35 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან მხოლოდ 2% არ გამოცხადდა, დაგვიანების გამო გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაიშვა, პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2 ივლისიდან გამოცდებში პედაგოგები ჩაერთნენ. დარეგისტრირებული 40 000 მასწავლებლიდან პროფესიული უნარები 32 000 - მდე, ხოლო საგნობრივი 27 000-მდე მასწავლებელმა ჩააბარა. პროცედურული დარღვევების გამო მხოლოდ ოთხი პედაგოგი მოიხსნა გამოცდიდან, დაგვიანების გამო არ დაიშვა - 8, არ გამოცხადდა - 10%.
6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდა, დარეგისტრირებული 5 000-მდე სტუდენტიდან არ გამოცხადდა 10%. გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
12 და 13 ივლისს გამოცდების პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ. მათ გამოცდები ანალიტიკურ წერაში, წაკითხულის გააზრებაში, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარეს. 2012 წელს სამაგისტრო გამოცდებზე 7 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. არ გამოცხადდა 8%. აღსანიშნავია, რომ მომავალი მაგისტრებისათვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, რომელიც 2 250 ლარს შეადგენს.
28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს, საგამოცდო ცენტრები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:
• 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; www.online.naec.ge) გაიარეს;
• მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ;
• 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ;
• დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და სექტემბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. საკუთარი ნაშრომების ნახვას აპლიკანტები აგვისტოს დასაწყისში შეძლებენ ვებგვერდზე: www.naec.ge
|