ადამიანის თავის ტვინი არის ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი და სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვრზე. ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.ზრდასრული ადამიანის ტვინი შედგება ურთიერთშემავსებელი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებისგან. მათში თავმოყრილია სრულიად განსხვავებული ადამიანის სასიცოცხლო ცენტრები.
მარჯვენა ჰემისფერო განაგებს მუსიკალურ და მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას, ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედებას, ხოლო მარცხენა - მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს, მოტორულ სფეროს.
როცა პატარა ენას იდგამს და პირველად აცნობიერებს საკუთარ თავს, სწორედ მაშინ ჩნდება პირველი მონაცემები ერთ-ერთი ნახევარსფეროს "გამარცხენების".
მემარცხენეებს ჩვეულებრივ ასე ახასიათებენ: არიან მეოცნებენი, აქვთ მუსიკალური სმენა და კარგი მეხსიერება, მგრძნობიარე და ორიგინალურებიც არიან და ხატოვნად აზროვნებენ. ასე იმიტომ ხდება, რომ ცაციებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე მარცხენა. სწორედ მარჯვენა ნახევარსფეროა ამ თვისებების მასაზრდოებელი. მემარჯვენეების მარცხენა ნახევარსფერო კი მათემატიკურ მონაცემებს, ლოგიკურ აზროვნებასა და წერა-კითხვის ტექნიკას ამუშავებს.
ცაციები ხშირად გამოირჩევიან მდიდარი შემოქმედებითი ნიჭით.
მემარცხენეები ყოფილან მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, ცნობილი ფიზიკოსი მაქსველი (კარგი ფიზიკოსები კი, მოგეხსენებათ, შემოქმედებითად აზროვნებენ), ჩარლი ჩაპლინი და მერლინ მონრო.
პაწაწინა ცაციები სიამოვნებით სწავლობენ საკუთარი ხელით ჭამას. თუ კი "მემარჯვენე" ბავშვებს უჭირთ მიეჩვიონ ჩანგლის მარცხენა ხელში დაჭერას, ცაციებს ამის პრობლემა არ აქვთ. ხშირად ბავშვი მემარცხენე ხდება სამშობიარო ტრავმის შემდეგ. თუკი დაბადებისას თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დაზიანდა, მაშინ მისი ფუნქციების ნაწილს იღებს მარჯვენა და ბავშვი "იძულებით მემარცხენე" ხდება. თუმცა, ფსიქოლოგების აზრით, 2-5 წლის ასაკში ტვინის ტრავმამ არ შეიძლება მძიმე შედეგი გამოიღოს, რადგან ბავშვის ტვინი მაღალი პლასტიურობით ხასიათდება და დაზიანების შემთხვევაში განვითარების შემოვლითი გზების პოვნაც შეუძლია. ზოგჯერ პატარას ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს იმდენად წარმატებით გამოსდის დეფექტის კომპენსირება, რომ მარცხენა ნახევარსფეროს დაზიანება, რაც უფროსებში მეტყველების დარღვევას იწვევს, ბავშვის ლაპარაკის უნარზე თითქმის არ აისახება.
უპრობლემოდ დაბადებული ბავშვისთვის 1-1.5 წლამდე სულერთია რომელი ხელით იღებს საგანს. ამიტომ თუკი მშობლები შეგნებულად აწვდიან მას მარჯვენა ხელში კოვზს ან სათამაშოს, პატარა წარმატებით გადაიქცევა მემარჯვენედ. თუ დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ რომელ ხელს უფრო მარჯვედ ხმარობს ბავშვი, ის შეიძლება გახდეს ან დარჩეს ცაცია.
ცაციას ტვინის მუშაობის სპეციფიკა აისახება მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზეც. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასეთი პატარები უფრო ემოციურები არიან. მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული ინტერესები და მიდრეკილებები, ჰობი. ცოტა გვიან უვითარდებათ გამართული მეტყველება. ფსიქოლოგები და მასწავლებლები თვლიან, რომ ცაცია ბავშვებს მკაფიო წარმოდგენა არ აქვთ მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე. მათ წარმოდგენაში ასოების და ციფრების დაწერა ან წაკითხვა შესაძლებელია სარკისებურად, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. (ლეონარდო და ვინჩი თურმე მარჯვნიდან მარცხნივ წერდა, ისე რომ მისი ჩანაწერების წაკითვა მხოლოდ სარკესთან შეიძლებოდა). შესაბამისად ცოტა სირთულეები აქვთ სწავლის პროცესში. განსაკუთრებით უჭირთ ზეპირად თვლა. სპეციალისტთა დაკვირვებით, ცაციებს ცოტა უჭირთ საათის ისრის მიმართულების დამახსოვრება, ციფერბლატის მიხედვით დროის განსაზღვრა, "მარჯვნივ", "მარცხნივ", "ზევით", "ქვევით" ცნებების ათვისება. |