დედაენის, მათემატიკისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოები ერთიანი კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა. ამიტომ მათი გამოყენება ერთმანეთის პარალელურად კიდევ უფრო დიდ ეფექტს იძლევა. ამის მიუხედავად, თითოეული წიგნი ისეა აგებული, რომ მათი გამოყენება დანარჩენებისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება. გარდა უამრავი მეთოდური სიახლისა, ამ სახელმძღვანელოებში გატარებულია სრულიად ახლებური კონცეფცია: ყოველი სასწავლო კვირა ერთი რომელიმე თემის შესწავლას ეთმობა. პირველ კლასში შეისწავლება 33 სხვადასხვა თემა (ოჯახი, სკოლა, სპორტი და სხვ.). მაგალითად, XIX სასწავლო კვირა ვარჯიშსა და ჯანმრთელობას ეთმობა. ამ დროს დედაენაში შეისწავლება ამ თემასთან დაკავშირებული მოთხრობა, ლექსი და ენის გასატეხი; პარალელურად ბუნებისმცოდნეობაში ვარჯიში და ჯანმრთელობა შეისწავლება სათანადო კუთხით, მათემატიკის სახელმძღვანელოშიც კი მთელი კვირის განმავლობაში შესასრულებელ დავალებებში ვარჯიში და ჯანმრთელობა ფიგურირებს. ყოველი თემისთვის დადგენილია ის ლექსიკური მინიმუმი, რომელსაც ფლობს ბავშვი სკოლაში მოსვლამდე და მეთოდიკაში მითითებულია ის ახალი სიტყვები, რაც ერთი კვირის განმავლობაში უნდა აითვისონ მოსწავლეებმა. ამ სიტყვების ათვისება ხდება როგორც ქართულისა და ბუნებისმცოდნეობის, ისე მათემატიკის გაკვეთილებზეც.
წყარო: http://sulakauri.ge/?action=search&w_g=13#Preview |