხვას და ვერ გაიზიარებდა სხვის ტკივილსა თუ მწუხარებას.
მაგრამ ზოგიერთი პუბლიკაციის ავტორთა აზრით დეპრესიულობა - მოდურობაა და მას ციკლური ხასიათი გააჩნია. მაგალითად, მელანქოლიის სახელით არისტოკრატიის წრეში ის მოდაში იყო მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, პოეტურ და მუსიკალურ სფეროებში - მეოცე საუკუნის დასაწყისში, ხოლო მეოცე საუკუნის განმავლობაში უკვე დეპრესიის სახელწოდებით სხვა და სხვა სოციალური ფენაში თან ერთოდა ფინანსურ კრიზისებს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ დეპრესია ძალიან მდიდარი და ძალიან ღარიბი ფენების სენია, ხოლო საშუალო ფენა სრულიად დაცულია მისგან. ხალხში იმასაც მოისმენ, რომ მდიდარ ადამიანს, რომლისთვისაც უამრავი რამ არის ხელმისაწვდომი, ადრე თუ მალე ყველაფერი ბეზრდება და ის, რაც „ჩვეულებრივ“ ადამიანს სავსებით დააკმაყოფილებდა ან გაართობდა მდიდრისთვის უკვე მოსაწყენია და ამის გამო „უხასიათობაც“ შეიძლება დაემართოს. დეპრესიისკენ მიდრეკილების მქონე მეორე კატეგორიას - ძალიან ღარიბი ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც იტანჯებიან საკუთარი სიღარიბის გამო. ისინი თავს არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ და უხალისოთ მიაჩანჩალებენ წუთისოფელს. ისინი (ხშირ შემთხვევაში მცდარად) ფიქრობენ, რომ ვერაფერს ვერ შეცვლიან ამ ცხოვრებაში და ამ სულისკვეთებით აგრძელებენ არსებობას. (მაგრამ, ამ მოსაზრებისგან განსხვავებით, ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დამანგრეველი ეკონომიკური კრიზისების პირობებში საშუალო ფენაც არ არის დაცული დეპრესიის შემქმნელი პირობებისგან).
ამ სახის მოსაზრებაც მოგვისმენია: დეპრესია - ცოდვისა და შეცოდების შედეგია. ადამიანი, რომელსაც შესაძლებელზე უფრო მეტი (უზომო, უსაზღვრო) სიამოვნების მიღება სურს - შედეგად ან სხეულის ტკივილს (ავადმყოფობას) ან სულიერ ტანჯვას (დეპრესიას) ღებულობს. (მკითხველმა თვით განსაჯოს რა არის უმჯობესი?)
ჭეშმარიტება კი, ჩვენი აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ ზღვარი მელანქოლიისა და დეპრესიას შორის ძალიან მცირეა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაბიჯოთ ამ ზღვარს. დეპრესიამ შეიძლება მოიცვას ადამიანები მათი ქონებრივი მდგომარეობის, ინტელექტუალური დონის და სოციალური სტატუსის მიუხედავად. ის - ემოციურ რეაქციაზე უფრო მეტია, უფრო ღრმა და სერიოზული მოვლენაა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხოს.
ანუ, მოსაზრება მეორე - დეპრესია დაავადებაა.
სპეციალისტთა განმარტებით დეპრესია (ლათ. depressio - დათრგუნვა) – ფსიქიკური სენია, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ნეგატივური მოვლენების შედეგად, მაგრამ ზოგჯერ ვითარდება აშკარად გამოკვეთილი (დაუნახავი) მიზეზის გარეშეც.
სპეციალისტთა აზრით დეპრესია - XXI საუკუნის № 1 სენია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით 2020 წლისთვის ყველაზე მრისხანე დაავადებების (როგორიცაა სისხლ-ძარღვთა და გულის დაავადებები) რიგში ის მეორე ადგილს დაიკავებს. (რაც ბოლო პერიოდში განვითარებული და არაერთხელ განმეორებული ეკონომიკური კრიზისების ფონზე არც არის გასაკვირი).
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ დეპრესია დაუნდობელია კეთილდღეობაში მყოფი ქვეყნებისთვისაც - ყველაზე დეპრესიულები აღმოჩნდნენ ჰოლანდიელები (33%), ფრანგები (32%), ამერიკელები (30%). სპეციალისტებს მიაჩნია, რომ მომავალ 10 წელიწადში დეპრესიით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი გაორმაგდება. გარდა ამისა მკვლევარები იმასაც მიუთითებენ, რომ დეპრესია ავლენს „გაახალგაზრდავების“ ტენდენციას და 2020 წლისთვის ინგლისში მოიცავს ყოველ მეათე მოზარდს, გერმანიაში 14-16 წლის ასაკის - ყოველ მესამე მოსწავლე გოგონას. სპეციალისტი-ექიმების ბ.მიურეის და ა.ფორტინბერრის აზრით ახალგაზრდებს შორის აშშ - ში დეპრესიის ზრდის ტემპი წელიწადში უკვე საგანგაშო 23% აღწევს. თუ დაუკვირდებით (და ამას ზოგიერთი „კვლევისგან“ განსხვავებით ალბათ ყოველდღიურადაც ვხედავთ) საქართველოს მოსახლეობის სხვა და სხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სოციალურ ჯგუფებშიც ამ მხრივ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. Education.ge – ს მიერ ადამიანთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვითშეფასების თაობაზე ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვით დადგინდა, რომ 1300 გამოკითხულიდან - 362 (ანუ 27%) ხშირად ცუდ განწყობაზეა, 338 (25%) - მუდმივად განიცდის დაძაბულობას და ამგვარი სურათი არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგივე გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ 900 სხვა და სხვა ასაკის გამოკითხული ადამიანიდან 2011 წლის მიმართ სრული უიმედობა გამოხატა 109 (12%), ნახევარზე მეტს (51%) ყველაზე მნიშვნელოვან გადასაწყვეტ პრობლემად შიმშილისა და სიღარიბის, ხოლო 21% დაავადებების დაძლევა მიაჩნია. ვფიქრობთ, რომ ასეთ განწყობებს სავსებით შეუძლია შეუქმნან საფუძველი ღრმა დეპრესიას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც და მსოფლიოში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გამონაკლისს არც ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ.
თქვენ როგორ მიგაჩნიათ: დეპრესია მაინც - მოდაა, თუ მრისხანე სენია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუწიოთ ანგარიში? ჩვენც ვეცდებით ამის შესახებ მოგითხროთ მომდევნო პუბლიკაციაში.
შეამოწმეთ თქვენი დეპრესიულობის დონე, გაეცანით თითოეულ მახასიათებელს და აირჩიეთ თქვენთვის შესატყვისი ვარიანტი - ტესტი |