„ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება რწმენას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“
თანამედროვე სამყაროს განსაკუთრებული სწრაფვა დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობისკენ მხოლოდ ახირება რომ არ არის და აუცილებლობას წარმოადგენს, მრავალი ფაქტით დასტურდება. დემოკრატია ნორმად წოდებული უმრავლესობის ინტერესებს ახორციელებს და ამავე უმრავლესობით იმართება. აქ მედლის მეორე მხარედ უმცირესობის წარმომადგენლები გვევლინებიან და უნდა ვაღიაროთ რომ მათი ინტერესების დაცვა ხშირად ვერ ხერხდება.
ასეთივე უმცირესობას წარმოადგენდნენ ჯერ ინვალიდად, მერე შშმდ, მერე სსმდ წოდებული ადამიანები, რომელთა ინდივიდუალურობა იმდენად გამოკვეთილია, რომ მათ მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს. სსმ ადამიანების თანდათანობით მომრავლებამ მათი უფლებების აღიარების და დაცვის, ნორმასთან მიმართებაში მოყვანის საკითხი აქტიურად დააყენა. გაჩნდა ინკლუზიური სწავლების იდეა, რომელიც წესით ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში უნდა მუშაობდეს იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ამ განსხვავების შემჩნევა და აღიარება ნორმად მიჩნეული სეგმენტის შიგნითაც უნდა ხდებოდეს. ინკლუზიური სწავლება არ უნდა გულისხმობდეს ნორმის და პათოლოგიის ინტეგრირებას. ინკლუზიური სწავლება აქცენტს უნდა აკეთებდეს თითოეული ადამიანის ინტეგრირებაზე ჯგუფში. ისეთი ჯგუფის, სამყაროს შექმნაზე, სადაც თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვა და შესაძლებლობების აღიარება მოხდება მიუხედავად იმისა ნორმად ვიწოდებით თუ სსმდ.
თანასწორუფლებიანობა თანაბარი შესაძლებლობების არსებობას არ გულისხმობს და შესაბამისად თანასწორუფლებიანობის იდეის პრაქტიკაში განხორციელება რთულია. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება მიდრეკილია მას, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს მეტი უფლება მიანიჭოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ნორმის წარმომადგენელთა უფლებები ირღვევა. ინკლუზიური განათლება, როგორც თითოეული ჩვენგანის უფლება, ნებისმიერი რესურსის სწორედ ჩვენს შესაძლებლობებზე მორგებას გულისხმობს. როცა საზოგადოების სულ მცირე ერთ წევრს აქვს შეზღუდული გარკვეული შესაძლებლობა, ყველაფერი რაც ამ საზოგადოებისთვის იქმნება, იმ ერთის შესაძლებლობაზეც უნდა იყოს მორგებული. იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, გვერდიგვერდ უნდა იყოს კიბეები და პანდუსები. იქ, სადაც მხედველობა დაქვეითებული ადამიანები ცხოვრობენ უნდა იყოს ადაპტირებული ქვეითთა შუქნიშნები, ბიბლიოთეკები... როცა პრეტენზია გვაქვს თანასწორუფლებიანობაზე უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს ამ უფლებებით სარგებლობას.
ინკლუზიური განათლება ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს და გარკვეულ სირთულეებსაც აწყდება. ინკლუზიური განათლების უმნიშვნელოვანესი შედეგი ბავშვის სოციალური ინტეგრაციის, მეტყველების, ქცევის გაუმჯობესებასთან ერთად თვითშეფასების ამაღლებაცაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი ბავშვები ეჩვევიან განსხვავების პატივისცემას და მიღებას, უფრო ემპათიურები ხდებიან, უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ერთმანეთს. თუმცა იდეალური მოდელი სწორედ იმიტომ არის იდეალური, რომ მხოლოდ ფურცელზე არსებობს. რეალურად განხორციელებულ ინკლუზიას კი როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები აქვს. სირთულეები, რომელიც ინკლუზიურ განათლებას თან ახლავს არცთუ უმნიშვნელოა; სსსმ ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან ნორმისგან და შესაბამისად მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. სჭირდებათ სპეციალურად გადამზადებული მასწავლებელი, რომელიც შეძლებს და ისე ააწყობს სასწავლო პროგრამას, რომ როგორც სსსმ ბავშვის, ისე დანარჩენების უფლებები დაცული იქნება. თითოეულ მოსწავლეს დაეთმობა თანაბარი დრო და თანაბრად მიეცემა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების განსავითარებლად.
თეორია ინკლუზიის შესახებ რომ კარგია, ამაზე ცალსახად შეიძლება შევთანხმდეთ და ისიც უდავოა, რომ ყველა სკოლა ვალდებულია მიიღოს სსსმ ბავშვი, თუ ასეთი მიმართავს მას. თუმცა პრობლემის მოგვარების იდეალური საშუალების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ერთია რა უნდა იყოს და მეორე რეალურად რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. მართალია ერთი(ორი) სკოლისგან მიღებულ მონაცემებს ვერ განვაზოგადებთ, თუმცა ის, რომ თუნდაც ერთ სკოლაში არსებობს პრობლემა, უკვე საყურადღებოა.
51-ე და 55-ე საჯარო სკოლების ფსიქოლოგებთან საუბრისას ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ;
„სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები რთული ქცევის მქონე მოსწავლეებს იგნორს უკეთებენ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ გამოვლენას და მათთან მუშაობას. მიუხედავდ იმისა, რომ მასწავლებლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. გაცილებით გრძელვადიანი გადამზადების კურსია საჭირო, რომ მასწავლებლებმა კარგად გაიგონ სისტემის მნიშვნელობა და სერიოზულად მოეკიდონ ამ ბავშვებთან მუშაობას.“2
როგორც 2011 წელს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის დროს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა განაცხადა „ორი თვის წინ შევხვდი ბავშვს, რომელიც სამი წელია ინკლუზიაშია და მხოლოდ წელს დაინტერესდა მასწავლებელი, მას ლაპარაკი შეუძლია თუ არა. საქმე ის არის, რომ ჩვენ ყველას დაბალი მოთხოვნები გვაქვს. ბავშვის სკოლაში შესვლა საკმარისი გვგონია, არადა ხშირად ის შეიძლება გარიყული იყოს. ცალკე მერხთან იჯდეს და არავინ ეკითხებოდეს როგორ გრძნობს იქ თავს. .“3
ამ ბავშების მიმართ მასწავლებლების თუ კლასელების ჯანსაღ დამოკიდებულებასთან ერთად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობებს და რომელიც ქართული სკოლების ერთერთი უმთავრესი პრობლემაა.
„_ სკოლას არ აქვს პანდუსები, არ გვაქვს ლიფტი, არ არის ადაპტირებული საპირფარეშოები, სკოლას არ გააჩნია რესურს ოთახი, რომელიც აუცილებელია ამ ბავშვებთან დამატებითი მუშაობისთვის. ზედმეტი საუბრის გარეშე, პირდაპირი შეიძლება იმის თქმა, რომ სკოლაში ადაპტირებულ გარემო არ არის.“4
„განათლების სამინისტრომ გამოგვიყო გრანტი, საკმაოდ დიდი თანხაა და კარგ ოთახს გავაკეთებთ, სადაც კომპიუტერიც გვექნება, სათამაშოებიც, მასალებიც, უკვე ნაყიდი გვაქვს ორი ინვალიდის სავარძელი, მაგრამ სკოლაში პანდუსები არ გვაქვს. იმიტომ რომ ეს სკოლა არ ითვლებოდა ინკლუზიურ სკოლად, ახლაც ეს ყველაფერი დირექტორის სურვილით მოხდა...“5
დღეს ყველა სკოლა მზად უნდა იყოს ნებისმიერი ბავშვის მისაღებად და თავის გასამართლებელ არგუმენტად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ის, რომ სკოლისთვის ინკლუზიურის სტატუსი ოფიციალურად არავის მიუნიჭებია. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არაა. არის შემთხვევები, როცა სკოლა ყველა პირობას ქმნის სსსმ ბავშვების მისაღებად, მაგრამ სკოლამდე მიღწევა რთულდება ქალაქში, იგივე პანდუსების არარსებობის გამო, მშობლის არასწორი დამოკიდებულების გამო, საზოგადოების მხრიდან სსსმ ადამიანებისთვის იარლიყების მიწებების გამო.
ამ და სხვა ფაქტებზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება უფროა. იდეალურ შემთხვევაში საზოგადოების წევრები აცნობიერებენ პრობლემას, აღიარებენ მის არსებობას და მზად არიან მის გადაჭრაზე იმუშაონ. ასეთ საზოგადოებაში ინკლუზიური განათლებაც უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. წესით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა სკოლიდან უნდა დავიწყოთ. ინკლუზიური განათლება საქართველოში, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 2006 წლიდან ითვლის წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1."ინკლუზიური განათლების პრინციპები"-გაგოშიძე, ჭინჭარაული, ფილაური, ბაგრატიონი. გამომცემლობა "ნეკერი" 2008წ.
2. ინტერვიუ 51 სკოლის ფსიქოლოგთან-ანა ციცქიშვილი
3.ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისში 2011 წლის 5 ოქტომბერს გამართული საჯარო დისკუსია თემაზე „ინკლუზიური განათლება საქართველოში“
4.ინტერვიუ 55-ე სკოლის ფსიქოლოგთან- ეკა ღვინიაშვილი
|