რობერტ სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქიული მოდელი გვთავაზობს გონებრივი უნარების სამნაწილიან აღწერას ( განსჯის პროცესი, ახალ გამოცდილებასთან გამკლავება, კონტექსტთან შეგუება), რომელსაც უფრო მეტად ან ნაკლებად ინტელექტუალურ ქცევამდე მივყავართ.
სტერნბერგის აზრით, ინტელექტუალური ქცევა არის სააზროვნო სტრატეგიების გამოყენების, ახალი პრობლემების შემოქმედებითად და სწრაფად გადაჭრის, კონტექსტთან ადაპტაციისათვის შესაფერისი გარემოს შერჩევის, მისთვის ახალი ფორმის მიცემის პროდუქტი.
აღნიშნული მოდელის მიხედვით, „წარმატებული ინტელექტი“ წარმოადგენს სამი ძირითადი ნაწილის მთლიანობას. ეს სამი კომპონენტია:
1.ანალიტიკური/კომპონენტური ინტელექტი
2. კრეატიული/ ცდისეული ინტელექტი
3. პრაქტიკული/ კონტექსტური ინტელექტი
ანალიტიკური ნაწილი მოიცავს აბსტრაქტული აზროვნების უნარს, ინფორმაციის გადამუშავებას, ვერბალურ უნარ-ჩვევებს.
მაგალითად: ანალოგიებისა და სილოგიზმების გადაწყვეტა; ლექსიკონის შესწავლა.
კრეატიული ნაწილი გულისხმობს ახალი გამოცდილების ათვისების უნარს, სწორედ აქ შედის ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და დაუკავშირებული ფაქტების კომბინირების უნარი.
ინტელექტუალურ ქცევას ახასიათებს ორი ძირითადი ნიშანი:
1. განჭვრეტის უნარი- ახალი სიტუაციებისთვის თავის გართმევის უნარი.
2. ავტომატიზმი- სხარტი აზროვნება და პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი.
ამგვარად, კრეატიული ინტელექტი გულისხმობს, როგორც ახალი პრობლემის მოგვარებას, ისე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებასა და მის დანერგვას ცხოვრებაში დიდი კოგნიტური ძალისხმევის გარეშე. ადამიანი ხომ „კოგნიტურად ძუნწი“ არსებაა.
მაგალითად: ახალი პროექტისთვის რესურსების მოძიება; მანქანის ძრავის პრობლემის დიაგნოსტირება.
ინტელექტის პრაქტიკული კომპონენტი მოიცავს ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარს; გამორჩეული შესაძლებლობების რეალიზებისათვის საჭირო გარემოს მოძიების უნარს. კარიერულ წინსვლასა და ზოგადად, პოტენციალის რეალიზებას მნიშვნელოვნად განაპირობებს კონტექსტთან თავსებადობა. აუცილებელია უნარ-შესაძლებლობების კონტექსტთან მორგება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა. უნარები, რომლებიც სოფლად მცხოვრებ ადამიანს წარმატებას მოუტანს, შეიძლება ქალაქში მცხოვრებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
პრაქტიკული ინტელექტის მქონე ადამიანი ეძებს ისეთ გარემოს, რომელიც პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.
სტერნბერგის აზრით, პრაქტიკული ინტელექტი ცხოვრებისეულ გამოცდილებას უფრო მოაქვს, ვიდრე სკოლაში მიღებულ ცოდნას. პრაქტიკული ინტელექტია „ვიცი როგორ“, ვიდრე „ვიცი ეს“.
როგორ უნდა გამოვიყენოთ სტერნბერგის ინტელექტის მოდელი სასკოლო გარემოში?
- პედაგოგი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს „წარმატებული ინტელექტის“ სამივე კომპონენტის განვითარებაში, კერძოდ ანალიტიკური ინტელექტის განვითარების მიზნით, შესთავაზოს მათ ანალოგიების ამოხსნა, მსგავსი მაგალითების თავად მოფიქრება და ერთმანეთში გაცვლა;
- პედაგოგმა უნდა წააქეზოს მოსწავლეები კრეატიულობის, შემოქმედებითობის გამოვლენისაკენ. დაეხმაროს მათ ამოცანის ამოხსნის მარტივი გზების მოძიებაში, რაც ნაკლებ კოგნიტურ ძალისხმევას მოითხოვს;
- პედაგოგი არ უნდა იყოს ორიენტირებული ცოდნის შინაარსსა და მოცულობაზე. დაეხმაროს მოსწავლეებს იმის გაანალიზებაში, თუ სად, როდის და როგორ შეიძლება მიღებული ცოდნის გამოყენება. ამისათვის კი შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს სიტუაციური ამოცანები, დასვას პრობლემა და მოსწავლეებმა სცადონ ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, თითოეული ალტერნატივის შეფასება.
მაგალითად: დასვას სოციალური საკითხი, როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას, მოსწავლეები სამ ჯგუფად დაყოს, ერთმა ნაწილმა სახელმწიფოს თვალით შეხედოს ამ თემას, მეორე ნაწილმა საზოგადოების, ხოლო მესამე ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციების თვალით. სთხოვოს მოსწავლეებს დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები, გაცვალონ როლები და ახალი პოზიციიდან იმსჯელონ.
ავტორი: მარიამ ნარიმანაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა: ანიტა ვულფოლკი. განათლების ფსიქოლოგია
|